რა ვიცით დიდი დიღმის ტრამვაის პროექტის შესახებ

ერთი ჩაშლილი და ხელახლა გამოცხადებული ტენდერის შემდეგ, დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ ტრამვაის ხაზისა და დეპოს პროექტირება-მშენებლობაზე გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში თურქულმა კონსორციუმმა გაიმარჯვა. გამარჯვებულმა სამუშაოების შესრულება 287.7 მილიონ ლარად შესთავაზა, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე დაახლოებით 129 მილიონი ლარით ნაკლებია.

რატომ გადაწყდა დიდი დიღმის ტრამვაის ხაზის მშენებლობა?

დიდი დიღმის ტრამვაის პროექტი თბილისის მერმა კახა კალაძემ და „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის აგვისტოში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დააანონსეს.

დიდი დიღომი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დასახლებაა. მოსახლეობისა და ახალი საცხოვრებელი კორპუსების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მგზავრთნაკადიც. არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ავტობუსები და მიკროავტობუსები – განსაკუთრებით პიკის საათებში მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებს.

ტრამვაის ხაზმა დიდი დიღომი მეტროსადგურ „დიდუბესთან“ უნდა დააკავშიროს და მგზავრებს საცობებისგან შედარებით დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატივა შესთავაზოს.

პირველი ტენდერი ჩაიშალა, პროექტის ვადები კი გადაიწია

პროექტის განხორციელება შეფერხებით დაიწყო. მშენებლობაზე პირველი ტენდერი 2025 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, თუმცა მოგვიანებით შეწყდა. ამის მიზეზად სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა დასახელდა.

დაზუსტება შეეხებოდა, მათ შორის, მწვანე ნარგავებს, ხეების გადარგვის სამუშაოებსა და ქვეითთა გადასასვლელების მოწყობას.

შესწორებული პირობებით საერთაშორისო ტენდერი თბილისის მერიამ ხელახლა 2026 წლის 13 თებერვალს გამოაცხადა. განაცხადების მიღების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა, რათა დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებების მოსამზადებლად დამატებითი დრო ჰქონოდათ. საბოლოოდ, განაცხადების მიღება 2026 წლის 31 მარტს დასრულდა.

ვინ გაიმარჯვა ტენდერში?

აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების წესებით ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებულად თურქული ერთობლივი საწარმო EYE გამოვლინდა, რომელიც კომპანიებს EmreRay Enerji, Yüksel და Erk აერთიანებს. კონსორციუმის წამყვანი პარტნიორი კომპანია EmreRay-ია.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 416,666,667 ლარი იყო. ტენდერში ოთხი პრეტენდენტი მონაწილეობდა – სამი თურქული და ერთი ჩინური კომპანია.

გამარჯვებულმა კონსორციუმმა ყველაზე დაბალი ფასი – 287,654,321 ლარი – წარადგინა. ეს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე დაახლოებით 129 მილიონი ლარით, ანუ 31%-ით ნაკლებია.

ტენდერში წარმოდგენილი ფასები

გამარჯვებული კონსორციუმის შეთავაზება მეორე ყველაზე დაბალ წინადადებაზე დაახლოებით 44.8 მილიონი ლარით ნაკლები იყო.

რა გამოცდილება აქვს გამარჯვებულ კომპანიას?

კონსორციუმის წამყვანი პარტნიორი EmreRay Enerji İnşaat თურქული საინჟინრო-სამშენებლო კომპანიაა, რომელიც სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, რელსიანი ტრანსპორტის, ელექტრიფიკაციისა და სიგნალიზაციის პროექტებზე მუშაობს. მისი პორტფოლი შემდეგ პროექტებს აერთიანებს:  

  • სტამბოლში ემინონუ–კაბატაშის 7.3-კილომეტრიანი ტრამვაის მონაკვეთის პროექტირება და მშენებლობა;
  • ქალაქ ესკიშეჰირში 17-კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის მშენებლობა;
  • ანტალიის საქალაქო ტრამვაის ქსელის ელექტრიფიკაცია;
  • თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის მაგისტრალურ ხაზებზე ელექტრიფიკაციისა და სიგნალიზაციის პროექტები.
როგორი იქნება ახალი ტრამვაის ხაზი?

პროექტი Design-Build, ანუ პროექტირება-მშენებლობის მოდელით განხორციელდება. ეს ნიშნავს, რომ გამარჯვებული კონსორციუმი თავად მოამზადებს დეტალურ პროექტს და სამშენებლო სამუშაოებსაც თავად შეასრულებს.

ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონების გასაყარიდან დაიწყება, გაივლის დავით აღმაშენებლის ხეივანსა და დიღმის მასივს და მეტროსადგურ „დიდუბეს“ დაუკავშირდება.

ტრამვაის ვაგონებზე ცალკე ტენდერი გამოცხადდება

მოცემული ტენდერი ტრამვაის ვაგონების შეძენას არ მოიცავს. თბილისის მერია ცალკე შესყიდვის ფარგლებში 10 ტრამვაის შემადგენლობის შეძენას გეგმავს. მოთხოვნების მიხედვით, თითოეულმა მათგანმა არანაკლებ 300 მგზავრის გადაყვანა უნდა შეძლოს.

შესაბამისად, მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განსაზღვრული 287.7 მილიონი ლარი პროექტის საბოლოო ღირებულება არ იქნება, მას მომავალში ვაგონების შესყიდვისა და, შესაძლოა, სხვა თანმდევი ხარჯებიც დაემატება.

მსგავსი სტატიები