რეგისტრაციიდან ერთ თვეში მიღებული 447 ათასი ლარის სახელმწიფო კონტრაქტები

სსიპ „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ“ 2026 წლის 9 ივნისს პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის მომსახურების შესყიდვის მიზნით ოთხი ტენდერი გამოაცხადა. მათგან სამში მონაწილეობა ახლად დაფუძნებულმა შპს „ამაბამ“ მიიღო და სამივე შემთხვევაში ყველაზე დაბალი ფასით გაიმარჯვა.

საინტერესოა, რომ კომპანია ტენდერების გამოცხადებიდან ორი დღის შემდეგ, 2026 წლის 11 ივნისს დარეგისტრირდა.

ტენდერებში მონაწილეობის ერთ-ერთი სავალდებულო პირობა იყო, რომ მიმწოდებელი „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ვეტერინარული და ცხოველთა ჭერის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურების რეესტრში ვეტერინარულ დაწესებულებად ყოფილიყო რეგისტრირებული.

შპს „ამაბამ“ სააგენტოს რეგისტრაციის მოთხოვნით 15 ივნისს მიმართა, ხოლო 18 ივნისს შესაბამის რეესტრში შეიყვანეს.

კომპანიამ სატენდერო წინადადებები 21-22 ივნისს წარადგინა და 3 ივლისს სამივე ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა. 9 ივლისს კი მასთან ჯამურად 447 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა.

შპს „ამაბას“ მფლობელი 25 წლის სოსო ქვარცხავაა. მეწარმეთა რეესტრის მონაცემების მიხედვით, მას წარსულში ბიზნესსაქმიანობის გამოცდილება არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, ბიზნესში პირველი ნაბიჯის გადადგმიდან დაახლოებით ერთ თვეში მისმა კომპანიამ სახელმწიფოსგან 447 ათასი ლარის კონტრაქტები მიიღო.

სახელმწიფო შესყიდვების საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლისგან შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა მოითხოვოს. კომპანიის გამოცდილება და პროფესიული შესაძლებლობები შესასყიდი საქონლისა თუ მომსახურების ხარისხის დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა.

ამ შემთხვევაში საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან შესყიდვა ცხოველების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მომსახურება ვეტერინარული მიმართულებით მუშაობის შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე მიმწოდებელმა განახორციელოს.

მსგავსი სტატიები