გაჭიანურებული პროექტების მანკიერი პრაქტიკა – დედოფლისწყაროს მაგალითი

ინფრასტრუქტურული პროექტების ქრონიკული გადავადება საქართველოში ერთ-ერთ მანკიერ პრაქტიკად ჩამოყალიბდა. სამუშაოები ფორმალურად მიმდინარეობს, ხელშეკრულებები არ წყდება, კომპანიები თანხებს ეტაპობრივად იღებენ, თუმცა საბოლოო შედეგი წლობით იგვიანებს. ასეთ პირობებში მოსახლეობა ვერ იღებს იმ სიკეთეს, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება, ხოლო პასუხისმგებლობის საკითხი ხშირად გაურკვეველი რჩება.

განსაკუთრებით პრობლემურია შემთხვევები, როცა ვადების გადაწევა ერთჯერად გამონაკლისს აღარ ჰგავს და სისტემურ პრაქტიკად იქცევა: ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის ბოლო მომენტში, სამუშაოების დასრულების თარიღი თვიდან თვემდე ინაცვლებს, კონტრაქტორი კი მიღებული თანხების მიუხედავად პროექტს ვერ ასრულებს.

ამის ნათელი მაგალითია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების – ფიროსმანის, სამთაწყაროს, თავწყაროს, ჭოეთის, საბათლოსა და არბოშიკის – წყალმომარაგების სისტემის პროექტი, რომელსაც „ფლანგვის დეტექტორი“ წლებია აკვირდება. 2021 წელს დაწყებული სამუშაოები დღემდე დაუსრულებელია, ტენდენცია კი უცვლელელია. 

ქრონიკული გადავადების პრაქტიკა

ჯერ კიდევ 2025 წლის ოქტომბერში ვწერდით, რომ ხელშეკრულებაში უკვე 21-ე ცვლილება იყო შესული და სამუშაოების დასრულების ვადად 2025 წლის დეკემბერი განისაზღვრებოდა. თუმცა, 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, არსებითად არაფერი შეცვლილა – პროექტი კვლავ დაუსრულებელია, ხელშეკრულებაში კი უკვე რიგით 24-ე შეთანხმებაა გაფორმებული.

საგულისხმოა, რომ ამ 24 ცვლილებიდან 19 უშუალოდ სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევას უკავშირდება. ეს აჩვენებს არა ერთჯერად შეფერხებას, არამედ მკაფიო და მანკიერ პრაქტიკას: ვადა, როგორც წესი, წინა შეთანხმებით განსაზღვრული პერიოდის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, კვლავ იწევს.

ამის ნათელი მაგალითია ბოლო, რიგით 24-ე ცვლილება. წინა, 23-ე შეთანხმებით, სამუშაოების დასრულების ვადა 2026 წლის 31 მაისს იწურებოდა. თუმცა, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, 18 მაისს, მხარეებმა კვლავ გააფორმეს ახალი შეთანხმება და ხელშეკრულების მოქმედების ვადად ამჯერად 2026 წლის 30 ივნისი განსაზღვრეს. იმავე დოკუმენტით, 2026 წლის 4 სექტემბრამდე გახანგრძლივდა საავანსო და საბანკო გარანტიების მოქმედების ვადებიც.

ამ ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა თავდაპირველი ვადა: ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში, გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულებულიყო. შესაბამისად, პროექტი პირვანდელ გრაფიკს თითქმის ოთხი წლით ჩამორჩება.

კომპანიის ვალდებულებები და გადახდილი თანხები

ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 10,999,996.58 ლარია. სახელმწიფო შესყიდვების მონაცემებით, მიმწოდებელს უკვე მიღებული აქვს 9,034,453.52 ლარი, რაც პროექტის ბიუჯეტის 82%-ია. მიუხედავად იმისა, რომ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გადახდილია, სამუშაოები კვლავ დაუსრულებელია და პროექტი ისევ გადავადებების რეჟიმში რჩება.

ეს გარემოებები ლოგიკურ კითხვებს აჩენს შემსრულებლის – ამხანაგობა „ჯეითუნ საქართველოს ფილიალი და შპს საბას“ – შესაძლებლობებსა და სამუშაოების დაგეგმვის ხარისხზე:

რატომ ვერ საზღვრავს კომპანია, რა დრო სჭირდება სამუშაოების რეალურად დასრულებას?

თუ სამუშაოების დასრულებას დამატებითი დრო სჭირდება, რატომ არ ითხოვს კომპანია გონივრულ, ობიექტურად დასაბუთებულ ვადას და რატომ რჩება პროცესი ყოველთვიური „მიკრო-გადავადებების“ რეჟიმში?

კითხვები არსებობს შემსყიდველის – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ – მიმართაც: რატომ გრძელდება ასეთი მიდგომა მიმწოდებლის მიმართ, რომელიც 2021 წლიდან აღებულ ვალდებულებებს ბოლომდე ვერ ასრულებს და პროექტს მუდმივი ცვლილებების რეჟიმში ამყოფებს?

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კონტრაქტორს პირგასამტეხლო არც ერთხელ არ დაკისრებია.

30 ივნისი – სამუშოების დასასარული თუ მორიგი გადავადება?

ამ მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ახალ ვადამდე – 30 ივნისამდე – ორ კვირაზე ნაკლები რჩება. წინა გამოცდილების გათვალისწინებით, სწორედ ეს არის ის პერიოდი, როდესაც, როგორც წესი, ხელშეკრულებაში მორიგი ცვლილება ფორმდება და სამუშაოების დასრულების თარიღი კვლავ იწევს.

„ფლანგვის დეტექტორი“ პროცესზე დაკვირვებას აგრძელებს. უახლოეს დღეებში გამოჩნდება, გახდება თუ არა 30 ივნისი პროექტის დასრულების რეალური თარიღი, თუ ივლისში რიგით 25-ე შეთანხმების მომსწრენი გავხდებით.

წყარო: სახელმწიფო შესყიდვის კოდი NAT200016463; შეთანხმება №24 — ხელშეკრულება №T-021101.

მსგავსი სტატიები