„80 000 აქტზეა საუბარი, დამუშავდება და გამოქვეყნდება. საჭიროა სისტემატიზაცია და ამის შემდეგ ერთიანად აიტვირთება. ახლა სისტემატიზაციის პროცესი მიდის,“ – ამის შესახებ ირაკლი კობახიძე BM.ge-თან 2024 წლის სექტემბერში აცხადებდა.
საუბარია დაახლოებით სამწლიან პერიოდზე, როდესაც საქართველოს მთავრობა საკუთარ რეგლამენტს არღვევდა და მთავრობის მიერ გამოცემულ განკარგულებებს არ აქვეყნებდა. ამ დრომდე აღნიშნული განკარგულებები არ გასაჯაროებულა.
რა მოხდა
მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულებები, რომლებიც კანონით საჯარო უნდა იყოს, 2020 წლის 26 სექტემბრიდან 2024 წლის 12 თებერვლამდე არ ქვეყნდებოდა.
შესაბამისად, მთავრობის განკარგულებები არ გასაჯაროებულა:
- გიორგი გახარიას პრემიერობის ბოლო 5 თვეში;
- ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის მთელ პერიოდში.
რას ავალდებულებს რეგლამენტი
2013 წლის მთავრობის დადგენილების მიხედვით, საქართველოს მთავრობა ვალდებულია:
- პროაქტიულად გამოაქვეყნოს საჯარო ინფორმაცია;
- უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულება.
მთავრობის რეგლამენტის თანახმად, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღეში უნდა აიტვირთოს მთავრობის ვებგვერდზე და ელექტრონული მთავრობის პროგრამაში.
დაახლოებით სამწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე 2024 წლის თებერვალში აიტვირთა – მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ამის შემდეგ მიმდინარე განკარგულებები სისტემატურად ქვეყნდება, თუმცა მთავრობის ვებ-გვერდზე 2021, 2022 და 2023 წლების განყოფილებები კვლავ ცარიელია.

პასუხისმგებლობის არიდება და“სისტემატიზაციის” არგუმენტი
მიუხედავად იმისა, რომ განკარგულებები გახარიას პრემიერობის ბოლო თვეებში და ასევე ღარიბაშვილის პრემიერობის მთელი პერიოდის განმავლობაში არ გამოქვეყნებულა, 2024 წლის თებერვალში მაშინდელმა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პასუხისმგებლობა ძირითადად გიორგი გახარიას დააკისრა და განაცხადა:
„გახარიას გადაწყვეტილებით, ეს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება დამალული გახდა, შემდეგ მიმდინარე პრაქტიკა გაგრძელდა, სამწუხაროდ.“
მდინარაძემ ასევე თქვა, რომ მრავალწლიანი გადაწყვეტილებების ატვირთვას „თითის ერთი დაწკაპება“ არ შველის და საჭიროა სისტემატიზაცია.
80 000 აქტის გამოქვეყნებაზე მუშაობის შესახებ 2024 წლის აპრილში მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლევან ჟორჟოლიანმაც განაცხადა:
„რაც შეეხება ძველ განკარგულებებს, ისინი არასოდეს გამოქვეყნებულა, არის 80 000-მდე და ამაზე მიდის მუშაობა.“
დაპირება და რეალობა
ირაკლი კობახიძისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლების მიერ 2024 წელს გაცემული დაპირებების მიუხედავად, ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა არც ერთი განკარგულება, რომელიც მიღებულია 2020 წლის 26 სექტემბრიდან 2024 წლის 12 თებერვლამდე.
2024 წლის თებერვლიდან დღემდე ორი წელი გავიდა, თუმცა ძველი განკარგულებები არც ეტაპობრივად გამოქვეყნებულა. შესაბამისად, საზოგადოებისთვის უცნობია უამრავი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მთავრობამ ხსენებულ პერიოდში მიიღო.




