დაცული ტერიტორიების სააგენტომ სანქცირებული Autel Robotics-ის 25 დრონი შეიძინა

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო ჩინური კომპანია Autel Robotics-ის თერმულ დრონებს უკვე რამდენიმე წელია ყიდულობს. შესყიდვები 2023 წლიდან ფიქსირდება და გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც 2024 წლის ნოემბერში დიდმა ბრიტანეთმა მწარმოებელი რუსეთის სასანქციო რეჟიმის ფარგლებში დაასანქცირა. სახელმწიფო შესყიდვების მონაცემების მიხედვით, მხოლოდ სანქცირების შემდეგ სააგენტომ ხუთი შესყიდვით ჯამში 25 თერმული დრონი შეიძინა, 504,553.94 ლარად. მიმწოდებელი სამი სხვადასხვა ქართული კომპანიაა, პროდუქცია კი ყველა შემთხვევაში ერთი და იმავე მწარმოებლისაა.

რატომ არის Autel Robotics სანქცირებული

Autel Robotics Co., Ltd. შენჟენში, ჩინეთში დაფუძნებული დრონების მწარმოებელია. 2024 წლის 7 ნოემბერს დიდმა ბრიტანეთმა კომპანია სანქციების სიაში შეიყვანა რუსეთის სასანქციო რეჟიმის ფარგლებში (Russia (Sanctions) (EU Exit) Regulations 2019). კომპანიას დაუწესდა აქტივების გაყინვა და ტრასტ-სერვისების შეზღუდვა, ხოლო 2025 წლის აპრილიდან – დირექტორის დისკვალიფიკაციაც.

ბრიტანეთის ოფიციალური დასაბუთების მიხედვით, Autel Robotics ჩართული იყო „უკრაინის დესტაბილიზაციაში ან მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაში“ ისეთი საქონლისა და ტექნოლოგიის მიწოდებით, რომელიც ამ დესტაბილიზაციას უწყობს ხელს – „განსაკუთრებით უპილოტო საფრენი აპარატების სისტემებისა და მათი აქსესუარების“ სახით.

ამას წინ უძღოდა აშშ-ის შეზღუდვები. 2024 წლის ივნისში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა Autel, იურიდიული სახელით Shenzhen Daotong Intelligent Aviation Technology Co., Ltd., Entity List-ში შეიყვანა – ექსპორტის შეზღუდვების სიაში. დეპარტამენტის დასაბუთებით, კომპანია 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩართული იყო კონტროლირებადი პროდუქციის რუსეთში მიწოდებაში. 2025 წლის იანვარში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა Autel „ჩინური სამხედრო კომპანიების“ სიაში (Section 1260H) შეიყვანა, ხოლო FY2025 NDAA-ს საფუძველზე კომპანია FCC-ის Covered List-შიც მოხვდა, რაც აშშ-ში მისი დრონების იმპორტსა და გაყიდვას ზღუდავს.

რას და რა ღირებულებით ყიდულობს სააგენტო

სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებით, ბრიტანეთის მიერ კომპანიის სანქცირების შემდეგ დაცული ტერიტორიების სააგენტომ Autel-ის თერმული დრონების ხუთი შესყიდვა განახორციელა:

2025 წლის სექტემბრის შესყიდვის (SPA250000912) ტექნიკური დოკუმენტაცია აზუსტებს, რომ სააგენტომ შეიძინა Autel Robotics Co. Ltd-ის EVO Max 4T V2 მოდელი – 640×512 რეზოლუციის თერმული კამერით, 160-ჯერადი ჰიბრიდული ზუმით, 25 კილომეტრამდე ფრენის მანძილითა და ლაზერული დისტანციომეტრით.

ამრიგად, სამი სხვადასხვა ქართული მიმწოდებელი ერთსა და იმავე შემსყიდველს ერთი მწარმოებლის პროდუქციას აწვდიდა.

შესყიდვები სანქცირებამდეც ფიქსირდება

Autel-ის დრონებს სახელმწიფო უწყებები სანქცირებამდეც ყიდულობდნენ. 2023 წლის 13 დეკემბერს დაცული ტერიტორიების სააგენტომ „მაი მობაილ +“-ისგან ერთი დრონი და თანმდევი აქსესუარები 19,500 ლარად შეიძინა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ, 20 დეკემბერს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კიდევ ერთი დრონი 23,195 ლარად იყიდა.

ეს მონაცემები აჩვენებს, რომ Autel სააგენტოსთვის უკვე ნაცნობი მწარმოებელი იყო. თუმცა, 2024 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მიერ კომპანიის სანქცირების ფაქტი საჯაროდ გახდა ცნობილი, შესყიდვები გაგრძელდა. ყველაზე მსხვილი ხელშეკრულება – 11 დრონი, 169,999.94 ლარის ღირებულებით – 2026 წლის იანვარში, სანქცირებიდან წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ გაფორმდა.

რამდენად ხელმისაწვდომი იყო ალტერნატივა

ბაზარზე იმავე კლასის, 640×512 თერმული რეზოლუციის დრონები სხვა მწარმოებლებსაც აქვთ. მაგალითად, საქართველოში DJI-ის ავტორიზებულ დილერებთან ოფიციალურად არის ხელმისაწვდომი კომპანიის თერმული Enterprise მოდელები. DJI თავადაც ფიგურირებს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის „ჩინური სამხედრო კომპანიების“ სიაში, თუმცა Autel-ისგან განსხვავებით, მასზე დიდი ბრიტანეთის პირდაპირი სანქციები არ ვრცელდება.

ამერიკული მწარმოებლების – Teledyne FLIR-ისა და Skydio-ს – შესაბამისი კლასის დრონები აღნიშნულ შემზღუდავ სიებში არ ფიგურირებენ. თუმცა საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობის არარსებობამ და შედარებით მაღალმა ფასმა შესაძლოა მათი ადგილობრივად მოძიება გაართულოს. საჯაროდ ხელმისაწვდომი ფასების მიხედვით, ასეთი მოდელები Autel-ის შესაბამის პროდუქტზე დაახლოებით 1.5-2-ჯერ ძვირია.

შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე ტექნიკურად შესადარებელი და სანქციებთან დაკავშირებული რისკებისგან სრულად თავისუფალი ალტერნატივის მოძიება შესაძლოა მარტივი არ ყოფილიყო. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციიდან არ იკვეთება, განიხილა თუ არა სააგენტომ სხვა მოდელები ან შეაფასა თუ არა მწარმოებლის სასანქციო სტატუსი. ტექნიკური მოთხოვნების შედარება ასევე აჩენს კითხვას, რამდენად ფართო იყო შესაძლო მიმწოდებლებისა და პროდუქტების წრე.

რომელ პროდუქტს შეესაბამებოდა ტექნიკური პირობები

ფორმალურად, ხუთივე ტენდერი ღია იყო: ტექნიკურ დავალებაში კონკრეტული მწარმოებელი დასახელებული არ ყოფილა და მოთხოვნები მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების სახით იყო გაწერილი. თუმცა რამდენიმე პარამეტრი Autel EVO Max 4T-ის ქარხნულ მონაცემებს ემთხვევა.

მათ შორისაა ზუმის 64-234 მმ ეკვივალენტი, თერმული კამერის 13 მმ ფოკალური სიგრძე, 12 მ/წმ ქარისადმი მდგრადობა და 23 მ/წმ მაქსიმალური სიჩქარე. ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ახლოს მდგომი მოდელი, DJI Matrice 30T, მოთხოვნების უმეტესობას აკმაყოფილებს, თუმცა მისი ზუმის დიაპაზონი 113-405 მმ-ია და არა ტექნიკურ დავალებაში მითითებული 64-234 მმ.

ყველაზე მსხვილ შესყიდვაში – 11 დრონი, SPA250001185 – შემსყიდველმა ზუმის მოთხოვნა 160-დან 112-ჯერად მაჩვენებლამდე შეამცირა. მიუხედავად ამისა, ხელშეკრულება კვლავ Autel EVO Max 4T V2-ის მიწოდებაზე გაფორმდა; ერთი ერთეულის ფასი 15,454.54 ლარი იყო.

ხუთივე ტენდერის შედეგი ერთგვაროვანია: სამი სხვადასხვა მიმწოდებლისგან სააგენტომ ერთი და იმავე მწარმოებლის პროდუქცია მიიღო. ხელმოწერილ ხელშეკრულებებში მწარმოებლად პირდაპირ არის მითითებული „Autel Robotics Co. Ltd“. ეს გარემოებები კითხვებს აჩენს, რამდენად უზრუნველყოფდა ტექნიკური პირობები რეალურ კონკურენციას და შესაძლებელი იყო თუ არა სხვა მწარმოებლის პროდუქტის შეთავაზება.

მსგავსი შემთხვევები სახელმწიფო შესყიდვებში

სანქცირებული ან საერთაშორისო შეზღუდვების ქვეშ მყოფი მწარმოებლების პროდუქციის შესყიდვა ქართული სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ერთადერთი შემთხვევა არ არის.

2024 წელს „ფლანგვის დეტექტორმა“გამოაქვეყნა მასალა თბილისის მერიის მიერ 4.5 მილიონი ლარის ღირებულების შესყიდვაზე, რომელიც სანქცირებული რუსული „კამაზის“ ოფიციალურ წარმომადგენელთან გაფორმდა.

უფრო მასშტაბური მაგალითია ჩინური Dahua Technology-ის კამერების შესყიდვა, რომელიც „ფლანგვის დეტექტორმა“2025 წელს აღწერა: 2024 წლის დეკემბრიდან სახელმწიფო უწყებებმა, მათ შორის შსს-ის ცენტრმა „112“-მა და თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, ჯამში 461 ვიდეოთვალთვალის კამერა შეიძინეს, 3 მილიონ ლარზე მეტად. კამერების დიდი ნაწილი Dahua-ს წარმოებულია. აშშ-მ კომპანია 2019 წელს Entity List-ში შეიყვანა სინძიანის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევებში მონაწილეობის გამო, ხოლო 2022 წელს FCC-მ მისი ახალი ტექნიკის ავტორიზაცია აკრძალა.

2024 წლის 7 ივნისს სახელმწიფო კომპანია შპს „საქართველოს მელიორაციამ“ შეიძინა ჩინური Hangzhou Hikvision Digital Technology-ის ვიდეოჩამწერი – NVR, მოდელი DS-7108NI-Q1/8P/M (ტენდერი NAT240008684; ღირებულება 531 ლარი). Hikvision აშშ-ის აკრძალვების ქვეშაა 2018 წლიდან: NDAA Section 889 ფედერალურ უწყებებს კომპანიის ტექნიკის შესყიდვას უკრძალავს; 2019 წელს Hikvision Entity List-ში შევიდა, ხოლო 2022 წლის ნოემბერში FCC-მ მისი ახალი აღჭურვილობის ავტორიზაცია აკრძალა, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის შემცველი. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული შესყიდვის თანხა მცირე იყო, შემთხვევა კვლავ აჩენს კითხვას, როგორ მოწმდება მწარმოებლის სტატუსი სახელმწიფო შესყიდვის პროცესში.

ნაცნობი მიმწოდებელი

„მაი მობაილ +“ სახელმწიფო შესყიდვებში აქტიური მიმწოდებელია. სწორედ ეს კომპანია აწვდის 2013 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსული წარმოების სახის ამომცნობ სისტემას POLYFACE-ს. პროგრამის მწარმოებელი მოსკოვური Papillon AO სანქცირებულია შვეიცარიის, უკრაინის, იაპონიისა და აშშ-ის მიერ. POLYFACE-ის ექვსი შესყიდვის ჯამურმა ღირებულებამ 1,140,576 ლარი შეადგინა. ამ თემაზე „ფლანგვის დეტექტორის“ მასალაში კომპანიის სახელია ასევე ნახსენები.

შპს „მაი მობაილ +“ (ს/კ 205294705) 2009 წლის 15 დეკემბერს დარეგისტრირდა თბილისში. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ზურაბ ბოკერიაა. მისი ძირითადი საქმიანობა კომპიუტერული და სხვა მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციაა. ტენდერების მონიტორის მონაცემებით, კომპანიას 2,728 სახელმწიფო შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 40 მილიონ ლარს აღემატება – 40,221,577.62 ლარი. აქედან 4,288,340.37 ლარის ხელშეკრულებები გამარტივებული შესყიდვის გზითაა დადებული.

დასკვნა

Autel Robotics-ის, Hikvision-ის, Dahua-სა და „კამაზის“ შემთხვევები აჩვენებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტებში მწარმოებლის საერთაშორისო სასანქციო ან შემზღუდავი სტატუსის შემოწმების ერთიანი მექანიზმი არ იკვეთება.

Autel-ის შემთხვევაში დამატებით ჩნდება კითხვა ტექნიკური პირობების კონკურენტულობაზე: ხუთ ღია ტენდერში, სამი სხვადასხვა მიმწოდებლისგან, სააგენტომ საბოლოოდ ერთი და იმავე მწარმოებლის პროდუქცია მიიღო, ხოლო მოთხოვნების რამდენიმე პარამეტრი ამ პროდუქტის მახასიათებლებს ემთხვევა. მხოლოდ ეს გარემოება კონკრეტულ პროდუქტზე მიზანმიმართულ მორგებას თავისთავად არ ადასტურებს, თუმცა პროცესის დამატებითი განმარტების საჭიროებას ქმნის.

სააგენტოსგან პასუხს საჭიროებს ორი ძირითადი საკითხი: შეაფასა თუ არა მან Autel Robotics-ის სასანქციო სტატუსთან დაკავშირებული რისკები და როგორ უზრუნველყო ტექნიკური მოთხოვნებით რეალური კონკურენცია. ამ კითხვებზე პასუხი მნიშვნელოვანია, რადგან მწარმოებლის დასახელება ხელმოწერილ ხელშეკრულებებში პირდაპირ არის მითითებული.

მსგავსი სტატიები