ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის ფონზე აგრძელებს ცხოვრებას, ხოლო ახალი წლისთვის მზადება ბიუჯეტისთვის ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ტრადიციად რჩება. საახალწლო დეკორაციებსა და ღონისძიებებზე 2025 წელს 12,5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამ თანხიდან ყველაზე დიდი წილი თბილისზე მოდის, რომელმაც ამ მიზნისთვის ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი გამოჰყო. მას მოსდევს ბათუმი 1,326 მლნ ლარით, ხოლო ჯამურად ხუთი თვითმმართველი ქალაქი საახალწლო მზადებაზე 10 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს.
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად კვლავ აქტუალურია კითხვა, რამდენად მიზანშეწონილია ასეთი ხარჯები ქვეყნისა და საზოგადოების სოციალური-ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამ საკითხში უკეთ გასარკვევად, „ფლანგვის დეტექტორმა“ შეისწავლა 2025 წლის საახალწლო ბიუჯეტი საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.
თბილისი
თბილისის მერიამ საახალწლო სამზადისი წელს ჩვეულზე ადრე დაიწყო. ღონისძიებები 12 დეკემბერს აიღებს სტარტს და 14 იანვარს დასრულდება. ქალაქის მთავრობა კვლავ გეგმავს საახალწლო ქალაქის მოწყობას, გალა-კონცერტს, თეატრალურ პერფორმანსებსა და ტკბილეულის ფესტივალს.
წლევანდელი სიახლეა, რომ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე არა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ რესპუბლიკის მოედანზე აინთება. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს კახა კალაძემ რუსთაველზე ნაძვის ხის ანთება საპროტესტო აქციების ფონზე ვერ შეძლო, რასაც შეიძლება უკავშირდებოდეს წელს ლოკაციის ცვლილება.
საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებლად მერიამ 2025 წლის 7 ნოემბერს გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 8,28 მლნ ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. თანხა მოიცავს როგორც მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოებს, ისე სხვა თანმდევ ხარჯებს და დაიფარება თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 და 2026 წლების ბიუჯეტის ასიგნებებიდან.
სახელმწიფო შესყიდვა წელსაც გამარტივებული ფორმით ჩატარდება. თბილისის მერია აღნიშნულს იმით ამამართლებს, რომ ღონისძიებების მნიშვნელოვანი ნაწილი „საავტორო ნამუშევრებს“ მოიცავს და მათი განხორციელება „კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობას“ საჭიროებს, რაც დროში შეზღუდვას იწვევს. სწორედ ამ მიზეზით, უწყების განმარტებით, „შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელი იყო“.
აღსანიშნავია, რომ გამარტივებული შესყიდვები მაღალი კორუფციული რისკის მატარებელია. ხშირად ამ გზით კონტრაქტები ხელისუფლებასთან დაახლოებულ ან ნაკლებად კვალიფიციურ კომპანიებთან ფორმდება. ამასთან, პირდაპირი შეთანხმებები ნაკლებად გამჭვირვალეა, რაც საჯარო თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე ეჭვს აჩენს.
მით უფრო, რომ ახალი წლის ღონისძიებებს ფორს-მაჟორის კატეგორიაში ვერ მოვაქცევთ – მერიამ ყოველწლიურად წინასწარ იცის, როდის იწყება სადღესასწაულო პერიოდი, თუმცა ტრადიციულად, გამარტივებულ შესყიდვებს მხოლოდ ნოემბერში აცხადებს, რაც დამატებით ეჭვებს აჩენს.
ბათუმი
საახალწლო დღეებს ბათუმის მუნიციპალიტეტიც მაღალი ხარჯით ხვდება. სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე გამოქვეყნებული სამი ტენდერის მიხედვით, ქალაქი საახალწლო გაფორმებასა და ღონისძიებებში 1,3 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.
ზღვისპირა ქალაქმა მზადება ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ პირველი ტენდერი 29 ოქტომბერს გამოაქვეყნა. მისი სავარაუდო ღირებულება 976 060 ლარია და მოიცავს ქალაქის გასაფორმებლად საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების, დეკორაციებისა და სხვადასხვა მოწყობილობის მონტაჟსა და შემდგომ დემონტაჟს.
პროცესს ბათუმის კულტურის ცენტრი შეუერთდა და კიდევ ორი ტენდერი გამოაცხადა, ჯამში 349 943 ლარის ღირებულებით. პირველი ტენდერი (124 462 ლარი) ითვალისწინებს საგამოფენო დახლების, კვების ობიექტებისა და ზონის, სანტას კუთხის, მომსახურე პერსონალისთვის კარვისა და ქუჩის დეკორატიული ხეივნის მოწყობას.
მეორე ტენდერი (225 481 ლარი) ფესტივალის ღონისძიებებისთვისაა გათვლილი და მოიცავს სცენისა და ეკრანის მონტაჟს, აპარატურის უზრუნველყოფას, სარეკლამო და უსაფრთხოების ხარჯებსა და წარმოდგენებისთვის საჭირო თანხას.
ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ 976 060-ლარიან ტენდერზე განსაკუთრებულად საყურადღებოა კონკურენციის არ არსებობა. პროცესში მონაწილეობა მხოლოდ ერთ კომპანიას აქვს მიღებული, რაც ძალიან დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულებაც სწორედ მასთან გაფორმდება.
რუსთავი
რუსთავი საახალწლო განათებებში თითქმის ნახევარ მილიონ ლარს ხარჯავს, რაც არც ისე მცირე თანხაა ამ მასშტაბის მუნიციპალიტეტისთვის.
რუსთავის კულტურული პროექტების მართვის ცენტრმა პირველი საახალწლო ტენდერი 31 ოქტომბერს გამოაქვეყნა. შესყიდვა ქალაქის მთავარი, 15-მეტრიანი ნაძვის ხისა და მის მიმდებარედ ოთხი ბოძის დეკორაციების განახლებას ეხება. მერია გეგმავს არსებული კონსტრუქციის აღდგენას, ტოტებისა და დაზიანებული ელემენტების შეცვლას, ოქროსფერი დეკორაციების დამატებას და ახალი LED განათებების მონტაჟს.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 63 500 ლარია, ამ ეტაპზე კი მონაწილეთა შორის მხოლოდ ერთი პრეტენდენტი ფიქსირდება – შპს „ღამის შოუს სტუდია“, რომელიც სამუშაოების შესრულებას 58 300 ლარად სთავაზობს მერიას.
მოგვიანებით, კულტურული პროექტების ცენტრმა მეორე ტენდერიც გამოაცხადა, რომელიც კოსტავას ქუჩისთვის საახალწლო განათებისა და დეკორაციების შესყიდვას შეეხება. ამ შესყიდვაშიც მხოლოდ ერთი განაცხადია შესული და ის ისევ შპს „ღამის შოუს სტუდიას“ ეკუთვნის. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 315 000 ლარია.
დამატებით, რუსთავსერვისის ცენტრმა საახალწლო დეკორაციებზე სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 96 295 ლარს შეადგენს. ეს მომსახურებაც წინასწარ განსაზღვრული მიმწოდებლისგან – შპს „დანდისგან“ უნდა იქნას შეძენილი.
ჯამში, ამ ეტაპზე გამოცხადებული ტენდერების მიხედვით, რუსთავის მუნიციპალიტეტს საახალწლო მზადება დაახლოებით 474 795 ლარი დაუჯდება. ამ შემთხვევაშიც აღსანიშნავია, რომ კომპანიები ტენდერებში კონკურენციის გარეშე იმარჯვებენ.
ქუთაისი
რუსთავისგან განსხვავებით, ქუთაისი საახალწლო სამზადისში თითქმის ორჯერ ნაკლებს ხარჯავს – ჯამში დაახლოებით 187 230 ლარს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა უკვე გამოყო 130 590 ლარი საახალწლო განათებებისა და სხვადასხვა ტიპის ელექტრონათურების შესაძენად, რაც ქალაქის მასშტაბით გარე მოწყობის ხარჯებს დაფარავს.
მეორე ტენდერი 12 ნოემბერს გამოქვეყნდა შპს „ქუთგანათების სერვისის“ მიერ. მისი სავარაუდო ღირებულება 56 640 ლარს შეადგენს და მხოლოდ ნაძვის ხის დეკორაციებს ეხება.
შესყიდვების პორტალზე ატვირთული ესკიზების მიხედვით, მერია გეგმავს დაახლოებით 60 ერთეული მორთულობის განთავსებას. ორივე ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანიაა დარეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი ფაქტობრივად უკონკურენტო გარემოში მიმდინარეობს. საბოლოო კონტრაქტორები ამ ეტაპზე ჯერ არ არიან შერჩეული.
ფოთი
ფოთის მუნიციპალიტეტი საახალწლო მზადებას 20-მეტრიანი ნაძვის ხის კონსტრუქციის გაფორმებით იწყებს. სახელმწიფო შესყიდვა 21 ნოემბერს გამოცხადდა, ხოლო წინადადებების მიღება 29 ნოემბერს დაიწყება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 145 000 ლარს შეადგენს. ტენდერის პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აწყობილი ნაძვის ხის რკინის კონსტრუქციის სრული გარე გაფორმება, საახალწლო განათებების მონტაჟი, ასევე 216 ერთეული ნაძვის ხის კონსტრუქციის დამზადება, რომელიც დეკორატიული წიწვებით იქნება დაფარული.
შესყიდვა მოიცავს როგორც მონტაჟის, ისე საახალწლო დეკორაციების დემონტაჟის სამუშაოებს.
საბოლოოა თუ არა ეს რიცხვები?
ახალ წლამდე კიდევ ერთი თვეა დარჩენილი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტებს შესაძლოა დამატებითაც გამოაცხადონ სახელმწიფო შესყიდვები – გირლანდების შესაძენად თუ საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად. ამ შემთხვევაში, ხარჯები შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

რამდენი დაიხარჯება საახალწლო მზადებაში რეგიონის 25 მუნიციპალიტეტში?
დედაქალაქისა და მსხვილი ქალაქების ფონზე საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადება სხვა მუნიციპალიტეტებშიც აქტიურად მიმდინარეობს. „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ შესწავლილი 25 მუნიციპალიტეტი ჯამში ამ მიზნით 2 567 242 ლარზე მეტს დახარჯავს.
ამ ჩამონათვალში გამოკვეთილი ლიდერია გურჯაანი. საახალწლო გარე განათების, აქსესუარებისა და მათი მონტაჟისთვის ბიუჯეტიდან 435 083 ლარია გამოყოფილი. ეს თანხა თითქმის უტოლდება რუსთავის საახალწლო ბიუჯეტს და მნიშვნელოვნად აღემატება ქუთაისის შესაბამის დანახარჯს, რაც რეგიონული მუნიციპალიტეტის მასშტაბით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დაახლოებით სამჯერ ნაკლებია, ვიდრე ცალკე აღებული რუსთავისა და ქუთაისის ქალაქების მოსახლეობა.
სიაში მეორე ადგილს საგარეჯო იკავებს. მუნიციპალიტეტი საახალწლო გაფორმებისთვის, დეკორაციებისა და მათი მონტაჟისთვის 303 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. შემდეგია ყვარელი, რომელიც საახალწლო გაფორმებისთვის 265 000 ლარს გამოჰყოფს.
შიდა ქართლში ყველაზე „მხარჯველი“ გორის მუნიციპალიტეტია, რომელიც საახალწლო მორთულობისთვის თითქმის 200 ათას ლარს (199 980 ₾) ხარჯავს. მას მოსდევს წყალტუბო 115 450 ლარით და ახალციხე – 98 700 ლარით.
145 100 ლარის დახაჯვას გეგმავს საახალწლო მოწყობილობებში, ილუმუნაციებსა და საშობაო ნაძვის ხის შესყიდვაში ზუგდიდი მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის მართვის ცენტრი.
სიაში შედარებით მოკრძალებული ბიუჯეტებით ფიქსირდებიან ახმეტა (16 940 ₾) და ვანი (17 100 ₾). თუმცა მთავარი ტენდენცია აქაც უცვლელია: დაბალი კონკურენცია და წლიდან წლამდე პრაქტიკულად ერთი და იგივე მიმწოდებლები.
სახელმწიფო ტენდერების უმეტესობა ამ ეტაპზე მიმდინარეა და, შესაბამისად, წარმოდგენილი თანხები სავარაუდო მაჩვენებელია, გარდა ექვსი მუნიციპალიტეტისა, სადაც ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია – ესენია: ადიგენი, ბაღდათი, ასპინძა, ახალქალაქი, სამტრედია და ხულო.
ყველა 25 მუნიციპალიტეტის სრული სია და საახალწლო სამზადისისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

შეჯამება
როგორც სტატიიდან ირკვევა, საახალწლო მზადება ხელისუფლებისთვის კვლავ ერთ-ერთ ძვირადღირებულ მიმართულებად რჩება. როგორც დიდ ქალაქებში, ისე რეგიონულ მუნიციპალიტეტებშიც მილიონობით ლარი დაიხარჯება საახალწლო დეკორაციებსა და ღონისძიებებზე.
თბილისი, ბათუმი და სხვა თვითმმართველი ქალაქები განსაკუთრებით მაღალი ბიუჯეტით გამოირჩევიან, თუმცა მათ არ ჩამორჩებიან რიგი მუნიციპალიტეტებიც – მაგალითად, გურჯაანი და საგარეჯო, სადაც ხარჯი რამდენიმე ასეული ათასი ლარია.
შესყიდვების პროცესში იკვეთება გამარტივებული და ფაქტობრივად, უკონკურენტო ტენდერების სიმრავლე, სადაც ხშირად მხოლოდ ერთი მიმწოდებელი მონაწილეობს. ეს გარემოება ამცირებს კონკურენციას, ზრდის კორუფციულ რისკებს და ართულებს იმის შეფასებას, რამდენად მიზნობრივად იხარჯება ბიუჯეტის თანხები.
საახალწლო ღონისძიებები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ქალაქის ცხოვრების, ტურიზმისა და ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებისთვის, თუმცა აუცილებელია პარალელური, კრიტიკული შეფასება – შეესაბამება თუ არა ასეთი მასშტაბის ბიუჯეტები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და არსებობს თუ არა უფრო ეფექტიანი ალტერნატივები.





