2026 წლის 29 მაისს თბილისის საკრებულომ გენერალური გეგმის გამწვანებული ტერიტორიების რუკა შეცვალა. სამ შემთხვევაში, ჯამში 5 526 კვ.მ მწვანე და სარეკრეაციო ტერიტორია სხვა ფუნქციურ ზონებში გადავიდა. ეს მაგალითები გვაძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული შემთხვევებიდან დავაკვირდეთ, როგორ მუშაობს თბილისში მწვანე სივრცეების დაცვისა და ზონირების სისტემა.
სამი ცვლილება, 5 526 კვ.მ
თბილისის საკრებულომ 2026 წლის 29 მაისს გენერალური გეგმის გამწვანებული ტერიტორიების რუკა შეცვალა. კონკრეტული ცვლილებები თავად №13-43 დადგენილების ტექსტში დეტალურად არ არის აღწერილი და ისინი მხოლოდ თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა.
ცვლილებებიდან სამი მწვანე ან სარეკრეაციო სტატუსის მქონე ტერიტორიებს შეეხო:
- ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე 987 კვ.მ ტერიტორია სარეკრეაციო ზონიდან სპეციალურ ზონაში გადავიდა.
- გლდანში, სოფელ ნამყენში, 2 737 კვ.მ შიდაკვარტალური გამწვანებული ტერიტორია საცხოვრებელ ზონად გადაკვალიფიცირდა. ცვლილებაზე თანხმობა მერიის გარემოს დაცვის სამსახურმაც გასცა.
- ჩოლოყაშვილის ქუჩაზე 1 802 კვ.მ ტერიტორია, რომლის დიდი ნაწილი სარეკრეაციო ზონა იყო, ძირითადად სატრანსპორტო ზონაში გადავიდა. ცვლილება ტერიტორიის ელექტრონული აუქციონით პრივატიზებას უკავშირდებოდა.
ჯამში, ამ სამ შემთხვევაში 5 526 კვ.მ ტერიტორიამ მწვანე ან სარეკრეაციო ფუნქციური სტატუსი დაკარგა.
იმავე დადგენილებით შეიცვალა სხვა ტერიტორიების ზონირებაც. მაგალითად, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე „საქართველოს ფოსტის“ 11 867 კვ.მ სამრეწველო ტერიტორია საცხოვრებელ ზონად გადაკეთდა. დოკუმენტაციაში აქ თანამედროვე შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობაა გათვალისწინებული. თუმცა მიმდებარე საწარმოებსა და ახალ საცხოვრებელ ზონას შორის მწვანე გამყოფი ზოლის მოწყობის მოთხოვნა ცალკე განსაზღვრული არ არის.
მწვანე სივრცეები – დაპირებები და პრაქტიკა
მწვანე სივრცეების დაცვა თბილისის მერის, კახა კალაძის საჯარო რიტორიკაში წლების განმავლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. 2026 წლის 5 აგვისტოს მან განაცხადა: „ქალაქის სიყვარული სიტყვებით არ იზომება. თუ მართლა გიყვარს ქალაქი, პარკებს არ ყიდი – მათ იცავ. რეკრეაციულ სივრცეებს არ ამცირებ – აფართოებ. ქალაქს არ ართმევ – ქალაქს უბრუნებ!“ ეს განცხადება 29 მაისის ზონირების ცვლილებებიდან დაახლოებით ორ თვეში გაკეთდა.
თემა ადრეც იყო წარმოდგენილი წინასაარჩევნო პროგრამებში. 2017 წლის კამპანიაში ყურადღება ქაოტური განაშენიანების შეჩერებასა და ქალაქისთვის ისტორიული იერსახის დაბრუნებაზე კეთდებოდა. 2021 წელს კი კალაძე ამომრჩეველს „მეტ გამწვანებასა და რეკრეაციულ სივრცეებს“ დაჰპირდა.
2025 წელს მერმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმავე პრიორიტეტს. ივლისში განაცხადა, რომ განვითარება პარკებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. სექტემბერში თქვა, რომ ყველა გადაწყვეტილებაში გამწვანების კომპონენტს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს, ოქტომბერში კი ვერის პარკის გახსნაზე აღნიშნა, რომ თბილისს „არაფერი უხდება ისე, როგორც გამწვანება, პარკები და სკვერები“.
რამდენი მწვანე სივრცეა თბილისში
თბილისის მწვანე საფარის ზუსტი, დღევანდელი მაჩვენებლის დადგენა რთულია, რადგან სრული და ყოვლისმომცველი ინვენტარიზაცია 1988 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებული მონაცემები კი განსხვავებული მეთოდოლოგიითაა დათვლილი.
- 1983 წელს ერთ სულ მოსახლეზე გამწვანება დაახლოებით 13 კვ.მ-ს შეადგენდა, რომელიც თავის მხრივ ჩამორჩებოდა მაშინდელ დადგენილ 15 კვ.მ-იან ნორმას.
- 2001 წელს, მერიის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე მწვანე საფარი 5,6 კვ.მ-მდე შემცირდა.
- ორგანიზაცია „მწვანე პოლისის“ შეფასებით, რომელიც მერიის ოფიციალურ სტატისტიკურ კრებულს ეყრდნობა, 2010-2018 წლებში მაჩვენებელი 1,3 კვ.მ-მდე შემცირდა.
- FactCheck-ის 2016 წლის კვლევაში ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 4-5 კვ.მ მწვანე საფარია მითითებული. განსხვავება ძირითადად მეთოდოლოგიას უკავშირდება: ერთი შეფასება უშუალოდ სარეკრეაციო სივრცეებს ითვლის, მეორე კი საერთო მწვანე საფარს.
ამიტომ ისტორიული მონაცემები საერთო კლებად ტენდენციაზე მიუთითებს, თუმცა მათი ერთმანეთთან პირდაპირ შედარება სიფრთხილეს მოითხოვს. ქალაქის სრული ინვენტარიზაციის არქონა კი არ იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად განისაზღვროს დღევანდელი მაჩვენებელი.
საერთაშორისო პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება ერთ სულ მოსახლეზე 9 კვ.მ გამწვანების არაოფიციალური მინიმუმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამედროვე მიდგომა უფრო მეტად ხელმისაწვდომობაზე აკეთებს აქცენტს: სულ მცირე 0,5 ჰექტარი მწვანე სივრცე საცხოვრებლიდან მაქსიმუმ 300 მეტრის რადიუსში უნდა მდებარეობდეს.
განაშენიანების ზეწოლა
თბილისში მწვანე სივრცეების მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი კონტექსტი ინტენსიური განაშენიანებაა. ქალაქის სხვადასხვა უბანში ახალი პროექტები ზრდის მიწაზე მოთხოვნას და ამავე დროს აჩენს კითხვებს სარეკრეაციო სივრცეების, ურბანული მემკვიდრეობისა და ინფრასტრუქტურის დატვირთვის შესახებ.
„ურბანული კვლევების ცენტრის“ (URC) 2023 წლის ანგარიში „მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ურბანული გამოწვევები“ აღნიშნავს, რომ უკვე შეთანხმებული და დაგეგმილი პროექტების სიმჭიდროვე საფრთხეს უქმნის როგორც ურბანულ მემკვიდრეობას, ისე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. კვლევა არსებული გამწვანებული სივრცეების შენობებით „ამოვსებას“ ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ასახელებს.
Urban Media-ს 2025 წლის ანალიზშიც საუბარია იმაზე, რომ 2019 წლის გენერალური გეგმით მწვანე სივრცეები პრიორიტეტად იყო გამოცხადებული, თუმცა პრაქტიკაში მშენებლობის ნებართვები და სარეკრეაციო ტერიტორიების მოწყობის მიდგომები ხშირად კრიტიკის საგანია. ექსპერტების შეფასებით, ზოგ შემთხვევაში აქცენტი უფრო ინფრასტრუქტურულ მოწყობასა და მოპირკეთებაზე კეთდება, ვიდრე უშუალოდ გამწვანებაზე.
როგორ მუშაობს გამწვანების რეგულაცია
თბილისში მიწის ნაკვეთის გამწვანების ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია კ-3 კოეფიციენტი. ის განსაზღვრავს ნაკვეთის იმ მინიმალურ ნაწილს, რომელიც უნდა დარჩეს დაუტკეპნელი და გამწვანებული. ამასთან, ზონების მიხედვით კ-3 მნიშვნელოვნად განსხვავდება.
განაშენიანების რეგულირების წესების მიხედვით, სარეკრეაციო ზონებში გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შედარებით მაღალია, ხოლო საცხოვრებელ ზონებში, მათ შორის მაღალი ინტენსივობის მრავალბინიან ზონაში, დაბალი.

ცხრილიდან ჩანს, რომ გამწვანების მოთხოვნა ზონების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, საშუალო ინტენსივობის ინდივიდუალურ საცხოვრებელ ზონა 4-ში მინიმალური მოთხოვნა 20%-ია, ხოლო მაღალი ინტენსივობის მრავალბინიან საცხოვრებელ ზონა 6-ში – 30%. სარეკრეაციო ზონა 3-ში ეს მაჩვენებელი 60%-ს აღწევს, პარკებისა და სკვერების ზონებში კი – 80%-ს.
ცხრილში მოცემული მაჩვენებლები ყველა შემთხვევაში უცვლელი არ არის. რეგულაცია განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც ზოგიერთი მოთხოვნიდან გადახვევა შესაძლებელია. მაგალითად, რთულ რელიეფზე, ავარიული შენობების ჩანაცვლებისას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისას ან მუნიციპალიტეტის ინიციატივით.
რას აჩვენებს 29 მაისის ცვლილებები
მ რეგულაციების ფონზე 29 მაისის დადგენილებით განხორციელებული ცვლილებები აჩვენებს, როგორ მუშაობს ეს სისტემა პრაქტიკაში. ცალ-ცალკე ეს გადაწყვეტილებები შეიძლება ტექნიკურ ცვლილებებად ჩანდეს, თუმცა ერთად რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას აჩენს – ვინ და რა არგუმენტით იცავს მწვანე სივრცეებს, რამდენად გამჭვირვალეა მცირე ტერიტორიების სტატუსის შეცვლა და რა გარემოსდაცვითი პირობები რჩება ძალაში ზონირების ცვლილების შემდეგ.
გარემოს დაცვის სამსახურის როლი
გლდანის შემთხვევაში მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თანხმობა გასცა შიდაკვარტალური გამწვანებული ტერიტორიის ფენის მოხსნაზე. ჩოლოყაშვილის შემთხვევაშიც გარემოს დაცვის სამსახური ცვლილების შეთანხმების პროცესში მონაწილეობდა.
ეს გარემოება კითხვას აჩენს თავად სამსახურის როლზე: როდესაც მუნიციპალური სტრუქტურა, რომლის ფუნქციაც ქალაქის მწვანე სივრცეების დაცვაცაა, მათი სტატუსის შეცვლას ეთანხმება, მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ჩანდეს, რა გარემოსდაცვითი შეფასება და რა საჯარო ინტერესი უდევს ასეთ გადაწყვეტილებას საფუძვლად.
მცირე მწვანე ტერიტორიები და გენგეგმის მასშტაბი
გენერალური გეგმა 1:10 000 მასშტაბშია შედგენილი, რაც მცირე ტერიტორიების შემთხვევაში გარკვეულ ცდომილებას გულისხმობს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ პატარა მწვანე სივრცესთან დაკავშირებული ცვლილება შეიძლება ტექნიკურ კორექტირებად შეფასდეს და არა გენერალური გეგმის არსებით ცვლილებად.
სწორედ აქ ჩნდება პრობლემა: მცირე ზომის პარკის, სკვერის ან გამწვანებული ტერიტორიის სტატუსის ცვლილება ქალაქის მასშტაბით შეიძლება უმნიშვნელოდ გამოიყურებოდეს, თუმცა კონკრეტული უბნისთვის ასეთი სივრცის დაკარგვას მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდეს.
„საქართველოს ფოსტა“ – საცხოვრებელი ზონა მწვანე გამყოფის გარეშე
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე „საქართველოს ფოსტის“ 11 867 კვ.მ სამრეწველო ტერიტორია საცხოვრებელ ზონად გადაკვალიფიცირდა. დოკუმენტაციაში მიზნად თანამედროვე შენობა-ნაგებობების მშენებლობა და ფოსტის ინფრასტრუქტურის განვითარებაა მითითებული.
ამ შემთხვევაში საკითხი უშუალოდ მწვანე ზონის სტატუსის მოხსნა არ არის. პრობლემა ისაა, რომ ახალ საცხოვრებელ ზონასა და მის გვერდით დარჩენილ საწარმოო ფუნქციებს შორის დოკუმენტაციაში ცალკე არ ჩანს მწვანე გამყოფი ზოლის მოთხოვნა – ხეების ან სხვა გამწვანების, რომელიც საცხოვრებელ გარემოს ხმაურისა და მტვრისგან დაიცავდა. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ გენერალური გეგმის მე-11 მუხლი საცხოვრებელი ზონების მავნე ზეგავლენისგან დაცვას ითვალისწინებს.
ვენის მაგალითი – მწვანე სივრცე როგორც სამართლებრივი ვალდებულება
თბილისისგან განსხვავებული მოდელის სანახავად საინტერესოა ვენის გამოცდილება. ქალაქიც მზარდი მოსახლეობისა და აქტიური მშენებლობის პირობებში ვითარდება, თუმცა მწვანე სივრცეების დაცვისთვის რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული სამართლებრივი და ფინანსური ინსტრუმენტი გამოიყენება.
ვენის მუნიციპალური ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი მწვანე სივრცეა. ეს პრიორიტეტი ქალაქის განვითარების გეგმაში (STEP_2025). არის გაწერილი და მას დამატებითი დაგეგმარებითი და სამართლებრივი ინსტრუმენტები ამყარებს.
ვენის მწვანე სივრცეების სამაგისტრო გეგმა (Leitbild Grünräume) ტერიტორიებს დაცვის რამდენიმე კატეგორიად ყოფს: სამუდამოდ დაცული სივრცეები, მომავალში მწვანედ გარდასაქმნელი ზონები, გადაადგილებადი მწვანე ტერიტორიები, გრძელვადიანი რეზერვები და წყლის ობიექტები. მიზანია მწვანე ქსელის შენარჩუნება მთელი ქალაქის დონეზე და არა მხოლოდ ცალკეული ნაკვეთის ფარგლებში.
ასევე გამოყენებულია ხელმისაწვდომობის სტანდარტები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის მწვანე სივრცეს მოსახლეობასთან მანძილისა და ფართობის მიხედვით აკავშირებს.
ვენის სამშენებლო კოდექსი სავალდებულო გამწვანების მექანიზმებს ითვალისწინებს. 2023 წლის ცვლილებებით, მშენებლობისა და კაპიტალური რემონტისას შიდა ეზოების ასფალტის საფარის მოხსნის მოთხოვნები გამკაცრდა, ასევე გამარტივდა მწვანე ფასადებისა და სახურავების მოწყობა არსებულ შენობებზე.
ცალკე მოქმედებს ხის დაცვის კანონი (Baumschutzgesetz). დაცულია ხეები, რომელთა ტანის გარშემოწერილობა 40 სმ-ს აღემატება. მოჭრას წინასწარი ნებართვა სჭირდება, ხოლო ჩანაცვლება სავალდებულოა: ყოველ 15 სმ გარშემოწერილობაზე ერთი ახალი ხე უნდა დაირგოს მოჭრილიდან 300 მეტრის რადიუსში. თუ დარგვა შეუძლებელია, თითო ხეზე 1 090 ევროს გადახდაა გათვალისწინებული, ხოლო 20-ზე მეტი ხის უნებართვო მოჭრისთვის სანქცია 6 თვემდე პატიმრობასაც მოიცავს.
ამასთან, ვენა იყენებს ე.წ. „ღრუბლის ქალაქის“ (Sponge City) პრინციპსაც, რომელიც წვიმის წყლის შეკავებასა და მწვანე ინფრასტრუქტურას აერთიანებს. ამის მაგალითია Am Seebogen – უბანი, სადაც 330 ხე სპეციალურ სისტემაში დაირგო და ქვიშის, ბიონახშირისა და ხრეშის ფენა წვიმის წყალს ფილტრავს, ინახავს და ხეების ფესვებს აწვდის.
ქალაქი გამწვანებას ფინანსურადაც უწყობს ხელს. მწვანე სახურავებისთვის სუბსიდია 30 000 ევრომდეა, ეზოს ასფალტის მოხსნისა და გამწვანებისთვის – 10 000 ევრომდე, ქუჩის მხრიდან ფასადის გამწვანებისთვის – 10 000 ევრომდე, კერძო ფასადისთვის კი – 5 000 ევრომდე. პროგრამებში მონაწილეობა მესაკუთრეებსაც შეუძლიათ, თუ დადგენილ პირობებს შეასრულებენ, მათ შორის მოვლის ვალდებულებას.
ვენის მაგალითის მთავარი თავისებურება ის არის, რომ მწვანე სივრცეების დაცვა ერთ ინსტრუმენტზე არ არის დამოკიდებული: ერთმანეთს ავსებს ქალაქის განვითარების გეგმა, ზონირების წესები, სამშენებლო კოდექსი, ხის დაცვის კანონი და ფინანსური წახალისება.
რა კითხვები რჩება თბილისისთვის
ვენის გამოცდილება თბილისისათვის მზა მოდელი არ არის, თუმცა რამდენიმე მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ადგილობრივ კონტექსტშიც მნიშვნელოვანია.
- ინვენტარიზაცია – სანამ ქალაქის მწვანე საფარის სრული აღრიცხვა არ ჩატარდება, რთულია როგორც პრობლემის მასშტაბის ზუსტად შეფასება, ისე ცვლილებების შედეგების გაზომვა.
- ქალაქის საერთო მწვანე ბალანსი – კ-3 კოეფიციენტი კონკრეტული ნაკვეთის მინიმალურ გამწვანებას არეგულირებს, მაგრამ ცალკე საკითხია, როგორ უნდა იყოს დაცული მწვანე სივრცეების საერთო წილი ქალაქის დონეზე.
- ზონირების ცვლილებების პირობები – 29 მაისის შემთხვევები აჩენს კითხვას, რა კრიტერიუმებით უნდა ხდებოდეს მწვანე ან სარეკრეაციო სტატუსის შეცვლა და რა დამატებითი გარემოსდაცვითი მოთხოვნები უნდა ახლდეს ასეთ გადაწყვეტილებებს.
- გამონაკლისების ფარგლები – მოქმედი წესები გარკვეულ შემთხვევებში უშვებს ინტენსივობის ზრდასა და დადგენილი მოთხოვნებისგან განსხვავებულ პირობებს. მნიშვნელოვანია, რამდენად მკაფიოდ არის განსაზღვრული ასეთი გამონაკლისების დასაბუთება და კომპენსაცია.
თბილისში მწვანე სივრცეების შესახებ დებატი მხოლოდ პარკების რაოდენობას არ ეხება. 29 მაისის გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ საკითხი უკავშირდება გენერალურ გეგმას, ზონირებას, მუნიციპალური სამსახურების გადაწყვეტილებებს, მშენებლობის ინტენსივობას და იმასაც, რამდენად ზუსტად ვიცით თავად ქალაქში არსებული მწვანე საფარის მოცულობა. ამ პირობებში, საჯარო დაპირებებსა და კონკრეტულ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს შორის შესაბამისობის შეფასება კვლავ მნიშვნელოვანი რჩება.




