შესავალი
საქართველოში ახალი წლის მოახლოება ბიუჯეტებისთვის კვლავ ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ტრადიციად რჩება. „ფლანგვის დეტექტორმა“ უკვე შეისწავლა 2025 წლის საახალწლო ხარჯები და დაადგინა, რომ მუნიციპალიტეტები დეკორაციებსა და ღონისძიებებზე მილიონობით ლარს ხარჯავენ. ამჯერად, ჩვენი ყურადღების ცენტრში ის კომპანიები მოექცა, რომლებმაც ამ მრავალმილიონიან შესყიდვებში მონაწილეობა მიიღეს და გამარჯვება მოიპოვეს.
კვლევის პროცესში რამდენიმე საყურადღებო ტენდენცია გამოიკვეთა. რეგიონებში, სადაც შესყიდვები ელექტრონული ტენდერის გზით ხორციელდება, კონკურენცია ხშირად მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს: შესწავლილი 26 მუნიციპალიტეტიდან 16 შემთხვევაში კომპანიებმა გამარჯვება უკონკურენტოდ მოიპოვეს. ჩნდება მონოპოლიის ნიშნების შესახებ კითხვებიც – მხოლოდ ერთმა კომპანიამ რეგიონული შესყიდვების 42%-ში (31-დან 13 ტენდერი) გაიმარჯვა.
სურათი რადიკალურად იცვლება დედაქალაქის შემთხვევაში. თბილისის მუნიციპალიტეტმა – მერიამ და მისმა კომპანია შპს „თბილსერვის ჯგუფმა” – საახალწლო ღონისძიებებსა და მორთულობაში ჯამურად 6,790,739 ლარი გამარტივებული შესყიდვის გზით, კომპანიებთან პირდაპირი მოლაპარაკების საფუძველზე დახარჯა. მიუხედავად იმისა, რომ თანხა რამდენიმე მსხვილ მიმწოდებელზე ნაწილდება, მაინც იკვეთება „ფავორიტი“ კომპანიების წრე, რომლებიც ამ გამარტივებული შესყიდვების ნახევარზე მეტს იღებენ.
რომელი კომპანიები არიან რეგიონული და თბილისური შესყიდვების მთავარი ბენეფიციარები – დეტალებს ჩვენს სტატიაში გაეცნობით.
რეგიონული საახალწლო შესყიდვები: კონკურენციის ნაკლებობა და მუდმივი გამარჯვებულები
„ფლანგვის დეტექტორმა“ 26 მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული 31 საახალწლო შესყიდვა შეისწავლა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 4 118 941 ლარი შეადგინა. მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ რეგიონებში საახალწლო შესყიდვების ბაზარი არაჯანსაღია: მუნიციპალიტეტების 60%-ზე მეტში (16 შემთხვევაში) გამარჯვება მხოლოდ ერთმა კომპანიამ მოიპოვა, ყოველგვარი კონკურენციის გარეშე.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმწოდებელი, რომლებიც ბაზარზე სხვადასხვა სტრატეგიით დომინირებენ.
რაოდენობრივი ლიდერი – შპს „დანდი“
შპს „დანდი“ შესწავლილი 31 ტენდერიდან თითქმის ნახევარში – 13 შემთხვევაში – გამარჯვებული გახდა. თუმცა, მისი წარმატება უმეტესად კონკურენციის არარსებობით აიხსნება:
- 9 ხელშეკრულება კომპანიამ უკონკურენტოდ გააფორმა;
- მხოლოდ 4 შემთხვევაში მოუწია სხვა პრეტენდენტთან კონკურენცია.
კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა საახალწლო შესყიდვებიდან 1 316 207 ლარი შეადგინა.
ფინანსური ლიდერი – შპს „აჭარაგანათება“
თუ შპს „დანდი“ რაოდენობრივ უპირატესობაზეა ორიენტირებული, შპს „აჭარაგანათებამ“ მნიშვნელოვნად ნაკლები კონტრაქტით ყველაზე დიდი ფინანსური სარგებელი მიიღო. კომპანიამ მხოლოდ ორი ხელშეკრულებით 1 402 543 ლარი აითვისა:
- ბათუმი – ყველაზე მსხვილი, 976 060 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა ბათუმის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსთან. ტენდერში მხოლოდ ორი კომპანია მონაწილეობდა, თუმცა გამარჯვება შპს „აჭარაგანათებამ“ მას შემდეგ მოიპოვა, რაც მისი ერთადერთი კონკურენტი დისკვალიფიცირებული გახდა.
- გურჯაანი – 426 483 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, სადაც შპს „აჭარაგანათება“ ერთადერთი მონაწილე იყო და შესყიდვა სრულად უკონკურენტოდ განხორციელდა.
კიდევ ვინ მონაწილეობს მუნიციპალურ ტენდერებში?
სრული სურათისთვის ვნახეთ ყველა ის სუბიექტი, რომელმაც 2026 წელს მუნიციპალიტეტებისგან საახალწლო შეკვეთები მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე რამდენიმე მსხვილი მომწოდებელი დომინირებს, შესყიდვებში მონაწილეობდნენ სხვა კომპანიები და ინდივიდუალური მეწარმეებიც, რომლებმაც მუნიციპალიტეტებთან ხელშეკრულებები გააფორმეს.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში თავმოყრილია ყველა ის მიმწოდებელი, რომლებმაც ჯამურად 4 118 941 ლარის ღირებულების 31 საახალწლო შესყიდვა გაინაწილეს.

მონაცემები აჩვენებს, რომ მიმწოდებელთა მრავალფეროვნების მიუხედავად, დახარჯული თანხების 65%-ზე მეტი მხოლოდ ორ კომპანიაზე მოდის. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რეგიონებშიც კი მსხვილი საახალწლო შეკვეთები მიმწოდებელთა ძალიან ვიწრო წრეში იყრის თავს.
თბილისი: 6.79 მილიონი ლარი გამარტივებული შესყიდვებით
დედაქალაქის შემთხვევაში საახალწლო ხარჯების დიდი ნაწილი კვლავ გამარტივებული შესყიდვის გზით ფორმდება. „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, 2026 წლის შობა-ახალი წლის ღონისძიებებსა და დეკორაციებზე თბილისის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული წესით ჯამში 6 790 739.22 ლარი დახარჯა.
სულ დაიდო 27 კონტრაქტი, რომელთა საშუალო ღირებულება დაახლოებით 251 ათას ლარს შეადგენს. ამ თანხის უმეტესი ნაწილი, დაახლოებით 95% (6 476 189.22 ლარი), უშუალოდ თბილისის მერიაზე მოდის, ხოლო დარჩენილი 5% (314 550.00 ლარი) შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებზე ნაწილდება.
საშუალოდ, ერთი გამარტივებული კონტრაქტის ღირებულება 251 508.86 ლარია, თუმცა ხელშეკრულებებს შორის თანხების დიაპაზონი მნიშვნელოვნად განსხვავდება: ყველაზე მცირე კონტრაქტი 12 731.16 ლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე მსხვილი – 1 072 067.80 ლარს. შესაბამისად, თბილისის საახალწლო სამზადისში პირდაპირი შესყიდვის მექანიზმი გამოიყენება როგორც შედარებით მცირე, ისე მილიონამდე მოცულობის ხარჯებისთვისაც.
განმარტება: გამარტივებული, ანუ პირდაპირი შესყიდვა ტენდერის გვერდის ავლით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხორციელდება. კორუფციული რისკების შემცირების მიზნით, ასეთი მექანიზმის გამოყენება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებულ შემთხვევებში უნდა იყოს დასაშვები. თუმცა, ქართულ პრაქტიკაში გამარტივებული შესყიდვების ხშირი და არასათანადოდ დასაბუთებული გამოყენება აჩენს კითხვებს, ხომ არ მიემართება საბიუჯეტო სახსრები ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისა და კომპანიების საფულეში.
გამარტივებული შესყიდვების „ტოპ-მიმღებები“
მონაცემები აჩვენებს, რომ გამარტივებული შესყიდვების ჯამური თანხის ნახევარზე მეტი, 4 473 394.03 ლარი (65.87%), მხოლოდ ოთხ კომპანიაზე გადანაწილდა, რომელთაგან თითოეულმა მილიონ ლარზე მეტი მიიღო:
- შპს „ქეი ივენთს“ – 1 136 936.20 ლარი
- შპს „ვანილა ივენთი“ – 1 133 094.72 ლარი
- შპს „ღამის შოუს სტუდია“ – 1 131 295.31 ლარი
- შპს „ინვესტმენტ გრუპ 2022“ – 1 072 067.80 ლარი
ყურადღებას იქცევს ისიც, რომ მერია ამ კომპანიებს ერთჯერადად კი არა, რამდენიმე ხელშეკრულებით აფინანსებს. მაგალითად, შპს „ქეი ივენთსსა“ და შპს „ვანილა ივენთს“ ოთხ-ოთხი კონტრაქტი აქვთ გაფორმებული, ხოლო შპს „ღამის შოუს სტუდიას“ – ხუთი. შედეგად, მხოლოდ ამ სამმა კომპანიამ 27 გამარტივებული კონტრაქტიდან 13 მიიღო და საერთო თანხის დაახლოებით ნახევარი აითვისა.
საინტერესოა, რომ ზოგიერთი კომპანია თანხებს არა ერთი, არამედ რამდენიმე მუნიციპალური არხით იღებს. მაგალითად, შპს „ღამის შოუს სტუდიამ“ ჯამურად მიღებული 1 131 295.31 ლარიდან 816 745.31 ლარი უშუალოდ თბილისის მერიისგან მიიღო საახალწლო ღონისძიებებისთვის, ხოლო დარჩენილი 314 550 ლარი – შპს „თბილსერვის ჯგუფისგან“ დეკორატიული ფიგურებისა და კონსტრუქციების მოსაწყობად.
ეს ფაქტები მიუთითებს, რომ გამარტივებული შესყიდვა ერთჯერადი გამონაკლისი არ არის და წარმოადგენს სისტემურ პრაქტიკას, რომელიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურაშია დანერგილი.
შპს „ღამის შოუს სტუდია“ თბილისის საახალწლო შესყიდვებში ახალი მოთამაშე არ არის. კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში 2017 წლიდან მონაწილეობს და მხოლოდ 2017-2024 წლებში მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფთან“ საახალწლო შესყიდვებზე ჯამში 39 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა.
ამასთან, „ღამის შოუს სტუდია“ მხოლოდ დედაქალაქით არ შემოიფარგლება და წლებია სტაბილურად იმარჯვებს რუსთავის მუნიციპალიტეტის საახალწლო ტენდერებშიც:
- 2025 წელი – 362 794 ლარი
- 2024 წელი – 60 000 ლარი
- 2023 წელი – 109 020 ლარი
რა მომსახურებაში დახარჯა თბილისის მერიამ მილიონები?
ხელშეკრულებების აღწერებიდან ირკვევა, რომ გამარტივებული შესყიდვებით დაფინანსებული პაკეტი ერთი კონკრეტული ტიპის მომსახურებით არ შემოიფარგლება. თბილისის მერია პირდაპირი მოლაპარაკების გზით აფორმებს ხელშეკრულებებს, რომელიც ეხება როგორც ქალაქის საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებას, ისე მორთულობასთან დაკავშირებულ და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.
ამ მომსახურებებს შორისაა კონცერტები და საახალწლო პროგრამები სხვადასხვა შემსრულებლებისა და ჯგუფების მონაწილეობით, მოძრავი ორკესტრის მსვლელობა, საბავშვო კონცერტები და გასართობი ღონისძიებები. ცალკე მიმართულებად იკვეთება თემატური და საბავშვო აქტივობები, ცენტრალურ სივრცეებში ფოტო ზონების მოწყობა, ასევე ნაძვის ხის ანთების ღონისძიებასთან დაკავშირებული მომსახურება.
გამარტივებული შესყიდვების პაკეტში შედის მსხვილი ინფრასტრუქტურული მომსახურებებიც. მაგალითად, საციგურაო მოედნის მოწყობა და ოპერირება, რომლის ერთჯერადი კონტრაქტის ღირებულება თითქმის მილიონს, 1 072 067.80 ლარს, აღწევს.
ყველაზე პრობლემური კი ისაა, რომ არცერთი ჩამოთვლილი მომსახურება არ წარმოადგენს „გადაუდებელ აუცილებლობას“. თბილისის მერიას აქვს სრული შესაძლებლობა, პროცესი თვეებით ადრე დაგეგმოს და შესყიდვები ღია ტენდერის გზით განახორციელოს. მიუხედავად ამისა, ის სისტემატურად ირჩევს გამარტივებული შესყიდვის მექანიზმს, რომელიც კონკურენციას გამორიცხავს და მრავალმილიონიან თანხებს პირდაპირ შეზღუდული წრის მიმწოდებლებისკენ მიმართავს.
შეჯამება




