ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სასკოლო განათლების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამავე პერიოდში განათლების ხარისხის მაჩვენებლები გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესდა, რაც მიუთითებს, რომ დაფინანსების ზრდასთან ერთად საჭიროა შედეგებზე ორიენტირებული და ეფექტიანი სისტემური რეფორმები.
სასკოლო განათლების დაფინანსება ბიუჯეტიდან
2015-2025 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სასკოლო განათლების დაფინანსება თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და 2025 წელს 2.1 მილიარდი ლარი დაიხარჯა.
გრაფიკი 1. სასკოლო განათლების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან (კაპიტალური ხარჯების ჩათვლით), მლნ ლარი

წყარო: ფინანსთა სამინისტრო
2026 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სასკოლო (ზოგად) განათლებაზე 2.4 მილიარდი ლარი დაიხარჯება. აქედან, 1.7 მილიარდი ლარი სკოლების მიმდინარე ხარჯების დაფინანსებაა (ვაუჩერული სისტემით). ცალკე არის თანხა გამოყოფილი უსაფრთხო გარემოზე, მოსწავლეების სახელმძღვანელოებით და კომპიუტერებით უზრუნველყოფასა და სკოლების ინფრასტრუქტურის აშენება-რეაბილიტაციაზე.

წყარო: ფინანსთა სამინისტრო
2014 წელს მთავრობა ერთ მოსწავლეზე წლიურად საშუალოდ 1,049 ლარს ხარჯავდა (კაპიტალური ხარჯების ჩათვლით), 2025 წელს კი 3,609 ლარი დახარჯა. ერთ მოსწავლეზე საშუალო ხარჯიც თითქმის 4-ჯერ არის გაზრდილი. ინფლაციას, ანუ ფულის მსყიდველობითი უნარის შემცირებას თუ გავითვალისწინებთ, 2025 წელს 2014 წელთან შედარებით, ერთ მოსწავლეზე საშუალო ხარჯი 2-ჯერ არის გაზრდილი.
გრაფიკი 2. სახელმწიფოს მიერ ერთი მოსწავლის განათლების დაფინანსების საშუალო ხარჯი, ლარი

მონაცეთმა წყარო: ფინანსთა სამინისტრო, საქსტატი
სასკოლო განათლების ხარისხი
ფინანსური რესურსების ზრდის პარალელურად სასკოლო განათლების ხარისხიც უნდა გაუმჯობესებულიყო, თუმცა არსებული მონაცემები საპირისპიროს აჩვენებს.
სასკოლო განათლების ხარისხის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტრუმენტია OECD-ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა – PISA. კვლევა მსოფლიოს 80 ქვეყანაში 3-4 წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში მონაწილეობენ 15 წლის მოსწავლეები. შეფასება ფარავს სამ ძირითად მიმართულებას: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, მათემატიკასა და წაკითხული ტექსტის გააზრებას.
საქართველო PISA-ს კვლევაში 2009 წლიდან მონაწილეობს. ყველაზე კარგი შედეგები 2015 წელს ჰქონდა, მას შემდეგ კი რეგრესს განიცდის. 2015 წელს საქართველოს ქულა მათემატიკაში 404 იყო, 2018-ის და 2023 წლის კვლევებით შემცირდა და ბოლო მონაცემებით 390-ია. მეცნიერებების ქულა 411-დან 384-მდე შემცირდა, წაკითხულის შინაარსის გააზრება 401-დან 374-მდე.
გრაფიკი 3. საქართველოს ქულა PISA-ს კვლევებში

წყარო: The Programme for International Student Assessment (PISA)
80 ქვეყანას შორის საქართველო მათემატიკაში მე-60 ადგილზეა, ხოლო მეცნიერებებსა და წაკითხულის გააზრებაში – 66-ე ადგილზე. კვლევაში ძირითადად ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები მონაწილეობენ, თუმცა საქართველოს წაკითხულის გააზრებაში ისეთ ქვეყნებიც უსწრებენ, როგორებიცაა ვიეტნამი, სერბეთი, უკრაინა, ყაზახეთი, მოლდოვა, მონღოლეთი, იამაიკა და პერუ.
ყველაზე სავალალო შედეგი, რაც საქართველოსთან დაკავშირებით PISA-ს კვლევამ აჩვენა, არის ის, რომ 15 წლის მოსწავლეთა მხოლოდ 33%-ს გამოაქვს წაკითხულიდან აზრი სათანადო დონეზე, 67%-ს კი ვერ გამოაქვს. შედარებისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში საშუალოდ 74%-ს გამოაქვს სათანადოდ წაკითხულიდან აზრი. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სინგაპურშია – 89%.
PISA-ს მომავალი კვლევის შედეგები 2026 წლის ბოლოს გამოქვეყნდება.
განათლების პოლიტიკის აქცენტები და შედეგები
მთავრობის მხრიდან სასკოლო განათლების ზრდას რომ განათლების ხარისხის ზრდა არ მოჰყვა, გასაკვირი არ არის. საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ნაკლებად არის ორიენტირებული სასკოლო განათლების ხარისხის ამაღლებაზე.
სასკოლო განათლება საქართველოს განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან ფინანსდება და ცალკე პროგრამად არის გამოყოფილი. 2026 წელს ბიუჯეტიდან სასკოლო განათლებაზე 1.9 მილიარდი ლარია გათვალისწინებული (კაპიტალური ხარჯების გარეშე). პროგრამის აღწერაში მიზნად დასახელებულია „ზოგადი განათლების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“, თუმცა წარმოდგენილი შედეგობრივი ინდიკატორები ძირითადად ინფრასტრუქტურულ და ადმინისტრაციულ პარამეტრებს მოიცავს. მათ შორისაა ინტერნეტით აღჭურვილი სკოლების რაოდენობის ზრდა, ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილე მოსწავლეების რაოდენობის ზრდა და ავტორიზებული სკოლების რაოდენობის ზრდა.
ამავე ბიუჯეტიდან 1.7 მილიარდი ლარი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების ქვეპროგრამაზე უნდა დაიხარჯოს, რაც ძირითადად სკოლების ვაუჩერულ დაფინანსებას გულისხმობს. ქვეპროგრამის აღწერა ყურადღებას ამახვილებს სკოლების დაფინანსებაზე, თუმცა ნაკლებად უკავშირდება უშუალოდ განათლების ხარისხის გაუმჯობესების შეფასებად მიზნებს.
ამ ფონზე, სასკოლო განათლების ხარისხის გაუმჯობესება კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა, რამდენად უწყობს ხელს მიმდინარე თუ დაანონსებული ცვლილებები, მაგალითად, სავალდებულო სასკოლო ფორმა, სწავლის ხანგრძლივობის 12 წლიდან 11 წლამდე შემცირება და ყველა სკოლაში ერთი და იმავე სახელმძღვანელოს გამოყენება, სწავლების ხარისხის ზრდას.




