ჟირაფის მოლოდინში: რატომ ჭიანურდება ზოოპარკის აფრიკული სავანის დასრულება

2026 წლის 9 აგვისტოს თბილისის ახალმა ზოოპარკმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიზიტორების მიღება სატესტო რეჟიმში დაიწყო. ამ ეტაპზე ღიაა კავკასიური ექსპოზიცია, სადაც საქართველოში გავრცელებული სახეობები ბინადრობენ. ოფიციალური გახსნა შემოდგომაზეა დაგეგმილი, თუმცა ადმინისტრაციამ უკვე დასრულებული სივრცის ჩვენება დიდი ინტერესის გამო გადაწყვიტა.

აფრიკული სავანა, სადაც ჟირაფი, მარტორქა და ბეჰემოთი უნდა განთავსდნენ, ჯერ კიდევ მშენებარეა. პროექტის დასრულებას განსაკუთრებით დიდი ყურადღება ჟირაფის მოლოდინის გამო ახლავს: თბილისის ზოოპარკს ეს ცხოველი ათწლეულებია არ ჰყოლია.

ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, თბილისში ჟირაფები 1961 წელს ჩამოიყვანეს, თუმცა რამდენიმე თვეში დაიხოცნენ. ეროვნულ არქივში 1962 წლის კადრებიც ინახება, რომლებზეც ჟირაფები ჩანან. როგორც გურიელიძემ გამოცემა „პუბლიკას“ უთხრა, „1978 წლიდან თბილისის ზოოპარკს ჟირაფები არ ჰყოლია“.

ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე ჟირაფების განთავსების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2019 წელს გავრცელდა. 2024 წლის მარტში გურიელიძე ამბობდა, რომ ხუთი ჟირაფის ჩამოყვანაზე მუშაობდნენ და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდებოდა ცნობილი. 2026 წლის მაისში კი მან განმარტა, რომ ჯერ ვოლიერები უნდა დასრულდეს და მხოლოდ შემდეგ დაიწყება ცხოველების ჩამოყვანის პროცესი.

ეს პოზიცია ზოოპარკის დირექტორმა ჩვენთან საუბარშიც გაიმეორა. მისი თქმით, ევროპულ ზოოპარკებში ჟირაფების მოძიება დიდი გარე ვოლიერის დასრულების შემდეგ დაიწყება. მიზეზად ის მკაცრ საერთაშორისო მოთხოვნებს ასახელებს: ცხოველის გადმოცემამდე მიმღებ ზოოპარკში შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე მზად უნდა იყოს.

აფრიკული ცხოველებისთვის ვოლიერების მოწყობა სტანდარტული სამშენებლო პროექტი არ არის. ზურაბ გურიელიძის განმარტებით, აფრიკული სავანისთვის გათვალისწინებულია სამი ძირითადი სივრცე: ზამთრის სახლი, შუალედური ვოლიერი და დიდი გარე ვოლიერი. პირველი ორი ნაწილი უკვე დასრულებულია, ხოლო დიდი გარე სივრცე ჯერ კიდევ მოსაწყობია.

სწორედ სპეციფიკურმა მოთხოვნებმა და ადგილობრივი გამოცდილების ნაკლებობამ პროექტირების პროცესიც გაართულა. დირექტორის თქმით, ქართველ არქიტექტორებსა და მშენებლებს ასეთი ობიექტების მოწყობის პრაქტიკა თითქმის არ აქვთ, ამიტომ ადმინისტრაციას უცხოელი სპეციალისტების რეკომენდაციებზე დაყრდნობა უწევს. ამ რეკომენდაციებმა უკვე დაწყებული პროექტის ნაწილობრივი კორექტირებაც გამოიწვია.

აფრიკული სავანის მოწყობის პირველი ტენდერი შპს „ბაკშტეინ ჯორჯიამ“ მოიგო. ხელშეკრულება 2021 წლის 9 სექტემბერს გაფორმდა, სამუშაოების დასრულების ვადად კი 2022 წლის 1 დეკემბერი განისაზღვრა. კონტრაქტის საწყისი ღირებულება 1,784,676 ლარი იყო.

2022 წლის ივნისში ხელშეკრულების ღირებულება 178,087 ლარით გაიზარდა და 1,962,763 ლარი გახდა. ოფიციალურ დოკუმენტაციაში ცვლილების მიზეზად დასახელებულია ის, რომ საქართველოში მსგავსი მასშტაბისა და სპეციფიკის ვოლიერების მშენებლობის გამოცდილება არ არსებობდა. 2022 წლის გაზაფხულზე მოწვეულმა ამერიკელმა კონსულტანტებმა პროექტში დამატებითი ცვლილებების საჭიროება დაინახეს, რასაც სამუშაოების მოცულობისა და ხარჯთაღრიცხვის ზრდა მოჰყვა.

დოკუმენტაცია აჩვენებს, რომ სპეციალისტების ჩართვა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდა. ეს გარემოება პროექტის დაგეგმვის თანმიმდევრობაზე კითხვას აჩენს: შესაძლებელი იყო თუ არა სპეციფიკური მოთხოვნების უფრო სრულად განსაზღვრა ტენდერის გამოცხადებამდე. ამავე დროს, ზოოპარკის ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ მსგავსი ობიექტების გამოცდილების ნაკლებობის გამო პროექტებში ცვლილებები პრაქტიკულად ხშირად ხდება.

კომპანიამ სამუშაოები დადგენილ ვადაში ვერ დაასრულა. 2022 წლის 27 დეკემბერს ზოოპარკის დირექტორმა გამოსცა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ბრძანება, ხოლო 28 დეკემბერს მიმწოდებელს ოფიციალური შეტყობინება გაეგზავნა. სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ხელშეკრულების სტატუსის ცვლილების თარიღად 29 დეკემბერია მითითებული.

იმავე დღეს, 29 დეკემბერს, სისტემაში ფიქსირდება სამი ჩარიცხვა შპს „ბაკშტეინ ჯორჯიას“ ანგარიშზე – ჯამში 143,209.69 ლარი. ეს გადახდები შეწყვეტის ბრძანებისა და კომპანიისთვის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ განხორციელდა. დოკუმენტაცია, რომელიც სტატიაშია გამოყენებული, არ განმარტავს, კონკრეტულად რომელ შესრულებულ სამუშაოებს უკავშირდებოდა თითოეული ეს ტრანზაქცია.

29 დეკემბრის სამი ტრანზაქცია

ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიას ჯამში დაახლოებით 1.71 მილიონი ლარი აუნაზღაურდა – გაზრდილი კონტრაქტის ღირებულების დაახლოებით 87%. ამასთან, სამუშაოები სრულად დასრულებული არ იყო და დარჩენილი ნაწილისთვის ახალი ტენდერი გახდა საჭირო.

შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ზოოპარკის ადმინისტრაციამ კომპანიას ფინანსური სანქციები დააკისრა: 10,206 ლარის პირგასამტეხლო 26-დღიანი გადაცილებისთვის და 98,138 ლარის ჯარიმა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისთვის. ადმინისტრაციამ ასევე მოითხოვა 98,154 ლარის საბანკო გარანტიის ანაზღაურება და საავანსო გარანტიიდან დარჩენილი 45,657 ლარი კომპანიას დაუკავა. სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ხელშეკრულებას „შეუსრულებლის“ სტატუსი აქვს.

პირველი კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ, 2023 წლის 23 ივნისს ზოოპარკმა დარჩენილი სამუშაოებისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულ შპს „ბადა ქონსთრაქშენთან“ ხელშეკრულება 2023 წლის 11 აგვისტოს გაფორმდა. მისი საწყისი ღირებულება 815,974.49 ლარი იყო, მოგვიანებით კი 853,107.91 ლარამდე გაიზარდა.

მეორე ტენდერში მონაწილეობდა „ბაკშტეინ ჯორჯიაც“ და უფრო დაბალი ფასი წარადგინა, თუმცა ტექნიკური დოკუმენტაციის ხარვეზების გამო დისკვალიფიცირდა.

ინსპექტირების საბოლოო ანგარიშის მიხედვით, „ბადა ქონსთრაქშენმა“ მისთვის დაკისრებული სამუშაოები 2024 წლის 21 ივნისს დაასრულა და ჩააბარა. კომპანიას ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება სრულად აუნაზღაურდა. ზურაბ გურიელიძის თქმით, ამ კომპანიის მიმართ ადმინისტრაციას პრეტენზია არ აქვს.

„დავაჯარიმეთ [„ბაკშტეინ ჯორჯია“] იმიტომ, რომ ვერ მიიყვანა ეს [სამუშაოები] ბოლომდე. შემდეგ გააგრძელა ეს „ბადა გრუპმა“ [„ბადა ქონსთრაქშენმა“], რომელმაც დაამთავრა იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც უნდა ყოფილიყო.“

კოტრაქტების შედარება

ზურაბ გურიელიძის შეფასებით, მთავარი სირთულე ადგილობრივი გამოცდილების ნაკლებობა და ცხოველებისთვის აუცილებელი სპეციფიკური სტანდარტებია. მისი თქმით, უკვე მომზადებული პროექტიც ხშირად საჭიროებს ცვლილებას, თუ აღმოჩნდება, რომ გარკვეული კონსტრუქცია ცხოველის საჭიროებებს არ შეესაბამება. ამიტომ უცხოელი სპეციალისტების ჩართვა და პროექტის დამატებითი კორექტირება პროცესს ახანგრძლივებს.

„შეიძლება კარგია, მაგრამ არ შეესაბამება. ცხოველს სილამაზე ნაკლებად აღელვებს.“

აფრიკული სავანის დასასრულებლად მთავარი დარჩენილი სამუშაო დიდი გარე ვოლიერია. დირექტორის თქმით, ეს ძვირადღირებული და რთული კონსტრუქციაა, რადგან სივრცეში სხვადასხვა ზომის ცხოველების განთავსებაა გათვალისწინებული. ამ ნაწილის ხარჯთაღრიცხვა სპეციალისტთან ერთად მზადდება და, გურიელიძის თქმით, ტენდერი სავარაუდოდ წლის ბოლოს გამოცხადდება.

სტატიის მომზადების დროისთვის დიდი გარე ვოლიერის მშენებლობის ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ იყო.

ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე არ არსებობს. ზოოპარკის ხელმძღვანელობის განმარტებით, ჯერ დიდი გარე ვოლიერი უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ჟირაფების მოძიება ევროპულ ზოოპარკებში. შესაბამისად, ცხოველების ჩამოყვანის ვადა პირდაპირ არის დამოკიდებული დარჩენილი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპზე.

პროექტის ისტორია აჩვენებს, რომ გაჭიანურება რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობას უკავშირდება: სპეციფიკური ინფრასტრუქტურის დაგეგმვას, უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციების გამო პროექტის ცვლილებას, ადგილობრივი გამოცდილების ნაკლებობას და პირველი კონტრაქტორის მიერ ვადის დარღვევას. ამ ეტაპზე შუალედური სამუშაოების ნაწილი დასრულებულია, მაგრამ აფრიკული სავანის გახსნამდე ყველაზე დიდი სამშენებლო ეტაპი ჯერ კიდევ წინ არის.

წყაროები

სახელმწიფო შესყიდვის კოდი: NAT210010308 – შპს „ბაკშტეინ ჯორჯია“

სახელმწიფო შესყიდვის კოდი: NAT230013122 – შპს „ბადა ქონსთრაქშენ“

მსგავსი სტატიები