“მაქრო ქონსთრაქშენის” თანამშრომლების ხელფასმა თვეებით დააგვიანა, რასაც მათი პროტესტი მოჰყვა.
მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან ერთად „მაქრო ქონსთრაქშენს“ 77₾-მილიონზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერები აქვს მოგებული.
მათ შორის ერთ-ერთი, ზუგდიდის სტადიონის დასრულებას ითვალისწინებდა, თუმცა 4 წლის დაგვიანებისა და 4.2 მილიონი ლარის მიღების შემდეგ, ახალი ტენდერი გამოცხადდა.
ამჟამად კომპანია ქვეკონტრაქტორად მუშაობს საგარეჯო-ბაიდაურის მონაკვეთის გაყვანაზე, რომლის ₾277 მილიონიანი ტენდერი თურქულმა კომპანიამ მოიგო.
„მაქრო ქონსთრაქშენის“ მფლობელი ემინ უჩარი წარსულში ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ავტოკრატ მმართველებთან დაკავშირებული პირია.

2025 წლის 4 თებერვალს ონლაინ მედია „მაუწყებელმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში, მაგისტრალის მშენებლობაზე, კომპანია „MAQRO Construction“ 200-ზე მეტ დასაქმებულს თითქმის სამი თვეა ხელფასებს უგვიანებს. მაქრო ქონსთრაქშენს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს 77₾-მილიონზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერები აქვთ მოგებული. სწორედ ამ კომპანიასთანაა დაკავშირებული ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის დასრულების პრობლემური 4.2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი. „ფლანგვის დეტექტორი“ შეეცადა მოეძიებინა დამატებითი ინფორმაცია წარმოგიდგენთ „მაქრო ქონსთრაქშენის“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების მოკლე მიმოხილვას.
„ფლანგვის დეტექტორმა“ კომენტარისთვის „მაქრო ქონსთრაქშენს“ მიმართა და პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.
საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთი
„დღეს ძაან ცუდი ვითარებაა… არ დაილია მათი არც ორშაბათი, არც სამშაბათი, არც პარასკევი, არც ხუთშაბათი, არც ხვალე, არც ზეგე… მე, მაგალითად, მაქვს ასაღები ახლა იანვრის თვის ამ წლიდან, მიმდინარე წლიდან. დანარჩენს აქვს ნოემბერ-დეკემბერი კიდევ ასაღები.“
– რომან გაბაიძე, ერთ-ერთი დასაქმებული. ინტერვიუ „მაუწყებელთან“
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარე პროექტზე, საგარეჯო-ბადიაურის 17-კმიანი გზის მონაკვეთზე მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის (WB) მიერ.
ამ პროექტთან დაკავშირებულია ტენდერი, რომელშიც 2023 წლის თებერვალში გაიმარჯვა თურქულმა კომპანიამ Gocay Insaat Taahhut ve Ticaret Anonim Sirketi-მ. შესრულებული სამუშაოებისთვის კომპანია 276.7 მილიონ ლარს მიიღებს. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 2025 წელს დასრულდება.
აღნიშნული კომპანია და MAQRO Construction, რომლის მიერ ხელფასების დაგვიანებას აპროტესტებენ დასაქმებულები, დაკავშირებულნი არიან სხვა ტენდერითაც. ორივე კომპანიამ, ერთობლივი შენატანით, გაიმარჯვა 149.9 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში, რომლის ფარგლებშიც საგარეჯოს შემოსავლელი გზა გაიყვანეს. სავარაუდოა, რომ საგარეჯო-ბადიაურის გზის გაყვანის პროექტში „მაქრო ქონსთრაქშენი“ Gocay Insaat Taahhut ve Ticaret Anonim Sirketi-ის ქვემოიჯარეა.
„მაქრო ქონსთრაქშენი“ და დაკავშირებული კომპანიები
„მაქრო ქონსთრაქშენის“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების მფლობელი ემინ უჩარია. „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გაშუქების პროექტისა“ (OCCRP) და „აი, ფაქტის“ ერთობლივი გამოძიების მიხედვით, წარსულში ემინ უჩარი აზერბაიჯანში მდებარე ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ავტოკრატი მმართველების, თალიბოვების ოჯახის აგენტად მოქმედებდა.
ემინ უჩარი საქართველოში ფლობს შემდეგ კომპანიებს: „შპს მაქრო ქონსთრაქშენ”, „შპს მაქრო ფუდი“, „შპს MAQRO“, „შპს მაქრო ტურიზმ“, „შპს მაქრო დეველოპმენტ“ და “ შპს ჯერმან ცემენტ ლტდ“.
ჯამში, ზემოთაღნიშნული ერთობლივი ტენდერის გამოკლებით, ემინ უჩარის კომპანიებს საქართველოში 77.4 მილიონზე მეტი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვები აქვთ მოგებული.
რაც შეეხება „მაქრო ქონსთრაქშენს“, აღნიშნულ კომპანიასთანაა დაკავშირებული ზუგდიდში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პრობლემური ტენდერი, რომლის შესახებაც „ფლანგვის დეტექტორს“ არაერთხელ უცნობებია საზოგადოებისთვის.
ზუგდიდში, ჯანაშიას ხუთ ნომერში მდებარე სტადიონზე სამუშაოები 2020 წლის 8 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადამ 2024 წლის 15 აპრილამდე გადაიწია. „მაქრო ქონსთრაქშენს“ ამ ტენდერში სახელმწიფოსგან 4,266,232 ლარი აქვს მიღებული. საინტერესოა, რომ ამავე წლის მაისში მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი ტენდერი გამოაცხადა, ზუგდიდში სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოების შესასყიდად. ამ სამუშაოსთვის ფონდი 16.1 მილიონ ლარს გადაიხდის.
უკვე 8 წელია, “ფლანგვის დეტექტორში” ვიძიებთ, ვამოწმებთ, ვაანალიზებთ, რათა იცოდე, რაში ხარჯავენ ჩვენს საერთო რესურსებს. ეს საქმე მარტივი არაა. ხელისუფლებას არ სურს, რომ ვმუშაობდეთ, მაგრამ ჩვენ ისევ აქ ვართ, რადგან მიგაჩნია, რომ სიმართლემ გზა ყველგან უნდა გაიკვალოს.
თუ ფიქრობ, რომ ჩვენი კვლევები მნიშვნელოვანია, შეგვიძლია, ეს საქმე ერთად გავაგრძელოთ. შენი მხარდაჭერა ნიშნავს მეტ სიმართლეს, მეტ გამჭვირვალობას და მეტ ანგარიშვალდებულებას.
დაგვიჭირე მხარი Freedonation.ge-ზე – დაგვეხმარე, რომ დაგეხმაროთ.
წყაროები:
საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა
კახეთის ავტობანის შემადგენელი საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა იწყება
პროექტები თბილისი-საგარეჯოს ახალი გზა
აი, ფაქტი – აზერბაიჯანელ დიქტატორთან დაახლოებული პირის ბიზნეს-იმპერია საქართველოში





