მოსწავლეთა ტრანსპორტირება კონკურენციის გარეშე და 25 პროცენტით გაზრდილი ფასი
თბილისში შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების გადაყვანის ფასი 2026 წლის მარტში ერთ კილომეტრზე 5,60 ლარიდან 7 ლარამდე გაიზარდა. ეს 25%-იანი მატებაა. ახალი ფასი ტენდერში კონკურენციით არ განსაზღვრულა - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ ხელშეკრულება პირდაპირ მოქმედ მიმწოდებელთან, „თაიმსერვისთან“, გააფორმა.
მანამდე ამ მომსახურების ტენდერში შეთავაზება არავის წარუდგენია. უშედეგოდ დასრულდა ბაზრის ორი კვლევაც. მათში არც „თაიმსერვისი“ მონაწილეობდა, მიუხედავად იმისა, რომ იმავე მოსწავლეებს უკვე ემსახურებოდა.
სააგენტო პირდაპირ შესყიდვას ბავშვებისთვის ტრანსპორტის შეუფერხებლად მიწოდების საჭიროებით ხსნიდა. თუმცა შესყიდვის დასაბუთებაში არ ჩანს, რატომ გახდა საჭირო კილომეტრის ფასის გაზრდა.
ეს ეპიზოდი უფრო ფართო სურათის ნაწილია: „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ შესწავლილ, 2023 წლიდან თბილისის მოსწავლეთა გადაყვანაზე ჩატარებულ 13 შედეგიან ტენდერში „თაიმსერვისი“ ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებული იყო.
როგორ გაიზარდა ფასი
2026 წლის თებერვალში სააგენტომ მეორე სემესტრისთვის ორი ტენდერი გამოაცხადა: ერთი საჯარო სკოლების მოსწავლეთა გადასაყვანად, მეორე - შშმ და სსსმ მოსწავლეებისთვის. ამ უკანასკნელის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 1,9 მილიონი ლარი იყო.
იმ დროს მომსახურებას „თაიმსერვისი“ დროებითი, პირდაპირ გაფორმებული ხელშეკრულებებით ასრულებდა. იანვრის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2 მარტს, სააგენტომ კომპანიასთან კიდევ ერთი დროებითი ხელშეკრულება გააფორმა. შშმ და სსსმ მოსწავლეების გადაყვანა 27 მარტამდე ან ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გაგრძელებულიყო. კილომეტრის ფასი კვლავ 5,60 ლარი იყო.
ტენდერში წინადადებების მიღება 6 მარტს დასრულდა. საჯარო სკოლების მოსწავლეთა გადაყვანაზე „თაიმსერვისმა“ შეთავაზება წარადგინა და ერთადერთმა მონაწილემ გაიმარჯვა. შშმ და სსსმ მოსწავლეების ტენდერში კი არც ის მონაწილეობდა და არც სხვა კომპანია.
სააგენტომ მარტში ეს ტენდერი ხელახლა აღარ გამოაცხადა. სანაცვლოდ, 16–17 და 19–20 მარტს ბაზრის ორი კვლევა ჩაატარა. თითოეულში შეთავაზების წარსადგენად ორ დღეზე ნაკლები დრო იყო. პასუხი არცერთს მოჰყოლია.
30 მარტს სააგენტომ „თაიმსერვისთან“ ახალი ხელშეკრულება ტენდერის გარეშე გააფორმა. ამჯერად, კილომეტრზე 7 ლარად. ის 15 მაისამდე მომსახურებას ითვალისწინებდა და თავდაპირველად დაახლოებით 1,23 მილიონი ლარის ღირებულების იყო.
წინა ხელშეკრულებასთან შედარებით მოსწავლეთა რაოდენობა 433-დან 439-მდე, დღიური გარბენი კი დაახლოებით 5 783-დან 5 907 კილომეტრამდე გაიზარდა.
გადაუდებლობის ახსნა ფასის დასაბუთების გარეშე
პირდაპირი შესყიდვის დასაბუთებაში სააგენტო მიუთითებდა, რომ ტენდერი არ შედგა, ხელახალი პროცედურების ჩატარებას კი დრო სჭირდებოდა. მისი პოზიციით, ტენდერის ჩაშლა წინასწარ ვერ განისაზღვრებოდა.
ხელშეკრულების გაფორმების მეორე დღეს, 31 მარტს, სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე განხორციელებული შესყიდვის მართლზომიერად ცნობა სთხოვა. წერილში განმარტავდა, რომ შესაბამისი ტრანსპორტი თავად არ ჰქონდა და პირდაპირი შესყიდვის გარეშე მოსწავლეები მომსახურებით ვერ იქნებოდნენ უზრუნველყოფილი.
ეს განმარტებები მომსახურების გაგრძელების აუცილებლობას ეხება. არც შესყიდვის დასაბუთებაში და არც წერილში კილომეტრის ფასის ზრდის მიზეზი მითითებული არ არის. შესაბამისად, დოკუმენტებიდან არ ჩანს, რა გაანგარიშებით შეთანხმდა ახალი ფასი, როდესაც სააგენტოს სხვა მიმწოდებლების შეთავაზებები არ ჰქონდა.
დაგეგმვის საკითხიც პასუხს მოითხოვს. თბილისის სააგენტო მომსახურებას 2025 წლის სექტემბრიდან უზრუნველყოფდა და მეორე სემესტრშიც მისი გაგრძელების საჭიროება ცნობილი იყო. ტენდერის ჩაშლის წინასწარ ცოდნა და ასეთი შემთხვევისთვის ალტერნატივის მომზადება განსხვავებული საკითხებია: რა ჰქონდა სააგენტოს გათვალისწინებული, თუ კონკურენტული შესყიდვა ვერ შედგებოდა?
ახალი ტენდერი მხოლოდ 29 აპრილს გამოცხადდა. „თაიმსერვისი“ კვლავ ერთადერთი მონაწილე იყო და გაიმარჯვა. მაისის სატენდერო ხელშეკრულებაში კილომეტრის ფასი 6,96 ლარი გახდა - პირდაპირი ხელშეკრულების ფასზე ოთხი თეთრით ნაკლები. მის გაფორმებამდე სააგენტომ შუალედური პერიოდისთვის იმავე კომპანიასთან კიდევ ერთი პირდაპირი ხელშეკრულება გააფორმა.
რატომ არ ჩნდება სხვა მონაწილე
ორივე თებერვლის ტენდერში პრეტენდენტს მგზავრთა გადაყვანის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება მოეთხოვებოდა, 2023 წლიდან, თითოეულ წელს სატენდერო ღირებულების არანაკლებ 10%-ის მოცულობით. შშმ და სსსმ მოსწავლეების გადაყვანისთვის დამატებითი პირობა მოქმედებდა: შეთავაზებასთან ერთად მინიმუმ 15 ადაპტირებული ავტომობილის არსებობა უნდა დადასტურებულიყო.
იგივე მოთხოვნა ბაზრის ორივე კვლევაშიც დარჩა. სწორედ ამ კვლევებში სააგენტო შესაძლო მიმწოდებლებისგან შეთავაზებებს ორ დღეზე ნაკლებ დროში ელოდა.
ადაპტირებული ტრანსპორტის მოთხოვნა მომსახურების საჭიროებას უკავშირდება. შესაფასებელია, რამდენად აუცილებელი იყო სწორედ ასეთი რაოდენობის ავტომობილების შეთავაზების ეტაპზევე დადასტურება და საკმარისი დრო ჰქონდათ თუ არა სხვა კომპანიებს მონაწილეობის მოსამზადებლად. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ იყო დასაბუთებული გამოცდილების მოთხოვნა და მომსახურების მოცულობა.
ეს გარემოებები თავისთავად არ ადასტურებს პირობების კონკრეტულ კომპანიაზე მორგებას. თუმცა სამი წლის განმავლობაში შესწავლილ ყველა შედეგიან ტენდერში მხოლოდ ერთი მონაწილის არსებობა აჩენს კითხვას, შეისწავლა თუ არა შემსყიდველმა კონკურენციის არქონის მიზეზები და პირობების შეცვლით სხვა მიმწოდებლების მოზიდვის შესაძლებლობა.
ცალკე ასახსნელია მოქმედი მიმწოდებლის ქცევაც: რატომ არ წარადგინა „თაიმსერვისმა“ შეთავაზება შშმ და სსსმ მოსწავლეების ტენდერსა და ბაზრის კვლევებში, თუ მომსახურებას უკვე ასრულებდა და შემდეგ მის გაგრძელებას პირდაპირი ხელშეკრულებით დათანხმდა?
თანხის სამი მეოთხედი ტენდერის გარეშე
2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის ივნისამდე თბილისის სააგენტომ „თაიმსერვისთან“ მოსწავლეთა გადაყვანაზე 11 ხელშეკრულება გააფორმა. ცვლილებების გათვალისწინებით, მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით 15,5 მილიონი ლარია.
ამ თანხის 75,5%, დაახლოებით 11,7 მილიონი ლარი, ცხრა პირდაპირ ხელშეკრულებაზე მოდის. დანარჩენი ორი, დაახლოებით 3,8 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება, ტენდერებით გაფორმდა. ორივე ტენდერს მხოლოდ „თაიმსერვისი“ ჰყავდა მონაწილედ.
მომსახურება თბილისის ბიუჯეტიდან ფინანსდება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოცემული მიზნობრივი ტრანსფერით. აქ მოყვანილი თანხები ხელშეკრულებების ღირებულებაა ცვლილებების გათვალისწინებით და არა კომპანიისთვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა.
2023 წლიდან შესწავლილი ხელშეკრულებების საერთო მოცულობა უფრო დიდია: 22 ხელშეკრულება, დაახლოებით 51,6 მილიონი ლარის ღირებულებით. მათგან თითქმის 40 მილიონი ლარი 13 ტენდერის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებზე მოდის, დანარჩენი — ცხრა პირდაპირ შესყიდვაზე. 2025 წლის სექტემბრამდე შემსყიდველი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო იყო, შემდეგ — თბილისის სააგენტო.
„თაიმსერვისი“ 2009 წელს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის 2026 წლის 26 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის სრულ წილს მისი დირექტორი სულეიმან ჩიხლაძე ფლობდა.
შემოდგომის ახალი ფასები წინა პერიოდს პირდაპირ არ უნდა შევადაროთ: 2026 წლის სექტემბრის ხელშეკრულებებში ანაზღაურების გამოთვლის წესი შეიცვალა და მოსწავლეთა რაოდენობის კოეფიციენტი აღარ გამოიყენება. ამიტომ მხოლოდ კილომეტრის ნომინალური ფასით მომსახურების გაძვირებაზე დასკვნის გამოტანა არასწორი იქნებოდა.
კონკურენციის ძველი პრობლემა
მოსწავლეთა ტრანსპორტირების შესყიდვებში კონკურენციის საკითხი სახელმწიფო უწყებებს ადრეც შეუსწავლიათ. 2012–2015 წლების პროგრამის აუდიტი სხვა კომპანიებისთვის შესაძლო ბარიერებსა და მიმწოდებელთა შეთანხმებული მოქმედების ნიშნებზე მიუთითებდა.
საკითხი კონკურენციის სააგენტომაც გამოიკვლია. მისი 2017 წლის გადაწყვეტილებით, კომპანიებს შორის აკრძალული შეთანხმება არ დადგინდა. სააგენტომ არც აუდიტის ის შეფასება გაიზიარა, რომ ავტომობილების საკუთრების ან იჯარის მოთხოვნა ბაზარზე შესვლის ბარიერი იყო.
თუმცა მოკვლევაში აღწერილი იყო ახალი მიმწოდებლების მონაწილეობისთვის ხელის შემშლელი გარემოებები: ტენდერები დიდ ტერიტორიებსა და მომსახურების მოცულობას აერთიანებდა, მოქმედ კომპანიებს კი მძღოლებთან წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობები კონკურენტულ უპირატესობას აძლევდა.
გადაწყვეტილებაში 2016 წლის შემთხვევებიც მოხვდა: „თაიმსერვისმა“ ოთხ ტენდერში მონაწილეობა არ მიიღო, რაც მისმა წარმომადგენლებმა მაღალი პირგასამტეხლოებითა და ბავშვების დამსხდარ მდგომარეობაში გადაყვანის მოთხოვნით ახსნეს. ტენდერები არ შედგა და მომსახურება იმავე კომპანიამ ერთ პირთან მოლაპარაკებით გააგრძელა.
ძველი მოკვლევა დღევანდელ შესყიდვებში დარღვევას არ ადასტურებს. ის აჩვენებს, რომ უშედეგო ტენდერებისა და მოქმედ მიმწოდებელთან პირდაპირი შეთანხმების პრობლემა ამ ბაზარზე ახალი არ არის.
დღეს პასუხგასაცემია, რას აკეთებს თბილისის სააგენტო კონკურენციის გასაჩენად და როგორ ამოწმებს ფასს, როცა შესადარებელი შეთავაზებები არ აქვს. მოსწავლეებისთვის ტრანსპორტის უწყვეტად მიწოდების აუცილებლობა გასაგებია; დოკუმენტებიდან კვლავ გაურკვეველია, რატომ გახდა ამ მომსახურების ერთი კილომეტრი 25%-ით ძვირი.