წელიწად-ნახევარი შექმნიდან დახურვამდე – რა დაუჯდა „გრანტების სააგენტო“ ბიუჯეტს
2025 წელს მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად ახალი სახელმწიფო სააგენტო შექმნა. პროგრამისთვის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარი გაითვალისწინეს, თავად სააგენტოს ადმინისტრირებისთვის ასობით ათასი ლარი გამოიყო, ხელმძღვანელებს მაღალი თანამდებობრივი სარგოები და ფულადი ჯილდოები განესაზღვრათ, 2026 წელს კი უწყების ბიუჯეტი 1.65 მილიონ ლარამდე გაიზარდა. შექმნიდან დაახლოებით წელიწად-ნახევარში მთავრობა სააგენტოს ხურავს.
სააგენტოს დახურვის მიზეზების განმარტებისას კობახიძემ თქვა:
„ენჯეო“ არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის. როდესაც ჩვენ შესაბამისი სააგენტო შევქმენით, გამოჩნდა, რომ ეს ასეა… შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ „ენჯეოები“ და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია. შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“.
ამ განცხადებით მთავრობა ასრულებს პროექტს, რომლის შექმნაც თავად გადაწყვიტა და რომლის ფუნქციონირებისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები გამოყო.
სააგენტოს არსებობის მოკლე ისტორია აჩვენებს, რა ფინანსური რესურსი გამოყო სახელმწიფომ ახალი სტრუქტურის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად და რამდენად მოკლე აღმოჩნდა მისი სიცოცხლის ციკლი.
სააგენტო, რომელიც მთავრობამ 2025 წელს შექმნა
სააგენტოს შექმნისთვის საჭირო ცვლილებებს „გრანტების შესახებ“ კანონში პარლამენტმა მესამე მოსმენით 2025 წლის 20 თებერვალს დაუჭირა მხარი. თავად სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო კი მთავრობის 15 აპრილის №119 დადგენილებით დაფუძნდა.
ინიციატივის ოფიციალურ მიზნად სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა სახელდებოდა, რომელთა საქმიანობაც ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს შეესაბამებოდა.
სააგენტო აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში შეიქმნა: მის თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრი ნიშნავდა და ათავისუფლებდა. სააგენტოს თავდაპირველი დებულების მიხედვით, დაფინანსების პრიორიტეტებს მთავრობა ამტკიცებდა, საგრანტო განაცხადებზე გადაწყვეტილებას კი საბჭო იღებდა. საბჭოს სააგენტოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, დანარჩენი წევრები კი მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლები იყვნენ.
შესაბამისად, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდასაჭერად შექმნილ ამ სისტემაში როგორც დაფინანსების პრიორიტეტების განსაზღვრა, ისე გამარჯვებული განაცხადების შერჩევა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაკავშირებული სტრუქტურების ხელში იყო.
20 მილიონი ლარის პროგრამა
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პროგრამისთვის „სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა“ 20 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ თანხით უნდა დაფინანსებულიყო როგორც გრანტის მართვის სააგენტოს შექმნა და ფუნქციონირება, ისე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემა.
თუმცა 20 მილიონი ლარი არ ნიშნავს, რომ სააგენტომ ეს თანხა მთლიანად დახარჯა. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით ამ ეტაპზე ვერ დგინდება, საბოლოოდ რა ოდენობის თანხა იქნა ათვისებული პროგრამის ფარგლებში და კონკრეტულად რამდენი გაიცა გრანტების სახით.
10 ათას ლარზე მეტი თვიური ხელფასი ხელმძღვანელისთვის
სააგენტოს შექმნიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 2025 წლის 13 მაისს, მთავრობამ მისი ხელმძღვანელი პირების თანამდებობრივი სარგოებიც განსაზღვრა.
სააგენტოს თავმჯდომარე – 10 585 ლარი თვეში;
თავმჯდომარის მოადგილე – 8 760 ლარი თვეში;
დეპარტამენტის უფროსი – 7 300 ლარი თვეში.
იმავე წლის ნოემბერში სააგენტომ მცირე გრანტების კონკურსის 17 გამარჯვებული ინიციატივა გამოავლინა. მათი დაფინანსებისთვის გათვალისწინებული საერთო თანხა 1 657 775 ლარს შეადგენდა.
წყარო: სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს FB გვერდი
თუმცა საჯაროდ მოძიებული მონაცემებით კვლავ ვერ დგინდება, 2025 წლისთვის „სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამაზე გათვალისწინებული 20 მილიონი ლარიდან საბოლოოდ რა თანხა იქნა ათვისებული და რამდენი გადაირიცხა უშუალოდ გრანტების სახით.
2026 წელს სააგენტოსთვის კიდევ 1.65 მილიონი ლარი გაითვალისწინეს
მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო მხოლოდ 2025 წლის გაზაფხულზე შეიქმნა, მისი ადმინისტრაციული დაფინანსება მომდევნო წლისთვის გაიზარდა. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის დანართში სააგენტოსთვის 1 650 000 ლარი განისაზღვრა.
აქედან 1 122 000 ლარი შრომის ანაზღაურებისთვის იყო გათვალისწინებული. ამ საბიუჯეტო ხაზში გრანტების გასაცემად თანხა ცალკე გამოყოფილი არ არის.
2026 წლის განკარგულებით გაიზარდა სააგენტოს ხელმძღვანელი პირების თანამდებობრივი სარგოებიც:
თავმჯდომარე – 11 600 ლარი თვეში;
თავმჯდომარის მოადგილე – 9 600 ლარი თვეში;
დეპარტამენტის უფროსი – 8 000 ლარი თვეში.
ამგვარად, სააგენტოს დახურვის გადაწყვეტილების გამოცხადების წელსაც სახელმწიფოს მის შესანარჩუნებლად მილიონზე მეტი ლარის ადმინისტრაციული ხარჯი ჰქონდა გათვალისწინებული.
38 774 ლარი თანამშრომლების ჯილდოებისთვის
ხელფასების გარდა, 2025 წლის ბოლოს სააგენტოს თანამშრომლებისთვის ფულადი ჯილდოებიც გამოიყო. 2025 წლის 25 დეკემბერს მთავრობამ შესაბამისი განკარგულება გამოსცა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისთვის სააგენტოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და გრანტის მართვის დეპარტამენტის უფროსისთვის ჯამში 21 316 ლარი იყო გათვალისწინებული. არასაშტატო ნუსხით დასაქმებული კიდევ ექვსი თანამშრომლისთვის კი – 17 458 ლარი.
ამრიგად, ცხრა თანამშრომლის ფულადი ჯილდოებისთვის გათვალისწინებულმა თანხამ 38 774 ლარი შეადგინა.
ხელმძღვანელობის ცვლილება და სააგენტოს დასასრული
სააგენტოს პირველი თავმჯდომარე თამარ ზოდელავა იყო. იგი თანამდებობაზე 2025 წლის 22 აპრილს დაინიშნა. 2026 წლის იანვარში ზოდელავა იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახდა, ხოლო სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება მის მოადგილეს, თათია ნანეიშვილს დაეკისრა.
რვა თვის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობის მიერ შექმნილი უწყება არსებობას წყვეტს. 17 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გრანტების მართვის სააგენტო უკვე „მილევად რეჟიმში“ მუშაობს და 2026 წლის ბოლომდე დაიხურება.
ამრიგად, სახელმწიფო უწყება, რომლის შექმნისთვისაც საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეს, ცალკე ადმინისტრაციული სტრუქტურა ჩამოაყალიბეს, თანამშრომლები დაიქირავეს, ხელმძღვანელებს ხუთნიშნა თვიური სარგოები განუსაზღვრეს და მომდევნო წლისთვისაც 1.65 მილიონი ლარის ბიუჯეტი დაუმტკიცეს, შექმნიდან დაახლოებით წელიწად-ნახევარში იხურება.