დეპუტატის შეუთავსებელი საქმიანობა: ვარლამ ლიპარტელიანი და შპს „ლიპო“

საქართველოს XI მოწვევის პარლამენტში არაერთი ყოფილი სპორტსმენია. მათ შორის არის ვარლამ ლიპარტელიანი – წარმატებული ქართველი ძიუდოისტი. ლიპარტელიანი 2024 წლის 25 ნოემბრიდან არის პარლამენტის წევრი, როგორც სამგორის რაიონის დელეგატი. ამასთანავე, ის პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებს.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატისთვის შეუთავსებელია სამეწარმეო საქმიანობა. ნორმა პირდაპირ ამბობს: „პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას“. მეტიც, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა შეიძლება გახდეს პარლამენტარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველიც.

ჩვენ შევამოწმეთ, ეწევა თუ არა ლიპარტელიანი ისეთ საქმიანობას, რომელიც შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს მის საპარლამენტო სტატუსთან. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ლიპარტელიანი დაკავშირებულია ორ კომპანიასთან – როგორც მეწილე და/ან ხელმძღვანელი: შპს„ლიპო“ და შპს „ჩემპიონთა სახლი“.

საჯარო რეესტრის უახლესი ამონაწერის თანახმად, ლიპარტელიანი შპს „ლიპოს“ 100%-იანი წილის მფლობელია და ამავე დროს ამ კომპანიის დირექტორის თანამდებობაც უკავია. მიუხედავად იმისა,რომ 2025 წლის დეკლარაციის მიხედვით ლიპარტელიანს შპს „ლიპოდან“ შემოსავალი არ უფიქსირდება, დირექტორად ყოფნა კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის. კერძოდ, რეგლამენტი კრძალავს, რომ დეპუტატმა:

უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან/და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებები“ (მუხლი 10).

რეგლამენტის მესამე თავის მე-9 მუხლი ასევე განსაზღვრავს პროცესს: თუ პარლამენტის წევრის მხრიდან სამეწარმეო საქმიანობის ნიშნები ფიქსირდება, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 10 დღის ვადაში უნდა გამოითხოვოს შესაბამისი წერილობითი მასალა, მოისმინოს დეპუტატის ახსნა, მოამზადოს დასკვნა და, დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, პარლამენტის ბიუროს წინაშე დააყენოს მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

რაც შეეხება შპს „ჩემპიონთა სახლს“, აქ ვარლამ ლიპარტელიანი კომპანიის 50%-იანი წილისმფლობელია. 2025 წლის დეკლარაციის მიხედვით, მან ამ კომპანიიდან 21 950 ლარის ოდენობითშემოსავალიც მიიღო.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა პირდაპირ არ განსაზღვრავს, არის თუ არა დეპუტატისთვის კომპანიაში მხოლოდ წილის ფლობა შეუთავსებელი საქმიანობა. ეს საკითხი დღემდე ღიად რჩება და შესაძლოა სასამართლო განმარტებას საჭიროებდეს. თუმცა ერთი რამ ცალსახაა: დეპუტატს არ აქვს უფლება იყოს კომპანიის დირექტორი და ამ გზით უშუალოდ მონაწილეობდეს სამეწარმეო საქმიანობაში.

ლიპარტელიანი პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით შევიდა, თუმცა მალევე, 2025 წლის 5 თებერვალს, დატოვა მმართველი პარტიის რიგები და ფსევდო ოპოზიციურ ჯგუფ „ევროპელ სოციალისტებს“ შეუერთდა. ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე თვეში მან აღნიშნული ჯგუფიც დატოვა და კვლავ, ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციაში დაბრუნდა.   

მსგავსი სტატიები