მიმდინარე რთველის ფარგლებში სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ ღვინის საწარმოებთან ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის ხელშეკრულებებს აფორმებს. 18 სექტემბერს კომპანიამ 1 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანასთან“, რომლის საბოლოო მფლობელებს შორის ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილია.
კონტრაქტის მიხედვით, „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანამ“ 10 ათასი ტონა ყურძენი უნდა ჩაიბაროს, ხოლო ყოველ ჩაბარებულ კილოგრამზე სახელმწიფოსგან 10 თეთრი მიიღოს. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 1 მილიონი ლარია.
ხელშეკრულება 2026 წლის რთველის მიმდინარეობისას გაფორმდა. ამავე პერიოდში კახეთში მევენახეების ნაწილმა ყურძნის ჩაბარების პირობები და ფასები გააპროტესტა. 22 სექტემბერს სახელმწიფომ ჩაბარების პირობები შეცვალა, რის შემდეგაც ყვარელში აქცია შეწყდა. 23 სექტემბრის მდგომარეობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთში 38 ათას ტონამდე ყურძენი იყო გადამუშავებული.
„მოსავლის მართვის კომპანიას“ 2026 წლის რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება მთავრობის №536 განკარგულებით დაევალა. ამ მიზნით კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან 50 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვით დახარჯვის უფლება მიიღო.
„კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხნის“ მფლობელობის სტრუქტურა „აისი ინკის“ გავლით ნაწილდება: 2024 წლის მონაცემებით, „აისი ინკის“ 34%-ს „ქართული ოცნების“ პარლამენტარი ზაალ დუგლაძე, 33-33%-ს კი დავით დუგლაძე და ალექსანდრე ივანიშვილი ფლობენ. საჯარო წყაროებით, „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა“ „აისი ინკის“ შვილობილი კომპანიაა.
მეწარმეთა რეესტრის ამონაწერში „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხნის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დავით დუგლაძე, თავმჯდომარის მოადგილედ კი ალექსანდრე ივანიშვილია მითითებული. კომპანიის დირექტორია გოჩა გიოშვილი.
კომპანიის მფლობელებსა და მმართველებთან დაკავშირებულ პირებს „ქართული ოცნებისთვის“ სხვადასხვა წლებში შემოწირულებებიც აქვთ გაკეთებული. სტატიისთვის შეგროვებული მონაცემებით, ზაალ დუგლაძემ 2016-2020 წლებში პარტიას 115 ათასი ლარი შესწირა; დავით დუგლაძემ 2016-2025 წლებში – 325 ათასი ლარი; ალექსანდრე ივანიშვილმა 2016-2026 წლებში – 500 ათასი ლარი; ხოლო გოჩა გიოშვილმა 2020 წელს – 5 ათასი ლარი. ჯამში ეს 945 ათასი ლარია. დავით დუგლაძეს 2012 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ 60 ათასი ლარიც აქვს შეწირული.
2026 წელს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანას“ კიდევ სამი კონტრაქტი აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით, რომელთა ჯამური ღირებულება 270 ათასი ლარია. 2025 წელს კომპანიამ 1,280 ათასი ლარის კონტრაქტები მიიღო პირდაპირი შესყიდვის გზით.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით, 2017-2023 წლებში „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანას“ სახელმწიფოს აგროპროექტებიდან 7.2 მლნ ლარი აქვს მიღებული.
„მოსავლის მართვის კომპანია“ მიმდინარე რთველის ფარგლებში სხვა ღვინის კომპანიებთანაც აფორმებს ხელშეკრულებებს. „ფლანგვის დეტექტორი“ ამ შესყიდვების მონიტორინგს აგრძელებს.




