მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რუსული ნავთობის გადაზიდვებზე სანქციები გაამკაცრეს, აზერბაიჯანში ათობით ახალი კომპანია გაჩნდა, რომლებიც ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების მართვასთან იყვნენ დაკავშირებული. ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ამ ფირმების კავშირები ბათუმში მცხოვრებ ერთ სამეგობრო წრესთან, მათ ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან მიდის. მათი ნაწილი ამბობს, რომ საკუთარი სახელის გამოყენებაზე მეგობრის თხოვნით დათანხმდა და არ იცოდა, რომ სანქცირებულ ტანკერებთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას იღებდა.
ავტორები:
OCCRP, აიფაქტი, ფლანგვის დეტექტორი და სტუდია მონიტორი
როგორ მივიდა გამოძიება ბათუმურ წრემდე
2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ახლად დაფუძნებულმა კომპანიებმა ათობით ნავთობტანკერის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე, უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვაზე პასუხისმგებლობა აიღო.
ამ ცვლილებიდან რამდენიმე თვეში ეს ტანკერები დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების სამიზნე გახდა. კერძოდ, გემებს სანქციები მესამე ქვეყნებში რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტში მონაწილეობის გამო დაუწესეს.
ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, 2023-2025 წლებში აზერბაიჯანში სულ მცირე 31 ასეთი კომპანია დარეგისტრირდა. მოგვიანებით, ამ სუბიექტებმა „ჩრდილოვან ფლოტში“ შემავალი მრავალი გემის უსაფრთხოების მართვა გადაიბარეს.
ბევრმა აზერბაიჯანულმა კომპანიამ სანქციების დაწესებამდე, ზოგ შემთხვევაში კი სანქციების ამოქმედებიდან მალევე, გემების უსაფრთხოების მართვა საერთაშორისო კოდექსის, ISM-ის, მოთხოვნების შესაბამისად საკუთარ თავზე აიღო. იყო შემთხვევებიც, როდესაც კომპანიები ერთმანეთს ცვლიდნენ.
რეპორტიორებმა დაადგინეს, რომ თითქმის ყველა ამ ახლად დაფუძნებულ კომპანიას საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ, ძირითადად ზღვისპირა ქალაქ ბათუმიდან.
OCCRP-ისა და მისი ქართველი პარტნიორების – „სტუდია მონიტორის“, „ფლანგვის დეტექტორისა“ და „აიფაქტის“ – ჟურნალისტები დოკუმენტებში დასახელებულ ათზე მეტ წარმომადგენელს ვესაუბრეთ. მათი ნაწილი ამტკიცებდა, რომ საკუთარი მონაწილეობისა თუ კომპანიების საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა. სხვებმა კი განაცხადეს, რომ ამ ოპერაციებში გარკვეული არ იყვნენ და რეპორტიორებს 24 წლის ქართველ ალექს ლომაძესთან დაკავშირება ურჩიეს – მეგობართან, რომელიც გემების ეკიპაჟების მართვის ფირმას ხელმძღვანელობს.
იმ ადამიანებს შორის, რომელთა სახელებიც დოკუმენტებში ფიგურირებს, არის ბათუმში მცხოვრები 31 წლის ლაშა ნოღაიდელიც.. დოკუმენტების მიხედვით, ის იმ კომპანიის წარმომადგენელია, რომელიც სამი ტანკერის ტექნიკურ მართვაზეა პასუხისმგებელი. ეს ტანკერები ამჟამად დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში მონაწილეობის გამო.
„ასეთი რამ არ მახსოვს… ჩემს სახელზე არაფერი უნდა იყოს“, – უთხრა ნოღაიდელმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, აზერბაიჯანში მხოლოდ ტურისტად არის ნამყოფი და მის სახელზე არანაირი კომპანია არ უნდა ფიქსირდებოდეს.
ისააკ ლევიმ, რომელიც ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრში (CREA) ევროპა-რუსეთის პოლიტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობს, OCCRP-ს განუცხადა, რომ ISM-მენეჯმენტის კომპანიები ნაოსნობის ოპერაციების „ხერხემალია“. მისი თქმით, ისინი უზრუნველყოფენ ყველაფერს უსაფრთხოების სტანდარტების დაცვითა და ეკიპაჟის დაკომპლექტებით დაწყებული, ტექნიკური მომსახურებითა და დაზღვევის კოორდინაციით დამთავრებული. თუმცა, ჩრდილოვანი ფლოტის შემთხვევაში, ასეთი კომპანიები „ხშირად ფორმალური კანონიერების საფარქვეშ შეიძლება მალავდნენ სინამდვილეში ვინ ფლობს ან აკონტროლებს გემს.”
ლევის თქმით, ასეთი ფირმები ხშირად ისეთ იურისდიქციებს ირჩევენ, სადაც კომპანიის რეალური მფლობელებისა და ბენეფიციარების დადგენა რთულია, მარეგულირებელი კონტროლი კი – სუსტი. ეს გარემოება აადვილებს იმის დამალვას, სინამდვილეში ვინ მართავს გემს, ვინ აკონტროლებს მას და ვინ იღებს მისგან ფინანსურ სარგებელს. ლევის შეფასებით, ჩრდილოვან ფლოტში გაუმჭვირვალობა შემთხვევითი არ არის – ის ხშირად თავად სქემის ნაწილია და სანქციებთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად გამოიყენება.
სუფრიდან ჩრდილოვან ტანკერებამდე
აზერბაიჯანში კომპანიების აქციონერთა შესახებ ინფორმაცია 2012 წლიდან კომერციულ საიდუმლოებად ითვლება, რაც ჟურნალისტებს რეალური მფლობელების გადამოწმებაში უშლის ხელს. თუმცა საჯარო ჩანაწერებში მაინც ჩანს ისეთი მონაცემები, როგორიცაა დაფუძნების თარიღი, რეგისტრირებული მისამართი და მითითებული იურიდიული წარმომადგენელი.
31-ვე ფირმის წარმომადგენლების მონაცემების სოციალური მედიის პროფილებთან, საქართველოსამომრჩეველთა რეესტრთან და კორპორატიულ ჩანაწერებთან შედარებით, დავადგინეთ, რომ ესკომპანიები მეგობრების ვიწრო წრეს უკავშირდება.
ამ ადამიანების მრავალწლიანი კავშირები სოციალური მედიის პოსტებშიც ჩანს: დაახლოებით ათიკაცი, ყველა 20-დან 35 წლამდე, 2017 წლიდან მოყოლებული, სულ მცირე ოთხ სუფრაზე ერთად არისგადაღებული, მათ შორის შობის აღნიშვნისას. ამ შეკრებების მუდმივ მონაწილეებს შორის იყო ლომაძეც, ბათუმში დაფუძნებული LOMAS Maritime-ის მფლობელი.

ფოტოზე ალექს ლომაძე და მასთან დაკავშირებული პირები
აზერბაიჯანული კომპანიების წარმომადგენლებად ლომაძის წრესთან დაკავშირებული სხვა პირებიც ფიგურირებენ; ცალკეულ შემთხვევებში კი – მათი მეუღლეები და ნათესავებიც. სიაში არიან თავად ლომაძის ძმაც და ბიძაშვილიც.
ლომაძესთან პირდაპირი კავშირის პოვნა მხოლოდ ხუთ შემთხვევაში ვერ შევძელით, თუმცა 32 წარმომადგენლიდან 12-ს ტელეფონით დავუკავშირდით.
მათგან ხუთმა ლომაძე ინიციატორად დაასახელა და პირდაპირ თუ ირიბად თქვა, რომ კომპანიები მათი სახელით სწორედ მან დაარეგისტრირა, თუმცა თავად ამ კომპანიების საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდნენ.
კიდევ სამმა აზერბაიჯანულ ფირმებთან კავშირი დაადასტურა, თუმცა ლომაძე არ უხსენებია. სამმა კი ან საუბარზე უარი თქვა, ან ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
თავად ლომაძე აზერბაიჯანის კორპორატიულ ჩანაწერებში VVave Minder Shipmanagement LLC-ისწარმომადგენლად არის მითითებული. ეს კომპანია სანაოსნო ბაზა Equasis-ში ადრე რამდენიმე გემის ISM-მენეჯერად ფიქსირდებოდა, თუმცა ამჟამად მის მართვაში არცერთი გემი აღარ არის.
ამ გემებს შორის იყო სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Aktros-იც, რომელსიც დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა 2025 წელს, რუსული ნავთობის ტრანსპორტირების გამო, სანქციების სიაში შეიყვანეს.
ტელეფონით საუბრისას ლომაძემ დაადასტურა, რომ VVave Minder Shipmanagement LLC-შიწარმომადგენლად არის მითითებული. მან ასევე არ უარყო, რომ მისი სამეგობრო წრის წევრები და ნათესავები სხვა აზერბაიჯანულ კომპანიებთან არიან დაკავშირებული. თუმცა თქვა, რომ ამ ფირმებს ტანკერების მართვა ფიზიკურად ვერ შეეძლოთ და მათ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ“არაფერი იცის”.
თავდაპირველად ლომაძემ კითხვების წერილობით გაგზავნა ითხოვა, თუმცა მოგვიანებით ელფოსტით გაგზავნილ დეტალურ შეკითხვებს აღარ უპასუხა.
როგორ მოხვდნენ ქართველები აზერბაიჯანული კომპანიების დოკუმენტებში
ბათუმში მცხოვრებმა 30 წლის აკაკი ვარშანიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მეორადი ავტომობილების ნაწილებით ვაჭრობს. მიუხედავად იმისა, რომ განათლება საზღვაო მიმართულებით აქვს მიღებული, მისი თქმით, საზღვაო საქმიანობაში აღარ არის ჩართული და აზერბაიჯანშიც კი არასდროს ყოფილა.
ჟურნალისტებმა ვარშანიძეს დაურეკეს და უთხრეს, რომ ის აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენლად ფიქსირდებოდა. ეს კომპანია მცირე ხნით ორი ტანკერის ISM-მენეჯერად იყო მითითებული; ამ პერიოდში კი ორივე ტანკერს სანქციები დაუწესდა. ვარშანიძე თავდაპირველად გაოცებული ჩანდა.
„შეიძლება რამე შეცდომა იყოს?“ – გვითხრა მან, „გავარკვევ და გადმოგირეკავთ“.
მომდევნო საუბრისას ვარშანიძემ მეტი დეტალი გაიხსენა. მისი თქმით, მას და ლომაძეს ერთობლივი ბიზნესის დაწყება ჰქონდათ დაგეგმილი. ვარშანიძემ საჭირო დოკუმენტები შეაგროვა, ლომაძეს გადასცა და მინდობილობაც გაუფორმა. როგორც ამბობს, იცოდა, რომ კომპანია აზერბაიჯანში უნდა დაფუძნებულიყო, თუმცა ამ თემაზე ლომაძესთან მას შემდეგ კონტაქტი აღარ ჰქონია.
„მაშინ ამაზე ვილაპარაკეთ; რაღაცას ვაკეთებდით და მას შემდეგ აღარ შევხვედრივართ. რამდენიმე წლის წინ იყო, დოკუმენტები მოვამზადეთ და მას შემდეგ ალექსისთვის აღარ დამირეკავს. როგორც მახსოვს, მინდობილობაც გაკეთდა. მერე დრო გავიდა, ერთი თუ ორი წელი და ერთმანეთთან კონტაქტი აღარ გვქონია“, – თქვა ვარშანიძემ.
მისი თქმით, წარმოდგენა არ ჰქონდა, რისთვის იქმნებოდა კომპანია და, როგორც თავად ამბობს, ამ საკითხით არც დაინტერესებულა.
მისი ცოლი, ლაურა ჯაიანიც, კიდევ ერთი მსგავსი აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენლად არის მითითებული. ეს კომპანია იმავე ტანკერთან იყო დაკავშირებული მანამდე, სანამ მის მართვას ფორმალურად ვარშანიძის სახელზე მითითებული ფირმა გადაიბარებდა.
ვარშანიძის თქმით, მისმა ცოლმა დოკუმენტები ლომაძეს იმავე პერიოდში გადასცა. ეს ჯაიანმაც დაადასტურა: მისი თქმით, ლომაძეს ერთხელ შეხვდა, დოკუმენტები გადასცა და მინდობილობაც მისცა, თუმცა არ იცოდა, რისთვის იყო ის საჭირო. ჯაიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ტიპის კომპანია იქმნებოდა ან რა საქმიანობას უნდა ეწარმოებინა.
ჯაიანის თქმით, ალექს ლომაძე მისი მულის, ნათია ვარშანიძის ქმრის, თემურ ცინცაძის ნათესავია. თავად ნათია ვარშანიძე და თემურ ცინცაძეც სხვა აზერბაიჯანული კომპანიების წარმომადგენლებად არიან მითითებული; ეს კომპანიები ტანკერების ISM-მენეჯერებად ფიქსირდებოდნენ.
ნათია ვარშანიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ არცერთი აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენელი არ არის. მისმა ქმარმა, თემურ ცინცაძემ კი თქვა, რომ ჟურნალისტებს მისი წარმომადგენელი დაუკავშირდებოდა. ამის შემდეგ, ცინცაძეს წერილობითი კითხვებიც გავუგზავნეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.
ლომაძის ოჯახი და ქართული კომპანია სანქცირებული ტანკერის კვალზე
ლომაძე არის ქართული კომპანია „ლომასის“ დამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც ტანკერებისთვის ეკიპაჟებს უწევს რეკრუტირებას. კომპანიის ოფიციალური Facebook-გვერდის მიხედვით, „ლომასი“ რეგულარულად აქვეყნებს ვაკანსიებს გემის ეკიპაჟის პოზიციებზე.
ლომაძის ძმა, ნიკა, კიდევ ერთი აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენელია. ეს კომპანია სამი ტანკერის ტექნიკურ მენეჯერად ფიქსირდებოდა; სამივე ტანკერი დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის არის სანქცირებული.
ლომაძის მამა, თემელი, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც მოგვიანებით კერძო სექტორში გადაინაცვლა.
ევროკავშირის მიერ ნავთობტანკერ Prometei-ს სანქცირებამდე ორ თვეზე ნაკლები ხნით ადრე, აზერბაიჯანულმა ფირმამ მისი ISM-მენეჯმენტი ქართულ კომპანია Astros Pelagos LLC-ს გადააბარა.
ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ კომპანიის ერთადერთი აქციონერი და დირექტორი 65 წლის ნარგიზ ლომაძეა, ალექს ლომაძის დეიდა. კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტებში მთავარ საკონტაქტო მისამართად ალექსის პირადი ელფოსტაა მითითებული.
როდესაც ნარგიზ ლომაძეს დავუკავშირდით, მან თქვა, რომ “ლაპარაკი არ სურდა” და ტელეფონი გათიშა.
გაურკვეველია, რატომ დარეგისტრირდა კომპანია ნარგიზ ლომაძის სახელზე.
მალევე ტანკერის ტექნიკური მართვა კვლავ აზერბაიჯანულ კომპანიას დაუბრუნდა. ამ ფირმის წარმომადგენლად კიდევ ერთი ქართველი, ლევან ბელიაშვილი, არის მითითებული. მან ჟურნალისტებთან საუბარზე უარი თქვა და განაცხადა, რომ მათ მისი წარმომადგენელი დაუკავშირდებოდა. ბელიაშვილის სოციალური მედიის პროფილის მიხედვით, ის ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიაში დისტრიბუტორად მუშაობს.
როგორც ზოგიერთმა რესპონდენტმა განაცხადა, მინდობილობა უშუალოდ ალექს ლომაძეს გადასცეს, თუმცა შემდეგ აღარ დაინტერესებულან, რა მოხდა. მათ შორის არის ანრი კოკობინაძეც, კიდევ ერთი ასეთი აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენელი.
კოკობინაძის თქმით, ლომაძემ უთხრა, რომ ბიზნესის დასარეგისტრირებლად რამდენიმე ქართველი სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ მისცა მან ლომაძეს მინდობილობა. კოკობინაძე ამბობს, რომ კომპანია ლომაძესთან იყო დაკავშირებული, თუმცა თავად მის საქმიანობაში ჩართული არ ყოფილა და ვარაუდობს, რომ დოკუმენტებში მისი სახელი მინდობილობის გამო მოხვდა.
ლომაძის კიდევ ერთმა მეგობარმა, ედიშერ ჟღენტმაც თქვა, რომ არაფერი იცოდა იმ კომპანიის შესახებ, რომლის წარმომადგენლადაც არის მითითებული.
„შეიძლება ვინმეს შეეშალა. არ ვიცი, რომელ კომპანიაზე მელაპარაკებით. ვკითხავ ჩემს მეგობარს, ვისთან ერთადაც ამ კომპანიაში ვიყავი, და პასუხს მისგან მივიღებ. სანქცირებულ ტანკერზე არაფერი ვიცი, ჩემი მეგობარია, დანარჩენს გავარკვევ“, -თქვა ჟღენტმა.
კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ალექს ლომაძის კომპანიას, ჟღენტმა ეს დაადასტურა და თქვა, რომ „დანარჩენი ყველაფერი ლომაძემ იცის“. მისი თქმით, კომპანიის სახელი არ ახსოვდა, თუმცა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანში რეგისტრაციის საკითხი სწორედ ლომაძის კომპანიამ მოაგვარა.
კიდევ ერთ ასეთ აზერბაიჯანულ კომპანიაში ედიშერ ჟღენტის ძმა, გურამ ჟღენტიც არის რეგისტრირებული. ჟურნალისტებმა მასთან ტელეფონით დაკავშირება ვერ შეძლეს და წერილობითი კითხვები გაუგზავნეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
მსგავსი ისტორია აქვს ონისე ებრალიძესაც. ის აზერბაიჯანული კომპანია Nautilus Fleet Management-ის წარმომადგენლად არის მითითებული, რომელიც ოთხ სანქცირებულ ტანკერს მართავს.
როდესაც ჟურნალისტი ებრალიძეს ტელეფონით დაუკავშირდა, მან თქვა, რომ დეტალები აღარ ახსოვდა. მისი თქმით, დიდი დრო იყო გასული, რამდენიმე კომპანიის რეგისტრაციასთან ჰქონდა შეხება და ზუსტად ვერ იხსენებდა, რომელ კომპანიაზე იყო საუბარი.
ჟურნალისტებმა ებრალიძეს ჰკითხეს, როგორ შეიძლებოდა აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენლად ყოფილიყო მითითებული, თუ აზერბაიჯანში არასდროს ყოფილა. ებრალიძემ ამის ახსნა ვერ შეძლო.
მან დაადასტურა, რომ იცნობს როგორც ალექს ლომაძეს, ისე მამამისს. კითხვაზე, შესთავაზა თუ არა ოდესმე ალექს ლომაძემ აზერბაიჯანში კომპანიის რეგისტრაცია, ებრალიძემ კონკრეტული პასუხი არ გასცა – თქვა, რომ ეს შესაძლებელი იყო, რადგან სხვადასხვა საქმეში იყო ჩართული და დეტალები აღარ ახსოვდა.
„ალექსს დავურეკავ და გავარკვევ, რადგან არაფერი მახსოვს“, – თქვა მან.
ებრალიძემ ასევე ვერ დაადასტურა და ვერც უარყო, მისცა თუ არა ალექს ლომაძეს მინდობილობა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ესეც არ ახსოვდა.




