„ქართული ოცნების“ შემომწირველებმა შსს-ს 300-ათასიანი ტენდერი კონკურენციის გარეშე მოიგეს

2026 წლის 25 მაისს, შპს „მმს გრუპის“ მფლობელებმა სახელისუფლებო პარტიას, „ქართულ ოცნებას“, ჯამში 160 ათასი ლარი შესწირეს. დაახლოებით ორ კვირაში, 9 ივნისს, კომპანიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 300 ათასი ლარის ღირებულების ტენდერში მიიღო მონაწილეობა და კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა. ხელშეკრულება კომპანიას 19 ივნისს გაუფორმდა.

ტენდერის შესყიდვის ობიექტი კატარღის ტექნიკური მომსახურება იყო. ტენდერის გამოცხადებიდან წინადადებების მიღების დაწყებამდე ერთი კვირა იყო გათვალისწინებული, ხოლო თავად წინადადებების მიღებისთვის კი სამი დღე. ჯამში, კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მოსამზადებლად 10 დღე ჰქონდათ.

საქართველოს კანონმდებლობით, 150 ათასი ლარის და მეტი სავარაუდო ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვისთვის 10-დღიანი ვადა დასაშვებია, თუმცა ეს მინიმალური ვადაა და უფრო ნაკლები ვადის დაწესება დაუშვებელია. შესაბამისად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს კანონი არ დაურღვევია, თუმცა ასეთი სპეციფიკური და ტექნიკურად რთული შესყიდვის შემთხვევაში მინიმალური ვადის გამოყენებას შესაძლოა კონკურენცია შეეზღუდა და ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანიის მონაწილეობისთვის შეექმნა წინაპირობა.

შპს „მმს გრუპს“ ოთხი მფლობელი ჰყავს, თითოეული 25%-იანი წილით. ოთხივემ „ქართულ ოცნებას“ თანხა ერთსა და იმავე დღეს, 2026 წლის 25 მაისს, შესწირა. გურამ ველიაძემ და აკაკი მგელაძემ პარტიას 40-40 ათასი ლარი შესწირეს, ხოლო ზაურ ასაძბამ და ნინო ვარშანიძემ – 30-30 ათასი ლარი.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მფლობელებს „ქართული ოცნებისთვის“ თანხა 2025 წლის ზაფხულშიც აქვთ შეწირული. მაშინ მათმა ჯამურმა შემოწირულობამ 150 ათასი ლარი შეადგინა. 2025-2026 წლებში კი მათი საერთო შემოწირულობა 310 ათას ლარს აღწევს.

შპს „მმს გრუპი“ სახელმწიფო ტენდერებში 2017 წლიდან მონაწილეობს. ბოლო ტენდერამდე კომპანიას მოგებული ჰქონდა 18 ტენდერი, რომელთა საერთო ღირებულება 1.1 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა 2023 წლის ნოემბრის შემდეგ მას მსხვილი ტენდერი აღარ ჰქონდა მოგებული.

გარდა ამისა, კომპანიას გამარტივებული, ანუ პირდაპირი შესყიდვებით, ჯამში 241 ათასი ლარი აქვს მიღებული. მათ შორის შედარებით მსხვილი, 145 ათასი ლარის ღირებულების კონტრაქტი, მხოლოდ ერთხელ, 2022 წელს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან გაუფორმდა.

მსგავსი სტატიები