პენსიები, ხელფასები და ინფრასტრუქტურა – 2027 წლის ბიუჯეტის მთავარი ცვლილებები

2027 წელს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს – 1,2 მილიარდით მეტის, ვიდრე 2026 წელს. დამატებითი თანხის უდიდესი ნაწილი პენსიებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას მოხმარდება. იზრდება საჯარო სექტორის ხელფასებიც, ბიუჯეტის შევსების მთავარი წყარო კი ისევ გადასახადებია.

ეს ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტია და არა საბოლოოდ დამტკიცებული ბიუჯეტი. დეკემბრამდე თანხები და პრიორიტეტები შეიძლება შეიცვალოს, თუმცა, წინა წლების გამოცდილებით, პირველადი ვერსია, როგორც წესი, მნიშვნელოვნად აღარ იცვლება.

ბიუჯეტის შევსების მთავარი წყარო გადასახადებია

ბიუჯეტის გეგმა ეკონომიკის 5%-იან ზრდასა და 3%-იან ინფლაციას ეყრდნობა. ორივე მაჩვენებელი საგადასახადო შემოსავლებზე მოქმედებს: ეკონომიკური აქტივობის მატებასთან ერთად გადასახადების მოცულობაც იზრდება, ფასების ზრდა კი ბიუჯეტში შესატან თანხას ნომინალურად ზრდის.

პროექტის მიხედვით, 2027 წელს ბიუჯეტში ჯამში 32,2 მილიარდი ლარი შევა – 1,4 მილიარდით, ანუ 4,6%-ით მეტი, ვიდრე 2026 წელს. ამ თანხაში გადასახადებთან და სხვა შემოსავლებთან ერთად ნასესხები ფულიც შედის.

გადასახადებიდან მთავრობა 25,3 მილიარდი ლარის მიღებას გეგმავს. ეს 2026 წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 2 მილიარდით მეტია და ბიუჯეტში შესასვლელი თანხის 79%-ს შეადგენს.

ყველაზე დიდი წილი დამატებული ღირებულების გადასახადზე მოდის. დღგ-დან მისაღები თანხა 936 მილიონი ლარით იზრდება და 9,7 მილიარდს აღწევს. მას მოსდევს საშემოსავლო გადასახადი: 779 მილიონი ლარის მატებით, მისი მოცულობა 9 მილიარდი იქნება. მოგების გადასახადიდან 3,6 მილიარდი ლარის მიღებაა დაგეგმილი – 350 მილიონით მეტის, ვიდრე 2026 წელს. სხვა გადასახადებიდან შემოსავლების ზრდა დაგეგმილი არ არის.

მიუხედავად საგადასახადო შემოსავლების დაახლოებით 2 მილიარდი ლარით მატებისა, ბიუჯეტში შესასვლელი თანხა უფრო ნაკლებად იზრდება. ამის მიზეზი სხვა წყაროებიდან მისაღები თანხების შემცირებაა: გრანტები 101 მილიონი ლარით იკლებს, ეროვნული ბანკის მოგებიდან მისაღები დივიდენდები – 250 მილიონით. მთავრობა 393 მილიონი ლარით ნაკლებს ისესხებს, ვიდრე 2026 წელს.

უცხოური გრანტები იზრდება თუმცა 2024 წლის დონეს ჩამორჩება

გრანტების საერთო მოცულობის შემცირება ადგილობრივ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებს უკავშირდება: მათგან ბიუჯეტი 110 მილიონი ლარით ნაკლებს მიიღებს. უცხოური გრანტები კი 9 მილიონით იზრდება და 96 მილიონ ლარს აღწევს. მიუხედავად ამ მატებისა, თანხა 2024 წლის მაჩვენებელზე დაახლოებით ორჯერ ნაკლებია.

უცხოური გრანტებიდან ყველაზე მეტი, 48 მილიონი ლარი, ევროკავშირისა და სხვა ევროპული ორგანიზაციებისგან არის გათვალისწინებული. თანხა საჯარო სკოლებისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოხმარდება. გერმანიის მთავრობისგან მისაღები 30 მილიონი ლარი ძირითადად ენერგეტიკულ და კომუნალურ პროექტებზე დაიხარჯება, საფრანგეთის მთავრობისგან გამოყოფილი 13 მილიონი კი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას მოხმარდება.

ხარჯების ზრდაში ყველაზე დიდი წილი პენსიებს აქვს

2027 წლისთვის დაგეგმილი 32 მილიარდი ლარის ხარჯი 2026 წლის მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. ყველაზე მეტად პენსიებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაფინანსება იზრდება – ამ ორ მიმართულებას ჯამში მილიარდ ლარზე მეტი ემატება.

70 წლამდე პირების ყოველთვიური პენსია 20 ლარით გაიზრდება და 390 ლარი გახდება. 70 წლისა და უფროსი ასაკის პირების პენსია კი 60 ლარით მოიმატებს და 555 ლარს მიაღწევს. პენსიებისთვის ბიუჯეტში დამატებით 560 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას 472 მილიონი ლარი ემატება. ხარჯების მიმართულებების მიხედვით, ჯანდაცვის დაფინანსება 200 მილიონით იზრდება, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების – 189 მილიონით, სოფლის მეურნეობის კი – 154 მილიონით.

ხელფასებისთვის დამატებით 316 მილიონი ლარი

საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის 3,7 მილიარდი ლარია გათვალისწინებული – 316 მილიონით მეტი, ვიდრე 2026 წელს. თანამშრომელთა რაოდენობა არ იზრდება; დამატებითი ხარჯი ხელფასების მატებას უკავშირდება. საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 600 ლარიდან 1 735 ლარამდე იზრდება, რაც ხელფასების დაახლოებით 8,4%-იან მატებას ნიშნავს.

პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ყოველთვიური ხელფასი 1 350 ლარით მოიმატებს და 17 350 ლარი გახდება. მინისტრების ხელფასი 1 148 ლარით იზრდება და 14 748 ლარს მიაღწევს, პარლამენტის წევრის კი 1 080 ლარით მოიმატებს და 13 880 ლარი იქნება.

მეტი ფული ინფრასტრუქტურისთვის

კაპიტალური, ანუ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტში 6,7 მილიარდი ლარია გამოყოფილი. ეს 2026 წლის მაჩვენებელს 663 მილიონი ლარით აღემატება.

ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 10 მილიარდ ლარს აჭარბებს

უწყებებს შორის ყველაზე მეტად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება. მას 811 მილიონი ლარი ემატება და დაფინანსება დაახლოებით 10,5 მილიარდ ლარს აღწევს. ამ მატების უდიდესი ნაწილი, 560 მილიონი ლარი, პენსიებზე მოდის.

სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსება 125 მილიონი ლარით იზრდება და დაახლოებით 2,3 მილიარდს აღწევს. საყოველთაო ჯანდაცვას 50 მილიონი ლარი ემატება, იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტთა მკურნალობას კი – 40 მილიონი. ეს უკანასკნელი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის სახელმწიფო დაფინანსების გადაწყვეტილებას უკავშირდება.

შუა დერეფანი და ანაკლია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი 528 მილიონი ლარით იზრდება და დაახლოებით 1,5 მილიარდს აღწევს. მატების თითქმის ნახევარი ახალ პროგრამაზე მოდის: ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის, ე.წ. შუა დერეფნისთვის, 250 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 2026 წელს ამ პროგრამისთვის თანხა გამოყოფილი არ ყოფილა.

ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობის პროექტს 85 მილიონი ლარი ემატება და დაფინანსება 120 მილიონს აღწევს. 2026 წელს პროექტისთვის 35 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა 1 ოქტომბრის მონაცემებით თანხა დახარჯული არ იყო.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის 127 მილიონი ლარია გამოყოფილი — 74 მილიონით მეტი, ვიდრე 2026 წელს. ამ შემთხვევაშიც დაგეგმილ და ფაქტობრივ ხარჯს შორის დიდი სხვაობაა: 2026 წლის ბიუჯეტში პორტისთვის გათვალისწინებული 53 მილიონი ლარიდან 1 ოქტომბრისთვის მხოლოდ 1 მილიონი იყო დახარჯული.

განათლებას 226 მილიონი ლარი ემატება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი 226 მილიონი ლარით იზრდება და 2,9 მილიარდს აღწევს. ყველაზე დიდი თანხა, დაახლოებით 2,1 მილიარდი ლარი, სასკოლო განათლებას მოხმარდება. ეს 2026 წლის მაჩვენებელზე 160 მილიონით მეტია.

შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დაფინანსება ჯამში 208 მილიონი ლარით იზრდება. მატება ძირითადად ამ უწყებებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდას უკავშირდება.

ახალი ვალი და ძველი ვალდებულებების დაფარვა

გადასახადებისა და სხვა შემოსავლების ზრდის მიუხედავად, მთავრობას ხარჯების დასაფარად სესხის აღებაც დასჭირდება. ბიუჯეტის დეფიციტი სწორედ იმ სხვაობას ასახავს, რომელიც ხარჯებსა და მათ დასაფარად არსებულ შემოსავლებს შორის რჩება.

2027 წელს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 3,1 მილიარდი ლარი იქნება – პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5%. ნაერთი ბიუჯეტი სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებსაც მოიცავს.

მთავრობა ჯამში 4,6 მილიარდი ლარის ახალ ვალს აიღებს და პარალელურად ადრე აღებული ვალის 1,5 მილიარდ ლარს დაფარავს. შედეგად, მთავრობის ვალი 3,1 მილიარდი ლარით გაიზრდება. ახალი სესხებიდან 2,6 მილიარდი საშინაო ვალი იქნება, 2 მილიარდი კი – საგარეო.

საგარეო სესხების ყველაზე დიდი ნაწილი, 720 მილიონი ლარი, აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) არის დაგეგმილი. გერმანიის მთავრობისგან, KfW-ის მეშვეობით, მთავრობა 421 მილიონ ლარს ისესხებს, მსოფლიო ბანკისგან – 313 მილიონს, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) – 280 მილიონს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) – 152 მილიონს, საფრანგეთის მთავრობისგან კი – 88 მილიონს.

2027 წლის ბოლოს მთავრობის ვალი დაახლოებით 40 მილიარდ ლარს მიაღწევს. ეს პროგნოზირებული მშპ-ის 31,6%-ია. ეკონომიკის ზომასთან ვალის შეფარდება აჩვენებს, რამდენად დიდია ვალის ტვირთი ქვეყნისთვის.

მსგავსი სტატიები