2026 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ძირითადად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა. მთავრობის №927 განკარგულების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს დაევალა სარეზერვო ფონდიდან 8 081 647 ლარის გამოყოფა, რომელიც უწყებებზე შემდეგნაირად გადანაწილდა:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – 2 422 778 ლარი;
- საქართველოს კულტურის სამინისტრო – 2 000 000 ლარი;
- საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო – 825 000 ლარი;
- საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 695 259 ლარი;
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 692 555 ლარი;
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 660 220 ლარი;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – 470 000 ლარი;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 315 835 ლარი.
როგორც სამთავრობო დოკუმენტშია აღნიშნული, გამოყოფილი დაფინანსება ნაწილობრივ ხასიათს ატარებს და ნაწილდება როგორც უშუალოდ სამინისტროებზე, ისე მათ დაქვემდებარებაში არსებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, სსიპ-ებსა და სააგენტოებზე.
„ნაწილობრივი“ დაფინანსება ნიშნავს, რომ სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის გარდა, სახელმწიფო უწყებებს 26 მაისის ღონისძიებებისთვის ხარჯები შესაძლოა საკუთარი ბიუჯეტებიდანაც გაეწიათ. თუმცა ამ ხარჯების შესახებ ერთიანად აკუმულირებული და მარტივად ხელმისაწვდომი ინფორმაცია არ არსებობს. შესაბამისად, ზუსტად განსაზღვრა, რამდენით აღემატება ღონისძიებებისთვის გაწეული ჯამური ხარჯი სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ 8 მილიონ ლარს, რთულია.
პირდაპირი შესყიდვები
თანხების გამოყოფას წინ უსწრებდა 25 მარტს გამოცემული განკარგულება (N608), სადაც კონკრეტულად იყო გაწერილი 26 მაისის ღონისძიებების გეგმა ქვეყნის მასშტაბით და მასზე პასუხისმგებელი სამინისტროები, თუ სსიპ-ები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები აჩვენებს, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციები მასშტაბური ღონისძიებების უზრუნველსაყოფად კვლავ მასობრივად მიმართავენ გამარტივებულ შესყიდვებს.
უწყებების ერთი ნაწილი, რომლებმაც გამარტივებული შესყიდვებს მიმართეს, ასევე არიან სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულთა ჩამონათვალში, შესაბამისად თანხები სავარაუდოდ სწორედ სარეზერვო ფონდიდან დახარჯეს. ხოლო, მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტრო და ასევე, ეკონომიკის სამინისტრო დაფინანსებულთა სიაში არ ყოფილან, ამიტომ სავარაუდოდ აღნიშნულმა უწყებებმა, თუ მათმა სსიპ-ებმა შესყიდვები საკუთარი ბოუჯეტიდან განახორციელეს.
წარმოდგენილი პირდაპირი შესყიდვების ჯამი 2 314 573 ლარია.
- კულტურის სამინისტრო: 440 000 ლარი პირდაპირი წესით გადაუხადა კომპანია „ალმას“ მთელ ქვეყანაში სადღესასწაულო ბანერების გასაკვრელად.
- ს.ს. „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“: სხვა თემატურ სახელმწიფო სააქციო საზოგადოებებთან ერთად, გამარტივებული წესით 657 462 ლარი მიმართა ქალაქ თელავში თემატური სივრცეების მოსაწყობად.
- შინაგან საქმეთა სამინისტრო: 469 749 ლარი მიმართა პირდაპირი წესით გორში ღონისძიებების მოსაწყობად.
- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (ეკონომიკის სამინისტროს სსიპ): 380 779 ლარი პირდაპირი შესყიდვით გამოყო ქალაქ ქუთაისში დაგეგმილი აქტივობებისთვის.
- შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“: ამბროლაურის აეროპორტში სივრცის შესაქმნელად 180 687 ლარის პირდაპირი კონტრაქტი გააფორმა.
- ინოვაციების სააგენტო – GITA (ეკონომიკის სამინისტროს სსიპ): ქუთაისში პავილიონისა და ვორქშოფებისთვის გამარტივებული წესით 126 800 ლარი დახარჯა.
- საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (ეკონომიკის სამინისტროს სსიპ): ფოთის ღონისძიებებისთვის 29 117 ლარის გამარტივებული შესყიდვა განახორციელა.
- სს „საქართველოს რკინიგზა: ბრენდირებული სუვენირების დასამზადებლად 27 979 ლარი დახარჯა პირდაპირი გზით.
რისკები
სადღესასწაულო ღონისძიებების ასეთი ფორმით დაფინანსება და გამარტივებული შესყიდვების სისტემურ გამოყენება კითხვებს აჩენს ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით. უწყებები ამ ნაბიჯს ჩვეულებრივ იმით ასაბუთებენ, რომ წინასწარ შეუძლებელი იყო შესასყიდი ობიექტების ზუსტი განსაზღვრა, რადგან ისინი დამოუკიდებლად არ მოქმედებენ, არამედ ასრულებენ მთავრობის ადმინისტრაციის ერთიან, ცენტრალიზებულ გეგმას.
თუმცა, 26 მაისის დამოუკიდებლობის დღე არ წარმოადგენს ფორსმაჟორულ ან მოულოდნელ მოვლენას – თარიღი კალენდარში ყოველწლიურად უცვლელია, რაც ხელისუფლებას აძლევს სრულ შესაძლებლობას, შესყიდვები წინასწარ, ღია და კონკურენტულ გარემოში დაგეგმოს. აღნიშნული მით უფრო რეალური იყო იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობის პირველი საკოორდინაციო განკარგულება (№608) ჯერ კიდევ მარტის ბოლოს გამოიცა, რაც ტენდერების სრულფასოვანი პროცედურებისთვის სრულიად საკმარის დროით მარაგს იძლეოდა. გარდა ამისა, პირდაპირი კონტრაქტების გაფორმება კიდევ უფრო დაუსაბუთებელია იმ უწყებებისა და სსიპ-ების მხრიდან, რომლებიც ღონისძიებებს სავარაუდოდ, საკუთარი, იანვრიდანვე დამტკიცებული წლიური ასიგნებებით აფინანსებდნენ და სარეზერვო ფონდის მიერ გამოყოფილ ტრანშებზე არ ყოფილან დამოკიდებულნი.
გამარტივებული წესით შესყიდვა თავისთავად გამორიცხავს ბაზარზე თავისუფალ კონკურენციას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კორუფციულ რისკებს და აჩენს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტურად განკარგვისა თუ ფასების ხელოვნურად გაბერვის ალბათობას. როდესაც სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა მინიმუმამდეა დაყვანილი, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები იზღუდება, რაც საბიუჯეტო პოლიტიკის გამართულობას უქმნის საფრთხეს.




