30 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანდა, რომ სურსათისეროვნული სააგენტოს ზუგდიდიდან მიუსაფარი, თუმცა საჭდიანი ძაღლები ქუთაისის თავშესაფარში გადაჰყავდა. მას შემდეგ, რაც ამბავს ფართო გამოხმაურება მოჰყვა, სააგენტომ განაცხადა, რომ ძაღლებს სამედიცინო მანიპულაციების შემდეგ ისევ პირვანდელ ადგილას დააბრუნებდნენ. თუმცა,აქტივისტების თქმით, ადგილზე მათ საპირისპირო ინფორმაცია მიიღეს, რომ გადაყვანილი ცხოველები თავდაპირველ არეალს აღარ დაუბრუნდებოდნენ.
რას ითვალისწინებს ახალი პროგრამა
2026 წლის 25 თებერვალს გამოიცა განკარგულება „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. დოკუმენტის მიხედვით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, თვითმმართველი ქალაქების გარდა, ქვეყნის მასშტაბით „ჰუმანური მეთოდებით“ უნდა უზრუნველყოს სავარაუდოდ 36 116 უპატრონო/მიკედლებული ძაღლის დაჭერა, თავშესაფარში გადაყვანა და კასტრაცია/სტერილიზაციის, ვაქცინაციისა და სხვა საჭირო სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.
პროგრამის ფარგლებში ცხოველების გადაყვანა ოთხ თავშესაფარშია განსაზღვრული: მცხეთა-მთიანეთიდან თბილისის თავშესაფარში; კახეთიდან და ქვემო ქართლიდან გურჯაანის თავშესაფარში; შიდა ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან გორის თავშესაფარში; იმერეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და სვანეთიდან ქუთაისის თავშესაფარში.
იმ ოთხ მუნიციპალიტეტს, სადაც ეს თავშესაფრები მდებარეობს, პერსონალის ანაზღაურებისა და სხვადასხვა მომსახურების შესყიდვა/ჩატარებისთვის ჯამურად 4 631 870 ლარი გამოეყო.
ამავე განკარგულებაში მითითებულია, რომ „აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება.“
რა აჩვენებს პრაქტიკა
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოქალაქეები და აქტივისტები როგორც რეგიონებიდან, ისე თვითმმართველი ქალაქებიდან სოციალურ ქსელში წერენ, რომ მათ მიერ მიკედლებული ძაღლები – მათ შორის უკვე სტერილიზებული/კასტრირებული და ვაქცინირებული ცხოველები – სეს-ს ან ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს თავშესაფარში გადაჰყავს, შემდეგ კი უკან აღარ აბრუნებენ. შედეგად, ადამიანები ვეღარ პოულობენ ძაღლებს, რომლებიც მანამდე უკვე ადაპტირებული იყვნენ მათ საცხოვრებელ გარემოსთან.
„ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტის“ თანადამფუძნებელი სალომე კვარაცხელია ამბობს, რომ მიკედლებული ძაღლების დაკარგვის პრობლემა, მისი დაკვირვებით, ჯერ კიდევ 2025 წლის საპილოტე პროგრამის დროს გამოიკვეთა, როცა მიზანი 9 000 მიუსაფარი ძაღლის სტერილიზაცია/კასტრაცია და ვაქცინაცია იყო.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის განკარგულებაში დაბრუნების არეალები შეზღუდული არ ყოფილა, მაინც ბევრი ცხოველი „გაქრა“. კვარაცხელია ამას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იგი ასახელებს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული მიმკედლებლის რეგისტრაციის სისტემა რეგიონებში რეალურად არ ფუნქციონირებს.
როგორც ის განმარტავს, თუ სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ბაზა არ არის შექმნილი და მოქალაქეს ცხოველის ოფიციალურად მიკედლება არ შეუძლია, მაშინ გაუგებარია, რას გულისხმობს განკარგულებაში გამოყენებული ტერმინი -„უპატრონო/მიკედლებული ცხოველი“. მისი შეფასებით, ესუკვე პროცედურულ ხარვეზზე მიუთითებს.
კანონი, რომელზეც კვარაცხელია საუბრობს, საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის ივლისში მიიღო და მის მიზნებად გაწერილია: შინაური ბინადარი ცხოველისა და ადამიანის დაცვა სხვა შინაური ბინადარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეებისგან; შინაური ბინადარი ცხოველის დაცვა არასათანადო და სასტიკი მოპყრობისგან; შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.
ზუგდიდის შემთხვევაზე საუბრისას კვარაცხელია კიდევ ერთ პრობლემას გამოყოფს. სეს-ის მიერ დასახელებული მიზეზი უკვე საჭდიანი ძაღლების გადაყვანისთვის ვაქცინაცია იყო. მისი შეფასებით, მხოლოდ ვაქცინაციის მიზნით ცხოველების ერთი ქალაქიდან მეორეში გადაყვანა არამიზნობრივი ხარჯია, რადგან ასეთი მომსახურება, სათანადო დაგეგმვის შემთხვევაში, ადგილზე, მობილური ჯგუფების დახმარებითაც შეიძლება განხორციელდეს. როგორც ის ამბობს, „წარმოუდგენელია ამხელა რესურსის ხარჯვა იმ მანიპულაციაზე, რომელიც ადგილზეა შესაძლებელი.“
მსგავს შეფასებას აკეთებენ სხვა ცხოველთა უფლებადამცველებიც. თინათინ ჭავჭანიძე ამბობს, რომ ჰიპერპოპულაციის მართვის პროცესში არსებობს ერთი საბაზისო პრინციპი: ცხოველი უნდა დაიჭირონ, სტერილიზაცია ჩაუტარონ, აცრან ცოფზე და შემდეგ ისევ იმავე გარემოში დააბრუნონ. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ცხოველი დაბრუნდეს იქ, სადაც მას ჰყავს მიმკედლებელი და სადაც მასზე ზრუნავენ.
ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ტერმინი „ჰიპერპოპულაციის მართვა“, რომელსაც ხელისუფლებაც იყენებს, საერთაშორისო პრაქტიკაში ეყრდნობა CNVR (Catch, Neuter, Vaccinate, Return) მეთოდოლოგიას. ეს მოდელი მიჩნეულია მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის ჰუმანური და ეფექტიანი რეგულირების საშუალებად. შესაბამისად, თუ დაბრუნების კომპონენტი აღარ სრულდება, ჩნდება კითხვა, რამდენად ინარჩუნებს პროგრამა თავდაპირველ ლოგიკას.
ჭავჭანიძე კიდევ ერთ საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას – მისივე თქმით, პროცესს არ ახლავს მოსახლეობის ინფორმირების და ცნობიერების ამაღლების კამპანია. როგორც ის ამბობს, ამ ფუნქციის შესრულება ხშირად მხოლოდ მოხალისეებსა და აქტივისტებზე გადადის.
ორი შემთხვევა: ბაკურიანი და ე.წ. გიგანტის დასახლება
მოქალაქეებიც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სწორედ უკვე მიკედლებული და საჭდიანი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანას და შემდეგ მათ კვალდაკვალ დაკარგვას ასახელებენ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით ხშირად სახელდება ბაკურიანისა და ე.წ. გიგანტის დასახლების შემთხვევები.
ბაკურიანი
2025 წლის ოქტომბერში ბაკურიანში ცხოველთა მოყვარულებმა კესო დოლიძემ და ანასტასია თავხელიძემ საკუთარი ინიციატივით, ბაკურიანის განვითარების სააგენტოსა და „აჭარა გრუფის“ მხარდაჭერით, პროექტი განახორციელეს, რომლის ფარგლებშიც მათი თქმით, მუნიციპალიტეტში არსებული მიუსაფარი ძაღლების დაახლოებით 85%-ს სტერილიზაცია/კასტრაცია და ვაქცინაცია ჩაუტარდა.
კესო დოლიძე ამბობს, რომ მათ ბაკურიანთან კავშირი არ ჰქონიათ, გარდა იმისა, რომ ადგილზე ხშირად ხედავდნენ მოუვლელ და შიმშილობის ზღვარზე მყოფ ძაღლებს, რამაც ამ ინიციატივის დაწყებისკენ უბიძგათ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ძაღლებს რევაქცინაცია არ სჭირდებოდათ, მოგვიანებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ისინი თავშესაფარში მაინც გადაიყვანა.
დოლიძე იხსენებს, რომ თავდაპირველად ცხელ ხაზზე სააგენტოში ფაქტს უარყოფდნენ, თუმცა მოგვიანებით გადაყვანა დაადასტურეს. მისი თქმით, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დახმარებით გაირკვა, რომ ძაღლები ქუთაისის თავშესაფარში იყვნენ გადაყვანილი. ბოლოს, რეაგირების შემდეგ, ძაღლები ისევ საწყის ტერიტორიაზე დააბრუნეს.
თუმცა, როგორც დოლიძე ამბობს, კითხვები ამ შემთხვევაშიც დარჩა: თავშესაფარში წაყვანილი 12 ძაღლის ნაცვლად, უკან 18 ძაღლი დაბრუნდა, რაც, მისი შეფასებით, დოკუმენტაციისა და აღრიცხვის პრობლემაზე მიუთითებს.
მისივე თქმით, მოხალისეების გამოცდილება ამ პროცესში პრაქტიკულად უგულებელყოფილია, მიუხედავად იმისა, რომ მათ ადგილზე არსებული ცხოველების შესახებ დეტალური ინფორმაცია აქვთ და წლებია ამ თემაზე მუშაობენ.
ე.წ. გიგანტის დასახლება
მსგავს შემთხვევას აღწერს მოქალაქე და მიმკედლებელი ლუბა ელიაშვილიც. მისი მონათხრობით, 13 მარტს ერთ-ერთი ძაღლის მიერ დაკბენის შემთხვევაზე შესული ზარის შემდეგ, ტერიტორიიდან არა მხოლოდ ის ცხოველი გაიყვანეს, რომელიც კონკრეტულ ინციდენტს უკავშირდებოდა, არამედ სხვა მიკედლებული ძაღლებიც.
ელიაშვილის თქმით, მოგვიანებით რამდენიმე მოქალაქემ სატელეფონო კომუნიკაციისას მიიღო დადასტურება, რომ ძაღლები მართლაც გაიყვანეს. ერთ შემთხვევაში თავშესაფარში ვიდეოში ამოიცნეს ძაღლი, რომელიც, მისი თქმით, 10 წლის განმავლობაში იყო მიკედლებული და მოვლილი. თუმცა, როგორც ელიაშვილი ამბობს, თავშესაფრის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ეს ძაღლი ორი დღის შემდეგ დააბრუნეს, მაშინ როცა მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.
მისი განცხადებით, ამ საკითხზე წერილობითაც მიმართეს შესაბამის უწყებებს და მოითხოვეს ჩანაწერები, რათა გაერკვიათ, სად გაუშვეს კონკრეტული ძაღლი, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
ელიაშვილი ასევე ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე არსებული ძაღლები საკუთარი ხარჯით ჰყავდა სტერილიზებული/კასტრირებული. მისი თქმით, როცა დახმარებისთვის თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს მიმართავდა, უარს ეუბნებოდნენ იმ საფუძვლით, რომ ტერიტორია თბილისს არ ეკუთვნის, თუმცა მოგვიანებით სწორედ ამავე სამსახურის ეკიპაჟებით მოხდაძაღლების გაყვანა.
ფული, ბიუჯეტი და მენეჯმენტის კითხვა
ხელთ არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ საკითხი მხოლოდ ფინანსური რესურსის სიმცირეს არ უკავშირდება და არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ ნაწილდება ეს რესურსი.
სსიპ „თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, 2024 წელს თანამშრომლებზე ხელფასის, დანამატისა და ჯილდოს სახით 3 856 961 ლარი გაიცა. 2025 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 60%-ით გაიზარდა და შრომის ანაზღაურებამ, დანამატებმა და ჯილდოებმა ჯამში 6 185 243 ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ვაქცინაციის მაჩვენებელი დედაქალაქში 2024 წლის 12 235 ცხოველიდან 2025 წელს 13 204-მდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 8%-იანი ზრდაა. რაც შეეხება სტერილიზაცია-კასტრაციას, 2024 წელს ეს მანიპულაცია 8 619 ცხოველს ჩაუტარდა, 2025 წელს კი – 11 068-ს.
რიცხვები დამატებით კითხვებს აჩენს მაშინაც, როცა რეგიონულ პროგრამას ვუყურებთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, თვითმმართველი ქალაქების გარდა, 36 116 ძაღლის დაჭერის, ტრანსპორტირების, სტერილიზაცია/კასტრაციისა და ვაქცინაციისთვის 2026 წელს სულ 4 631 870 ლარია გათვალისწინებული. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე მხოლოდ თბილისის სააგენტომ თანამშრომელთა ხელფასებზე დახარჯა 2025 წელს.
შესაბამისად, გამოდის, რომ ოთხ მუნიციპალიტეტში განთავსებულ თავშესაფრებს მნიშვნელოვნად უფრო მცირე ბიუჯეტით უწევთ გაცილებით დიდი მოცულობის მომსახურების უზრუნველყოფა. ეს უკვე მენეჯმენტისა და პრიორიტეტების განაწილების საკითხსაც აჩენს.
რა კითხვები რჩება
წარმოდგენილი ფაქტები აჩვენებს, რომ საქართველოში მიუსაფარი ძაღლების მართვის სახელმწიფო პროგრამა ფორმალურად საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ მოდელს ეყრდნობა, თუმცა მის პრაქტიკულ შესრულებასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა ჩნდება.
ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რამდენად თანმიმდევრულად სრულდება პროგრამის ის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ცხოველი სამედიცინო მანიპულაციების შემდეგ იმავე გარემოში უნდა დაბრუნდეს. სწორედ ეს არის CNVR მოდელის ცენტრალური ელემენტი – სტერილიზებული დავაქცინირებული ცხოველი საკუთარ ტერიტორიაზე რჩება, რაც ახალი, არაკონტროლირებადი პოპულაციის შემოსვლასაც ზღუდავს. იმ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქეები და აქტივისტები ცხოველების გაუჩინარებაზე საუბრობენ, ჩნდება ეჭვი, რომ პრაქტიკაში ეს ნაწილი ყოველთვის არ სრულდება.
მეორე საკითხია „მიკედლებული ცხოველის“ სტატუსის პრაქტიკული აღსრულება. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა მიმკედლებლის როლს აღიარებს, აქტივისტების თქმით, რეგიონებში რეგისტრაციის ეფექტიანი მექანიზმის არარსებობა ქმნის მდგომარეობას, როცა ადამიანები, რომლებიც წლებია კონკრეტულ ცხოველებზე ზრუნავენ, სისტემისთვის ფაქტობრივად უხილავები რჩებიან.
ასევე თვალშისაცემია ლოგისტიკისა და ადმინისტრირების პრობლემა. თუ ცხოველების გადაყვანა ხდება ისეთი პროცედურებისთვისაც, რომლებიც ადგილზე შეიძლება ჩატარდეს, ეს მიანიშნებს, რომ დაგეგმვა და რესურსების გამოყენება შესაძლოა ოპტიმალური არ იყოს. ამასთან ერთად, აქტივისტებისა და მოქალაქეების მონათხრობი მიუთითებს აღრიცხვისა და გამჭვირვალობის შესაძლო ხარვეზებზეც – მათ შორის, იმაზე, რომ კონკრეტულ შემთხვევებში გაურკვეველია, რამდენი ცხოველი აიყვანეს, რა პროცედურები ჩაუტარდათ და სად დააბრუნეს.




