2026 წლის ივნისსა და ივლისში შპს „ჯეოსოფტმა“ კონკურენციის გარეშე ორი სახელმწიფო ტენდერი მოიგო, რომელთა ჯამური ღირებულება 113,659 ლარი იყო. ორივე ტენდერში კომპანია ერთადერთი მონაწილე იყო.
3 ივნისს „ჯეოსოფტს“ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 92,539 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა, ხოლო 20 ივლისს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ – 21,120 ლარის.
მეორე კონტრაქტის გაფორმებიდან მეორე დღეს, 21 ივლისს, „ჯეოსოფტის“ ერთპიროვნულმა მფლობელმა და დირექტორმა ანდრო მესხორაძემ „ქართულ ოცნებას“ 50,000 ლარი შესწირა.
„ჯეოსოფტი“ სახელმწიფო ტენდერებში 2022 წლიდან მონაწილეობს. ამ პერიოდში კომპანიამ 11 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და ყველა შემთხვევაში კონკურენტის გარეშე გაიმარჯვა. ამ ტენდერების ფარგლებში მას ჯამში დაახლოებით 643,000 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმდა.
გარდა ამისა, „ჯეოსოფტს“ გამარტივებული, პირდაპირი შესყიდვის გზით 33 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 69,000 ლარია.
ანდრო მესხორაძეს „ქართული ოცნებისთვის“ თანხა წინა წლებშიც აქვს შეწირული. 2016 წელს მან პარტიას 15,000 ლარი შესწირა. 2018 წელს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს – 13,000 ლარი. 2020 და 2021 წლებში კი „ქართულ ოცნებას“ კიდევ 15,000-15,000 ლარი შესწირა.
2022-2025 წლებში მესხორაძეს პარტიისთვის თანხა აღარ შეუწირავს, თუმცა 2026 წლის 21 ივლისს „ქართულ ოცნებას“ 50,000 ლარი გადაურიცხა.
ჯამში, 2016-2026 წლებში ანდრო მესხორაძემ „ქართულ ოცნებასა“ და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს 108,000 ლარი შესწირა.




