როგორ მართავენ ევროპული ქალაქები უხვ ნალექს და რა კითხვები რჩება თბილისში

2026 წლის ივლისში ძლიერმა წვიმამ თბილისის ქუჩები ორჯერ დატბორა. „ფლანგვის დეტექტორი“ მიმოიხილავს, როგორ გეგმავენ ევროპული ქალაქები წვიმის წყლის მართვას, რა შედეგი მოაქვს ზედაპირული და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის კომბინირებას და რა მონაცემებია საჭირო თბილისის სისტემის შესაფასებლად.

რა მოხდა თბილისში

2026 წლის 20-21 ივლისის ღამეს თბილისში უჩვეულოდ ძლიერი წვიმა მოვიდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ნალექი „სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების“ კატეგორიას განეკუთვნებოდა. უხვმა წვიმამ ქალაქის რამდენიმე უბანში ქუჩების დატბორვა და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებითი შეფერხება გამოიწვია.

სააგენტოს მონაცემებით, ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა – დაახლოებით რვა საათში 110 მმ. ეს თბილისის მასშტაბით ივლისის რეკორდული მაჩვენებელია. ამ რაოდენობის თითქმის ნახევარი, 54.5 მმ, მხოლოდ ერთ საათში, 20 ივლისის, 23:00 საათიდან 21 ივლისის 00:00 საათამდე, მოვიდა.

ნალექის განაწილება მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით

წყარო: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტოს ცნობით, ყველაზე მეტი ნალექი თბილისის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში მოვიდა. შვიდ-რვა საათში ზოგიერთ უბანში ივლისის კლიმატურ ნორმაზე დაახლოებით 1.5-ჯერ, ცალკეულ ადგილებში კი 2.5-ჯერ მეტი ნალექი დაფიქსირდა.

ქალაქის რამდენიმე უბანში ქუჩები დაიტბორა. მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში წყლით დაფარული გზები და შეფერხებული მოძრაობა ჩანდა.

ეს ივლისში მსგავსი შემთხვევის პირველი მაგალითი არ ყოფილა. ორი კვირით ადრე, 6 ივლისს, ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის ქუჩების ნაწილი ასევე დაიტბორა, ხოლო 8 ივლისს თბილისის მერმა დატბორვის მიზეზებზე საჯარო კომენტარი გააკეთა.

20-21 ივლისის წვიმის შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა:

„როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება. ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც, ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც, ეკონომიკურად უფრო ძლიერ დედაქალაქებშიც, სადაც არსებობს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ყველაფერი მოწესრიგებულია, თუმცა დროის გარკვეულ მონაკვეთში მოსული უხვი ნალექი პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის“.

იმავე დღეს მერმა აღნიშნა, რომ ქუჩებისა და გამზირების რეაბილიტაციისას მუნიციპალიტეტი პირველ რიგში მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას ახორციელებს.„ფლანგვის დეტექტორი“ დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება თბილისის შემთხვევა ევროპული ქალაქების გამოცდილებას და როგორ მართავენ იქ წვიმის წყალს: რა სტანდარტებით პროექტდება ინფრასტრუქტურა, რა ტიპის სისტემებს იყენებენ და როგორ მოქმედებენ მაშინ, როდესაც არსებული ქსელი ექსტრემალურ ნალექს ვეღარ უმკლავდება.

რას გულისხმობს ევროპული სტანდარტი

ევროპაში წყალარინებისა და საკანალიზაციო ქსელების დაგეგმარების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველია სტანდარტი EN 752. ის ტერიტორიის ტიპის მიხედვით განსაზღვრავს, რა სიხშირის ექსტრემალურ მოვლენაზე უნდა იყოს გათვლილი სისტემა.

მაგალითად, საცხოვრებელ ზონებში დატბორვის დასაშვები პერიოდულობა 20 წელიწადში ერთხელაა განსაზღვრული. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის გამართულობა მხოლოდ ზოგადი შეფასებით არ განისაზღვრება. ის კონკრეტულ, წინასწარ გაწერილ საპროექტო პარამეტრებს უკავშირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასებით, კლიმატის ცვლილების ფონზე იზრდება როგორც ექსტრემალური ნალექების სიხშირე, ისე მათი ინტენსივობა. ამიტომ ევროპულ ქალაქებში ინფრასტრუქტურის დაგეგმარებისას სულ უფრო ხშირად ითვალისწინებენ არა მხოლოდ წარსულ სტატისტიკას, არამედ სამომავლო კლიმატურ სცენარებსაც.

რატომ აღარ არის საკმარისი მხოლოდ მიწისქვეშა მილები

ბოლო ათწლეულებში ევროპული ქალაქების ნაწილი თანდათან გადავიდა მიდგომაზე, რომლის მიხედვითაც წვიმის წყალი მხოლოდ მიწისქვეშა მილებში აღარ მიემართება. მიზეზი ისაა, რომ ინტენსიური ნალექის დროს ტრადიციული ქსელის გამტარუნარიანობა შესაძლოა საკმარისი აღარ იყოს.

ამ მოდელს მდგრადი ურბანული დრენაჟის სისტემა, ანუ SuDS ეწოდება. მისი მიზანია ნალექის ნაწილის ზედაპირზე შეწოვა, შენელება, გაფილტვრა ან დროებით დაგროვება მანამდე, სანამ წყალი სანიაღვრე ქსელში მოხვდება.

ასეთი ინფრასტრუქტურის ელემენტებია გამტარი საფარი, წვიმის ბაღები, ბიოარხები, დაგროვების აუზები, მწვანე სახურავები და პარკები ან მოედნები, რომლებიც ძლიერი წვიმის დროს წყლის დროებით შეკავებას შეძლებს.

ამგვარ მიდგომას ზოგჯერ „ღრუბელი ქალაქის“ პრინციპსაც უწოდებენ, რადგან ურბანული სივრცე ნალექის ნაწილს ადგილზე იკავებს და სანიაღვრე ქსელში მის ერთბაშად მოხვედრას აფერხებს.

SuDS დამატებით ფინანსურ რესურსსა და მუდმივ მოვლას მოითხოვს. ექსტრემალური ნალექის დროს მისი შეწოვის შესაძლებლობაც შეზღუდულია, ამიტომ ის ტრადიციულ მილებს სრულად არ ანაცვლებს. პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება კომბინირებული მოდელი, სადაც ზედაპირული და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა ერთმანეთის ფუნქციას ავსებს.

კოპენჰაგენი: ინფრასტრუქტურის ცვლილება 2011 წლის სტიქიის შემდეგ

2011 წლის 2 ივლისს კოპენჰაგენში ექსტრემალური წვიმა მოვიდა. დანიის ჩამდინარე წყლების კომიტეტის რეგიონული მოდელის მიხედვით, მსგავსი მოვლენის განმეორების ალბათობა ათას წელიწადში ერთხელ იყო შეფასებული.

დანიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ორ საათზე ნაკლებ დროში 90-დან 135 მმ-მდე ნალექი დაფიქსირდა. ქალაქის დიდი ნაწილი მეტრამდე სიღრმის წყლით დაიფარა.

დაზღვეული ქონებისთვის გაცემულმა კომპენსაციებმა დაახლოებით 6.2 მილიარდი დანიური კრონა, ანუ დაახლოებით 800 მილიონი ევრო შეადგინა და დაახლოებით 90 000 სადაზღვევო მოთხოვნა მოიცვა. ამ თანხაში არ შედიოდა დაუზღვეველი ზიანი, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა და არაპირდაპირი ეკონომიკური დანაკარგები.

2012 წელს ქალაქმა მიიღო Cloudburst Management Plan – სტრატეგია, რომელიც 20 წლის განმავლობაში 300 პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. გეგმა რვა ცენტრალურ წყალშემკრებ არეალს მოიცავს და აერთიანებს როგორც მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას, ისე ზედაპირულ „ლურჯ-მწვანე“ გადაწყვეტილებებს.

გეგმის ფარგლებში პარკები, ქუჩები და სხვა საჯარო სივრცეები ისე გადაპროექტდება, რომ ძლიერი წვიმის დროს წყლის დიდი მოცულობის დროებით შეკავება ან უსაფრთხო მიმართულებით გადატანა შეძლოს.

რატომ აირჩია ქალაქმა კომბინირებული მოდელი

კოპენჰაგენმა წინასწარ შეადარა ორი ალტერნატივა: ტრადიციულ მილებზე დაფუძნებული გადაწყვეტა და მოდელი, რომელიც მიწისქვეშა ქსელთან ერთად „ლურჯ-მწვანე“ ინფრასტრუქტურასაც იყენებდა.

ქალაქის შეფასებით, სამომავლო ზარალს ორივე მიდგომა მნიშვნელოვნად შეამცირებდა, თუმცა კომბინირებული ვარიანტის დანერგვა უფრო ნაკლები დაჯდებოდა. გათვლების მიხედვით, ეს მიდგომა 100 წლის განმავლობაში დაახლოებით 5 მილიარდი კრონის სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს შექმნიდა. მხოლოდ ტრადიციულ მილებზე ორიენტირებული სცენარი კი დაახლოებით 4 მილიარდი კრონის უარყოფით ბალანსს აჩვენებდა.

იმავე გათვლებით, უმოქმედობის შემთხვევაში მოსალოდნელი ზიანი 100 წელიწადში 16 მილიარდ კრონას გადააჭარბებდა. აქედან დაახლოებით 9 მილიარდი კრონის ზიანი წინა წლების ინტენსიური წვიმების შედეგად უკვე დამდგარი იყო.

ვინ აფინანსებს პროექტებს

დაფინანსების სქემა კომპონენტების მიხედვით განაწილდა. „ქლაუდბერსთ“-მილებისა და საკანალიზაციო ქსელთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსება წყლის ტარიფიდან, საკომუნალო კომპანია HOFOR-ის მეშვეობით ხდება. სახლების უკუდინებისგან დაცვა მიწის მესაკუთრეების პასუხისმგებლობაა, ხოლო საჯარო სივრცეების გაუმჯობესება მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გეგმის განხორციელების გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ 2015 წელს მიიღო, ხოლო დასრულების სამიზნე ვადად 2035 წელი განისაზღვრა. არსებული მონაცემებით, აშენებულია 11 მსხვილი ზედაპირული პროექტი და ორი „ქლაუდბერსთ“-გვირაბი. 60 ზედაპირული პროექტი დაგეგმვისა და შემუშავების ეტაპზეა.

გეგმის სრული ღირებულება დაახლოებით 1.7 მილიარდ ევროდ ფასდება. აქედან დაახლოებით 1.3 მილიარდი წყლის ტარიფიდან უნდა დაფინანსდეს, 0.13 მილიარდი – მუნიციპალური გადასახადებიდან, ხოლო დაახლოებით 0.3 მილიარდი – კერძო ინვესტიციებით. უკვე განხორციელებული ინვესტიცია დაახლოებით 0.7 მილიარდ ევროს შეადგენს.

პროექტების რიგითობა რისკისა და განხორციელების შესაძლებლობის მიხედვით განისაზღვრება: პრიორიტეტი ენიჭება მაღალი რისკის ზონებს, შედარებით სწრაფად განსახორციელებელ ღონისძიებებს და იმ უბნებს, სადაც სხვა ურბანული პროექტებიც მიმდინარეობს.

გეგმა კრიტიკის საგანიც გამხდარა. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევდა, რომ მასში ტრადიციულ, მილებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს მდგრადი დრენაჟის სისტემებთან შედარებით ზედმეტად დიდი ადგილი ეთმობოდა.

ბარსელონა: პრევენცია დაგეგმარებისა და რეგულაციების საშუალებით

თუ კოპენჰაგენის მოდელი დიდწილად 2011 წლის სტიქიის შემდეგ ჩამოყალიბდა, ბარსელონას მიდგომა პრევენციულ დაგეგმარებასა და ახალი მშენებლობებისთვის მოთხოვნების დაწესებასაც ეფუძნება.

ბარსელონაში SuDS-ის სისტემური დანერგვა კლიმატის გეგმისა და 2020 წლის კლიმატური საგანგებო მდგომარეობის დეკლარაციის ნაწილია. ცალკეული პროექტები ქალაქში 2005 წლიდან ხორციელდება.

ქალაქის სანიტარიის ინტეგრირებული გენერალური გეგმა, PDISBA, ითვალისწინებს SuDS-ის დაახლოებით 180 ჰექტარ ფართობს, კოლსეროლას ზონაში დაგროვების აუზებსა და მწვანე სახურავების განვითარებას. შემოთავაზებული ღონისძიებების ჯამური ღირებულება დაახლოებით 1.4 მილიარდი ევროა.

ქალაქის ოფიციალური ინფორმაციით, 29 ახალი წვიმის რეზერვუარის გეგმა მიზნად ისახავს 10-წლიანი განმეორების პერიოდის ნალექის დროს წყალდიდობის რისკის სრულ აღმოფხვრას, ხოლო 500-წლიანი განმეორების პერიოდის ექსტრემალური ნალექის შემთხვევაში – რისკის განახევრებას.

აღსანიშნავია, რომ ბარსელონას მეტროპოლიური არეალის 2019 წლის მდგრადობის პროტოკოლით, ურბანიზაციის ყველა ახალ პროექტს 15 მმ ნალექის ადგილზე შეწოვა დაევალდებულა, შენობების გარე სივრცეებში კი მოთხოვნა 10 მმ-ია. ამგვარი ნორმა მიზნად ისახავს, რომ ახალი განაშენიანების შედეგად სანიაღვრე ქსელზე დატვირთვა ავტომატურად არ გაიზარდოს.

თბილისის გამოცდილება 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ

2015 წლის 13 ივნისს თბილისში მდინარე ვერე ადიდდა. სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაზარალდა 239 ოჯახი და 1 041 ფიზიკური პირი. თბილისის მერიის მონაცემებით, ქალაქისთვის მიყენებულმა ზიანმა დაახლოებით 200 მილიონი ლარი შეადგინა. განადგურდა თბილისის ზოოპარკიც.

სტიქიის შემდეგ ვერეს ხეობაში რამდენიმე ღონისძიება განხორციელდა. დამონტაჟდა ოთხი ავტომატური ნალექმზომი და სამი წყლისმზომი. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 60 000 ევროდ შეიძინა რადარის მონაცემებზე წვდომის ლიცენზია, რაც ძლიერი ნალექის ორი-სამი საათით ადრე პროგნოზირების შესაძლებლობას იძლევა. ხეობაში მოეწყო ადრეული შეტყობინების სისტემა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა შვიდ დაზიანებულ გვირაბს.

დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე მერიამ 40 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ღონისძიებების ნაწილს „ნეტგაზეთის“ 2016 წლის მასალაც აღწერს, მათ შორის ნალექმზომებისა და ჰიდროლოგიური საგუშაგოების მოწყობას.

ეს ნაბიჯები ძირითადად მდინარის ადიდების პროგნოზირებას, ადრეულ გაფრთხილებასა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას შეეხებოდა. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებაში, თუმცა უშუალოდ ქალაქის სანიაღვრე ქსელის გამტარუნარიანობის შეფასებასა და ზრდას სხვა ტიპის გეგმა და მონაცემები სჭირდება.

11 წლის შემდეგ თბილისის მერი კვლავ მიუთითებს, რომ ქალაქში არის ქუჩები, სადაც სანიაღვრე ქსელი საერთოდ არ არსებობს, ხოლო არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების მნიშვნელოვანი ნაწილი მოძველებულია.

რა განსხვავებაა მიდგომებს შორის

კოპენჰაგენში 2011 წლის სტიქიის შემდეგ ქალაქმა შეაფასა უმოქმედობის მოსალოდნელი ღირებულება, შეადარა ინფრასტრუქტურული ალტერნატივები და მიიღო გრძელვადიანი გეგმა კონკრეტული ვადებით, დაფინანსების წყაროებითა და შესრულების აღრიცხვის მექანიზმებით.

თბილისში 2015 წლის ტრაგედიის შემდეგ დოკუმენტირებული ღონისძიებები ძირითადად ადრეულ გაფრთხილებას, მონიტორინგსა და აღდგენას შეეხებოდა. ეს ღონისძიებები საგანგებო რეაგირების შესაძლებლობას აუმჯობესებს, მაგრამ განსხვავდება ქალაქის მთლიანი სანიაღვრე სისტემის გამტარუნარიანობის ზრდაზე ორიენტირებული პროგრამისგან.ბარსელონას მაგალითი დამატებით აჩვენებს, რომ წვიმის წყლის მართვა შეიძლება ახალი მშენებლობებისა და ურბანიზაციის პროექტებისთვის სავალდებულო მოთხოვნებსაც მოიცავდეს. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მხოლოდ მუნიციპალიტეტის ქსელზე არ რჩება და ახალი განვითარება ნალექის ნაწილის ადგილზე შეკავებასაც უზრუნველყოფს.

მსგავსი სტატიები