სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე 684.2 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 15.5%-ით აღემატება. ამავე მონაცემებით, 2018 წლიდან ასეთი ხარჯების ზრდა განსაკუთრებით დაჩქარდა და ბოლო რვა წელში თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. 2018-2025 წლებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულებზე ჯამურად 3.3 მილიარდი ლარი დაიხარჯა.
ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულებზე გაწეული ხარჯის ჯამურ მოცულობას აქვეყნებს. შესაბამისად, საჯაროდ არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანი იყო ამ ფორმით დასაქმებული, რომელ უწყებებში იყვნენ ისინი განაწილებული და ხარჯის ზრდა ძირითადად ხელფასების მატებამ გამოიწვია თუ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდამ.
2021 წლიდან საქართველოს მთავრობა საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასს წლიურად 10%-ით ზრდის, მაგრამ შტატგარეშეებზე გაცემული თანხა წლიურად საშუალოდ 18%-ით იზრდებოდა, რაც მიანიშნებს, რომ ხელფასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც იზრდება.

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო
ზრდის ტენდენციას ადასტურებს IDFI-ის კვლევაც, რომლის მიხედვითაც, 2013-2021 წლებში შტატგარეშე თანამშრომლებზე გაწეული ხარჯები საშუალოდ წლიურად 20%-ით იზრდებოდა. ამავე კვლევის თანახმად, 2021 წლის მდგომარეობით, სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებული იყო 163,069 ადამიანი, მათგან 50,561, ანუ 31%, შტატგარეშე მოსამსახურე იყო.
სად არის პრობლემა?
საჯარო სამსახურში შტატით განსაზღვრულ პოზიციებზე ახალი თანამშრომლების დასაქმება, როგორც წესი, კონკურსის გამოცხადებასა და კანონით განსაზღვრული პროცედურების გავლას მოითხოვს. ეს მექანიზმი მიზნად ისახავს შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და თვითნებური გადაწყვეტილებების რისკის შემცირებას.
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში კი კონკურსის ჩატარება ყოველთვის სავალდებულო არ არის. ასეთ დროს შესაძლებელია გამოყენებული იყოს გამარტივებული წესი, სადაც გადაწყვეტილება უფლებამოსილი პირის მიერ კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე მიიღება. ეს მოდელი ინსტიტუციას მეტ დისკრეციას აძლევს, თუმცა ამავე დროს აჩენს კითხვებს შერჩევის პროცესის გამჭვირვალობასა და თანაბარ ხელმისაწვდომობაზე.
ზოგადად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმება გათვალისწინებულია მოკლევადიანი, დროებითი ან კონკრეტული ამოცანებისთვის, როდესაც ახალი შტატის დამატება არ არის მიზანშეწონილი. შესაბამისად, თუ ერთი და იგივე ტიპის სამუშაოზე ადამიანები წლების განმავლობაში სწორედ ამ ფორმით არიან დასაქმებული, ეს უკვე მიუთითებს, რომ დროებითი დასაქმების პრინციპი პრაქტიკაში შეიძლება სისტემურ ფორმად იყოს ქცეული. ასეთ ვითარებაში ჩნდება კითხვები საკადრო პოლიტიკის ეფექტიანობაზე, რესურსების მართვასა და ზედამხედველობის ხარისხზე.
კანონმდებლობა ასევე აწესებს ანაზღაურების ზედა ზღვარს. საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის მიხედვით, 2026 წელს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა მაქსიმალური თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს საბაზისო თანამდებობრივი სარგოს – 1,600 ლარის – ოთხმაგ ოდენობას, ანუ 6,400 ლარს.




