საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც საჯარო უწყებებში ე.წ. „შტატგარეშე“ პერსონალის კვოტას ცვლის.
ინიციატივის თანახმად, საუბარია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობაზე დაწესებული ლიმიტის ზრდაზე: მაგალითისთვის, თუ აქამდე უწყებას უფლება ჰქონდა, ყოველ 100 საშტატო თანამშრომელზე მხოლოდ 10 პირი დაესაქმებინა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, ახალი პროექტით ეს კვოტა 15-მდე იზრდება. მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფო დაწესებულებებს ეძლევათ უფლება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა 10%-დან 15%-მდე გაზარდონ. გამონაკლისია მუნიციპალიტეტები, სადაც 10%-იანი ბარიერი უცვლელი რჩება.
რა არის ე.წ. “შტატგარეშე” დასაქმება?
საჯარო სამსახურში არასაშტატო დასაქმება ორ ძირითად, განსხვავებულ სამართლებრივ ფორმას მოიცავს:
- ადმინისტრაციული ხელშეკრულება: იდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის ხელშეწყობისთვის (მაგ. თანაშემწე), ინიშნება “ზემდგომის” უფლებამოსილების ვადით.
- შრომითი ხელშეკრულება: გამოიყენება დროებითი ან არამუდმივი სამუშაოსთვის.
როგორ საბუთდება ლიმიტის ზრდა?
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილება განაპირობა 2024 წლის დეკემბერში მიღებულმა ნორმამ, რომლის თანახმადაც საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, რომლებიც მანამდე პროფესიულ საჯარო მოხელეებად ითვლებოდნენ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა კატეგორიაში გადავიდნენ.
ავტორების მტკიცებით, ვინაიდან აღნიშნულმა მაღალი რანგის მენეჯერებმა, თავიანთი სტატუსიდან გამომდინარე, უკვე “შეავსეს” ადმინისტრაციული ხელშეკრულებებისთვის განკუთვნილი არსებული 10%-იანი კვოტა, საჭირო გახდა ლიმიტის 15%-მდე გაზრდა. ინიციატივის მიზანია, უწყებებს კვლავ დარჩეთ შესაძლებლობა, რომ ამ კატეგორიაში სხვა პირებიც დაასაქმონ.
მზარდი საბიუჯეტო ხარჯები
ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი “ტექნიკური აუცილებლობა” კონტრასტში მოდის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებთან. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით:
- 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, არასაშტატო პერსონალზე (იგულისხმება შრომითი ხელშეკრულებები) 684.2 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 2024 წელთან შედარებით 15.5%-ით მეტია.
- 2018 წლიდან მოყოლებული აღნიშნული ხარჯები თითქმის ოთხჯერ გაიზარდა.
- ჯამურად, 2018-2025 წლებში, შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულებზე ბიუჯეტიდან 3.3 მილიარდი ლარი გაიცა.
ფინანსთა სამინისტრო საჯაროდ არ აქვეყნებს შტატგარეშედ (შრომითი თუ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით) დასაქმებულთა ზუსტ რაოდენობას, შესაბამისაც უცნობია – ხარჯის ზრდა ძირითადად ხელფასების მატებამ გამოიწვია თუ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდამ.
2021 წლიდან საქართველოს მთავრობა საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასს წლიურად 10%-ით ზრდის, მაგრამ შტატგარეშეებზე გაცემული თანხა წლიურად საშუალოდ 18%-ით იზრდებოდა, რაც სავარაუდოდ მიანიშნებს, რომ ხელფასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც იზრდება.
სად არის პრობლემა?
მთავარი კითხვები შერჩევის პროცესის გამჭვირვალობასა და მიზნობრიობას უკავშირდება. საშტატო პოზიციებზე მიღება მკაცრ კონკურსს მოითხოვს, ხელშეკრულებით დასაქმება კი უწყებებს დიდ დისკრეციას აძლევს, რადგან კონკურსის ჩატარება ყოველთვის სავალდებულო არ არის – განსაკუთრებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებისას. ასეთ დროს შესაძლებელია გამოყენებული იყოს გამარტივებული წესი, სადაც გადაწყვეტილება უფლებამოსილი პირის მიერ კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე მიიღება. აღნიშნული თავის მხრივს ზრდის კორუფციისა და ნეპოტიზმის რისკებს.
IDFI-ის კვლევის მიხედვით, ჯერ კიდევ 2021 წელს სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებული იყო 163,069 ადამიანი, მათგან 50,561 – ანუ 31%, შტატგარეშე მოსამსახურე იყო.
ზოგადად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმება გათვალისწინებულია მოკლევადიანი, დროებითი ან კონკრეტული ამოცანებისთვის, როდესაც ახალი შტატის დამატება არ არის მიზანშეწონილი. შესაბამისად, თუ ერთი და იგივე ტიპის სამუშაოზე ადამიანები წლების განმავლობაში სწორედ ამ ფორმით არიან დასაქმებული, ეს უკვე მიუთითებს, რომ დროებითი დასაქმების პრინციპი პრაქტიკაში შეიძლება სისტემურ ფორმად იყოს ქცეული. ასეთ ვითარებაში ჩნდება კითხვები საკადრო პოლიტიკის ეფექტიანობაზე, რესურსების მართვასა და ზედამხედველობის ხარისხზე.
ახალი კანონპროექტით, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებზე 15%-იანი ლიმიტიდან გამონაკლისის დაშვება კვლავ შესაძლებელი იქნება მთავრობის რეკომენდაციით. ეს ნიშნავს, რომ კვოტის გაზრდის მიუხედავად, ხელისუფლება ინარჩუნებს ბერკეტს, ინდივიდუალური გადაწყვეტილებებით, სურვილის შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტად გაზარდოს არასაშტატო პერსონალის რაოდენობა.




