ვაკის პარკის ტრაგედიიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ, შპს „გრინსერვისი +“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას აგრძელებს. 2026 წლის მაისში კომპანიასთან კიდევ ერთი, 9.3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.
ახალი 9-მილიონიანი ტენდერი: ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება
2026 წლის მაისში საქართველოში კიდევ ერთი მსხვილი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც საქართველოს იურისდიქციას დაქვემდებარებულ ყველა მუნიციპალიტეტში (ქალაქ თბილისის მერიის გარდა) ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი ხე-მცენარეების მიწოდებასა და თანმდევ მომსახურებას ითვალისწინებს, კომპანია შპს „გრინსერვისი +-მა“ მოიგო. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 9,371,340 ლარს შეადგენს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვაში სულ სამი პრეტენდენტი მონაწილეობდა. „გრინსერვისი +-ის“ მიერ შეთავაზებული ფასი საშუალო იყო, თუმცა ყველაზე დაბალფასიანი კონკურენტის („სს ტექნოლოჟი გელიშთირმე გრუბუ სანაი ვე თიჯარეთის ფილიალი საქართველოში“) დისკვალიფიკაცია „ტექნიკური დოკუმენტაციის გამო“ მოხდა. შედეგად, მრავალმილიონიანი ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელიც ძალაში 2028 წლის 31 დეკემბრამდე იქნება.
მარიტას საქმე: 13-მილიონიანი კონტრაქტი და ფატალური რეაბილიტაცია
თბილისის მერიამ დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი რეკრეაციული სივრცის, ვაკის პარკის განახლება 2020 წელს დაიწყო და პროცესი რამდენიმე ეტაპად დაყო. ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური ნაწილი – პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები – თბილისის მერიამ შპს „გრინსერვისი +-ს“ ჩააბარა. ამ ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ კომპანიას 12,979,867 ლარი განესაზღვრა.
სამუშაოები დასრულებულად გამოცხადდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ვიზუალური ეფექტის მიღმა მძიმე ინფრასტრუქტურული ხარვეზები იმალებოდა. რეაბილიტირებული ვაკის პარკის საზეიმო გახსნიდან სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, 2022 წლის 13 ოქტომბერს, შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ორი გადარჩა, თუმცა მესამე – 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
2022 წლის 18 ოქტომბერს სამართალდამცავებმა აღნიშნულ საქმეზე საქმეზე 9 პირი დააკავეს. მათ შორის იყვნენ შპს „გრინსერვისი +-ისა“ და საექსპერტო ბიურო „მშენ-ექსპერტის“ დირექტორები, თანამშრომლები, კერძო ელექტროშემდუღებლები და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. გამოძიება დაკავებულ პირებს სამსახურებრივ გულგრილობასა და სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავებოდა.
მოგვიანებით, 2023 წლის ივლისში, სასამართლომ “გრინსერვისი +”-ის დამფუძნებელს, ლაშა ფურცხვანიძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რა გაირკვა: ტრაგედიის ტექნიკური და კორუფციული ქრონოლოგია
გამოძიების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებითა და ექსპერტიზის დასკვნებით, დეტალურად აღდგა სურათი, თუ როგორ მივიდა პროექტი ფატალურ შედეგამდე:
- ხარვეზი მუშაობის პროცესში: შადრევნის რეაბილიტაციის დროს, ელექტროშემდუღებლებმა დააზიანეს წყალქვეშა განათების კაბელის იზოლაცია, რის გამოც ელექტროდენი ღია კონტაქტში შევიდა წყალთან. შადრევანში უსაფრთხოების დამიწების სისტემა გამართულად არ მუშაობდა.
- საექსპერტო შემოწმების ეტაპი: მერიაში სამუშაოების ჩასაბარებლად, „გრინსერვისი +-ს“ სჭირდებოდა აკრედიტებული ორგანოს, შპს „მშენ-ექსპერტის“ დასკვნა. ექსპერტებმა რეალურად მხოლოდ დახარჯული ფულისა და მასალების მოცულობა გადაამოწმეს, ხოლო ტექნიკური და უსაფრთხოების მხარე საერთოდ არ შეუსწავლიათ.
- დაყოლიება და გარიგება: ვინაიდან დასკვნა მერიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, „გრინსერვისი +-ის“ თანამშრომელმა დევი კახოიძემ, სამომავლო საქმიანი შეკვეთებისა და ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, პირდაპირ დაიყოლია „მშენ-ექსპერტის“ ხელმძღვანელობა, რომ თვალი დაეხუჭათ ხარვეზებზე.
- დოკუმენტის გაყალბება: ექსპერტებმა შეადგინეს ყალბი საინსპექციო ანგარიში, სადაც ჩაწერეს ყალბი ინფორმაცია, თითქოს შესრულებული სამუშაოები სრულად შეესაბამებოდა უსაფრთხოების სტანდარტებს და მასზე მუშაობა უზადოდ იყო შესრულებული.
- ობიექტის ჩაბარება და ფატალური შედეგი: ამ ყალბი დოკუმენტის საფუძველზე, ლაშა ფურცხვანიძემ მერიასთან მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა, რითაც შადრევანი უსაფრთხოდ გამოცხადდა, რასაც მეორე დღესვე მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კორუფციული ფესვები: ყოფილი ჩინოვნიკები და “შავი სიის” გვერდის ავლის სქემა
„გრინსერვისი +“-ის დღევანდელი სახელმწიფო კონტრაქტების კონტექსტის გასაგებად მნიშვნელოვანია კომპანიის წარსული საქმიანობაც – როგორ ჩამოყალიბდა ის სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე, ვინ არიან მისი დამფუძნებლები და რა ისტორია უძღოდა წინ მის აქტიურ მონაწილეობას ტენდერებში.
„გრინსერვისის“ კორპორაციული ქრონოლოგია: „შავი სია“ და 2013 წლის დაკავება
უკანასკნელი, 2023 წლის ამონაწერის მიხედვით, შპს „გრინსერვისი +“-ის მფლობელები არიან: კობა ხარშილაძე (33%), ტარიელ კიკნაძე (34%) და ლაშა ფურცხვანიძე (33%). თუმცა, ამ კომპანიის ასპარეზზე გამოსვლას წინ საკმაოდ კონკრეტული ბიზნესსქემა უძღოდა. სანამ ბაზარზე შპს „გრინსერვისი+“ გააქტიურდებოდა, არსებობდა შპს „გრინსერვისი“, რომელიც ზუსტად იგივე ადამიანების მიერ იყო შექმნილი და პროფილურად იდენტურ საქმიანობას ეწეოდა. ლაშა ფურცხვანიძე წარსულში ძველი თბილისის გამგებლისა და თბილისის მერის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა, კობა ხარშილაძე კი მისი მოადგილე იყო ძველი თბილისის გამგებლად ყოფნისას.
შპს „გრინსერვისი“ მათ ჯერ კიდევ 2007 წლის მაისში დაარსეს. სამი წლის შემდეგ, 2010 წელს, იმავე ადამიანებმა დაარსეს მეორე კომპანია – შპს „გრინსერვისი+“, თუმცა აღნიშნული კომპანია წლების განმავლობაში ტენდერებში მონაწილეობას არ იღებდა და სათადარიგო პლატფორმას წარმოადგენდა. ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც თავდაპირველი კომპანია – შპს „გრინსერვისი“ – 2012 წელს სახელმწიფო შესყიდვების „შავ სიაში“ აღმოჩნდა გამოვლენილი ხარვეზების გამო. სწორედ ამის შემდეგ გააქტიურეს დამფუძნებლებმა ახალი იურიდიული პირი შპს “გრინსერვისი +”.
2013 წლის 16 დეკემბერს, შპს „გრინსერვისის“ საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ლაშა ფურცხვანიძე და კობა ხარშილაძე დააკავა. მათ ბრალად სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ფურცხვანიძე და კობა ხარშილაძე ეტაპობრივად გაათავისუფლეს, მათმა მეორე კომპანიამ – შპს „გრინსერვისი+“-მა დაიწყო და გააგრძელა სახელმწიფო ტენდერებში აქტიური მონაწილეობა და გამარჯვება. შედეგად, 2013 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, კომპანიამ ჯამში 73 მილიონ ლარზე მეტი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
დასკვნა
ვაკის პარკის საქმეზე სასამართლოს განაჩენის შემდეგაც, „გრინსერვისი +“ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას აგრძელებს და 2026 წელს კომპანიასთან კიდევ ერთი, 9.3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი კონტრაქტი მუნიციპალიტეტებისთვის ხე-მცენარეების მიწოდებას, უსაფრთხო ტრანსპორტირებასა და დარგვას ითვალისწინებს.
ამ ფონზე, საკითხი მხოლოდ ერთი კომპანიის მიერ ტენდერის მოგებას არ ეხება. მთავარი კითხვაა, რამდენად ეფექტიანად აფასებს სახელმწიფო წარსულ გამოცდილებას, რისკებსა და პასუხისმგებლობის საკითხს მაშინ, როდესაც მრავალმილიონიან პროექტებს ისეთ კომპანიებს ანდობს, რომელთა საქმიანობაც წარსულში მძიმე შედეგთან დაკავშირებულ საქმეში ფიგურირებდა.




