საქართველო OGP-დან ოფიციალურად გარიცხეს

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან – OGP-დან (Open Government Partnership) – ოფიციალურად გარიცხეს.

OGP არის საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც წევრი ქვეყნებისგან გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას მოითხოვს.

ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის 2024 წელს დაწესებული დროებითი შეჩერება 2026 წლის 22 აპრილს საბოლოო გადაწყვეტილებად გადაიქცა. OGP-ის ოფიციალურ ვებგვერდზესაქართველო უკვე აღნიშნულია სტატუსით – „Withdrawn“ („გარიცხული“).

საქართველოს გარიცხვას წინ რამდენიმე ეტაპიანი პროცედურა უძღოდა.

OGP-ის წესების მიხედვით, ქვეყანა გარიცხვის რისკის წინაშე დგება მაშინ, როდესაც დადგენილვადაში არ აქვეყნებს სამოქმედო გეგმას, ვერ აკმაყოფილებს მონაწილეობის მინიმალურ სტანდარტებს ან ვერ აჩვენებს პროგრესს უკვე აღებული ვალდებულებების შესრულებაში. თუ ეს დარღვევები ორ ზედიზედ ციკლში მეორდება, ქვეყანა გადადის პროცედურული შემოწმების (procedural review) რეჟიმში. ამის შემდეგ მას შეიძლება მიენიჭოს „inactive“ („არააქტიური“) სტატუსი, რაც OGP-ის წესებით ცალკე პროცედურაა და, როგორც წესი, სამწლიანი უმოქმედობის შემთხვევაში გამოიყენება. საბოლოო ეტაპი კი სრულ გარიცხვამდე მიდის.

საქართველოს შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ ბიუროკრატიული ვადის დარღვევა არ ყოფილა. OGP-ის 22 აპრილის განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო შეშფოთება სამოქალაქო სივრცის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების მდგომარეობის გამო.

განხილვის პროცესი 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც OGP-მა საქართველოს მონაწილეობა დროებით შეაჩერა და მთავრობას მოსთხოვა, მაკორექტირებელი ნაბიჯები გადაედგა. თუმცა, 2026 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლებას არც სამოქმედო გეგმა ჰქონდა წარდგენილი და არც ისეთი ფორმალური კომუნიკაცია, რომელიც აჩვენებდა, რომ პრობლემების გამოსწორებას აპირებდა.

OGP-ის შეფასებით, საქართველოში აღარ არსებობს გარემო, სადაც ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას ღია მმართველობის პრინციპების შესაბამისად თანამშრომლობა შეუძლია.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ:

ღია მმართველობის პარტნიორობა ეფუძნება პრინციპს, რომ მთავრობებმა დასამოქალაქო საზოგადოებამ უნდა შეძლონ ერთად მუშაობა გარემოში, რომელიც ფუნდამენტურ თავისუფლებებს იცავს. ყოვლისმომცველი და სამართლიანი განხილვისშემდეგ, დასკვნა ისაა, რომ ეს პირობები საქართველოში ამჟამად არ არის დაცული.“

ერთ დროს ლიდერი

ისტორიული კონტექსტისთვის მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ 2018 წელს საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა იყო. თბილისი მასპინძლობდა გლობალურ სამიტს, ხოლო საქართველო ღია მმართველობის სფეროში რეგიონის ლიდერად მიიჩნეოდა.

თუმცა, ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა – მათ შორის, სამოქალაქო სექტორზე ზეწოლამ და შემზღუდავი კანონების მიღებამ – ქვეყანა OGP-ის რეაგირების პოლიტიკის ფარგლებში მოაქცია.

2024 წელს დაწყებული პროცედურული მიმოხილვა საბოლოოდ წევრობის შეჩერებით დასრულდა, რადგან საქართველომ ვერ შეძლო პარტნიორობის ფუნდამენტური პრინციპების – სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისა და ღიაობის – დაცვა.

OGP-ში საქართველოს ისტორია მხოლოდ საგარეო იმიჯს არ უკავშირდებოდა. ის ასახავდა პოლიტიკურ ამბიციას, რომ სახელმწიფო უფრო ღია, პროგნოზირებადი და მოქალაქეზე ორიენტირებული გამხდარიყო.

OGP-დან გარიცხულები

OGP-დან გარიცხვა მმართველობის ხარისხის გაუარესებაზე მიუთითებს.

ამ გადაწყვეტილებით საქართველო იმ ქვეყნების მცირე სიაში მოხვდა, რომლებმაც გამჭვირვალობის სტანდარტები ვერ დააკმაყოფილეს: ავღანეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, ელ სალვადორი, ტანზანია და სხვები. მიზეზები სხვადასხვა იყო, გარემოებები – განსხვავებული, მაგრამ შედეგი ერთია.

საქართველოს OGP-დან გასვლა მხოლოდ სიმბოლური დანაკარგი არ არის. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანამ დაკარგა კიდევ ერთი საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც ხელისუფლებას ღიაობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტების დაცვისკენ უბიძგებდა.

ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის ექსპერტი ნინო დოლიძე:

„OGP- ინიციატივიდან საქართველოს გარიცხვა ნიშნავს, რომ ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა მთავრობის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, ხოლო მოქალაქეებმა დაკარგეს საკუთარი ხელისუფლების კონტროლის შესაძლებლობა.“

ქვეყნის რეპუტაციის თვალსაზრისით, OGP-დან გარიცხვა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა, რადგან აჩენს განცდას, რომ ქვეყანა საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების სულ უფრო შორდება. ასეთი გადაწყვეტილებები აზიანებს საქართველოს სანდოობას პარტნიორების თვალში და ასუსტებს მის იმიჯს, როგორც სახელმწიფოს, რომელსაც ღიაობისა და კარგი მმართველობის პრეტენზია აქვს.

მსგავსი სტატიები