რამდენად ეფექტიანად ხარჯავს მთავრობა ფულს სოფლის მეურნეობაში?

საქართველოში სოფლის მეურნეობა ტრადიციულ და პრიორიტეტულ დარგად არის მიჩნეული. შესაბამისად, მთავრობა ცდილობს, სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელი შეუწყოს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სოფლის მეურნეობის დარგის აქტუალობას ისიც განაპირობებს, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და მისი გადამუშავებით მიღებული საკვები პროდუქტები და სასმელები საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელია.

„ფლანგვის დეტექტორმა“ შეისწავლა 2013-2025 წლებში რამდენი ფული დაიხარჯა სახელმწიფო ბუჯეტიდან სოფლის მეურნეობაზე და რა შედეგები მივიღეთ სანაცვლოდ.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით გაწეული ხარჯები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, 2013-2025 წლებში, სოფლის მეურნების ხელშეწყობის მიზნით 6.3 მილიარდ ლარამდე დაიხარჯა. 2013-2019 წლებში წლიურად საშუალოდ 220 მლნ ლარი იხარჯებოდა. აქედან ყველაზე მეტი თანხა აგროკრედიტებზე და სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციაზე იყო მიმართული. 2020-2021 წლებში დაფინანსება საშუალოდ 490 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც ძირითადად რთველის სუბსიდირების ზრდით იყო განპირობებული. 2022-2024 წლებში საშუალო ხარჯი 645 მლნ ლარი იყო. წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა აგროკრედიტებზე გამოყოფილი თანხა.

გრაფიკი 1. სოფლის მეურნეობის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მლნ ლარი

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო, ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაცია

რეკორდული თანხა 2025 წელს დაიხარჯა – 948 მლნ ლარი. აქედან, 270 მლნ ლარი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე დაიხარჯა, რაც ძირითადად რთველის სუბსიდირებაზე დახარჯული თანხაა. ერთიან აგროპროექტებზე 340 მლნ ლარი დაიხარჯა (ეს მოიცავს აგროკრედიტებზე გამოყოფილ 235 მლნ ლარსაც), სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციაზე 210 მლნ ლარი.

2026 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის დაფინანსებაზე 631 მლნ ლარია გამოყოფილი.

ცხრილი 1. სოფლის მეორნეობის მხარდამჭერი პროგრამები, რომლებზეც 2025 წელს ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო, 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში

სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდა

ნებისმიერი სექტორის, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სიდიდეს განსაზღვრავს ის, თუ რა მოცულობის დამატებული ღირებულება იქმნება ამ სექტორში. 2012 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობა 3.1 მლრდ ლარი იყო, ანუ სოფლის მეურნეობამ 3.1 მლრდ ლარის ჯამური ღირებულების პროდუქცია აწარმოა. 2025 წელს სოფლის მეურნეობამ 5.4 მლრდ ლარს მიაღწია, ანუ 2012 წელთან შედარებით 2.3-ჯერ გაიზარდა. თუმცა, ეს ნომინალური ზრდაა, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი ფასების ზრდამ შეიტანა. რეალური ზრდა არის ფასების უცვლელობის პირობებში დაფიქსირებული ზრდა, ანუ რეალურად წამოებული პროდუქციის მოცულობის ზრდა. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატი) სოფლის მეურნეობის მონაცემები მუდმივ, 2019 წლის ფასებში აქვს გამოქვეყნებული, რომლის თანახმად 2012 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობა 2.4 მლრდ ლარი იყო, ხოლო 2025 წელს 30%-ით მეტი – 4 მლრდ ლარი. 13 წელიწადში დაფიქსირებული 30%-იანი ზრდა დაბალი ზრდაა. 2013-2025 წლებში ასეთი დაბალი მაჩვენებლით საქართველოს ეკონომიკის არც ერთი სექტორი არ გაზრდილა, სოფლის მეურნეობა ბოლო ადგილზეა. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა, ანუ 3.3-ჯერ მეტად გაიზარდა, ვიდრე სოფლის მეურნეობა.

გრაფიკი 2. სოფლის მეურნეობაში შექმნილი დამატებული ღირებულება, მლნ ლარი

მონაცემთა წყარო: საქსტატი

2013-2025 წლებში სოფლის მეურნეობა წლიურად საშუალოდ 2.3%-ით იზრდებოდა, საქართველოს ეკონომიკა კი საშუალოდ 5.6%-ით. საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ პანდემიის დროს, 2020 წელს შემცირდა, სოფლის მეურნეობაში კი კლება 6-ჯერ დაფიქსირდა: 2014, 2016, 2017, 2022, 2023 და 2025 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ 2025-ში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის სუბსიდირებაში რეკორდული თანხა (948 მლნ ლარი) დაიზარჯა, სექტორში 5.7%-იანი კლება დაფიქსირდა. სოფლის მეურნეობაში მაღალ რყევებს ისიც განაპირობებს, თუ როგორი ამინდი იქნება წლის განმავლობაში.

გრაფიკი 3. სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის ზრდის ტემპები

მონაცემთა წყარო: საქსტატი

სოფლის მეურნეობა ორი მთავარი მიმართულებისგან შედგება, ესენია: მემცენარეობა და მეცხოველეობა. განვიხილოთ, თუ რა ტენდენციები დაფიქსირდა აღნიშნულ მიმართულებებში 2013-2025 წლებში.

მემცენარეობა

მემცენარეობა ორ ძირითად ნაწილად იყოფა: ერთწლიანი კულტურების და მრავალწლოვანი კულტურების წარმოებად. ერთწლიანი კულტურები მარცვლეულის, ბოსტნეულის და ბაღჩეულის წარმოებას მოიცავს.

3.1 ერთწლიანი კულტურები

ერთწლიანი კულტურების მოსავალი მნიშვნელოვნად არის დაკავშრებული ნათეს ფართობებთან. 2012 წელთან შედარებით, 2025 წელს ნათესი ფართობები 26%-ით იყო შემცირებული. საქსტატის განმარტებით, მეთოდოლოგიური ცვლილების გამო, უფრო გამართლებულია, მონაცემები 2014 წლიდან შევადაროთ ერთმანეთს. 2025 წელს, 2014 წელთან შედარებით, ნათესი ფართობები 30%-ით (83 ათასი ჰექტარით) არის შემცირებული.

ყველაზე დიდი შემცირება – 38% (44 ათასი ჰექტარი) სიმინდის ნათეს ფართობებშია. 49%-ით შემცირდა ბოსტნეულის და კარტოფილის ნათესი ფართობი. 2013 წლის შემდეგ ნათესი ფართობები ყოველწლიურად მცირდებოდა, გარდა 2020-2022 წლებისა. 2013 წელს მათი ერთჯერადად სწრაფად ზრდა უფასო ხვნა-თესვის ვაუჩერებმა განაპირობა, რომელიც მომდევნო წლებში შემცირდა, 2017 წლიდან კი აღარ რიგდება.

გრაფიკი 4. ნათესი ფართობი, ათასი ჰექტარი

მონაცემთა წყარო: საქსტატი

ნათესები ფართობების შემცირება მოსავლის კლებაზე აისახა. 2012 წელთან შედარებით, ყველაზე მეტად, 22%-ით (58 ათასი ტონით) სიმინდის მოსავალი შემცირდა. ხორბლის მოსავალი 80%-ით გაიზარდა, რაც მოსავლიანობის გაუმჯობესებამ განაპირობა და არა მეტ ფართობზე დათესვამ. ქერის შემთხვევაში მოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ მას მარცვლეულის მთლიან მოცულობაში 16% უჭირავს.

გრაფიკი 5. მარცვლოვანი კულტურების მოსავალი საქართველოში, ათასი ტონა

მონაცემთა წყარო: საქსტატი

ცალკე გამოსაყოფია კარტოფილის წარმოება, რომელსაც სასურსათო მოხმარებაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. 2012 წელს საქართველოში 252 ათასი ტონა მოსავალი მოვიდა, ხოლო 2025-ში 18%-ით ნაკლები, 207 ათასი ტონა. ამავე პერიოდში კარტოფილის ნათესი ფართობები 45%-ით შემცირდა.

გრაფიკი 6. კარტოფილის მოსავალი საქართველოში, ათასი ტონა

მონაცემთა წყარო: საქსტატი

საქართველოში კარტოფილის შემდეგ წონის მიხედვით ყველაზე მეტი პომიდორი, კიტრი, კომბოსტო და ხახვი იწარმოება. ამ ოთხ ბოსტნეულზე მოდის საქართველოში მოყვანილი ბოსტნეულის (კარტოფილის გამოკლებით) 73%. 2013-2025 წლებში პომიდორის წარმოება 5.5%-ით (3.5 ათასი ტონით) შემცირდა, კიტრის 46%-ით (18 ათასი ტონით), კომბოსტოს 53%-ით (18 ათასი ტონით), ხახვის 38%-ით (7 ათასი ტონით), ხოლო დანარჩენი ბოსტნეულის წარმოება 8%-ით (3.5 ათასი ტონით) შემცირდა. 2025 წელს ბოსტნეულით დაკავებული იყო 2-ჯერ ნაკლები მიწის ფართობი, ვიდრე 2012 წელს.

გრაფიკი 7. ბოსტნეულის მოსავალი საქართველოში, ათასი ტონა

მონაცემთა წყარო: საქსტატი

ბოსტნეულის მოსავლის შემცირება, ბოსტნეულის იმპორტის ზრდაზე აისახა, მაგალითად, 2012 წელს საქართველოში 11 ათასი ტონა პომიდორი შემოვიდა, ხოლო 2025 წელს 27 ათასი ტონა. 20212 წელს 6 ათასი ტონა კიტრი შემოვიდა, ხოლო 2025 წელს 15 ათასი ტონა.

3.2 მრავალწლოვანი კულტურები

მრავალწლოვანი კულტურები ხილს მოიცავს. მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული მიწის ფართობებზე საქსტატს მხოლოდ 2017 და 2020 წლების ინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც, ვენახებს, ხეხილის ბაღებს, ციტრუსის პლანტაციებს და კენკროვნებს ჯამში 2017 წელს 121 ათასი ჰექტარი ფართობი ეკავათ, ხოლო 2020 წელს 7 ათასი ჰექტარით მეტი – 128 ათასი ჰექტარი. ზრდა ძირითადად ვენახზე მოდის, რომელიც 2020 წელს 41 ათას ჰექტარზე იყო გაშენებული.

2025 წელს საქართველოში 607 ათასი ტონა ხილის მოსავალი მოვიდა. ხილის ჯამური მოცულობის წლების მიხედვით შედარება არ არის გამართლებული, რადგან მნიშვნელოვანია, რომელი ხილის გამო იყო კლება ან მატება. 

წონის მიხედვით, საქართველოში ხილის მოსავლის 89% ხუთ სახეობაზე მოდის, ესენია: ყურძენი, ვაშლი, თხილი, მანდარინი და ატამი. 2012 წელთან შედარებით, 2025 წელს თხილის მოსავალი გაორმაგდა, ვაშლის და ატმის 78%-ით გაიზარდა, ყურძნის 142%-ით, მანდარინის მოსავალი კი 31%-ით შემცირდა.

წონის მიხედვით, ხილის მთლიანი მოსავლის 58% მხოლოდ ყურძენზე მოდის. მევენახეობის ზრდა რუსეთის ბაზრის გახსნამ და ამ დარგის სუბსიდირების ზრდამ განაპირობა. 2012 წელთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 4-ჯერ გაიზარდა, თუმცა 2025 წელს რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 64% იყო,  2012 წელის კი 0.04%. რუსეთის გამოკლებით, 2012 წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 50%-ით (32 მლნ დოლარით) არის გაზრდილი. 2013-2025 წლებში მთავრობამ მხოლოდ მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამაზე დახარჯა მილიარდ ლარამდე, რომელიც ძირითადად რთველის სუბსიდირებას მოიცავდა. 

გრაფიკი 8. ხილის მოსავალი საქართველოში, ათასი ტონა

მონაცემთა წყარო: საქსტატი

მეცხოველეობა

სოფლის მეურნეობის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა მეცხოველეობა. 2025 წლის ბოლოს საქართველოში ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებს ჯამში 1,612 ათასი პირუტყვი (მსხვილფეხა რქოსანი, ღორი, ცხვარი და თხა) ჰყავდათ, რაც 2012 წლის მაჩვენებელზე 22%-ით ნაკლებია. ყველაზე მეტად – 36%-ით ღორების რაოდენობა შემცრიდა. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 33%-ით შემცირდა.

გრაფიკი 9. პირუტყვის რაოდენობა საქართველოში წლის ბოლოს, ათასი სული

მონაცემთა წყარო: საქსტატი

2012 წელთან შედარებით, 2025 წელს 40%-ით იყო გაზრდილი ფრინველის რაოდენობა, თუმცა, 2019-2022 წლებთან შედარებით შემცირებულია. 

გრაფიკი 10. პირუტყვის რაოდენობა საქართველოში წლის ბოლოს, ათასი სული

მონაცემთა წყარო: საქსტატი

პირუტყვის რაოდენობის შემცირება მეცხოველეობის პროდუქტის იმპორტის ზრდაზე აისახა (ცხრილი 1). 2025 წელს, 2012 წელთან შედარებით, წონის მიხედვით ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტი 64-ჯერ გაიზარდა (თუმცა, გარკვეული ნაწილი რეექსპორტზე გადის), ცოცხალი ღორების იმპორტი 12-ჯერ გაიზარდა, ცოცხალი ფრინველის 6-ჯერ. მეცხოველეობის ძირითად პროდუქტებს რაც შეეხება, მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის იმპორტია შემცირებული 12%-ით. ღორის ხორცის და შინაური ფრინველის ხორცის იმპორტი 2-ჯერ გაიზარდა, ყველის და კვერცხის 7-ჯერ, რძის 13-ჯერ.

ცხრილი 1. ცოცხალი ცხოველების და მეცხოველეობის პროდუქტის იმპორტი საქართველოში

მონაცემთა წყარო: საქსტატი

დასკვნა

2013-2025 წლებში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6.3 მილიარდ ლარამდე დაიხარჯა. თანხები ძირითადად აგროკრედიტებზე, სამელიორაციო სისტემებზე და რთველის სუბსიდირებაზე იყო მიმართული. ამასთან, სოფლის მეურნეობა გარკვეული საგადასახადო შეღავათებითაც სარგებლობს.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად არის გამოცხადებული და წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი სახელმწიფო მხარდაჭერა მიიღო, სექტორის ზრდის ტემპი საქართველოს ეკონომიკის საერთო ზრდას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 2013-2025 წლებში სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპი ეკონომიკის ზრდის ტემპზე დაახლოებით 3-ჯერ დაბალი იყო.

სექტორში არსებული ტენდენციები აჩვენებს, რომ სახელმწიფო დაფინანსების ზრდა ყველა მიმართულებით გაუმჯობესებულ შედეგებში არ ასახულა. 2025 წელს, 2012 წელთან შედარებით, ნათესი ფართობები 26%-ით შემცირდა. შემცირდა სიმინდის მოსავალი და ძირითადი ბოსტნეულის – კარტოფილის, პომიდვრის, კიტრის, ხახვისა და კომბოსტოს წარმოება. 2025 წელს ბოსტნეულით დაკავებული მიწის ფართობი 2012 წელთან შედარებით 2-ჯერ ნაკლები იყო.

მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში სურათი შედარებით განსხვავებულია. ხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი რამდენიმე კულტურაზე მოდის – ყურძენზე, ვაშლზე, თხილზე, მანდარინსა და ატამზე. 2012 წელთან შედარებით, გაიზარდა თხილის, ვაშლის, ატმისა და ყურძნის მოსავალი, თუმცა შემცირდა მანდარინის წარმოება. ამასთან, მრავალწლოვანი ნარგავების ფართობზე საქსტატს 2012 და 2025 წლების შესადარებელი მონაცემები გამოქვეყნებული არ აქვს, რაც ამ მიმართულებით სრულფასოვან შეფასებას ართულებს.

მეცხოველეობის ნაწილშიც არაერთგვაროვანი ტენდენციებია. 2013-2025 წლებში პირუტყვის რაოდენობა 22%-ით შემცირდა, ხოლო ფრინველის რაოდენობა 2012 წელთან შედარებით გაიზარდა, თუმცა ბოლო წლების მაჩვენებლებთან შედარებით შემცირებულია. პირუტყვის რაოდენობის კლებას პარალელურად მოჰყვა მეცხოველეობის პროდუქტის იმპორტის ზრდა – მათ შორის, გაიზარდა ცოცხალი ცხოველების, ღორისა და ფრინველის ხორცის, რძის, ყველისა და კვერცხის იმპორტი.

საბოლოოდ, მონაცემები აჩვენებს, რომ სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო მხარდაჭერის მასშტაბი და მიღებული შედეგები ერთმანეთთან სრულ თანხვედრაში არ არის. დაფინანსების ზრდის მიუხედავად, სექტორი ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით ნელა იზრდება, ხოლო რიგ მნიშვნელოვან მიმართულებებში – ნათეს ფართობებში, ბოსტნეულის წარმოებასა და პირუტყვის რაოდენობაში – კლებაა დაფიქსირებული. ეს გარემოება სოფლის მეურნეობაში საბიუჯეტო ხარჯების ეფექტიანობასთან დაკავშირებით დამატებით კითხვებს აჩენს.

მსგავსი სტატიები