სუს-ის ბიუჯეტი 390 მილიონამდე იზრდება 

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 10 მილიონი ლარით იზრდება და 390 მილიონ ლარს აღწევს. მატება მთლიანად ხელფასების ფონდის ზრდას უკავშირდება, თანამშრომელთა რაოდენობა კი უცვლელი რჩება.

ეს ჯერ საბოლოო თანხა არ არის. გასულ წელს სუს-ის დაფინანსება ბიუჯეტის პირველი პროექტიდან დამტკიცებამდე 115 მილიონი ლარით გაიზარდა. მზარდ რესურსთან ერთად კვლავ აქტუალურია კითხვები უწყების ანგარიშვალდებულებასა და მართვის უწყვეტობაზე, განსაკუთრებით ხელმძღვანელების ხშირი ცვლილების ფონზე.

რის ხარჯზე იზრდება დაფინანსება?

პროექტის მიხედვით, 2027 წელს სუს-ის 3 850 თანამშრომლის შრომის ანაზღაურებისთვის 215,65 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 2026 წელს იმავე რაოდენობის თანამშრომლებზე 205,37 მილიონი ლარია გამოყოფილი. შესაბამისად, ხელფასების ფონდი 10,28 მილიონი ლარით, დაახლოებით 5%-ით იზრდება.

შრომის ანაზღაურების გარდა სხვა ხარჯები ჯამურად 409 ათასი ლარით მცირდება, არაფინანსური აქტივების ზრდისთვის გათვალისწინებული თანხა კი 129 ათასი ლარით იმატებს. შედეგად, დანარჩენი დაფინანსება ჯამში 280 ათასი ლარით მცირდება და უწყების მთლიანი ბიუჯეტის ზრდა 10 მილიონ ლარს შეადგენს.

100 მილიონიდან 390 მილიონამდე

სუს-ი დამოუკიდებელ უწყებად 2015 წელს ჩამოყალიბდა. 2016 წლის ბიუჯეტით მისთვის თავდაპირველად 100 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, დაზუსტებული გეგმა კი 104 მილიონამდე გაიზარდა. 2027 წლის პირველადი პროექტის მაჩვენებელი 2016 წლის თავდაპირველ გეგმაზე 3,9-ჯერ მეტია, თუმცა ეს ნომინალური შედარებაა და ინფლაციას არ ითვალისწინებს.

როდესაც გასული წლის ოქტომბერში სუს-ის ბიუჯეტის ზრდაზე ვწერდით, 2026 წლისთვის პროექტში 265 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. საბოლოოდ დამტკიცებული თანხა კი 380 მილიონი გახდა, 115 მილიონით მეტი.

საჯაროდ გავრცელებული საბიუჯეტო განმარტებით, დამატებითი დაფინანსება სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას უნდა მოხმარებოდა. ამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის წარდგენისასაც გავრცელდა.

იხილეთ ბიუჯეტის საბოლოო პროექტის შესახებ ინფორმაცია.

მეტი რესურსი, ხშირი საკადრო ცვლილებები

დაფინანსების ზრდის პარალელურად, სექტემბერში გამოქვეყნებულ სტატიაში სუს-ის ხელმძღვანელების ხშირ ცვლილებასაც შევეხეთ. 2025 წლის აპრილიდან 2026 წლის სექტემბრამდე ანრი ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე და გეკა გელაძე ერთმანეთმა რამდენიმე თვის ინტერვალით შეცვალეს; 14 სექტემბერს კი გელაძის წასვლის შემდეგ უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს.

მიუხედავად კანონით განსაზღვრული ექვსწლიანი მანდატისა, ხელმძღვანელების უფლებამოსილება მოკლე ვადებში წყდებოდა. ასეთ პირობებში ჩნდება კითხვა: ვინ აგებს პასუხს წინა ხელმძღვანელობის დროს დაგეგმილ ხარჯებსა და დაწყებულ პროექტებზე და როგორ ფასდება მათი შედეგი?

ამ საკითხს პოლიტიკური ანგარიშვალდებულების პრობლემაც ემატება. გასული წლის სტატიაში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის ხელმძღვანელი გურამ იმნაძე სუს-ის საქმიანობაზე სასამართლო და საპარლამენტო კონტროლის სისუსტეს უსვამდა ხაზს. მისი შეფასებით, ასეთ პირობებში დაფინანსების ზრდა პოლიტიკური კონტროლის გაძლიერების რისკსაც შეიცავს.

მეტი დაფინანსება თავისთავად ვერ გვიჩვენებს, რამდენად უმჯობესდება ქვეყნის უსაფრთხოება. 2027 წლის პროექტის განხილვისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოო თანხა, არამედ ისიც, რა შედეგი მოიტანა წინა ზრდამ, როგორ კონტროლდება ხარჯვა და ვინ აგებს პასუხს მის შედეგიანობაზე.

მსგავსი სტატიები