რეგისტრაციიდან 3 თვეში მიღებული 127 ათასლარიანი კონტრაქტი

შპს „შანო მშენი 1“ 2026 წლის 24 მარტს დაფუძნდა, ხოლო დაახლოებით სამი თვის შემდეგ, 22 ივნისს, სახელმწიფო კომპანია შპს „სთარინგ ჯორჯიამ“ მას 127 ათასლარიანი კონტრაქტი პირდაპირი, ტენდერის გარეშე შესყიდვის გზით გაუფორმა.

შპს „სთარინგ ჯორჯიას“ 100%-იანი წილის მმართველი საქართველოს კულტურის სამინისტროა. კომპანია 2024 წელს შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიასა“ და შპს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ გაერთიანების შედეგად შეიქმნა. 2025 წელს მას შპს „სერვისი 7“ შეუერთდა, რის შემდეგაც კომპანია გასართობი პარკების – „ციცინათელას“, მინიატიურების, დინოზავრებისა და მუსიკოსთა პარკების – მართვასა და განვითარებაზე გახდა პასუხისმგებელი.

„სთარინგ ჯორჯიამ“ შპს „შანო მშენი 1“-ს კონტრაქტი „ციცინათელას“ პარკის ტერიტორიაზე ატრაქციონების საძირკვლების მოწყობის სამშენებლო სამუშაოებისთვის გაუფორმა.

სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მონაცემებით, 8-9 ივნისს „სთარინგ ჯორჯიამ“ საბაზრო კვლევა ჩაატარა, თუმცა არც ერთ მიმწოდებელს განაცხადი არ წარუდგენია. ამის შემდეგ კომპანიამ ხელშეკრულება სამი თვის წინ დაფუძნებულ შპს „შანო მშენი 1“-თან გააფორმა, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვებში ან სამშენებლო სამუშაოებში წინა გამოცდილება არ უფიქსირდება.

უცნობია, რა კრიტერიუმებით შეარჩია „სთარინგ ჯორჯიამ“ სწორედ ეს კომპანია მას შემდეგ, რაც საბაზრო კვლევა უშედეგოდ დასრულდა.

შპს „შანო მშენი 1“ ემზარი შაინიძემ 2026 წლის 24 მარტს დააფუძნა. 8 ივნისს კი კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი გიორგი კიკუტაძე გახდა. მეწარმეთა რეესტრში ხელმისაწვდომი მონაცემებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე არც კომპანიას და არც მის მფლობელებს ბიზნესსაქმიანობის გამოცდილება არ უფიქსირდებათ.

სახელმწიფო შესყიდვების საუკეთესო პრაქტიკა მოითხოვს, რომ შემსყიდველმა მიმწოდებლის შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება შეაფასოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში, რადგან კომპანიის კვალიფიკაცია სამუშაოს ხარისხისა და ვადების დაცვის ერთ-ერთი ძირითადი გარანტიაა.

მსგავსი სტატიები