სახელმწიფო შესყიდვების საუკეთესო პრაქტიკა მოითხოვს, რომ შემსყიდველმა მიმწოდებელი კომპანიის გარკვეული კვალიფიკაციის დონე მოითხოვოს. მიმწოდებელი კომპანიის კვალიფიკაცია მისგან შესასყიდი საქონლის და მომსახურების ხარისხის და მიწოდების ვადების დაცვის ერთგვარი გარანტია, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მაღალ ბიუჯეტიან შესყიდვებს.
როდესაც შემსყიდველი მსხვილი შესყიდვის დროს პოტენციურ მიმწოდებელ კომპანიას მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ უყენებს (მაგალითად, კომპანიის გამოცდილება საქონლის და მომსახურების მიწოდებაში), ეს შესაძლო კორუფციის რისკებს ზრდის, მითუმეტეს, თუ ასეთი პრაქტიკა გამარტივებულ (პირდაპირ) შესყიდვებში გვხვდება.
„ფლანგვის დეტექტორმა“ ბოლო 6 თვის სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა, საიდანაც გამოვლინდა, რომ გამარტივებული შესყიდვების 4 შემთხვევაში და ტენდერების 6 შემთხვევაში მსხვილი კონტრაქტები გამოცდილების არმქონე, ახლად რეგისტრირებულ კომპანიებს გაუფორმდათ. ჯამში, ამ კომპანიებმა 4.7 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს. ფაქტები მოწმობს, რომ აღნიშნული კომპანიები შესყიდვებში მონაწილეობის მიზნით შეიქმნა და მანამდე არანაირ სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდნენ.
სიტუაცია კიდევ უფრო საყურადღებოა გამარტივებული შესყიდვებში. ოთხივე კომპანიის შერჩევის შემთხვევაში შემსყიდველს ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია და უცნობია, რის საფუძველზე შეარჩია გამოუცდელი კომპანიები.
„ფლანგვის დეტექტორი“ მიმართავს აუდიტის სამსახურს, აღნიშნული შესყიდვები გადაამოწმოს, როგორც შესყიდვებში არსებული ხარვეზების კუთხით, ასევე შესაძლო კორუფციულ რისკებზე.
წარმოგიდგენთ მოკლე ინფორმაციას ახლად დაფუძნებული კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხების შესახებ:
გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვები
შპს „ჯონ ველდონი“
შპს „ჯონ ველდონი“ 2025 წლის 24 ოქტომბერს დაფუძნდა და 2 კვირაში, 5 ნოემბერს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ გამარტივებული შესყიდვის გზით 16,668 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა სპეციალიზებული პროექტირების სფეროში მომსახურების გაწევაზე. 2026 წლის 24 აპრილს კი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ შპს „ჯონ ველდონს“ 111,510 ლარის კონტრაქტი გაუფორმა ინტერიერის დიზაინის მომსახურებისთვის. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შესყიდვების სისტემაში არ აქვს მითითებული, რომ მიმწოდებელი კომპანია ბაზრის კვლევის შედეგად შეარჩია, შესაბამისად, უცნობია, რა კრიტერიუმით შეარჩია აღნიშნული მიმწოდებელი.
შპს „ჯონ ველდონმა“ დაფუძნებიდან 6 თვეში სახელმწიფოსგან 128,178 ლარი მიიღო პირდაპირი კონტრაქტებით. შპს „ჯონ ველდონის“ 50-50% წილს მათე აბესაძე და ალექსანდრე ლუზაკინი ფლობენ.
შპს „გალილეო სტრატეჯი“
შპს „გალილეო სტრატეჯი“ 2025 წლის 24 ოქტომბერს დაფუძნდა და 4 თვეში, 2026 წლის 16 თებერვალს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გამარტივებული შესყიდვის გზით 99,120 ლარისღირებულების კონტრაქტი გაუფორმა სპეციალიზებული პროექტირების სფეროში მომსახურების გაწევაზე. არც ღვინის ეროვნულ სააგენტოს აქვს შესყიდვების სისტემაში მითითებული, რომ მიმწოდებელი კომპანია ბაზრის კვლევის შედეგად შეარჩია, შესაბამისად, უცნობია, რა კრიტერიუმით შეარჩია აღნიშნული მიმწოდებელი.
შპს „გალილეო სტრატეჯის“ სხვა კონტრაქტი გამარტივებული შესყიდვით ან ტენდერის გზით გაფორმებული არ აქვს.
შპს „გალილეო სტრატეჯის“ სამი დამფუძნებელი ჰყავს: გიორგი, რუხაძე, ნიკოლოზ რუხაძე და ალექსანდრე გაბუნია.
შპს „3-15“
შპს „3-15“ 2025 წლის 29 დეკემბერს დაფუძნდა და 1 თვეში, 2026 წლის 29 იანვარს თბილისის მერიის საკუთრებაში არსებულმა შსპ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ გამარტივებული შესყიდვის გზით 234,804 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა სხვადასხვა კომერციული მომსახურების გაწევაზე. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შესყიდვების სისტემაში არ აქვს მითითებული, რომ მიმწოდებელი ბაზრის კვლევის შედეგად შეარჩია, შესაბამისად, უცნობია, რა კრიტერიუმით შეარჩია აღნიშნული მიმწოდებელი.
შპს „3-15“-ს სხვა კონტრაქტი გამარტივებული შესყიდვით ან ტენდერის გზით გაფორმებული არ აქვს. შპს „3-15“-ს 100% წილის მფლობელი სალომე მაჭარაშვილია.
შპს „სახანძრო უსაფრთხოება“
შპს „სახანძრო უსაფრთხოება“ 2025 წლის 30 ოქტომბერს დაფუძნდა და 2 კვირაში, 2025 წლის 11 ნოემბერს ქვეშის საჯარო სკოლამ გამარტივებული შესყიდვის გზით 1,700 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა ხანძრის პრევენციასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე.
2025 წლის 11 ნოემბრიდან 2026 წლოს 20 მაისამდე შპს „სახანძრო უსაფრთხოებას“ 560,000 ლარისჯამური ღირებულების 75 კონტრაქტი გაუფორმეს სხვადასხვა საჯარო სკოლებმა. საჯარო სკოლებს არ აქვთ მითითებული, რომ მიმწოდებელი ბაზრის კვლევის შედეგად შეარჩიეს, შესაბამისად, უცნობია, რა კრიტერიუმით შეარჩია აღნიშნული მიმწოდებელი.
შპს „სახანძრო უსაფრთხოება“ ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღია. კომპანიის 100% წილის მფლობელი ფრიდონ მახარაძეა.
ელექტრონული ტენდერები
შპს „სამშენებლო კომპანია რონი ჯგუფი“
შპს „სამშენებლო კომპანია რონი ჯგუფი“ 2026 წლის 6 თებერვალს დაფუძნდა და 2 თვეში, 2026 წლის 7 აპრილს შუახევის მუნიციპალიტეტის ტენდერში მონაწილეობის შედეგად 289,965 ლარისღირებულების კონტრაქტი გაუფორმდა გზის შეკეთების სამუშაოებისათვის. ამის შემდეგ შუახევის მუნიციპალიტეტის გამოცხადებული კიდევ 3 ტენდერი მოიგო და ჯამში, დარეგისტრირებიდან 3 თვეში, 603,626 ლარის ჯამური ღირებულების 4 კონტრაქტი გაუფორმდა. ერთი კონტრაქტი კონკურენტის დისკვალიფიკაციის შემდეგ გაუფორმა.
შპს „სამშენებლო კომპანია რონი ჯგუფის“ 100% წილის მფლობელი შალვა მინდიაშვილია.
შპს „ტონერ სთორი“
შპს „ტონერ სთორი“ 2025 წლის 12 დეკემბერს დაფუძნდა და 3 თვეში, 2026 წლის 18 მარტს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტენდერში მონაწილეობის შედეგად 92,000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმდა საოფისე მანქანა-დანადგარების აღჭურვილობის მიწოდებისთვის. შპს „ტონერ სთორის“ ტენდერი კონკურენციის გარეშე მოიგო, მხოლოდ ის მონაწილეობდა შესყიდვაში.
შპს „ტონერ სთორის“ 100% წილის მფლობელი 2007 წელს დაბადებული (18 წლის) ნია კოკაურია არის.
შპს „პროქურმენთ ქონსალთინგი“
შპს „პროქურმენთ ქონსალთინგი“ 2026 წლის 9 თებერვალს დაფუძნდა და 2.5 თვეში, 2026 წლის 22 აპრილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ „საერთო სასამართლოების დეპარტამენტის“ ტენდერში მონაწილეობის შედეგად 107,800 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმდა კომპაქტური დისკების მიწოდებისთვის. კონტრაქტი კონკურენტის დისკვალიფიკაციის შემდეგ გაუფორმა.
შპს „პროქურმენთ ქონსალთინგის“ 100% წილის მფლობელი თამთა ქაქუჩაია არის.
შპს „აგრო ექსპრესი 2026“
შპს „აგრო ექსპრესი 2026“ 2026 წლის 9 მარტს დაფუძნდა და 1.5 თვეში, 2026 წლის 23 აპრილს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტენდერში მონაწილეობის შედეგად 2.3 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმდა სპეციალური ტექნიკით მომსახურების (დაქირავების) შესყიდვაზე. შესყიდვის გამოცხადების მომენტში კომპანია 18 დღის დაფუძნებული იყო.
შპს „აგრო ექსპრესი 2026“-ის 100% წილის მფლობელი 2000 წელს დაბადებული (25 წლის) გიგა საზანდრიშვილია.
შპს „ნიუ მილენიუმი“
შპს „ნიუ მილენიუმი“ 2026 წლის 15 იანვარს დაფუძნდა და 1 თვეში, 2026 წლის 18 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტენდერში მონაწილეობის შედეგად 124,770 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმდა სამედიცინო აირების მიწოდებისთვის. შპს „ნიუ მილენიუმმა“ ტენდერი კონკურენციის გარეშე მოიგო, მხოლოდ ის მონაწილეობდა შესყიდვაში. შესყიდვის გამოცხადების მომენტში კომპანია 12 დღის დაფუძნებული იყო.
შპს „ნიუ მილენიუმის“ 100% წილის მფლობელი არჩილ მარგებაძეა.
შპს „ქართული ხორც-პროდუქტების ფერმა“
შპს „ქართული ხორც-პროდუქტების ფერმა“ 2025 წლის 17 დეკემბერს დაფუძნდა და 12 დღეში, 2025 წლის 29 დეკემბერს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ქარელის მუნიციპალიტეტის გაერთიანების ტენდერში მონაწილეობის შედეგად 173,600 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმდა საბავშვო ბაღისთვის ხორც პროდუქტების შესყიდვაზე. აღნიშნული შესყიდვა 2025 წლის 9 დეკემბერს გამოცხადდა, შპს „ქართული ხორც-პროდუქტების ფერმა“ კი შემდგემ დარეგისტრირდა.
აღნიშნულმა კომპანიას 2026 წლის იანვარში და თებერვალში 299,610 ლარის ჯამური ღირებულების კიდევ ორი კონტრაქტი გაუფორმდა თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულები მიერ. სამივე კონტრაქტის ჯამური ღირებულება, რომელიც კომპანიამ დაფუძნებიდან მაქსიმუმ 2 თვეში გაადორმა 473,210 ლარია.
შპს „ქართული ხორც-პროდუქტების ფერის“ 60%-ს ბესიკ კახიძე ფლობს, ხოლო 40%-ს მამუკა მენთეშაშვილი.




