24 და 25 ივლისს საქართველოში ელექტროენერგია რამდენიმე საათის ხანგრძლივობით მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა. გათიშვების მიზეზად სხვადასხვა ვერსიები დასახელდა. მეორედ გათიშვის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. ამის შემდეგ, 5 აგვისტოს ელექტროენერგია ისევ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა. გათიშვის მიზეზად ენგურჰესზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოები დასახელდა. ელექტროენერგიის წყვეტების საბოლოო მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის და შესწავლა გრძელდება.
ერთი რამ ცხადია, საქართველოს ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ამ ფონზე საინტერესოა, რომ ბოლო წლებში ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასობით მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. „ფლანგვის დეტექტორმა“ შეისწავლა, როგორ სრულდებოდა ამ მიზნით გათვალისწინებული პროექტები.
2024 წელი
2024 წელს ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებული თანხის ძირითადი ნაწილი დაიხარჯა, თუმცა რამდენიმე მსხვილი პროექტის შესრულება მნიშვნელოვნად ჩამორჩა გეგმას.
წლის განმავლობაში სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებასა და ვარდნილისა და ენგურის ჰესების რეაბილიტაციაზე ჯამში 130 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც 104 მლნ ლარი დაიხარჯა.
ყველაზე დიდი პროგრამა – რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესება – 120 მლნ ლარით დაფინანსდა, თუმცა წლის ბოლოს მისი შესრულება 70% იყო. ცალკეულ პროექტებს შორის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა: „ნამახვანი-წყალტუბო-ლაჯანურის“ პროექტი 37%-ით შესრულდა, ხოლო „ხელედულა-ლაჯანური-ონის“ – 39%-ით.
ამავე წელს საერთოდ არ დაწყებულა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტზე გათვალისწინებული თანხის ათვისება – გამოყოფილი 5 მლნ ლარიდან წლის განმავლობაში არაფერი დახარჯულა. პროექტი საქართველოსა და რუმინეთს შორის შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის მოწყობას ითვალისწინებს და, სხვა მიზნებთან ერთად, საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი.
დაბალი იყო ვარდნილისა და ენგურის ჰესების რეაბილიტაციის პროექტის შესრულებაც – გამოყოფილი 5 მლნ ლარიდან 2.1 მლნ ლარი, ანუ 42% დაიხარჯა.
ამასთან, ამ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში მნიშვნელოვანი წილი საერთაშორისო დონორებსა და საფინანსო ინსტიტუტებზე მოდიოდა: 2024 წელს გათვალისწინებული 130 მლნ ლარიდან 112 მლნ, ანუ 86%, უცხოურ კრედიტებსა და გრანტებს შეადგენდა.

2025 წელი
2025 წელს სურათი მნიშვნელოვნად გაუარესდა – ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა, მაგრამ მისი ათვისების მაჩვენებელი თითქმის განახევრდა.
წლის განმავლობაში შესაბამის პროექტებზე ჯამში 170 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა მხოლოდ 68 მლნ ლარი – 40% – დაიხარჯა.
ყველაზე დიდი მიმართულება კვლავ რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესება იყო. მასზე 124 მლნ ლარი გამოიყო, მაგრამ წლის ბოლოს პროექტის შესრულება 48%-ს შეადგენდა. ცალკეულ კომპონენტებს შორის „ჯვარი-წყალტუბოს“ პროექტი მხოლოდ 29%-ით შესრულდა, „ნამახვანი-წყალტუბო-ლაჯანური“ და კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერების პროექტები კი – 42%-ით.
შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზისთვის დაფინანსება 2025 წელს 25 მლნ ლარამდე გაიზარდა, თუმცა აქედან მხოლოდ 6.5 მლნ ლარი დაიხარჯა – წლიური შესრულება 26% იყო.
კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა ვარდნილისა და ენგურის ჰესების რეაბილიტაციას: გამოყოფილი 16 მლნ ლარიდან მხოლოდ 1.3 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც გეგმის 8%-ია. პროექტი სრულად ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.
2025 წლის ბიუჯეტში პირველად გაჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება – ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობის პროექტი. მისი მიზანია საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობისა და უსაფრთხოების გაზრდა. პროექტი ქვესადგურ „ქსანი-500“-ის მიმდებარედ 200 მგვტ სიმძლავრისა და 200 მგვტ/სთ ტევადობის ენერგიის დამაგროვებელი სისტემის მოწყობას ითვალისწინებს.
2025–2028 წლებში ამ პროექტზე 355 მლნ ლარია გათვალისწინებული და მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პირველ წელს 5 მლნ ლარი უნდა დახარჯულიყო, თუმცა ფაქტობრივი ხარჯი ნული იყო.
ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტროსისტემის უსაფრთხოების თვალსაზრისით: საბიუჯეტო დოკუმენტების მიხედვით, მისი ერთ-ერთი მოსალოდნელი შედეგია კრიტიკული ობიექტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის ან გათიშვის რისკის შემცირება ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა თბოელექტროსადგურებისთვის გაზის მიწოდების შეფერხება ან დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით გადამცემი ხაზების დაზიანება.
2025 წელსაც ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების უდიდესი ნაწილი უცხოურ წყაროებზე მოდიოდა – 170 მლნ ლარიდან 154 მლნ, ანუ 91%, უცხოური კრედიტები და გრანტები იყო.

2026 წელი (იანვარი-ივნისი)
2026 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებული თანხის ათვისება კიდევ უფრო შემცირდა. ექვს თვეში ჯამურად გამოყოფილი 292 მლნ ლარიდან მხოლოდ 65 მლნ ლარი, ანუ 22% დაიხარჯა.
ყველაზე დიდი თანხა, 222 მლნ ლარი, სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის იყო გათვალისწინებული, თუმცა პირველი ექვსი თვის განმავლობაში მისი მხოლოდ 29% დაიხარჯა.
ამ პროგრამის ფარგლებში რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტისთვის 197 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც 63.8 მლნ ლარი დაიხარჯა და შესრულებამ 32% შეადგინა.
ცალკეულ პროექტებს შორის განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა „ნამახვანი-წყალტუბო-ლაჯანურს“, სადაც გამოყოფილი 45 მლნ ლარიდან 5.3 მლნ ლარი, ანუ 12% დაიხარჯა. კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერების პროექტი 15%-ით შესრულდა, ხოლო „წყალტუბო-ახალციხე-თორთუმისა“ და „ჯვარი-წყალტუბოს“ პროექტები – 27%-ით.
ამავე პერიოდში საერთოდ არ გაწეულა ხარჯი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტზე. პროექტისთვის 25 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა ექვსი თვის ბოლოს შესრულება 0% იყო.
დაბალი იყო ვარდნილისა და ენგურის ჰესების რეაბილიტაციის ტემპიც – გათვალისწინებული 35 მლნ ლარიდან მხოლოდ 1.3 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 4%-იან შესრულებას ნიშნავს.
ხარჯი არც ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობის პროექტზე გაწეულა. 2026 წლისთვის მასზე 35 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა პირველი ექვსი თვის განმავლობაში თანხა საერთოდ არ დახარჯულა. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ამ ეტაპზე პროექტის განმახორციელებელი კომპანიის შერჩევის პროცესი მიმდინარეობდა.
როგორც წინა წლებში, 2026 წელსაც ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხის უდიდესი ნაწილი უცხოურ დაფინანსებაზე მოდიოდა: 292 მლნ ლარიდან 270 მლნ, ანუ 93%, უცხოური კრედიტები და გრანტები იყო.

სამი წლის სურათი
2024–2026 წლებში ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამურად 592 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული. აქედან 237 მლნ ლარი, ანუ დაახლოებით 40% დაიხარჯა.
ამ პერიოდში დაფინანსების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდებოდა, თუმცა თანხის ათვისების მაჩვენებელი, პირიქით, მცირდებოდა. 2024 წელს გამოყოფილი 130 მლნ ლარიდან 104 მლნ დაიხარჯა; 2025 წელს – 170 მლნ ლარიდან 68 მლნ; ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში – 292 მლნ ლარიდან 65 მლნ.
განსაკუთრებით დაბალი შესრულება რამდენიმე პროექტზე ფიქსირდება, რომლებიც უშუალოდ ელექტროსისტემის მდგრადობასა და უსაფრთხოებას უკავშირდება. მათ შორისაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზი, ვარდნილისა და ენგურის ჰესების რეაბილიტაცია და ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობის პროექტი.
2026 წლის პირველ ნახევარში ამ სამი მიმართულებიდან ორზე თანხა საერთოდ არ დახარჯულა, ხოლო ვარდნილისა და ენგურის ჰესების რეაბილიტაციის შესრულება მხოლოდ 4% იყო.
ეს მონაცემები განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც 2026 წლის ივლისსა და აგვისტოში საქართველოში რამდენჯერმე მოხდა ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა. აღნიშნული გათიშვების ყველაზე სავარაუდო მიზეზი სწორედ ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის გაუმართაობაა.




