AlgorithmWatch-მა 2026 წლის ივნისში გამოაქვეყნა გამოძიება სათაურით „Seen and Silenced“, სადაც საქართველოში რუსული სახის ამომცნობი პროგრამის გამოყენებაზე წერს. ორგანიზაციის მიხედვით, შსს 2013 წლიდან ყიდულობს და ანახლებს POLYFACE-ს, რომელსაც რუსული კომპანია Papillon AO აწარმოებს.
ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში გადავამოწმეთ ანგარიშში მითითებული შესყიდვები. ჩანაწერები აჩვენებს, რომ 2013-2024 წლებში POLYFACE-ის შეძენასა და განახლებაზე 6 შესყიდვა განხორციელდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 1,140,576 ლარი შეადგინა.
ამ თანხის ნახევარზე მეტი, 680,000 ლარი, ბოლო ორ შესყიდვაზე, 2022 და 2024 წლებზე მოდის. თითოეული მათგანი 340,000 ლარი ღირდა და ცალკე აღებული აღემატებოდა ნებისმიერ წინა განახლებას.
ვინ იყო მიმწოდებელი და რა ღირდა თითოეული შესყიდვა?
სახელმწიფო შესყიდვების მონაცემების მიხედვით, ექვსივე შემთხვევაში მიმწოდებელი ერთი და იგივე ქართული კომპანია – „მაი მობაილ +“ – იყო. პროგრამის მწარმოებლად კი დოკუმენტებში Papillon Systems/Papillon AO ფიქსირდება.

შენიშვნა: მონაცემები გადამოწმებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შემდეგი ჩანაწერებით: NAT240018351, NAT220019926, NAT200009157, NAT180012028, SPA170005270, SPA130017726.
სისტემა, რომელიც 2023 წელსაც იყო ცნობილი
ის, რომ შსს სახის ამოსაცნობად რუსულ პროგრამას იყენებს, ახალი ინფორმაცია არ არის. 2023 წელს რადიო თავისუფლების მასალაში უკვე ფიქსირდებოდა, რომ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზისთვის, ანუ სახის ამოსაცნობად, შსს იყენებს Papillon Systems-ის ლიცენზირებულ აპლიკაციას — POLYFACE-ს, რომელიც სახელმწიფომ 2013 წელს შუამავალი კომპანია „მაი მობაილ +“-ისგან გამარტივებული შესყიდვით შეიძინა.
მანამდე, 2022 წელს, ამავე თემაზე On.ge-მაც მოამზადა მულტიმედია მასალა. მაშინ შსს-მ გამოცემის მიერ მომზადებულ მასალას „შეკვეთილი“ უწოდა და განაცხადა, რომ დასკვნა თითქოს ქართული საგამოძიებო უწყებები რუსულ და ბელარუსულ სპეცსამსახურებს მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს აწვდიან, „ფეიკ ნიუსი“ და საზოგადოების მოტყუების მცდელობა იყო.
პირველი ოთხი შესყიდვის ჯამი, 460,576 ლარი, ზუსტად ემთხვევა იმ ციფრს, რომელიც ინფორმაციის თავისუფლებისგანვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2021 წლის ანგარიშში დააფიქსირა. იმ დროისთვის სისტემაში ჯერ მხოლოდ 2013 წლის შესყიდვა და სამი განახლება (2017, 2018, 2019 დოკუმენტაციაში 2020 წლის ხელშეკრულებად ფიქსირდება) იყოცნობილი. მას შემდეგ კიდევ ორი, ყველაზე მსხვილი შესყიდვა დაემატა.
რას ამბობს AlgorithmWatch-ის ანგარიში?
AlgorithmWatch-ის ანგარიშის მიხედვით, Papillon AO სანქცირებულია შვეიცარიის, უკრაინის, იაპონიისა და აშშ-ის მიერ, ხოლო მის პროდუქციას ძირითადად რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები და მოსკოვის მოკავშირე სახელმწიფოები – მათ შორის ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი და ბელარუსი – იყენებენ.
ორგანიზაცია წერს, რომ სისტემა თერთმეტი წლის განმავლობაში ხუთჯერ განახლდა; 2024 წლის ოქტომბერში მას უვადო ლიცენზია მიენიჭა, ხოლო უახლესი ვერსია – POLYFACE 3.7.0 – 2026 წლის ივნისის დასაწყისში მიეწოდა. AlgorithmWatch-ის თანახმად, ეს ვერსია ეფუძნება რუსული კომპანია 3DiVi-ის ალგორითმს და შეუძლია ათასობით ადამიანით სავსე ბრბოს მაღალი გარჩევადობით გადაღება დაბალი განათების პირობებშიც, ასევე ნიღბიანი ან ნაწილობრივ დაფარული სახის ამოცნობა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ტენდერის დოკუმენტაციით, შსს-მ სისტემის ოპერატორების რაოდენობის ზღვარი მოხსნა. 2025 წლამდე სისტემით ერთდროულად მხოლოდ 30 ოპერატორს შეეძლო სარგებლობა.
ჩინური კამერების პარალელური ტალღა
POLYFACE-ის ხარჯვის ზრდა დროში ემთხვევა ვიდეოთვალთვალის ინფრასტრუქტურის სხვა მიმართულებით გაფართოებასაც. 2024 წლის დეკემბრიდან, საპროტესტო აქციების პიკის პერიოდში, სახელმწიფო უწყებებმა, მათ შორის შსს-ის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა და თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, ჯამში 461 ერთეული მაღალი ტექნოლოგიის ვიდეოთვალთვალის კამერა შეიძინეს, დაახლოებით 3 მილიონ ლარზე მეტად.
ეს ქეისი „ფლანგვის დეტექტორმა“ ადრე ცალკე მასალაში აღწერა. კამერების დიდი ნაწილი ჩინური კომპანია Dahua Technology-ის წარმოებულია, რომელიც აშშ-მ 2019 წელს სანქცირების სიაში შეიყვანა სინძიანის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევებში მონაწილეობის გამო.
„112“-მა პირველი შესყიდვა 2024 წლის 12 დეკემბერს განახორციელა და გამარტივებული შესყიდვით 30 ერთეული მართვადი კამერა (PTZ) შპს „ჯი ეს სი“-სგან 84,963 ლარად შეიძინა. ყველაზე მსხვილი შესყიდვა კი თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გააფორმა: შპს „დელტა კონსალტინგისგან“ 331 კამერა 2,972,620 ლარად. ამ უკანასკნელის ტენდერი 2024 წლის 14 ნოემბერს გამოცხადდა.
ამგვარად, ერთი მხრივ, რუსული წარმოების სახის ამომცნობი პროგრამის განახლებები და, მეორე მხრივ, ჩინური წარმოების სათვალთვალო კამერების მასობრივი შესყიდვა ერთსა და იმავე პერიოდს, 2022-2024 წლებს, ემთხვევა. ეს არ ნიშნავს, რომ სისტემები ავტომატურად ერთიან ქსელად მუშაობს, თუმცა აჩვენებს, რომ სწორედ მაღალი სამოქალაქო აქტივობის წლებში სახელმწიფოს ტექნოლოგიური თვალთვალის შესაძლებლობები გაფართოვდა.
ხელისუფლების პასუხი
ხელისუფლების წარმომადგენლებმა AlgorithmWatch-ის ანგარიშის დასკვნები უარყვეს. 2026 წლის 1 ივლისს ვიცე-პრემიერმა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ანგარიშსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას ეხებოდა, უპასუხა, რომ რუსეთთან დაკავშირებული არცერთი შესყიდვა მასთან ხელმოსაწერად არ შესულა.
„დიდი სისულელე მგონია, რომ ამ კამერებს [შსს] მოსკოვში ყიდულობს. რაც ამ თანამდებობაზე ვარ, ყველა შესყიდვას ხელს ვაწერ. ჩემი თანხმობის გარეშე არცერთი შესყიდვა არ გასულა… ნუ გელანდებათ და გეჩვენებათ ყველგან რუსეთი!“ – განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, შსს-ის მინისტრი სულხან თამაზაშვილი „ჩუმად არ იყიდის მოსკოვიდან კამერებს“.
მდინარაძემ ასევე დაადასტურა, რომ სახის ამომცნობი კამერების დაყენებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავენ. მისი განცხადებით, ეს დანაშაულის პრევენციისა და ანტიტერორისტული მიზნებით ხდება და კამერები არა მხოლოდ ცენტრალურ უბნებში, არამედ საჯარო სივრცეში ქვეყნის მასშტაბით დაიდგმება.
საიას შეფასებით, ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება მათი მახასიათებლების შესახებ საკმარისი ინფორმაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკანონმდებლო გარანტიების არარსებობის პირობებში შეკრების თავისუფლების შეზღუდვის რისკს ქმნის.
დასკვნა
POLYFACE-ის შესყიდვების ისტორია აჩვენებს, რომ რუსული წარმოების სახის ამომცნობ პროგრამაზე გაწეული ხარჯი ყველაზე მეტად 2022 და 2024 წლებში გაიზარდა. ამ ორ შესყიდვაზე ჯამში 680,000 ლარი დაიხარჯა – ანუ მთლიანი ხარჯის ნახევარზე მეტი.
AlgorithmWatch-ის ანგარიშის შემდეგ გადამოწმებული შესყიდვების მონაცემები, სისტემის ბოლო განახლებები, ოპერატორების რაოდენობის ზღვრის მოხსნა და პარალელურად ჩინური სათვალთვალო კამერების მასობრივი შესყიდვები ერთ საერთო სურათს ქმნის: სახელმწიფოს ტექნოლოგიური თვალთვალის შესაძლებლობები სწორედ იმ პერიოდში გაფართოვდა, როცა ქვეყანაში საპროტესტო აქციები და მაღალი სამოქალაქო აქტივობა მიმდინარეობდა.




