2026 წლის 6 მარტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 13 მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიშები გამოაქვეყნა. აუდიტის შესწავლის ობიექტი ჩხოროწყუს, ცაგერის, ტყიბულის, ოზურგეთის, ხულოს, შუახევის, წალენჯიხის, ონის, აბაშის, ქედის, კასპის, ბაღდათისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტები იყო. ანგარიშები ძირითადად 2022-2023 წლებს მოიცავს, ზოგ შემთხვევაში კი 2024 წლის პირველ ნახევარსაც.
„ფლანგვის დეტექტორმა“ ეს ანგარიშები სრულად შეისწავლა. გამოვლენილი დარღვევები მხოლოდ ცალკეულ ტექნიკურ შეცდომები არ არის – ისინი მუნიციპალიტეტებში არსებული სისტემური მართვის პრობლემების სურათს აჩვენებს.
აუდიტის ანგარიშებში გამოვლენილი დარღვევებისა და ნაკლოვანებების ჯამური თანხა 68.5 მლნ ლარს აღწევს. მათ შორის:
- დაახლოებით 20 მლნ ლარამდე მოდის არაეფექტიან, დაუსაბუთებელ, კორუფციის რისკის შემცველ და გაფლანგულ ხარჯებზე;
- 38.1 მლნ ლარი დაიხარჯა უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე;
- 1.1 მლნ ლარზე მეტი მუნიციპალიტეტებმა ვერ მიიღეს დასუფთავების მოსაკრებლიდან და მუნიციპალური ქონების იჯარიდან;
- 9.5 მლნ ლარი დარჩა გამოუყენებლად, თავისუფალი საბიუჯეტო ნაშთის სახით.
მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხები მხოლოდ იმ შემთხვევებს მოიცავს, სადაც აუდიტის ანგარიშებში კონკრეტული მოცულობაა იდენტიფიცირებული. არაერთ ეპიზოდში აღწერილია არაეფექტიანი ან დაუსაბუთებელი ხარჯვა, თუმცა სავარაუდო ზარალის ოდენობა მითითებული არ არის. შესაბამისად, რეალური ფინანსური ზიანი შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს.
ძირითადი პრობლემები
ფინანსური რესურსების არაეფექტიანი მართვა
მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემები მწვავედ დგას, შესწავლილი 13 მუნიციპალიტეტიდან ცხრამ გამოყოფილი ბიუჯეტი სრულად ვერ აითვისა. წლის ბოლოს მათ ანგარიშებზე თავისუფალი ნაშთის სახით 9.5 მლნ ლარი დარჩა. ყველაზე დიდი თავისუფალი ნაშთი ტყიბულის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა – დაახლოებით 2 მლნ ლარი.
ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ ბიუჯეტებში თანხა არსებობდა, თუმცა ის დროულად ვერ გადაიქცა გზად, წყალმომარაგებად, შენობის რეაბილიტაციად ან სხვა საჭირო სერვისად.
მიუღებელი შემოსავლები
მუნიციპალიტეტები სათანადოდ ვერ ახერხებენ კუთვნილი შემოსავლების მობილიზებასაც. აუდიტის მიხედვით, დასუფთავების მოსაკრებლიდან და მუნიციპალური ქონების იჯარიდან მისაღები, თუმცა გადაუხდელი შემოსავალი ჯამში 1.1 მლნ ლარს აჭარბებს.
მაგალითად:
- კასპის მუნიციპალიტეტში მიუღებელი შემოსავალი 422 ათასი ლარია;
- შუახევში საიჯარო გადასახადისა და პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელი თანხა 181 ათას ლარზე მეტია.
კორუფციისა და ფლანგვის რისკები
შესწავლილ 13 მუნიციპალიტეტში ყველგან იკვეთება კორუფციისა და ფლანგვის რისკები. აუდიტის სამსახური ასეთ შემთხვევებს ხშირად „არაეფექტიან“, „საეჭვო“ ან „დაუსაბუთებელ“ ხარჯებად აღწერს, თუმცა მათი შინაარსი საბიუჯეტო რესურსის არამიზნობრივი ან არაეკონომიური ხარჯვის სერიოზულ ნიშნებს აჩენს.
ამ ტიპის პრობლემური ხარჯები ჯამში თითქმის 20 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორის:
- 16.4 მლნ ლარი – არაეფექტიანი და კორუფციის რისკის შემცველი ხარჯები;
- 1.2 მლნ ლარი – გაფლანგულად შეფასებული ხარჯები;
- 2.2 მლნ ლარი – დაუსაბუთებელი ხარჯები.
ყველაზე დიდი მოცულობის არაეფექტიანი და კორუფციის რისკის შემცველი ხარჯი ოზურგეთში გამოვლინდა – 7 მლნ ლარზე მეტი. აქედან 5.3 მლნ ლარი ა(ა)იპ „მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის“ დასაფინანსებლად მიმართული თანხაა. ამავე მუნიციპალიტეტში 725 ათასი ლარი შრომის ანაზღაურებაზე ისე დაიხარჯა, რომ დასაქმებულთა ყოველდღიური ფუნქციური დატვირთვა დოკუმენტურად არ დასტურდებოდა.
სახელმწიფო შესყიდვების ხარვეზები
სერიოზული პრობლემები იკვეთება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებითაც. ონის მუნიციპალიტეტში 4.3 მლნ ლარის სახელმწიფო შესყიდვები არასათანადოდ ჩატარებული ბაზრის კვლევის პირობებში განხორციელდა. აუდიტის შეფასებით, არსებობს რისკი, რომ ხელშეკრულებები საბაზრო ღირებულებაზე მაღალ ფასად გაფორმდა.
ასეთი პრაქტიკა ზრდის ეჭვს, რომ შესყიდვების ნაწილი კონკურენციისა და ეკონომიურობის პრინციპების დარღვევით ხორციელდება.
უხარისხო ინფრასტრუქტურული პროექტები
აუდიტის ანგარიშების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნაწილი ინფრასტრუქტურას ეხება. 7 მუნიციპალიტეტში გამოვლინდა ისეთი პროექტები, რომლებიც არასათანადო ხარისხით შესრულდა, მალევე დაზიანდა, სრულად ვერ ფუნქციონირებს ან დამატებით რეაბილიტაციას საჭიროებს.
ასეთ პროექტებზე ჯამში 38.1 მლნ ლარი დაიხარჯა. მათ შორის:
- ჭიათურა — 10 მლნ ლარზე მეტი;
- წალენჯიხა — 8.2 მლნ ლარი;
- ოზურგეთი — 8.2 მლნ ლარი;
- კასპი — 6.3 მლნ ლარი.
მაგალითად, ჭიათურაში მუნიციპალიტეტმა სკოლის შენობის ნაწილის შეკეთებაზე 336 ათასი ლარი დახარჯა, თუმცა სამუშაოების დასრულებიდან მალევე იმავე ობიექტის სრული რეაბილიტაცია დაიგეგმა და უკვე შესრულებული სამუშაოების დემონტაჟი განხორციელდა. ეს ნიშნავს, რომ თანხა დაიხარჯა სამუშაოზე, რომელსაც გრძელვადიანი შედეგი არ მოჰყოლია.
წყალმომარაგების სისტემური პრობლემები
რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი ცენტრალიზებულად არ მიეწოდება, მიწოდებული წყალი არ იწმინდება ან მისი ხარისხი არ მოწმდება. ზოგ შემთხვევაში წყალმომარაგებას არალიცენზირებული სუბიექტები ახორციელებენ.
მაგალითად:
- ოზურგეთში 2022-2024 წლებში საბავშვო ბაღებში ჩატარებული 160 კვლევიდან 103 შემთხვევაში წყლის ხარისხთან დაკავშირებით ნორმიდან გადახრა გამოვლინდა;
- კასპში 6,166 ოჯახს წყალი გრაფიკით მიეწოდება.
საწვავის ხარჯვის კონტროლის სისუსტე
მუნიციპალიტეტების ნაწილში საწვავი იხარჯებოდა საჯარო მოხელეების პირად საკუთრებაში არსებულ ავტომობილებზე, ხოლო კონტროლის მექანიზმები ვერ ადასტურებდა მის მიზნობრივ გამოყენებას. ზოგ შემთხვევაში დაფიქსირდა ავტომობილის ავზის მოცულობაზე მეტის ჩასხმის ფაქტებიც.
მაგალითად:
- ოზურგეთში საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებულ 51-86 ავტომობილზე 227 ათასი ლიტრი საწვავი დაიხარჯა;
- წალენჯიხაში კერძო მანქანებზე 96 ათასი ლიტრი საწვავი დაიხარჯა და ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმის 49 შემთხვევა გამოვლინდა;
- აბაშაში კერძო მანქანებზე 76 ათასი ლიტრი საწვავი დაიხარჯა და ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმის 30 შემთხვევა დაფიქსირდა.
ა(ა)იპ-ებისა და დასაქმების ხარვეზები
აუდიტის ანგარიშები აჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში ხშირია დაუსაბუთებელი დასაქმება, ფუნქციების დუბლირება და ისეთი პოზიციების არსებობა, რომელთა რეალური საჭიროება დოკუმენტურად არ დასტურდება.
მაგალითად:
- წალენჯიხაში ა(ა)იპ-მა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები იმ პირების საქმიანობაზე, რომელთა მოვალეობებად მითითებული იყო ტურიზმის აგიტაცია-პროპაგანდა, საბიბლიოთეკო სისტემის მხარდაჭერა და სხვა მსგავსი ფუნქციები;
- ჭიათურაში დასაქმებული იყო სოფლის საკლუბო დაწესებულების სპეციალისტი სოფელში, სადაც კლუბის შენობა საერთოდ არ არსებობდა;
- ოზურგეთში 725 ათასი ლარის შრომის ანაზღაურება გაიცა იმ სპეციალისტებზე, რომელთა ყოველდღიური ფუნქციური დატვირთვა არ დასტურდებოდა.
საერთო შეფასება
აუდიტის ანგარიშების სიღრმისეული შეფასება აჩვენებს, რომ შესწავლილ მუნიციპალიტეტებში პრობლემები განმეორებადი და სისტემურია. სხვადასხვა რეგიონში თითქმის ერთი და იგივე ხარვეზები ფიქსირდება: შესყიდვების სუსტი კონტროლი, უხარისხო ინფრასტრუქტურა, საწვავის არასანდო აღრიცხვა, მუნიციპალური ქონებიდან შემოსავლების ვერ მიღება, ა(ა)იპ-ების დაუსაბუთებელი დაფინანსება და წყლის ხარისხის პრობლემები.
განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური არაერთ მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით მიუთითებს – მსგავსი დარღვევები წინა წლების აუდიტებშიც იყო გამოვლენილი, თუმცა რეკომენდაციები სრულად არ შესრულდა და პრობლემები განმეორდა.
საბოლოოდ, ეს არ არის მხოლოდ ცალკეული დარღვევების ჩამონათვალი. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობების მართვის ხარისხის სურათი, სადაც მოქალაქეების ფული ხშირად იკარგება უხარისხო პროექტებში, დაუსაბუთებელ ანაზღაურებაში, სუსტ კონტროლსა და არაეფექტიან გადაწყვეტილებებში.
სრული დოკუმენტი დეტალურად აჩვენებს, რა დარღვევები გამოვლინდა თითოეულ მუნიციპალიტეტში, რა თანხებზეა საუბარი და როგორ მეორდება ერთი და იგივე პრობლემები სხვადასხვა რეგიონში.
სრული კვლევის სანახავად/ჩამოსატვირთად იხილეთ თანდართული ფაილი.




