სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ბიუჯეტი და ხარჯები

სსიპ-მა აპრილში გამარტივებული შესყიდვით შპს სტარკ პროდაქშენის მიერ სოც ქსელების 3-თვიანი მომსახურება შეიძინა, რაშიც ₾24 ათასი გადაიხადა.

სააგენტო ოფიციალურად აპრილშივე დაარსდა და მის ხელმძღვანელად თამარ ზოდელავა დაინიშნა, რომლის ხელფასი თვეში 10,585 ლარია. 

კანონპროექტის მიხედვით, სააგენტო ათამდე პირს ასაქმებს, ზოდელავას მოადგილის ხელფასი თვეში 8,760 ლარია, ხოლო დეპარტამენტის უფროსის – 7,300. 

მთავრობამ აღნიშნული სსიპ-თვის ჯამურად ₾814 ათასის გამოყოფა მოითხოვა, რაც თავიდან დასახელებულ თანხას 304 ათასით აჭარბებს. 

სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო სოციალური ქსელებზე – Facebook-სა და Instagram-ზე სხვადასხვა მომსახურებას კომპანიისგან “სტარკ პროდაქშენი” 24,068 ლარად შეისყიდის.

დოკუმენტის მიხედვით, მომსახურება მოიცავს “სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს სოციალური მედიის (Facebook, Instagram პლატფორმაზე) გვერდების შექმნას, მართვასა და ვიზუალური მასალის დამზადებას.”

ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების განხორციელების პერიოდად 2025 წლის 22 ივლისი – 30 სექტემბერი განისაზღვრა.

სსიპ-მა აღნიშნული მომსახურების შესასყიდად გამარტივებული შესყიდვა [CMR250098639] ჩაატარა და კომპანიასთან კონტრაქტი პირდაპირი წესით გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით, შპს “სტარკ პროდაქშენს” ევალება:

“1. სააგენტოსთან შეთანხმებული ფორმითა და შინაარსით პოსტების გამოქვეყნება საჭიროებისამებრ, თვეში არაუმეტეს 10 პოსტი (საჭიროებისამებრ);

2. ვიზუალური კონტენტის დამზადება, კერძოდ ფოტოები, ბანერი, ინფოგრაფიკა – თვეში არაუმეტეს 10 ვიზუალური კონტენტი (საჭიროებისამებრ);

3. ვიზუალური კონტენტის მოკლე ვიდეო რგოლის მონტაჟი (≤ 1 წუთი) – თვეში არაუმეტეს 5 ვიდეო რგოლი (მიუთითეთ თითო ერთეულის ფასი);

4. სტატისტიკის დეტალური ანგარიშის მომზადება – ყოველთვიურად.”

ბიუჯეტი

22 აპრილს გამოქვეყნებული განკარგულების მიხედვით სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის გამოსაყოფ თანხად განისაზღვრა 510,200 ლარი, ხოლო წლიურ შრომის ანაზღაურებად ბიუჯეტის ნახევარი – 253,160 ლარი. ამასთან ერთად, განკარგულებაში მითითებული იყო სააგენტოს თავმჯდომარის, ამ შემთხვევაში თამარ ზოდელავას თვიური ხელფასი – 10,585 ლარი, თავმჯდომარის მოადგილის თვიური ხელფასი – 8,760 ლარი და დეპარტამენტის უფროსის თვიური ანაზღაურება – 7,300 ლარი.

უცნობია თანამშრომელთა ზუსტი რიცხვი, თუმცა კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოში დაახლოებით 10 პირი უნდა დასაქმებულიყო.



წყარო: განკარგულება N776

კიდევ ერთი, 20 მაისის განკარგულების მიხედვით, სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს ბიუჯეტისთვის 510,200 ლარი გამოიყო და ამ თანხის “სამოქალაქო ინიციატივებისს მხარდაჭერის” პროგრამიდან დახარჯვა განისაზღვრა.

მოგვიანებით დაფინანსება შეიცვალა და უკვე 30 ივნისის განკარგულებით, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, 20 მაისის განკარგულებაში ცვლილება შევიდა და ოცნების მთავრობამ აღნიშნული სსიპ-თვის ჯამურად 814,472 ლარის ოდენობის თანხის გამოყოფა მოითხოვა, რაც თავიდან დასახელებულ თანხაზე 304,272 ლარით მეტია.

ჯერჯერობით უცნობია, შეიცვალა თუ არა გაზრდილი ბიუჯეტის შემდეგ თანამდებობრივის სარგოს ჯამური მაჩვენებელი.


კონტექსტი

სსიპ სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს შექმნას მესამე მოსმენით მხარი პარლამენტში თებერვალში დაუჭირეს – როგორც მიმდინარე მოწვევის პარლამენტში თითქმის ყოველთვის ხდება, მოწინააღმდეგე არავინ ყოფილა.

კანონპროექტის მიხედვით სააგენტოს ბიუჯეტად მთლიანობაში 20 მილიონი ლარი განისაზღვრა, რაც მოხმარდება როგორც “სააგენტოს შექმნას და მის ფუნქციონირებას, ასევე გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსება.”
განმარტებითი ბარათის თანახმად, სააგენტოს “მიზანი იქნება საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან.”

მიუხედავად იმისა, რომ სსიპ-ის დაარსების ოფიციალური მიზეზი სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერაა, გრანტებს მხოლოდ ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებზეც ოცნების მთავრობას დაქვემებარებული სსიპ-ი ჩათვლის რომ თანხვედრაში არიან “ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან.”

სააგენტო ოფიციალურად აპრილში დაარსდა და მის ხელმძღვანელად თამარ ზოდელავა დაინიშნა. ზოდელავა 2003 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) გუნდში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

მსგავსი სტატიები