„რიყის დოქები“ – თბილისის ცენტრში, რიყის პარკში მდებარე ორიგინალური ფორმის შენობა – ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე სადავო ინფრასტრუქტურული პროექტია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 75 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა მასიმილიანო ფუქსასის მიერ დაპროექტებულ კომპლექსზე, რომელიც უნდა ქცეულიყო თეატრად და საგამოფენო სივრცედ, მაგრამ არასოდეს ამოქმედებულა და წლების განმავლობაში მიტოვებულ ობიექტად რჩებოდა.
13 ივლისს თბილისის მერიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „რიყის დოქების“ დემონტაჟის ნებართვა გაიცა. მერიის განცხადებით, არქიტექტურის სამსახურმა შესაბამისი ბრძანება რეალურად ორი კვირით ადრე, 25 ივნისს გამოსცა, ხოლო ინფორმაცია საზოგადოებას მხოლოდ 13 ივლისს გაუზიარეს.
დემონტაჟის ბიუროკრატიული გზა: აპლიკაციიდან ბრძანებამდე
რიყის დოქების მფლობელი კომპანიის „რიყე დომის“ მიერ დემონტაჟის ინიცირება ერთი დღის საქმე არ ყოფილა – პროცესს, ვიდრე ის საბოლოო ბრძანებამდე მივიდოდა, თითქმის ორი თვე დასჭირდა.
პროცესი 2026 წლის 14 აპრილს დაიწყო, როდესაც შპს „რიყე დომის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა „რიყის დოქების“ დემონტაჟის ორგანიზების პროექტის შეთანხმება. ორ დღეში, 16 აპრილს, საკითხი განიხილა თბილისის მუნიციპალიტეტისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებისგან შემდგარმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ (ოქმი №13), რომელმაც დემონტაჟს დადებითი შეფასება მისცა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, 18 აპრილს არქიტექტურის სამსახურმა გამოსცა პირველი შუალედური დასკვნა, სადაც კომპანიას ხარვეზების აღმოსაფხვრელად დამატებით 15-დღიანი ვადა განესაზღვრა.
მთლიანობაში, პროცესს განცხადებიდან საბოლოო ბრძანებამდე დაახლოებით 2 თვე დასჭირდა. 19 ივნისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, წერილით №4/33380, დაადასტურა, რომ არ ეწინააღმდეგება აღნიშნული შენობა-ნაგებობის დემონტაჟს – ეს გადაწყვეტილება ეყრდნობოდა 2022 წლის 10 მაისს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში არსებული ვალდებულებების შესრულების საჭიროებას. სააგენტოს ეს პოზიცია მოხმობილია არქიტექტურის სამსახურის 23 ივნისის შუალედურ დასკვნაში, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი უწყებების პოზიციები აისახა. 25 ივნისს, №7977401 ბრძანებით საბოლოოდ შეათანხმა „რიყის დოქების“ დემონტაჟის პროექტი და გაიცა დემონტაჟის ნებართვა. დემონტაჟი მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებისთვის სამი კვირის შემდეგ, 13 ივლისს გახდა ცნობილი, როდესაც თბილისის მერიამ დაადასტურა უკვე გაცემული ნებართვის არსებობა და დეტალები გაავრცელა.
დემონტაჟის ორგანიზების პროექტის მიხედვით, დემონტაჟს დაქვემდებარებული ობიექტების საერთო ფართობი მიწის ნაკვეთთან ერთად 14 591 კვადრატულ მეტრს შეადგენს, თავად შენობის ფართობი კი – 8 620 კვადრატულ მეტრს; შენობის კონსტრუქციული სიმაღლე 29,5 მეტრია.
რას ამბობს დემონტაჟის ტექნიკური პროექტი
დემონტაჟის ორგანიზების პროექტი (მოპი), რომელიც შპს „სტუგრუპმა“ მოამზადა, რამდენიმე დეტალს ცხადყოფს, რაც მერიის ოფიციალურ განცხადებებში არ ფიგურირებდა.
ყველაზე მოულოდნელი ალბათ ის არის, რომ „რიყის დოქებს“ ბოლომდე მაინც არ დაანგრევენ – მისი მიწისქვეშა ნაწილი ხელუხლებელი დარჩება. საქმე ისაა, რომ შენობა პირდაპირ ებჯინება ბარათაშვილის აღმართის საყრდენ კედელს. იმისთვის, რომ ისტორიული კედელი რომ არ ჩამოინგრეს, პროექტით გადაწყდა, რომ დოქების სარდაფის კედლები, საძირკველი და საყრდენი ბოძები ყველა სართულზე ხელუხლებლად დატოვონ. პრაქტიკულად, დემონტაჟის შემდეგაც, მიწისქვეშ სამუდამოდ დარჩება ნაგებობის ის ნაწილი, რომელიც ახლა ბარათაშვილის აღმართს ამაგრებს.
კიდევ ერთი დეტალი თავად ნგრევის პროექტს უკავშირდება. დოკუმენტებში პირდაპირ წერია, რომ სპეციალისტებმა შენობის საძირკველი და კედლები მხოლოდ “თვალის ზომით” – ანუ ვიზუალური დათვალიერებით აღწერეს. მიზეზი შემდეგია: მრავალმილიონიანი შენობის თავდაპირველი საინჟინრო ნახაზებისა და პროექტის პოვნა ვერ მოხერხდა.
აქედანვე ირკვევა შენობის რეალური ზომებიც, რაც აქამდე ბევრს აბნევდა. მისი საერთო სიმაღლე 29.5 მეტრია: მიწის ზემოთ 23.5 მეტრი ჩანს, ხოლო მიწისქვეშ კიდევ 6 მეტრია ჩაფლული. რადგან თბილისი სეისმურად აქტიურ (8-ბალიან) ზონაშია, დოქებს უხეშად ვერ შეეხებიან. პროექტი კატეგორიულად კრძალავს კედლების პირდაპირ მოგლეჯას. ნგრევა უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და კონტროლირებადი: კონსტრუქცია ზემოდან ქვემოთ, ნაწილ-ნაწილ, ფენა-ფენად უნდა დაშალონ.
დოკუმენტის მიხედვით, პროცესი ზუსტად 6 თვეს გასტანს (აქედან პირველი ორი კვირა მომზადებას დასჭირდება), რაც ემთხვევა ნებართვით განსაზღვრულ ვადას – 25 ივნისიდან 25 დეკემბრამდე.
ბარათაშვილის აღმართის საყრდენ კედელთან მუშაობა იმდენად სახიფათოა, რომ პროექტმა ეს სამუშაოები მაღალი რისკის კატეგორიას მიაკუთვნა. იმისთვის, რომ ისტორიულ კედელს ვიბრაციამ ან მძიმე დარტყმამ ზიანი არ მიაყენოს, მის სიახლოვეს მძიმე ტექნიკას საერთოდ არ გამოიყენებენ – იქ ყველაფერს ხელით, მცირე იარაღებისა და მარტივი ხელსაწყოების დახმარებით დაშლიან. მეტიც, სანამ რომელიმე დიდ კონსტრუქციულ ნაწილს საბოლოოდ მოხსნიან, ჯერ ოდნავ აწევენ (ე.წ. „საკონტროლო აწევა“), რათა შეამოწმონ, ხომ არ არის ამწის გადატვირთვის ან რამის მოულოდნელი ჩამოშლის საშიშროება. უსაფრთხოების ზომები მკაცრი იქნება ფეხით მოსიარულეებისთვისაც. სამუშაო მოედანზე მოეწყობა საშიშროების ზონა: 7 მეტრი უშუალოდ დოქების ტერიტორიაზე, ხოლო 4 მეტრი ბარათაშვილის აღმართის მხარეს. იმისთვის, რომ ხალხმა უსაფრთხოდ იაროს, აღმართზე დროებითი დახურული დერეფანი გაკეთდება.
საინტერესო დეტალი: კომისიის შიგნით არსებული უთანხმოება
მიუხედავად საბოლოო დადებითი გადაწყვეტილებისა, პროცესი ერთსულოვანი არ ყოფილა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 7 წევრიდან ერთმა უარყოფითი დასკვნა გასცა, ხოლო კიდევ ორმა თანხმობის მიუხედავად, რეკომენდაცია გასცა არა შენობის დემონტაჟზე, არამედ მის სხვა ადგილას გადატანაზე.
ერთ-ერთი წევრის დასკვნაში ვკითხულობთ: „ვფიქრობ, რომ შესაძლებელია აღნიშნული შენობის კონკრეტული ადგილიდან მონაცვლეობა (და არა დემონტაჟი გაუგებარი მომავლით), ერთმნიშვნელოვნად მისი სრულფასოვანი არქიტექტურული კონცეფციის შენარჩუნებითა და სათანადო ადგილის გამონახვის შემდეგ. არ მიმაჩნია მიზანშეწონილად მოხდეს შენობის დემონტაჟი და მისი დასაწყობება, არამედ საჭიროა ზუსტად იყოს განსაზღვრული სად მოხდება შენობის გადატანა“.
დასკვნაში ცალკე ხაზგასმულია საავტორო უფლებების საკითხიც: „აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შენობა არის საავტორო, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი საავტორო უფლებების დაცვა“. ავტორი დასძენს, რომ შენობის ამჟამინდელი ადგილმდებარეობა „სრულად არღვევს ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებულ სურათს“, თუმცა მისი უბრალოდ დაშლა – „დემონტაჟი გაუგებარი მომავლით“ – გამოსავალი არ არის. დასკვნის მიხედვით, ტერიტორია, საიდანაც შენობა უნდა გატანილიყო, „კომპლექსურად“ უნდა გადაწყდეს და დაუშვებელია მისი ცალკეულ ნაკვეთებად დაყოფა და სამშენებლოდ გამოყენება – ეს, ავტორის თქმით, არსებითად იმ „დანაშაულის“ გაგრძელება იქნებოდა, რაც რამდენიმე ათეული წლის წინ რიყის უბნის ნგრევასა და მის ადგილას თავისუფალი სივრცის მოწყობას მოჰყვა.
ეს განსხვავებული პოზიცია საჯარო განხილვაში ფაქტობრივად არ გამოჩენილა და საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია.
როგორ მივედით აქამდე: „რიყის დოქების“ ისტორია
დემონტაჟის ნებართვამდე მისასვლელი გზა თექვსმეტ წელზე მეტს ითვლის – პროექტის დაბადებიდან, მისი მიტოვებიდან და საბოლოოდ სადავო გარიგებების სერიით გაყიდვამდე. რამდენად საეჭვო და გაუმჭვირვალე იყო ეს გზა, დეტალურად ქვემოთ წაიკითხავთ.
პროექტის წარმოშობა და მშენებლობა
2000-იანების მიწურულს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ თბილისის იერსახის მკვეთრად შეცვლა დაისახა მიზნად. მთავარი მიზანი იყო ისეთი შენობების შექმნა, რომლებიც არა მხოლოდ ფუნქციით, არამედ ფორმითაც განსხვავდებოდნენ საბჭოთა ეპოქის მემკვიდრეობისგან და ქალაქის „სიმბოლურ არქიტექტურად“ იქცეოდნენ.
სწორედ ამ ლოგიკიდან დაიბადა რიყის პარკში ფუტურისტული კულტურული კომპლექსის იდეა. ხელისუფლება ამბობდა, რომ თბილისს სჭირდებოდა თანამედროვე თეატრი და საგამოფენო სივრცე, რომელიც საქართველოს „ევროპულ გზას“ წარმოაჩენდა. ეს პროექტი ერთგვარი სავიზიტო ბარათი უნდა გამხდარიყო ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის.
ამ მიზნის განხორციელება მთავრობამ მიანდო იტალიელ არქიტექტორს, მასიმილიანო ფუქსასს და მის სტუდიას Studio Fuksas. არქიტექტორმა თბილისში შემოიტანა მისი ხელწერა, სკულპტურული სტილი: ორი ერთმანეთზე გადაჯაჭვული მილური ფორმის შენობა, რომელიც ერთდროულად ხაზს უსვამდა მდინარე მტკვრის სილუეტს და ქალაქის ცვლად პეიზაჟს. ჩრდილოეთის მხარეს განთავსდა თანამედროვე თეატრი 566 ადგილით, სამხრეთის მხარეს კი – 2 000 კვადრატულ მეტრ ფართზე – საგამოფენო დარბაზი, რომლის შესასვლელი პირდაპირ პარკიდან იწყებოდა და სტუმარს ქალაქის ხედს ფართო პანორამასავით ანახებდა.
ოფიციალური კონტრაქტის ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენდა, რაც იმ პერიოდის კურსით დაახლოებით 75 მილიონ ლარს უდრიდა. ამ მასშტაბის ინვესტიცია ხელისუფლებისთვის ხაზს უსვამდა არა მხოლოდ კულტურულ ამბიციებს, არამედ პოლიტიკურ გზავნილსაც: თბილისი უნდა ქცეულიყო თანამედროვე, პროგრესული არქიტექტურის სივრცედ, რომელიც რეგიონში ახალი ტიპის სახელმწიფოს დემონსტრირებას შეძლებდა.
მშენებლობა ოფიციალურად 2010 წელს დაიწყო. სამუშაოს მიმდინარეობა პარალელურად ემთხვეოდა ქალაქის სხვა გრანდიოზულ პროექტებსაც – პრეზიდენტის სასახლეს, მშვიდობის ხიდს – რაც ერთიანობაში ქმნიდა სააკაშვილის ხელისუფლების ურბანულ სტრატეგიას: თბილისი უნდა გარდაქმნილიყო „ახალი ეპოქის დედაქალაქად“. თუმცა, მიუხედავად დასრულებული გარე იერსახისა, შენობა ექსპლუატაციაში არ შესულა და წლების განმავლობაში უფუნქციოდ რჩებოდა.
2012 წლის არჩევნების შემდეგ, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, კულტურული პოლიტიკის პრიორიტეტები შეიცვალა. ახალი ხელისუფლება ამ პროექტს „მიტოვებულ მონუმენტს“ უწოდებდა და ხაზს უსვამდა, რომ ეს იყო ძვირადღირებული, თუმცა უსარგებლო არქიტექტურული ნაგებობა. იმ დროიდან მოყოლებული, ობიექტი იდგა როგორც დაუხარჯავი ბიუჯეტის და დაუმთავრებელი ამბიციების სიმბოლო, რომელიც ვერასოდეს იქცა რეალურ კულტურულ სივრცედ.
თუმცა, მიუხედავად ამისა, სწორედ მაშინ, როდესაც ობიექტი რეალურად უფუნქციოდ იდგა, რიყის ე.წ. „დოქებმა“ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა – 2016 წელს ვებგვერდმა Designboom.com მას ადგილი დაუთმო მსოფლიოს ათ საუკეთესო კულტურულ ცენტრთა შორის, სადაც პროექტმა მე-10 პოზიცია დაიკავა.
გაყიდვა და საინვესტიციო ვალდებულებები – დავით ხიდაშელის როლი
„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პროექტი გააჩერა და მას შემდეგ მიტოვებულ ობიექტად იქცა, რომელიც 2013 წლიდან ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.
შემდეგ წლებში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ რამდენჯერმე სცადა „რიყის დოქების“ გაყიდვა, თუმცა მხოლოდ მეშვიდე აუქციონზე მოხდა გარიგება. რიყის დოქების გასაყიდი ფასი თავდაპირველად 95 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა წარუმატებელი აუქციონის გამო ყოველ ჯერზე მთავრობა რამდენიმე ათი მილიონი ლარით ამცირებდა და საბოლოოდ 2022 წლის მარტში იპოვა მყიდველი – სიმბოლურ ფასად – 10.02 მილიონ ლარად. შედარებისთვის, 2021 წელს სამხარაულის ექსპერტიზის მიერ „რიყის დოქების შენობა“ 96 მილიონ ლარად იყო შეფასებული.
მყიდველი გახდა ლუქსემბურგში დარეგისტრირებული ოფშორული კომპანია Global Victory Trust, რომლის მფლობელები და ბენეფიციარები საჯაროდ გამჭვირვალედ არ გამოქვეყნებულა. თუმცა მოგვიანებით დადასტურდა, რომ Global Victory Trust უკავშირდებოდა რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს. ამ ფაქტს თავად ხიდაშელიც ადასტურებდა: „ღია სახელმწიფო აუქციონზე შევიძინე რიყის დოქები, სადაც მსურდა, დამეფუძნებინა საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მუზეუმი. სწორედ ეს მუზეუმი უნდა გამხდარიყო სივრცე, სადაც მუდმივ ექსპოზიციაზე გამოიფენებოდა 250-ზე მეტი უნიკალური რუკა, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ გადავეცი საქართველოს სახელმწიფოს“, – აცხადებდა დავით ხიდაშელი საჯარო მიმართვაში.
ამ გარიგებას თან ახლდა მნიშვნელოვანი საინვესტიციო ვალდებულებები: Global Victory Trust-ს 36 თვის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია და შეექმნა მრავალფუნქციური კულტურული სივრცეები – ღვინის, ტექნოლოგიებისა და ციფრული ხელოვნების მუზეუმები, საგამოფენო და სხვა ჰოლები.
რიყის დოქების შესყიდვიდან 10 თვეში, 2022 წლის დეკემბერში, ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-მა განცხადება გაავრცელა, სადაც წერდნენ, რომ რიყის დოქების 50%-ის გასხვისება სურდათ.
მოგვიანებით, უკვე მაშინ, როცა ქონება საბოლოოდ გაიყიდა, დავით ხიდაშელმა განმარტა: „სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის არასტაბილური საინვესტიციო კლიმატის გამო, ჩვენი პირადი ინვესტიციების გარდა, ვერ მოხერხდა სხვა ინვესტიციების მოზიდვა. ამას ყველა კარგად ხედავს, ამიტომ ეს წამოწყებაც არ განხორციელდა ბოლომდე და დღეს უკვე რიყის დოქებიც გასხვისებულია“.
ობიექტისთვის რომ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა სერიოზულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ამას თავად ხიდაშელის ეს განცხადებაც ნათლად ადასტურებდა, სადაც ის პროექტის ჩაშლაში სწორედ „არასტაბილურ საინვესტიციო კლიმატს“ ადანაშაულებდა.
ინვესტიციის ვადის ამოწურვამდე, კომპანიამ რიყის დოქები ახალ მესაკუთრეზე გაასხვისა. მყიდველი გახდა შპს „რიყე დომი“ – ახლად დაფუძნებული კომპანია, რომელიც საკუთრების შეძენამდე სულ რაღაც 10 დღით ადრე დარეგისტრირდა რეესტრში.
გარიგების დადებისა და ქონების შეძენის მომენტში კომპანიის დირექტორი მიხეილ ტყეშელაშვილი იყო, ხოლო შპს „რიყე დომ“-ის 100%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენდა შპს ნ.გ.ბ., რომელიც თორნიკე კოპალიანს ეკუთვნოდა. „რიყის დოქების“ შეძენისას ამ კომპანიამ ასევე იკისრა გადაცემულ უძრავ ქონებაზე საინვესტიციო ვალდებულებების განხორციელების პირობა.
თუმცა, კომპანიის მფლობელი მალევე შეიცვალა და შპს „რიყე დომი“ შპს „მაქრო ფროფერთიმ“ შეიძინა. შესაბამისად, „რიყის დოქების“ არაპირდაპირი მესაკუთრე გახდა შპს „მაქრო ფროფერთი“.
ამგვარად, სქემა აჩვენებდა, რომ ობიექტის გადაბარება საბოლოო მყიდველამდე შუამავლურ გარიგებებად იქცა, სადაც მოგების მთავარი წილი ხიდაშელთან დარჩა. მფლობელი შეიცვალა მხოლოდ ერთ წელიწადში, მაშინ როცა საინვესტიციო ვალდებულებები კვლავ შეუსრულებელი იყო.
გარიგების ოფიციალური ღირებულება 2.84 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა ფინანსური სურათი გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა. ხელშეკრულების მიხედვით, „მაქრო ფროფერთი“ ვალდებულებას იღებდა, დამატებით 10.8 მილიონ ლარი გადაეხადა „რიყის დოქების“ პირვანდელი მესაკუთრისთვის – დავით ხიდაშელის ოფშორული კომპანიისთვის Global Victory Trust. შედეგად, სწორედ ხიდაშელმა მიიღო გარიგებიდან ყველაზე დიდი სარგებელი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მისმა კომპანიამ „რიყის დოქები“ თავდაპირველად 10.2 მილიონ ლარად შეიძინა, ამ ტრანზაქციამ ხიდაშელს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, დაახლოებით 600 ათასი ლარის მოგება მოუტანა.
თუმცა გარიგების პრობლემა მხოლოდ თანხები არ ყოფილა. მნიშვნელოვანი იყო ისიც, თუ ვინ ფიგურირებდა პროცესში მისი გაფორმებისას.
ქონების ყიდვისა და ტრანზაქციის განხორციელების ეტაპზე კომპანიის დირექტორად მიხეილ ტყეშელაშვილი ფიგურირებდა (ომარ ქირაჩთან ერთად). სწორედ ტყეშელაშვილი იყო ის პირი, რომელიც იმ პერიოდში მართავდა „ქართული ოცნების“ დეპუტატ გიორგი ბავერნაშვილთან დაკავშირებულ 9 კომპანიას (შპს „ჯი ჯი ჯი ჯორჯიაში“ 25%; შპს „GORAGROUP“-ში 100%; შპს „ჯი ბი ინვესტი“ 50%; შპს „Parna“ 50%; შპს „ბი-თი-ჯი“ 33%; შპს „ტექნოკლიმა“ 10%; შპს „ბიბი ჯგუფი“ 50%; შპს „ფფე“ 100%; შპს „ნამა კონსალტინგ“ 34%).
ეს ტრანზაქცია მრავალ კითხვას ბადებდა: რამდენად გამჭვირვალე იყო გარიგება და რატომ შეიცვალა მფლობელი ასეთ მცირე ვადაში, მაშინ როცა კომპანიისთვის დაკისრებული ვალდებულებები ჯერ კიდევ შეუსრულებელი იყო? ოფშორული სტრუქტურების და მფლობელობის ხშირი ცვლილებების გამო, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა საჯაროდ დადგენა, თუ ვინ აკონტროლებდა ობიექტს და ვინ აგებდა პასუხს ვალდებულებების შეუსრულებლობაზე.
ორივე გარიგება – 2022 და 2025 წლებში – შესრულდა სიმბოლურ ფასებში, მაშინ, როცა სახელმწიფოს მიერ გაწეული ინვესტიცია ათჯერ აღემატებოდა გაყიდვის ღირებულებას. ეს ქმნიდა სისტემურ ეჭვს, რომ „რიყის დოქები“ ინვესტიციების მოზიდვის ნაცვლად დახურული შეთანხმებების ინსტრუმენტად იქცა.
ვინ არის დავით ხიდაშელი?
დავით ხიდაშელი ცნობილი იყო როგორც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ფიგურა. 2007-2014 წლებში ის ხელმძღვანელობდა რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის კორპორაცია Sistema-ს, რომელსაც მჭიდრო ბიზნესკავშირები ჰქონდა ივანიშვილთან. მისი სახელი ასევე ფიგურირებდა ე.წ. „კარტოგრაფების საქმეში“, სადაც გამოძიება სწორედ ხიდაშელის მიერ გადაცემული რუკების საფუძველზე დაიწყო.
ამასთან ერთად, ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი ხიდაშელი გამოირჩეოდა დაუსრულებელი პროექტებით:
- 2018 წელს ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-მა ახტალის კურორტი შეიძინა და 12,000,000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო – 2025-ში ახტალა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ჩამოერთვა.
- 2025 წელს ჩამოერთვა ხიდაშელს კურორტი „ლიბანიც“, რომელიც მან 2021-ში შეიძინა და 8-მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
- 2022 წელს რაჭაში დიდი ფართობის ტერიტორიაზე სანადირო ლიცენზია მოიპოვა – 2023-ში ხიდაშელის კომპანიას ლიცენზია გაუუქმდა.
მიმდინარე მდგომარეობა და უსაფრთხოების რისკები
„მახინჯი დოქები“ – ასე მოიხსენიებდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ე.წ. რიყის დოქებს, რომლის მომავალიც წლების განმავლობაში გაურკვეველი იყო. კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვაზე, ხომ არ ეშინოდა კრიტიკის დემონტაჟის გამო, უპასუხა: „მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს“. მისივე თქმით, ყურადღება მიექცევა იმას, რომ „რიყის დოქების“ ნაცვლად განსახორციელებელი პროექტი ძველი თბილისის გარემოსთან იყოს შერწყმული.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დემონტაჟის საკითხზე რამდენჯერმე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კერძო მესაკუთრემ მიიღო: „ეს არის კერძო საკუთრება. შენობა წლების განმავლობაში იყო მძიმე მდგომარეობაში, აბსოლუტურად უფუნქციო და ნაგვის ბუდედ ქცეული. კერძო მესაკუთრემ მიიღო დემონტაჟის გადაწყვეტილება“. კალაძის განმარტებით, არქიტექტურის სამსახურმა ნებართვის გაცემისას ყველა არქიტექტურული მოთხოვნა შეამოწმა, ხოლო დემონტაჟის შემდეგ მესაკუთრემ ახალი პროექტი უნდა წარუდგინოს მუნიციპალიტეტს, რომელზეც ცალკე იმსჯელებენ. თუ რა აშენდება ნაცვლად – სასტუმრო თუ სხვა დანიშნულების ობიექტი – ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
2025 წლის 6 მაისის სამთავრობო განკარგულებით, თავდაპირველად სწორედ სასტუმროს მშენებლობაზე იყო საუბარი, რისთვისაც 44 მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმებოდა.
ამასთან ერთად, “რიყის დოქებზე” საუბრისას მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხიც. 2025 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერიტორიაზე მეათეკლასელი მოზარდი თხრილში ჩავარდა და გარდაიცვალა. თბილისის მერიამ მაშინვე განაცხადა, რომ შემთხვევა კერძო საკუთრებაში მოხდა და მუნიციპალური ინსპექცია კერძო, დაკეტილ ტერიტორიებს ვერ დაიცავდა. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა პასუხისმგებლობის საკითხი ამ დრომდე ღიად რჩება.
დასკვნა
„რიყის დოქების“ ისტორია ნათლად აჩვენებს, როგორ ხორციელდება საჯარო რესურსების არაეფექტიანი გამოყენება, როგორ აკლია პროცესს გამჭვირვალობა და როგორ ვერ ახერხებს სახელმწიფო ინვესტორის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას.
ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონები საბოლოოდ უსარგებლო აღმოჩნდა: შენობა წლების განმავლობაში უფუნქციოდ იდგა, ხოლო პროექტი, რომელიც ოდესღაც „ერთ-ერთ საუკეთესო არქიტექტურულ ნამუშევრად“ იყო შეფასებული, დღეს არა ქალაქის სიმბოლოს, არამედ არაეფექტიანი მმართველობის ნიმუშს წარმოადგენს.
მთელი პროცესი – აუქციონებზე ფასის კატასტროფული შემცირებით, სიმბოლურ 10 მილიონ ლარად ოფშორულ კომპანიაზე მიყიდვით, დავით ხიდაშელთან კავშირითა და შემდგომი გადაბარებების სერიით – კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს, რომ საქმე არა კულტურულ განვითარებას, არამედ შესაძლო, ფინანსურ ინტერესებსა და არაკომპეტენტურობას უკავშირდება. საბოლოო მყიდველამდე ობიექტი რამდენჯერმე „გადაბარდა“, რის შედეგადაც მოგება მაინც თავდაპირველ მყიდველთან დარჩა, ხოლო საინვესტიციო ვალდებულებები წლების განმავლობაში შეუსრულებელი რჩება.
საბოლოოდ, ორთვიან ბიუროკრატიულ პროცედურას – განცხადებიდან, კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს, ქონების ეროვნული სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურის დადებით დასკვნებამდე – მოჰყვა 25 ივნისის საბოლოო ბრძანება და მისი საჯარო დადასტურება 13 ივლისს. დემონტაჟი 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, თუმცა ის, თუ რა აშენდება „რიყის დოქების“ ადგილას და ვინ იქნება ამ ახალი პროექტის ბენეფიციარი, ჯერჯერობით ღია კითხვად რჩება.





