6 მარტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რამდენიმე მუნიციპალიტეტის საქმიანობის ანგარიშები გამოაქვეყნა. ეს ანგარიშები სხვადასხვა პერიოდს მოიცავს – ნაწილში შეფასებულია 2022 და 2023 წლები, ნაწილში კი 2024 წლის პირველი ექვსი თვეც. დოკუმენტებში რამდენიმე მიმართულებააგამოკვეთილი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო თემაა მუნიციპალიტეტების ავტოპარკი დასაწვავის ხარჯვის კონტროლი. სწორედ ამ ანგარიშებზე დაყრდნობით შეიძლება დავინახოთ, რატიპის ხარვეზები ფიქსირდება ჩხოროწყუში, ხულოში, ოზურგეთში, შუახევში, ბაღდათში, კასპში,აბაშასა და წალენჯიხაში.
ამ მუნიციპალიტეტებში გამოვლენილი შემთხვევები ერთმანეთისგან მასშტაბითა და ფორმითგანსხვავდება, თუმცა რამდენიმე საერთო ტენდენცია მაინც აშკარად იკვეთება. აუდიტის ანგარიშებში მეორდება საწვავის გაცემაზე სუსტი კონტროლი, ავზის მოცულობაზე მეტი ან მოკლეინტერვალში განმეორებითი ჩასხმა, მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ საწვავის გამოყენება შესაბამისი დასაბუთების გარეშე, შვებულების პერიოდში საწვავის ხარჯვა, ასევე პირადიავტომობილების ფართო გამოყენება საბიუჯეტო რესურსით. ანგარიშებში ჩანს ისიც, რომ ცალკეულ შემთხვევებში პრობლემურია არა მხოლოდ უშუალოდ საწვავის ხარჯვა, არამედ ავტოპარკის მართვის მოდელი და ტექნიკური კონტროლის მექანიზმებიც.
საწვავის გაცემაზე კონტროლის სისუსტე
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც აუდიტის ანგარიშებში არაერთ მუნიციპალიტეტში იკვეთება, არის საწვავის გაცემისა და ხარჯვის არასაკმარისი კონტროლი. სხვადასხვა შემთხვევაში ესსხვადასხვა ფორმით ვლინდება: ზოგან საწვავი ტალონური სისტემით გაიცემოდა, ზოგან – VIP ბარათებით, ზოგან კი ისეთი მექანიზმით, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა, რომ საწვავი მხოლოდ კონკრეტულ, ავტორიზებულ ავტომობილში ჩასხმულიყო.
მაგალითად, ჩხოროწყუში 2022 და 2023 წლებში ტალონური სისტემით გახარჯული იყო 217.4 ათასი ლიტრი საწვავი, რის გამოც აუდიტი მიუთითებს, რომ მისი გამოყენება სათანადო კონტროლს არექვემდებარებოდა. აბაშაში 2022-2023 წლებში უნომრო პლასტიკური, ე.წ. VIP ბარათებით გახარჯული იყო 48.4 ტონა საწვავი, რაც მთლიანად გამოყენებული საწვავის 43 პროცენტს შეადგენდა. აუდიტის შეფასებით, ასეთ პირობებში ვეღარ დგინდება, რამდენად რაციონალურად დასამსახურებრივი დანიშნულებით დაიხარჯა ეს რესურსი. მსგავსი პრაქტიკა ფიქსირდება წალენჯიხაშიც, სადაც დადგენილი ლიმიტის პარალელურად დამატებით გამოიყენებოდა VIP ბარათები და ამ გზით ორ წელიწადში 18.6 ათასი ლიტრი საწვავი ჩაისახა. ხულოსა და შუახევის შემთხვევებში კი აუდიტი მიუთითებს, რომ პირად ავტომობილებზე გაცემული საწვავის მიზნობრივი ხარჯვა დოკუმენტურად სათანადოდ ვერ დასტურდებოდა.
ბაღდათში ამავე პრობლემას კიდევ ერთი განზომილება აქვს. აუდიტის მიხედვით, მუნიციპალიტეტში დანერგილი არ იყო „აგაი“ (AGAI) სისტემა და საწვავი ელექტრონული ბარათებით გაიცემოდა, რაც არაავტორიზებულ ტრანსპორტში საწვავის ჩასხმის რისკს ქმნიდა.
განმარტება: „აგაი“ არის საწვავის ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა. კერძოდ, ავტომობილზე მონტაჟდება ჩიპი, რომელიც საწვავის ჩასხმას მხოლოდ კონკრეტულ ავზში უზრუნველყოფს. შესაბამისად, როცა ასეთი მექანიზმი არ მოქმედებს, საწვავის კონტროლი სუსტდებადა იზრდება იმის რისკი, რომ რესურსი სხვა დანიშნულებით იქნას გამოყენებული.
ავზის მოცულობაზე მეტი ან მოკლე ინტერვალში განმეორებითი ჩასხმა
აუდიტის ანგარიშებში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ინდიკატორად სახელდება შემთხვევები, როცა ავტომობილში იმაზე მეტი საწვავი ჩაისახა, ვიდრე მისი ავზი ფიზიკურად იტევს, ან როცა საწვავი იმდენად მოკლე ინტერვალში ჩაისხა რამდენჯერმე, რომ ეს ტექნიკურად ძნელად ასახსნელია. ასეთი ფაქტები რამდენიმე მუნიციპალიტეტში ფიქსირდება და საერთო სურათზე მნიშვნელოვან წარმოდგენას ქმნის.
ჩხოროწყუში 2024 წელს დაფიქსირდა 20 შემთხვევა, როდესაც ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი ერთჯერადად ჩაისხა, და კიდევ 2 შემთხვევა, როცა მცირე მონაკვეთში საწვავის მრავალჯერადი გამოყენება ავზის მოცულობას დაუსაბუთებლად აჭარბებს. ჯამურად საუბარია 1.9 ათას ლიტრსაწვავზე. ოზურგეთში 2022-2024 წლებში გამოვლინდა 19 მსგავსი შემთხვევა, წალენჯიხაში – 51 შემთხვევა, აბაშაშასა და ბადადში – ერთჯერადი და განმეორებითი ჩასხმების ჯამურად ათეულობით ფაქტი. ეს გარემოებები, აუდიტის შეფასებით, მიუთითებს, რომ საწვავის ხარჯვის აღრიცხვა დაკონტროლი სათანადოდ გამართული არ იყო.
მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ საწვავის ჩასხმა
კიდევ ერთი განმეორებადი საკითხია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარეთ საწვავის ჩასხმა, მაშინ როცა შესაბამისი მივლინება ან სხვა ოფიციალური დოკუმენტაცია არ ფიქსირდება. აუდიტისანგარიშებში ეს პრობლემა რამდენიმე მუნიციპალიტეტშია ასახული და ხშირ შემთხვევაშიმოცულობაც საკმაოდ დიდია.
ოზურგეთში დაფიქსირდა 481 შემთხვევა, როცა საწვავი მუნიციპალიტეტის გარეთ ჩაისახა და ესარცერთ მივლინებას არ უკავშირდებოდა; საერთო მოცულობამ 13.4 ათასი ლიტრი შეადგინა. წალენჯიხაში ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ მდებარე სადგურებში 233 შემთხვევაში ჩაისახა 7 ათასი ლიტრი საწვავი, აბაშაში – 399 შემთხვევაში 10.3 ტონა, ხოლო შუახევში აღწერილია 38 შემთხვევა, როცა ავტომობილები აჭარის ფარგლებს გარეთ დაფიქსირდა შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე. მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება ჩხოროწყუში, კასპსა დაბაღდათშიც. ასეთი მონაცემები არ ნიშნავს ავტომატურად დარღვევის ერთნაირ ხარისხს ყველა ეპიზოდში, თუმცა აუდიტის ანგარიშების მიხედვით, ისინი აჩენს კითხვას, რამდენად იყო თითოეული ხარჯვა დაკავშირებული უშუალოდ სამსახურებრივ საჭიროებასთან.
შვებულების პერიოდში საწვავის გამოყენება
ანგარიშებში ფიქსირდება შემთხვევებიც, როცა საწვავი იხარჯებოდა შვებულების პერიოდში. ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემურად არის წარმოდგენილი იქ, სადაც აუდიტს პირდაპირ აქვს მითითებული, რომ ასეთი სარგებლობა დაშვებული არ იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, საწვავის ჩასხმის ფაქტები მაინც დაფიქსირდა.
წალენჯიხაში 2022-2023 წლებში გამოვლინდა 49 შემთხვევა, როცა კერძო ავტომობილებისთვის შვებულების პერიოდში სამსაუხურეობრივი საწვავი გამოიყენეს; ჯამურად საუბარია 1.4 ათას ლიტრზე. აბაშაში შვებულებაში მყოფმა საჯარო მოსამსახურეებმა 1.4 ტონამდე საწვავი ჩაასხეს, ხოლო ბაღდათში შვებულებების პერიოდში დაფიქსირდა 103 შემთხვევა, სადაც ჯამურად 2.4 ტონაზე მეტი საწვავი იყო გამოყენებული. აუდიტი ამ გარემოებებს ასახელებს იმის ნიშნად, რომ საწვავის ხარჯვის რეალურ დანიშნულებაზე კონტროლი არასაკმარისი იყო.
ავტოპარკი, პირადი ავტომობილები და მთავრობის რეკომენდაცია
აუდიტის ანგარიშები აჩვენებს იმასაც, რომ საკითხი მხოლოდ საწვავის უშუალო ჩასხმით არ შემოიფარგლება – პრობლემურია ავტოპარკის მართვის მოდელიც. ერთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტებს ჰყავთ იმაზე მეტი სამორიგეო ავტომობილი, ვიდრე მთავრობის რეკომენდაციით არის განსაზღვრული, ხოლო მეორე შემთხვევაში მცირე ოფიციალური ავტოპარკი პირადი ავტომობილების მასობრივი გამოყენებით არის ჩანაცვლებული.
ამ ნაწილში მნიშვნელოვანია მთავრობის მიდგომაც. მასალაში მითითებულია, რომ №121 დადგენილებით მუნიციპალიტეტს არ უნდა ჰყავდეს 6 ერთეულზე მეტი სამორიგეო ავტომობილი. შესაბამისად, ყველაფერი, რაც ამ ზღვარს სცდება, ბიუჯეტისთვის შესაძლოა დაუსაბუთებელ ხარჯად ჩაითვალოს. ამ რეკომენდაციის ფონზე განსაკუთრებით თვალსაჩინოა ოზურგეთის შემთხვევა, სადაც რეკომენდებული 6-ის ნაცვლად 18 სამორიგეო ავტომობილი გამოიყენებოდა. კასპში მუნიციპალიტეტი იყენებდა 10 სამსახურებრივ ავტომობილს, შუახევის ბალანსზე კი 20 მანქანა იყო დარიცხული.
ამავე დროს, რამდენიმე მუნიციპალიტეტში თვალშისაცემია პირადი ავტომობილების ფართო გამოყენება. ჩხოროწყუში მუნიციპალიტეტი სარგებლობდა საჯარო მოხელეების პირადი 52-82 ავტომობილით, წალენჯიხაში – 52-56 მანქანით, აბაშაში – 40-49-ით, შუახევში – 23-ით. ბაღდათში კი გახარჯული 100.6 ტონა საწვავიდან 52.8 ტონა სწორედ კერძო ავტომობილებზე მოდიოდა. ასეთი სურათი იმაზე მიუთითებს, რომ ავტოპარკის მართვის პრაქტიკა მუნიციპალიტეტებს შორის განსხვავდება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სისტემურად არის მიბმული პირადი ავტომობილების გამოყენებაზე, რაც ხარჯვის კონტროლს კიდევ უფრო ართულებს.
ტექნიკური და ადმინისტრაციული პრობლემები
ცალკეულ მუნიციპალიტეტებში აუდიტმა აღწერა ისეთი შემთხვევებიც, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ტექნიკური კონტროლის მექანიზმები ფორმალურად არსებობს, მაგრამ პრაქტიკაში სრულად ვერ მუშაობს. კასპში, მაგალითად, 2022 წლის სამ თვეში ერთ-ერთ ავტომანქანაზე ბრძანებით დამტკიცებულზე 455 ლიტრით მეტი საწვავი დაიხარჯა, რაც პასუხისმგებელი პირის განმარტებით, „სიტყვიერი შეთანხმებით“ იყო გაზრდილი. იმავე მუნიციპალიტეტში აუდიტმა მიუთითა, რომ საკრებულოს სარგებლობაში არსებული ავტომანქანის ავზზე დამონტაჟებული აგაი სისტემის მთლიანობა დარღვეული იყო, რაც ჩიპის გადაადგილების შესაძლებლობას ქმნიდა.
ჩხოროწყუში კი ბიუჯეტიდან 800 ლარი ჯარიმებში იყო გადახდილი, რადგან ოთხ ავტომობილს ტექინსპექტირება არ ჰქონდა გავლილი; მათგან სამს ეს ვალდებულება დაჯარიმების შემდეგაც არ შეუსრულებია. მსგავსი შემთხვევები აჩვენებს, რომ პრობლემა მხოლოდ საწვავის მოცულობას არეხება – საუბარია ზედამხედველობის უფრო ფართო სისტემაზეც, რომელიც ვერ უზრუნველყოფს წესების თანმიმდევრულ დაცვას.
ტექნიკის მოვლა–შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები
ხულოს მუნიციპალიტეტის შემთხვევაში აუდიტის ფოკუსში მოხვდა ტრანსპორტისა და სპეციალური ტექნიკის მოვლა-შენახვაც. დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა-შენახვის ხარჯებმა 1,106,160 ლარი შეადგინა. ამავე დროს, ერთ-ერთმა მიმწოდებელმა ვერ წარმოადგინა შეცვლილი ნაწილების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები და განმარტა, რომ შესყიდვებს ბაზრობებზე ნაღდი ანგარიშსწორებით, დოკუმენტაციის გარეშე ახორციელებდა. აუდიტის მიხედვით, ასევე ვერ დგინდებოდა 11,400 ლარის ხელშეკრულებით შეკეთებულ ორ სპეციალურ ტექნიკაზე პირობების ჯეროვანი შესრულება. დამატებით, ერთ შემთხვევაში სპეციალური ტექნიკისთვის საგზურებით გამოყოფილ საწვავსა და რეალურად ჩამოწერილ დიზელს შორის 800-ლიტრიანი სხვაობა დაფიქსირდა.
დასკვნა
ამ რვა მუნიციპალიტეტის მაგალითები აჩვენებს, რომ აუდიტის ანგარიშებში აღწერილი პრობლემები ცალკეულ, ერთმანეთისგან იზოლირებულ შემთხვევებს არ ჰგავს. სხვადასხვა ფორმით, თუმცა განმეორებით, იკვეთება რამდენიმე ძირითადი ხაზი: საწვავის ხარჯვაზე არასაკმარისი კონტროლი, პირადი ავტომობილების ფართო გამოყენება, გაუმართავი ან დაზიანებული კონტროლის მექანიზმები, მუნიციპალიტეტის გარეთ ან შვებულების პერიოდში საწვავის გამოყენების შემთხვევები, ასევე ავტოპარკისა და ტექნიკური რესურსების მართვასთან დაკავშირებული კითხვები.
აუდიტის ანგარიშები საბოლოოდ უფრო ფართო სურათს აჩვენებს: მუნიციპალიტეტებში საწვავისა დასატრანსპორტო რესურსის მართვა მხოლოდ ცალკეული ეპიზოდების შეფასების საკითხი არ არის. საქმე ეხება იმასაც, რამდენად გამართულად მუშაობს კონტროლის სისტემა მთლიანობაში – დაწყებული საწვავის გაცემის მექანიზმებიდან და დასრულებული ავტოპარკის პოლიტიკითა და ტექნიკური ზედამხედველობით. სწორედ ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი როგორც „აგაი“ სისტემის ეფექტიანი გამოყენება, ისე მთავრობის რეკომენდაციების დაცვა სამორიგეო ავტომობილების რაოდენობაზე.





