სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 2026 წელს 380 მილიონ ლარამდე გაიზარდა. პარალელურად, 2025 წლის აპრილიდან უწყებას ერთმანეთის მიყოლებით ოთხი არჩეული ხელმძღვანელი ჰყავდა, რომლებმაც ექვსწლიანი მანდატი ვადამდე შეწყვიტეს. ეს ორი გარემოება აჩენს კითხვებს სუს-ის სტრატეგიული უწყვეტობის, პასუხისმგებლობისა და გაზრდილი რესურსის შედეგიანობის შესახებ.
100 მილიონიდან 380 მილიონამდე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დამოუკიდებელ უწყებად 2015 წელს ჩამოყალიბდა. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის თავდაპირველად 100 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული; წლის განმავლობაში დაზუსტებული გეგმა 104 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2026 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით კი სუს-ის ასიგნებები 380 მილიონ ლარს შეადგენს. ამდენად, საწყის 2016 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 2026 წლის დაფინანსება 3.8-ჯერ მეტია.
ზრდა განსაკუთრებით მკვეთრია ბოლო ორ წელიწადში. 2024 წლის ფაქტობრივი დაფინანსება 214.5 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო კონსოლიდირებული ვერსიით სუს-ის გეგმა 271.5 მილიონი ლარი იყო. 2026 წელს თანხა კიდევ 108.5 მილიონი ლარით, დაახლოებით 40%-ით, გაიზარდა და 380 მილიონ ლარს მიაღწია.
ამასთან, 2026 წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში თავად სუს-ისთვის გათვალისწინებული თანხაც მნიშვნელოვნად შეიცვალა: პროექტის ადრეულ ვერსიაში უწყებისთვის 265 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, საბოლოო ვერსიაში კი – 380 მილიონი, ანუ 115 მილიონი ლარით მეტი. საჯაროდ გავრცელებული საბიუჯეტო განმარტებით, ეს დამატებითი თანხა სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს.

ექვსწლიანი მანდატი და მოკლე ვადები
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, სამსახურის უფროსს პარლამენტი ექვსი წლის ვადით ირჩევს. კანონი ასევე განსაზღვრავს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებსა და შესაბამის საპარლამენტო პროცედურებს. ექვსწლიანი ვადა არ ნიშნავს, რომ ხელმძღვანელი თანამდებობას ყველა შემთხვევაში სრული პერიოდის განმავლობაში უნდა იკავებდეს, თუმცა ბოლო პერიოდის როტაციის სიხშირე გარკვეულ კითხვებს აჩენს.
2019 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის აპრილამდე სუს-ს გრიგოლ ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. 2025 წლის 4 აპრილს პარლამენტმა მისი ნებაყოფლობით გადადგომა ცნობად მიიღო და იმავე დღეს ექვსი წლის ვადით ანრი ოხანაშვილი აირჩია. ოხანაშვილმა თანამდებობა დაახლოებით ხუთი თვის შემდეგ დატოვა. 2025 წლის 3 სექტემბერს პარლამენტმა სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა; მან 2026 წლის აპრილში ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ მიმართა პარლამენტს. 28 აპრილს პარლამენტმა ექვსი წლის ვადით გეკა გელაძე აირჩია, რომელმაც თანამდებობა 14 სექტემბერს დატოვა.
შედეგად, 2025 წლის აპრილიდან 2026 წლის სექტემბრამდე სუს-მა ოთხი ხელმძღვანელი გამოიცვალა – ანრი ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე, გეკა გელაძე და ახლა უკვე თამაზ ბორაშვილი, რომელის კანდიდატურაც მთავრობამ 14 სექტემბერს წარადგინა.
რას გვიჩვენებს როტაცია
სუს-ის მზარდი ბიუჯეტის პარალელურად, უწყებაში ხელმძღვანელების ხშირი ცვლილება ინსტიტუციური და საბიუჯეტო უწყვეტობის საკითხს აჩენს. ბოლო წელიწად-ნახევარში უწყებას ოთხი ხელმძღვანელი ჰყავდა, მიუხედავად იმისა, რომ კანონით სუს-ის უფროსი ექვსი წლის ვადით ირჩევა.
ასეთი როტაციის პირობებში ბუნდოვანი ხდება, როგორ ნარჩუნდება გრძელვადიანი სტრატეგიული და საბიუჯეტო პრიორიტეტები, ვინ არის პასუხისმგებელი წინა ხელმძღვანელობის დროს დაწყებულ პროექტებზე და როგორ ფასდება მათი შედეგიანობა. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2026 წელს, როდესაც სუს-ის ბიუჯეტმა 380 მილიონ ლარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ამ გადაადგილებების უმეტესობას წინ არ უძღოდა საჯარო ანგარიშგება იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული მიზეზებით ხდებოდა 6-წლიანი ვადით გამწესებული პირების რამდენიმე თვეში ჩანაცვლება.
დაკავებული და გასამართლებული ყოფილი ხელმძღვანელები
საკადრო არასტაბილურობის გარდა, უწყების წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს მძიმე სისხლისსამართლებრივი პრეცედენტები, რომლებიც უშუალოდ სუს-ის ყოფილ პირველ პირებსა და მათ მოადგილეებს ეხება:
- გრიგოლ ლილუაშვილი (სუს-ის ყოფილი უფროსი): 2025 წლის 23 დეკემბერს გენერალურმა პროკურატურამ უწყების ყოფილი ხელმძღვანელი დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლი), რაც საქმის მასალების მიხედვით, უკანონო შემოსავლების მფარველობასა და ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობას უკავშირდება.
- იოსებ (სოსო) გოგაშვილი (სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე): წლების განმავლობაში სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი პირი 2022 წლის ივლისში დააკავეს. 2023 წლის აპრილში სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებაში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რისთვისაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დასკვნა
უსაფრთხოების სექტორი სპეციფიკური დარგია, სადაც კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ანალიტიკური მუშაობა და გარე საფრთხეებთან (მათ შორის ჰიბრიდულ რისკებსა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ გამოწვევებთან) ბრძოლა წლების განმავლობაში გაწერილ, უწყვეტ სტრატეგიას მოითხოვს.
გარემოში, სადაც უწყების ხელმძღვანელები რამდენიმე თვეში ერთხელ იცვლებიან, ხოლო ყოფილი მაღალჩინოსნები კორუფციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით ხვდებიან პატიმრობაში, სისტემური და გრძელვადიანი ხედვის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
შესაბამისად, 380 მილიონ ლარამდე გაზრდილი ბიუჯეტის ფონზე, უპასუხოდ რჩება მთავარი კითხვა: რამდენად არის შესაძლებელი ასეთ არასტაბილურ მმართველობით პირობებში ამ რესურსის მიზნობრივი, გამჭვირვალე და ქვეყნის რეალურ უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ხარჯვა.




