რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყება – რა ვიცით პროექტის შესახებ

23 ივლისის 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპისტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება – დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ოფიციალურად იწყება.

ამით რუსთაველის გამზირის მრავალჯერ ჩავარდნილი, გადადებული და გადავადებული რეაბილიტაციის პროცესი, პრაქტიკულ ფაზაში გადადის. თბილისის მერიამ გამზირის სხვადასხვა მონაკვეთის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ სამივე შესყიდვაში გამარჯვებული კომპანია შპს „სმარტ სოლუშენსი” უკვე გამოავლინა.

მერიამ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ გეოგრაფიულ მონაკვეთად დაყო:

  • პირველი ლოტი: მოიცავს მონაკვეთს ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, სადაც სახელშეკრულებო თანხა 7,916,675 ლარს შეადგენს;
  • მეორე ლოტი: მოიცავს მონაკვეთს სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე, რომლისღირებულება 5,778,105 ლარია;
  • მესამე ლოტი: მოიცავს კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მონაკვეთს (თ. ჭოველიძის ქუჩიდან„მერანამდე“), რომლის სახელშეკრულებო თანხა 6,066,493 ლარს შეადგენს.

სამივე ტენდერის შემთხვევაში კომპანიებს მოსამზადებლად 11 დღე ჰქონდათ, რადგან შესყიდვა 15 ივნისსგამოცხადა, წინადადებების მიღება 23 ივნისს დაიწყო, ხოლო 26 ივნისს დასრულდა.

ამასთან ერთად, ერთ-ერთი სატენდერო მოთხოვნის მიხედვით, პრეტენდენტ კომპანიას 2023 წლის 1 იანვრიდან დღემდე უნდა ჰქონოდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 150%-ის ოდენობის გზების მშენებლობის ან კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

ერთი მხრივ, მსგავსი მაღალი თამასა ახსნადი და ლოგიკურია – რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული და კომპლექსური პროექტია, სადაც დაბალი კვალიფიკაციის კომპანიის დაშვება დიდ რისკებთან იქნებოდა დაკავშირებული. თუმცა, მეორე მხრივ, ამგვარმა მკაცრმა მოთხოვნამ შესაძლოა, ბაზარზე არსებული სხვა პოტენციური მოთამაშეები ავტომატურად გამოთიშა ასპარეზს, რამაც  „სმარტ სოლუშენსს“ გზა უკონკურენტოდ გაუხსნა.

სამივე მონაკვეთის ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 19,761,273 ლარს შეადგენს, ხოლოხელშეკრულებების მოქმედების ვადად ყველა შემთხვევაში 2030 წლის 22 იანვარია განსაზღვრული.

სამივე ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი და გამარჯვებული შპს „სმარტ სოლუშენსია“. კომპანია 2015 წელს არის დაფუძნებული. მისი 100%-იანი წილის მფლობელი და ერთ-ერთი დირექტორია ლევან გოგსაძე, ხოლო მეორე დირექტორი – გურამ კეკუა. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ლევან გოგსაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას მეუღლის დის ქმარია (ქვისლი).

ასევე აღსანიშნავია, რომ ლევან გოგსაძეს “ქართული ოცნებისთვის” 2016 წელს თანხა ორჯერ – ჯერ 20 000 ლარი, შემდეგ კი 17 950 ლარი აქვს შეწირული.

დედაქალაქის მთავარი გამზირის ინფრასტრუქტურის განახლება მერიამ ჯერ კიდევ წლების წინ დააანონსა, თუმცა პროცესი მუდმივად ფერხდებოდა:

  • 2023 წლის ნოემბერი: კახა კალაძემ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის     რეაბილიტაცია2024 წელს დაიწყებოდა და 2 წელს გაგრძელდებოდა.
  • 2024 წლის დეკემბერი: მერიამ გამოაცხადა 4 მსხვილი ტენდერი რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციოდ, ჯამური ბიუჯეტით 28.4 მილიონი ლარი.
  • 2025 წლის იანვარი: აღნიშნული 4 ტენდერიდან ორი უალტერნატივოდ ჩავარდა, რადგან პრეტენდენტები არ გამოჩნდნენ. კალაძე აცხადებდა, რომ სამუშაოები მალე დაიწყებოდა.
  • 2025 წლის მარტი: თბილისის მერიამ ოფიციალურად გადადო მასშტაბური სამუშაოები 2026 წლისთვის.
  • 2026 წლის თებერვალი: მერიამ კვლავ სცადა ბედი, თუმცა რუსთაველის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ხუთივე ტენდერი ისევ ჩავარდა.
  • 2026 წლის ივნისი: პროექტი ხელახლა გადამუშავდა, 15 ივნისს 3 ლოტად დაყო (ჯამში 20 მლნლარი) და ახალი პირობებით გამოცხადდა.

სწსწორედ ამ უკანასკნელი, ივნისის ტენდერების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული „სმარტ სოლუშენსი“. მრავალწლიანი ეპოპეისა და ჩავარდნილი ტენდერების შემდეგ, გამზირზე სამუშაოები 23 ივლისიდან იწყება.

მსგავსი სტატიები