2026 წლის 28 მაისს თბილისის მერიის საკუთრებაში არსებულმა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ შპს „გაზ კონტროლთან“ ავტობუსების ტექნიკური ინსპექტირების მომსახურებაზე 622,888 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის გაფორმებიდან დაახლოებით თვე-ნახევარში, 10 ივლისს, „გაზ კონტროლის“ 90%-იანი წილის მფლობელმა ზაზა ვაშაკიძემ „ქართულ ოცნებას“ 50,000 ლარი შესწირა.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ ავტობუსების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიზნით ტენდერი 8 აპრილს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 635,600 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ „გაზ კონტროლმა“ მიიღო და კომპანია 622,888 ლარის შეთავაზებით გამარჯვებულად გამოცხადდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „გაზ კონტროლი“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ტენდერში საბოლოოდ ერთადერთ კვალიფიციურ პრეტენდენტად რჩება და იმარჯვებს. ამავე დროს, ზაზა ვაშაკიძისთვის ეს არც მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაკეთებული პირველი შემოწირულებაა.
2019-2026 წლებში „გაზ კონტროლმა“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხუთ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და ხუთივე შემთხვევაში გაიმარჯვა. სამ შემთხვევაში კომპანიას კონკურენტი საერთოდ არ ჰყავდა. კიდევ ორ ტენდერში მონაწილეობდა შპს „დაჯიც“, რომელმაც ორივე შემთხვევაში „გაზ კონტროლზე“ დაბალი ფასი შესთავაზა, თუმცა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ კომპანია ტექნიკური დოკუმენტაციის ნაკლოვანებების გამო დისკვალიფიცირებულად ცნო და გამარჯვებულად „გაზ კონტროლი“ გამოაცხადა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო შესყიდვების მონაცემების მიხედვით, „გაზ კონტროლი“ მხოლოდ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობს.
2019-2026 წლებში, ხუთი ტენდერის ფარგლებში, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ „გაზ კონტროლთან“ ჯამში დაახლოებით 1.6 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. ამავე პერიოდში კომპანიის 90%-იანი წილის მფლობელმა ზაზა ვაშაკიძემ „ქართულ ოცნებას“ ჯამში 220,000 ლარი შესწირა.
ზაზა ვაშაკიძე კიდევ ერთი კომპანიის – შპს „ავტოჩეკის“ – მფლობელიცაა. 2019-2026 წლებში „ავტოჩეკს“ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან გამარტივებული, პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში დაახლოებით 900,000 ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვს გაფორმებული.
„გაზ კონტროლის“ მიერ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ტენდერებში მრავალწლიანი გამარჯვებები, კონკურენციის შეზღუდული დონე და კომპანიის მფლობელის მიერ მმართველი პარტიისთვის გაკეთებული შემოწირულებები კითხვებს აჩენს შესყიდვების კონკურენტულ გარემოსა და ამ ურთიერთობების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.




