2024 წლის აპრილში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თბილისში 70,000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სტადიონი აშენდებოდა. მისი თქმით, სწორედ ახალ სტადიონზე საქართველო 2028 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს შეიტანდა.
„ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე…ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართველი გულშემატკივრებისთვის, ჩვენს დედაქალაქს ექნება უნიკალური სტადიონი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რა ეტაპზეა სტადიონის პროექტი?
2025 წლის ივნისში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ახალი სტადიონის პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა“ და, მისი ვარაუდით, სამშენებლო სამუშაოები სექტემბერში დაიწყებოდა.
ამ განცხადებას წინ უძღოდა ნიდერლანდური კომპანია „სტადიუმ კონსულტანსის“ (TSC) დაქირავება, რომელსაც პროექტის დაგეგმვაში, განხორციელებასა და საჭირო კვლევების მომზადებაში უნდა მიეღო მონაწილეობა. TSC-ის წარმომადგენლებს მაშინდელი ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძეც შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, „სტადიუმ კონსულტანსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 755,000 ევრო იყო.
ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტი მთავრობის განკარგულებით მუნიციპალური განვითარების ფონდს ჩაბარდა. 2025 წლის აგვისტოში ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ სტადიონის აშენება აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლუგარის კვლევით ცენტრსა და აეროპორტის გადასახვევს შორის იგეგმება. დოკუმენტების მიხედვით, სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიას უნდა შეესაბამებოდეს.
ამასთან, ობიექტი მხოლოდ საფეხბურთო მატჩებისთვის არ იქნება განკუთვნილი. დაგეგმილია მისი გამოყენება რაგბისა და სხვა მასშტაბური ღონისძიებებისთვისაც.
ტენდერის საწყის ღირებულებად 876 მილიონი ლარი განისაზღვრა. შეთავაზებები სამმა პრეტენდენტმა წარადგინა:
- შპს „ანაგი“ – 850 მილიონი ლარი;
- „მაქრო ქონსთრაქშენი“ და შპს „ინშაათჩი 3“ – 789.4 მილიონი ლარი;
- YDA İNŞAAT – 744.9 მილიონი ლარი.
მიუხედავად მიღებული შეთავაზებებისა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი ანულირებულად გამოაცხადა. შპს „ანაგის“ გარდა, ორმა პრეტენდენტმა დისკვალიფიკაცია მიიღო სატენდერო დოკუმენტებთან შეუსაბამობის გამო. საბოლოოდ, ფონდმა განმარტა, რომ სატენდერო კომისიამ იმსჯელა და დაადგინა „სატენდერო დოკუმენტის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების გადახედვის საჭიროება“.
მიწების ექსპროპრიაცია
სატენდერო პროცედურების გადახედვის პარალელურად, დღის წესრიგში დადგა მშენებლობისთვის საჭირო მიწების მობილიზების საკითხიც. პროექტის არეალში, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, ლუგარის ლაბორატორიის მიმდებარედ მდებარეობს, კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთებიც მოხვდა. ვინაიდან მესაკუთრეებთან ნებაყოფლობითი შეთანხმება ვერ შედგა, სახელმწიფომ სამართლებრივ მექანიზმებს მიმართა.
კერძოდ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებებით, მუნიციპალური განვითარების ფონდს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის მიწების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა. ეს პროცესი ორ ეტაპად წარიმართა: პირველად ფონდს ექსპროპრიაციის უფლება 2025 წლის 12 დეკემბრის ბრძანებით გადაეცა, მოგვიანებით კი, სამუშაოების შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, პროცესი 2026 წლის 29 მაისის ბრძანებით გაგრძელდა. ამ ბრძანებით ფონდს ანალოგიური უფლებამოსილება მშენებლობის არეალში მოქცეულ დამატებით კერძო მიწის ნაკვეთებზეც მიენიჭა.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ტენდერი შეფერხდა, ხელისუფლება პროექტისთვის საჭირო მიწების მომზადებას სამართლებრივ დონეზე აგრძელებს.
2026 წლის ბიუჯეტი
საინტერესოა, რომ 2026 წლის ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, ახალი სტადიონის მშენებლობისთვის მიმდინარე წელს 6.5 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, ხოლო თანხები 2029 წლის ჩათვლით იყო გაწერილი – 2027-2028 წლებში 240-240 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა, ხოლოდ 2029 წელს 189.5 მილიონი ლარის. ჯამურად ასათვისებელი თანხა 876 მილიონ ლარს შეადგენდა.
თუმცა, კაპიტალური პროექტების საბოლოო ვერსიის დოკუმენტში, ახალი სტადიონის თავი გამქრალია და შესაბამისად, აღარც პროექტისთვის დასახარჯი თანხებია გაწერილი.
რას გვიჩვენებს წარსული გამოცდილება?
თბილისის მულტიფუნქციური სტადიონის გარშემო არსებული სატენდერო შეფერხებებისა და ადმინისტრაციული პროცესების ფონზე, მნიშვნელოვანია მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების წარსული გამოცდილების გაანალიზებაც.
ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ზუგდიდის ცენტრალური სტადიონი. მისი მშენებლობისთვის დახარჯულმა თანხამ ჯამურად უკვე 21 მილიონ ლარს გადააჭარბა, თუმცა ობიექტი დღემდე დაუსრულებელია. ამ პროექტის მრავალწლიან ისტორიასა და შესაძლო ფლანგვის შემთხვევებს „ფლანგვის დეტექტორი“ წლებია იკვლევს.
ზუგდიდის სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. მას შემდეგ სახელმწიფომ სხვადასხვა კომპანიასთან რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა. პირველი ეტაპის სამუშაოები შპს „დაგმა“დაახლოებით 10 მილიონ ლარად შეასრულა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ შესრულებული ინფრასტრუქტურა UEFA-ს სტანდარტებს არ შეესაბამებოდა და, ცალკეულ შემთხვევებში, პრობლემურიც იყო, მათ შორის სახელდებოდა მაყურებლისთვის ხედვის დამფარავი ბეტონის კედელი, წყალჩასული ოთახები და სხვა ხარვეზები.
ამის შემდეგ, 2019 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი, 9.9-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს „მაქრო ქონსთრაქშენმა“ გაიმარჯვა. თუმცა გათვალისწინებული ბიუჯეტიდან კომპანიამ საბოლოოდ მხოლოდ 4.3 მილიონი ლარის ათვისება შეძლო, პროექტის დასრულების ვადები კი რამდენჯერმე გადაიწია.
სტადიონი თავდაპირველად 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, შემდეგ კი ჩაბარების ვადად 2020 წელი დასახელდა. მიუხედავად ამისა, მშენებლობის დასასრულებლად ფონდმა მესამე ეტაპის ახალი, 16.3-მილიონიანი ტენდერი 2024 წლის მაისში გამოაცხადა. ამ ტენდერში გამარჯვებულად შპს „სფრინგ კონსთრაქშენი“ განისაზღვრა, რომელსაც აღნიშნული ბიუჯეტიდან ამ დროისთვის დაახლოებით 7 მილიონი ლარი აქვს მიღებული.
მესამე ეტაპის სამუშაოების დასრულება თავდაპირველად 2025 წლის 31 დეკემბერს იგეგმებოდა. თუმცა სატენდერო დოკუმენტებში შეტანილი ცვლილებებით, სამუშაოების მიწოდების ვადა 2026 წლის 30 ოქტომბრამდე გაგრძელდა. ამ ცვლილებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მოქმედების საბოლოო იურიდიულ ვადად 2029 წლის 31 მარტი განისაზღვრა.
ზუგდიდის სტადიონის მაგალითი აჩვენებს, რომ მსხვილ სპორტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ვადების, ბიუჯეტისა და კრიტერიუმების ხშირი ცვლილება პროექტების წლებით გაჭიანურების რისკს ზრდის. სწორედ ამ კონტექსტში ჩნდება კითხვები თბილისის ახალი სტადიონის პროექტთან დაკავშირებითაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტენდერი უკვე ერთხელ ანულირდა, ხოლო პარალელურად სახელმწიფო პროექტისთვის საჭირო მიწების ექსპროპრიაციის პროცესს აგრძელებს.




