არაკონკურენტული ტენდერები სახელმწიფო შესყიდვების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება

საქართველოში სახელმწიფო შესყიდვები ძირითადად ელექტრონული ტენდერების საშუალებით ხორციელდება. ტენდერის მიზანია ხელი შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას საქონლის და მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს შორის. თავის მხრივ, კომპანიებს შორის კონკურენცია სახელმწიფო უწყებებს ეხმარება შესყიდვებზე გამოყოფილი თანხიდან ეკონომია გააკეთოს და უკეთესი ხარისხის საქონელი და მომსახურება შეიძინოს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო წლიურ ანგარიშებში 2015 წლიდან აქვეყნებს ინფორმაციას ტენდერებში კონკურენციის შესახებ. 2015 წელს ერთ ტენდერზე საშუალოდ 2.02 პრეტენდენტი (მიმწოდებელი) მოდიოდა. 2016-2021 წლებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 2.14-ზე ნარჩუნდებოდა. 2022-2023 წლებში ტენდერებში კონკურენცია 1.93-მდე შემცირდა, 2015 წლის დონეს ჩამოსცდა. 2024 წელს 2.02-ს დაუბრუნდა, ხოლო 2025 წელს 2.22-მდე გაიზარდა.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 10 წელში კონკურენციის ზრდაში უმნიშვნელო პროგრესი გვაქვს.

შესყიდვის ობიექტების მიხედვით თუ ვნახავთ, 2025 წლის მონაცემებით, ყველაზე დაბალი კონკურენცია, 1.94 პრეტენდენტი ერთ ტენდერში, მომსახურების შესყიდვაში იყო. ყველაზე მაღალი კონკურენცია, 2.84 პრეტენდენტი ერთ ტენდერში, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაშია. თუმცა, 2017-2018 წლებში მშენებლობაში უფრო მაღალი კონკურენცია იყო (გრაფიკი 1).

ინფორმაციის წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

2015-2025 წლებში ჩატარებულ ტენდერებში კონკურენციის დონესა და თანხების ეკონომიას შორის ლოგიკური კავშირია (გრაფიკი 2). 2015-2019 წლებში ერთ ტენდერში კონკურენცია საშუალოდ 2.09 იყო, ეკონომია კი 10.3%. 2020-2021 წლებში, როდესაც კონკურენცია საშუალოდ 2.21-მდე გაიზარდა, ეკონომია 12.7%-მდე გაიზარდა. 2022-2023 წლებში კონკურენცია საშუალოდ 1.93-მდე, ხოლო ეკონომია 7.6%-მდე შემცირდა. 2024-2025 წლებში კონკურენცია 2.12-მდე გაიზარდა და დანაზოგის დონემაც იმატა. ნომინალურ რიცხვებში ეს ნიშნავს, რომ 2022-2025 წლებში კონკურენციის დონე იგივე რომ ყოფილიყო, რაც 2020-2021 წლებში იყო, სულ მცირე 600 მლნ ლარით მეტი დაიზოგებოდა.

ინფორმაციის წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ტენდერებში კონკურენციის საშუალო მაჩვენებლის დაბალ დონეზე შენარჩუნების ფონზე, სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დარეგისტრირებული მიმწოდებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2015 წელს 25,045 მიმწოდებელი იყო დარეგისტრირებული, ხოლო 2025 წელს 2.5-ჯერ მეტი, 62,579. მიმწოდებლების რაოდენობის ზრდა ტენდერებში კონკურენციის საშუალო მაჩვენებლის ზრდას უნდა იწვევდეს, თუმცა ეს შედეგი არ დადგა. არ გაზრდილა ჩატარებული ტენდერების რაოდენობა, რაც კონკურენციის შემცირების ერთ-ერთი არგუმენტი შეიძლება ყოფილიყო, პირიქით, შემცირდა: 2015 წელს 35,972 ტენდერი ჩატარდა, ხოლო 2025 წელს 26,441 ტენდერი.

მაღალია ისეთი ტენდერების წილი, სადაც მხოლოდ ერთი პრეტენდენტია და კონკურენციის გარეშე იმარჯვებს, განსაკუთრებით, მაღალბიუჯეტიან ტენდერებში. მაგალითად, 2025 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში გამოცხადებული ტენდერებიდან, სადაც შესყიდვის თანხა 5 მლნ ლარს ზემოთ იყო, 141 ტენდერია დასრულებული (ხელშეკრულება გაფორმებული), საიდანაც 38%-ში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იყო. ტენდერების 22%-ში 2 პრეტენდენტი. მინიმუმ 25 მლნ ლარის ღირებულების შესყიდვებს თუ ვნახავთ, ყოველ მეორე ტენდერში ერთი პრეტენდენტი იყო.

მსგავსი სტატიები