საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო და წესებულებებმა საქონელი და მომსახურება, როგორც წესი, საჯარო ტენდერის გზით უნდა შეიძინონ. თუმცა, კანონით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში, მათ შეუძლიათ შესყიდვა ტენდერის გარეშე, ე.წ. გამარტივებული შესყიდვით განახორციელონ. ასეთ შესყიდვას ხშირად „პირდაპირ“ სახელმწიფო შესყიდვასაც უწოდებენ, რადგან ამ შემთხვევაში, რამდენიმე მიმწოდებლის მონაწილეობით გამარჯვებულის გამოვლენის ნაცვლად, შემსყიდველი ორგანიზაცია საქონელს ან მომსახურებას უშუალოდ კონკრეტული მიმწოდებლისგან იძენს. საუკეთესო შემთხვევაში, შემსყიდველი ბაზრის კვლევას ატარებს და ამის შემდეგ წყვეტს, ვისგან შეიძინოს საჭირო საქონელი ან მომსახურება.
გამარტივებული შესყიდვის დროს, რადგან საჯარო კონკურსი არ ცხადდება, კორუფციის რისკები მაღალია, ვიდრე ტრადიციული ტენდერის დროს, სადაც ძირითადად ის იმარჯვებს, ვინც უფრო იაფად მიაწვდის საქონელს და მომსახურებას. კორუფციის მაღალი რისკებიდან გამომდინარე გამარტივებული შესყიდვა გამჭვირვალედ უნდა განხორციელდეს, რაც მიმწოდებელთან დადებული კონტრაქტის გასაჯაროებას გულისხმობს. საზოგადოებას უნდა შეეძლოს, ნახოს, ვის გადაუხადა ფული სახელმწიფო უწყებამ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება N13-ის მე-9 მუხლით განსაზღვრულია, რომ გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემის CMR მოდულში მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში უნდა ატვირთოს.
ჩვენ გამოვავლინეთ 17 სახელმწიფო უწყება, რომლებიც გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებენ. ესენია: მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) და მას დაქვემდებარებული სხვადასხვა უწყებები. ამ უწყებებმა სხვადასხვა დროს შეწყვიტეს გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების გამოქვეყნება ან არასდროს გამოუქვეყნებიათ (იხილეთ ცხრილი 1). ამასთან, ზოგიერთ მათგანს მხოლოდ რამდენიმე კონტრაქტი აქვს გასაჯაროებული.
ცხრილი 1. სახელმწიფო უწყებები, რომელთა მიერ გამარტივებული შესყიდვით დადებული კონტრაქტები შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში არ ქვეყნდება

ინფორმაციის წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემა
შესყიდვის კონტრაქტების გამოქვეყნების ვალდებულება არ ვრცელდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. შსს-ს და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სხვა უწყებების ყველა შესყიდვა არ არის დაკავშირებული საიდუმლოებასთან. არასაიდუმლო შესყიდვების ყველა კონტრაქტი უნდა ქვეყნდებოდეს.
იმას, რომ ასეთი კონტრაქტები არსებობს, მაგრამ არ ქვეყნდება, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის SMP მოდულიც ადასტურებს, სადაც სახელმწიფო უწყებების მიერ შესყიდვების სააგენტოსთან გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობები ქვეყნდება. 2020-2025 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 597 შესყიდვაზე მოითხოვა გამარტივებული გზით განხორციელების უფლება. აქედან, 18 შესყიდვის ღირებულება მილიონ ლარზე მეტი იყო. მთავრობის ადმინისტრაციამ 31 შესყიდვაზე მოითხოვა გამარტივებული გზით განხორციელების უფლება, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 15-ზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 54-ზე და ა.შ. შემსყიდველებს ყოველთვის არ სჭირდებათ ნებართვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან, მაგალითად, თუ 10,000 ლარამდე საქონელს ან 20,000 ლარამდე მომსახურებას ყიდულობენ.
2023 წლის ივნისში აღნიშნულ პრობლემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“ წერდა. ორგანიზაციამ წერილით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სთხოვა განემარტა, რატომ არ აქვეყნებდნენ კონკრეტული უწყებები გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს და რა ღონისძიებები გაატარა სააგენტომ პრობლემის გადასაჭრელად. სააგენტოს პასუხის თანახმად, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ნაწილობრივ აღმოიფხვრა ხელშეკრულებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზები და სააგენტო მუშაობდა დარჩენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად. მიუხედავად ამისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გამოუქვეყნებელ კონტრაქტებზე 2017 წელსაც წერდა და შესყიდვების სააგენტო მაშინაც ტექნიკური ხარვეზით ხსნიდა პრობლემას. თუმცა, რთული სათქმელია, რატომ არ აღმოჩნდა 9 წელი ტექნიკური ხარვეზის გამოსასწორებლად.
გამჭვირვალობა კორუფციის პრევენციის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია, განსაკუთრებით სახელმწიფო შესყიდვებში, სადაც მილიარდობით ლარი იხარჯება. როდესაც საზოგადოებას არ აქვს შესაძლებლობა ნახოს, ვისგან ყიდულობს სახელმწიფო უწყებების ნაწილი საქონელსა და მომსახურებას, თანაც პირდაპირი შესყიდვის გზით, კორუფციის რისკები მნიშვნელოვნად იზრდება.




