რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ორ მონაკვეთზე ხელშეკრულებების ღირებულება ჯამში 1 184 449 ლარით გაიზარდა. ცვლილებების მიზეზად მშენებლობისას გამოვლენილი დამატებითი სამუშაოებია დასახელებული, მათ შორის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და გზის საფუძვლის გამაგრება.
სამუშაოებს კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ ასრულებს, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის დარღვევისთვის, 12-ჯერ დაჯარიმდა. ჯარიმების ჯამური ოდენობა 17 416 ლარია.
ღირებულების სამი ცვლილება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია სამ მონაკვეთად არის დაყოფილი და თითოეულზე ცალკე ტენდერი გამოცხადდა. ღირებულების ზრდა ორ მათგანს შეეხო: ერთ მონაკვეთზე თანხა ერთხელ გაიზარდა, მეორეზე კი — ორჯერ.
სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთის რეაბილიტაციის ღირებულება 5 778 105 ლარიდან 6 355 905 ლარამდე გაიზარდა. სხვაობა 577 800 ლარია.
ჭოველიძის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“ მონაკვეთზე ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 6 066 492 ლარი იყო. 18 სექტემბრისა და 9 ოქტომბრის ცვლილებებით თანხა ჯერ 6 525 272 ლარამდე, შემდეგ კი 6 673 141 ლარამდე გაიზარდა. ამ მონაკვეთზე ჯამურმა მატებამ 606 649 ლარიშეადგინა.
ორივე ხელშეკრულება თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით დაახლოებით 10%-ით გაძვირდა.
რა აღმოჩნდა გზის ქვეშ?
ხელშეკრულებების ცვლილებების დასაბუთებაში საუბარია სანიაღვრე სისტემის შეცვლაზე, გზის საფუძვლის გამაგრებაზე, მიწისქვეშა კომუნიკაციებსა და სხვა სამშენებლო სამუშაოებზე.
დოკუმენტების მიხედვით, დამატებითი სამუშაოების საჭიროება მშენებლობისას გამოვლენილ გარემოებებს, საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებსა და ადგილზე ჩატარებული შემოწმების შედეგებს უკავშირდება.
ჭოველიძის ქუჩიდან „მერანამდე“ მონაკვეთის შემთხვევაში პირდაპირ არის მითითებული, რომ გზის ქვეშ აღმოჩნდა პროექტით გაუთვალისწინებელი ძველი, ამორტიზებული ან უმოქმედო კომუნიკაციები და სიცარიელეები. დამატებითი სამუშაოები გზის საფუძვლის გასაძლიერებლადაც გახდა საჭირო.
ორივე მონაკვეთზე რამდენიმე მსგავსი ტექნიკური ცვლილებაა გათვალისწინებული: სანიაღვრე მილების გამაგრება და გამტარუნარიანობის გაზრდა, მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის დაცვა, გზის საფუძვლის გამაგრება და ბორდიურის მოწყობის ტექნოლოგიის შეცვლა.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია გაირკვეს, რომელი სამუშაოების საჭიროების განსაზღვრა იყო შესაძლებელი პროექტირების ეტაპზე და რომელი პრობლემები შეიძლებოდა გამოვლენილიყო მხოლოდ მშენებლობის დაწყების შემდეგ.
12 ჯარიმა სამუშაო რეჟიმის დარღვევისთვის
„სმარტ სოლუშენსი“ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში ამ დრომდე 12-ჯერ დაჯარიმდა, ჯამში – 17 416 ლარით.
ყველა შემთხვევაში დარღვევა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 24-საათიან სამუშაო რეჟიმს უკავშირდებოდა. ცალკეული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 1 583 ლარი იყო.
განმეორებითი დარღვევები აჩენს კითხვას, რამდენად საკმარისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები სამუშაო რეჟიმის დაცვის უზრუნველსაყოფად და რა შედეგი მოაქვს მათ გამოყენებას.
მსგავსი ცვლილებები წერეთლის გამზირსა და უნივერსიტეტის ქუჩაზეც მოხდა
თბილისის მსხვილი სარეაბილიტაციო პროექტების ღირებულება წინა წლებშიც გაზრდილა.
2023 წელს წერეთლის გამზირის სამ მონაკვეთზე გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება თავდაპირველად დაახლოებით 28.4 მილიონ ლარს შეადგენდა. ცვლილებების შედეგად თანხა დაახლოებით 2.84 მილიონი ლარით გაიზარდა და 31.24 მილიონ ლარს მიაღწია. გახანგრძლივდა სამუშაოების დასრულების ვადებიც.
იმავე წელს უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ხელშეკრულების ღირებულება 1.49 მილიონი ლარით გაიზარდა და დაახლოებით 18 მილიონი ლარი შეადგინა.
კითხვები დაგეგმვასა და ზედამხედველობაზე
რუსთაველის გამზირის სამივე მონაკვეთის რეაბილიტაციის ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება ცვლილებების შემდეგ 20 მილიონ ლარს აჭარბებს.
დამატებითი სამუშაოების საჭიროება თავისთავად არ მიუთითებს საპროექტო ხარვეზზე. თუმცა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხარჯების ზრდის განმეორებითი შემთხვევები მოითხოვს უფრო მკაფიო განმარტებას: რამდენად სრულყოფილად იკვლევენ ტერიტორიას სამუშაოების დაწყებამდე, როგორ ითვლიან მოსალოდნელ ხარჯებს და როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობა გაუთვალისწინებელი სამუშაოების გამოვლენისას.
ცალკე საკითხია შესრულების კონტროლი – რამდენად უზრუნველყოფს მერიის ზედამხედველობა და გამოყენებული სანქციები კონტრაქტორების მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვას.




