ანტიკორუფციული პოლიტიკა დებატებსა და რეალობაში – რას აჩვენებს ფაქტები

16 მარტს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართული დებატები ქვეყნის ანტიკორუფციულ პოლიტიკას დაეთმო. დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი, ხოლო ოპოზიციური სპექტრიდან-ჰერმან საბო (გირჩი), ბერდია სიჭინავა (გახარია საქართველოსთვის) და ნიკა ობოლაძე.

დებატებისას პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა მისი მთავრობის „წარმატებულ“ ანტიკორუფციულ ნაბიჯებზე. 

თუმცა, პრემიერის მიერ დასახელებული რამდენიმე მიმართულება აჩენს კითხვას, რამდენად ემთხვევა ეს შეფასებები იმ რეალობას, რომელიც ჩანს როგორც საერთაშორისო ინდექსებში, ისე ადგილობრივი მონიტორინგისა და აუდიტის ანგარიშებში.

კორუფცია

ირაკლი კობახიძის თქმით, კორუფციის ნიშნები ჯერ კიდევ 2023 წელს გამოიკვეთა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე მიანიშნა. პრემიერის მტკიცებით, 2023 წლიდან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა კორუფციის მასშტაბების თვისებრივად შესამცირებლად და მისი პრინციპულად აღმოსაფხვრელად.

თუმცა, საერთაშორისო შეფასებები ამ სურათს სრულად არ ადასტურებს. „Transparency International“-ის 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს ქულა 3 ერთეულით შემცირდა და 50 ქულა შეადგინა, რაც ქვეყნისთვის 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ორგანიზაციის შეფასებით, ეს შედეგი ინსტიტუციური სისუსტეებისა და დემოკრატიული უკუსვლის ფონზე უნდა განიხილებოდეს. შესაბამისად, მიუხედავად ხელისუფლების განცხადებებისა, კორუფციასთან ბრძოლის შედეგიანობა კვლავ სადავო თემად რჩება.

გამჭვირვალობა

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2024 წლამდე გამჭვირვალობის კუთხით გამოწვევები არსებობდა, თუმცა ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ (თებერვლიდან), ყველა სამთავრობო აქტი კვლავ საჯარო გახდა და მთავრობის საქმიანობა დღეს „სრულიად გამჭვირვალეა”.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე აქტების ნაწილი ქვეყნდება, პრემიერს გამორჩა, რომ 2021-2023 წლების მთავრობის განკარგულებების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ მიუწვდომელია საზოგადოებისთვის. 

გარდა ამისა, საჯარო ინფორმაციის გაცემის ხარისხი და სისწრაფე წლიდან წლამდე უარესდება. 

ამიტომ, როდესაც ხელისუფლება სრულ გამჭვირვალობაზე საუბრობს, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რამდენად რეალურია ეს გამჭვირვალობა, თუ საზოგადოების ნაწილს ინფორმაციის მიღება დროულად და ეფექტიანად კვლავ უჭირს.

პრივატიზაცია

დებატებისას ირაკლი კობახიძემ პრივატიზაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ დღეს სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია აუქციონის წესით ხდება, რაც მისი შეფასებით პროცესს გამჭვირვალეს ხდის. მისი თქმით, ამ პირობებში „გამორიცხულია ქონების პრივატიზაციის დროს კორუფცია“

რეალობა აქაც ბევრად უფრო კომპლექსური და საყურადღებოა. კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში პრივატიზაციის პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს. ძირითადი პრობლემებია:

  • დაბალი კონკურენცია და პროცესის მიკერძოებულობა;
  • ელიტური კორუფციის რისკები, სადაც სახელმწიფო ქონება ხშირად მაღალჩინოსნებთან დაახლოებულ პირთა ხელში ხვდება.

ამას ემატება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებს ქონების მართვის სტრატეგიაც კი არ გააჩნიათ. სტრატეგიული გეგმისა და ნათელი მიზნების გარეშე, თუნდაც აუქციონის არსებობა, ვერ აზღვევს კორუფციულ რისკებს, რადგან გაურკვეველია, რამდენად ეფექტიანად და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით ხდება რესურსების განკარგვა.

დასკვნა

16 მარტის დებატებში პრემიერ-მინისტრმა ანტიკორუფციული პოლიტიკა წარმატების მაგალითად წარმოაჩინა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ კორუფციის შემცირების, გამჭვირვალობის ზრდისა და პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

თუმცა, საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები და შეფასებები აჩვენებს, რომ ეს სურათი ერთმნიშვნელოვანი არ არის. საერთაშორისო ინდექსებში საქართველოს შედეგები უარესდება, მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობას კვლავ ახლავს ძველი და დღემდე მოუგვარებელი პრობლემები, ხოლო პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებით აუდიტი და სამოქალაქო სექტორი ისევ სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებენ.

ამიტომ, უფრო ზუსტი იქნება ითქვას, რომ ხელისუფლების ანტიკორუფციული პოლიტიკის სფეროში მნიშვნელოვანი კითხვები კვლავ პასუხგაუცემელი რჩება. სწორედ ეს წინააღმდეგობა ოფიციალურ განცხადებებსა და პრაქტიკაში გამოკვეთილ სურათს შორის არის ის, რაც დამატებით დაკვირვებასა და საზოგადოებრივ კონტროლს საჭიროებს.

მსგავსი სტატიები