სუბსიდიები ქართული ოცნების შემომწირველებს და დაბალი ყურძნის ფასი

საქართველიში ღვინის მწარმოებელი მხვილი კომპანიების ნაწილი  „ქართულ ოცნებასთან“ არიან დაკავშირებული, ქვეყნის ბიუჯეტიდან სუბსიდიებს იღებენ და ამავე დროს, ამ კომპანიების მფლობელები და მმართველები „ქართულ ოცნებას“ სწირავენ თანხას.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2026 წლის რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ „მოსავლის მართვის კომპანიას“ დაევალა. 

12 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის პერიოდში „მოსავლის მართვის კომპანიამ“ რთველის სუბსიდირების მიზნით 23 კომპანიასთან 14.5 მილიონი ლარის ჯამური მოცულობის კონტრაქტები გააფორმა გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვის გზით. აღნიშნული თანხის 66% (9.5 მილიონი ლარი) იმ კომპანიებმა მიიღეს, რომელთა მფლობელები ან/და დირექტორები „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. ჯამში, 1.9 მილიონი ლარი აქვთ შეწირული (ცხრილი 1).

სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანის“ მიერ მიღებულ სუბსიდიაზე „ფლანგვის დეტექტორი“ უკვე წერდა.

ყველაზე მეტი თანხა ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებმა მიიღო – 5.7 მილიონი ლარი. მისი კომპანიების დირექტორებმა მმართველ პარტიას 523 ათასი ლარი შესწირეს. ამავე დროს, ვახტანგ კარიჭაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორია, ისინი ერთად ფლობენ კომპანიას – „მელიქიშვილი ინნ“.   

ცხრილი 1-ში მოყვანილი კომპანიები სახელმწიფოსგან რთველის სუბსიდიას გასულ წლებშიც იღებდნენ, ზოგიერთ მათგანს მილიონობით ლარი აქვს მიღებული. გარდა რთველის სუბსიდისაა, ნაწილს სხვა სახის სუბდიდიებიც უხვად აქვთ მიღებული, მაგალითად ერთიანი აგროპროექტების პროგრამიდან. ეს საკითხი დეტალურად არის განხილული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2024 წლის კვლევაში.

ყურძნის რეალური ფასი ბოლო 10 წელია აღარ იზრდება

აღნიშნულა კომპანიებმა რთველთან დაკავშირებული სახელმწიფოსგან სუბსიდია იმ მიზნით მიიღეს, რომ მოსახლეობისგან ყურძენი 10 თეთრით უფრო ძვირად შეისყიდონ, ვიდრე ბაზარზე ფასია. სექტემბერში კახეთში მევენახეების ნაწილმა ყურძნის ჩაბარების პირობები და ფასები გააპროტესტა. 22 სექტემბერს სახელმწიფომ აქციის მონაწილეების მოთხოვნები დააკმაყოფილა და აქციები შეწყდა.

როდესაც ფასს სახელმწიფო ასუბსიდირებს, ფასს ბაზარი აღარ არეგულირებს. ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ როცა იცის, თუ ყურძენში მაღალ ფასს არ გადაუხდის მევენახეებს, სახელმწიფოსგან გარკვეულ სუბსიდიას მიიღებს, ლოგიკურია, რომ ის ეცდება სუბსიდია მიიღოს და საკუთარი ხარჯი შეიმციროს. შესაბამისად, რთული სათქმელია, რთველის სუბსიდირების დროს სახელმწიფო ყურძნის ჩამბარებელს ეხმარება, თუ მსხვილ კომპანიებს. სულ მცირე, ეს დახმარება ორივე მხარეზე ნაწილდება. 

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ყურძნის ფასს ყოველწლიურად ასუბსიდირებს ყურძნის ფასი მაინც დაბალია. საქსტატი 2014 წლიდან აქვეყნებს ინფორმაციას, რა ღირს 1 კგ ყურძენი ფერმის კართან, ანუ საშუალოდ რა ფასად ხდება ფერმერებისგან ყურძნის შესყიდვა. 2014-2025 წლებში საქართველოში 1 კგ ყურძნის საშუალო ფასი ფერმის კართან 1.12 თეთრი იყო. 2014 წელს 1 კგ ყურძენი საშუალოდ 1.25 თეთრი ღირდა, 2025 წელს კი 5.6%-ით მეტი – საშუალოდ 1.32 თეთრი.

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლიდან ყურძნის საბაზრო (ნომინალურ) ფასს ზრდის ტენდენცია აქვს, მისი რეალური ფასი მცირდება. რეალური ფასი არის საბაზრო ფასს გამოკლებული ინფლაციის დონე, რაც ფულის მსყიდველობით უნარს კარგად ასახავს. ეს ნიშნავს, რომ 2025 წელს 1 კგ ყურძენში აღებულ 1.32 თეთრი რეალურად უფრო ნაკლებია, ვიდრე მაგალითად, 2016 წელს აღებული 0.92 თეთრი. შესაბამისად, თუ ფერმერი უფრო მეტ ყურძენს არ ყიდის, ფასი მხოლოდ მის ნომინალურ შემოსავალს ზრდის, რეალურად კი მისი შემოსავალი მცირდება. 2016 წელს ტონა ყურძენში აღებულ 920 ლარს მეტი მსყიდველობითი უნარი ჰქონდა, ვიდრე 2025 წელს ტონა ყურძენში აღებულ 1,320 ლარს. 2014 წლის შემდეგ, რეალური ფასი ყველაზე მაღალი 2018 წელს იყო.

2026 წლის ყურძნის საშუალო ფასს ფერმის კართან საქსტატი 2027 წელს გამოაქვეყნებს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ კერძო კომპანიების სუბსიდირების პარალელურად, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო იბარებს და ფასს ყურძნის გრადუსის მიხედვით იხდის.

წინასწარ რთული სათქმელია, რა გამოვა ყურძნის საშუალო ფასი 2026 წელს, თუმცა, ზუსტად ვიცით, რომ ბოლო 1 წელში საქართველოში ინფლაციის დონე 5.6%-ია. ეს ნიშნავს, რომ 2026 წელს 2025 წელთან შედარებით ყურძნის საშუალო ფასი სულ მცირე 5.6%-ით უნდა გაიზარდოს, რომ მევენახემ რეალურად იგივე ფასი აიღოს 1 კგ ყურძენში, რაც 2025 წელს აიღო. 

საქართველოში ყურძნის სიიაფე იმით არის განპირობებული, რომ ქართული ღვინო ექსპორტზე ძირითადად ისეთ ქვეყნებში გადის, სადაც ის იაფი ღირს. მაგალითად, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში 164 მლნ დოლარის ქართული ღვინო გავიდა ექსპორტზე. აქედან 102 მლნ დოლარის (62%) რუსეთში გავიდა, 5 მლნ დოლარის (3%) გერმანიაში და 3.6 მლნ დოლარის (2.2%) აშშ-ში, რუსეთში გატანილი 1 ლიტრის საშუალო საექსპორტო ფასი 2.9 დოლარია, გერმანიაში 4.8 დოლარი და აშშ-ში 5.9 დოლარი.

სანამ ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, მთავრობას ყურძნის ფასის სუბსიდირება და ჭარბი წარმოების ჩაბარება მოუწევს, რომ თავი აარიდოს მევენახეების უკმაყოფილებას. თუმცა, ამ სიტუაციით ხეირობს, როგორც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ღვინის კომპანიები, ასევე „ქართული ოცნება“, რომელსაც მადლიერი მეღვინეები სანაცვლოდ ფულს სწირავენ.

მსგავსი სტატიები