ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ფლანგვის დეტექტორმა“, OCCRP-სთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საერთაშორისო მასშტაბის თაღლითური სქემა და მასში ჩართული ქოლ-ცენტრების საქმიანობა ამხილა. მიუხედავად უტყუარი მტკიცებულებებისა, კონკრეტული სახელებისა და გვარებისა, დღეს ამ საქმეზე პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია.
2025 წლის 5 მარტს გამოქვეყნებული გამოძიება დეტალურად აღწერდა, როგორ ძალავდნენ სკამერები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დიდძალ თანხებს მოტყუებითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით. ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში დასახელებული იყო იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ამ სქემებს სათავეში ედგნენ. თუმცა, 365 დღის შემდეგ, სურათი უცვლელია: დაზარალებულები კვლავ სამართალს ელოდებიან, დამნაშავეები კი – ისევ დაუსჯელნი არიან.
დაუსჯელობის სინდრომი: გამოძიების დაწყების მიუხედავად, სკამერებმა მუშაობა გააგრძელეს
ჩვენი ორგანიზაციის მიერ მხილებული სქემის მასშტაბურობა იმდენად დიდი იყო, რომ საქართველოს პროკურატურა იძულებული გახდა, გამოძიება დაეწყო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ ფორმალური ნაბიჯი იყო.
პირველი ხმაურიანი გამოძიებიდან სულ რაღაც ერთ თვეში, 2025 წლის 28 აპრილს, OCCRP-სთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალი მტკიცებულებები წარვადგინეთ. ჩვენ ვამხელდით, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული „აქტიური საგამოძიებო მოქმედებების“ პარალელურად, სკამერები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას. მათ არც კანონის შეშინებიათ და არც გამოაშკარავების, რაც კიდევ ერთხელ აჩენს საფუძვლიან ეჭვს მათ შესაძლო მფარველობაზე.
კონკრეტული სახელები, ნულოვანი რეაგირება
ჩვენს გამოძიებაში ფიგურირებდნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ დაკავშირებული თაღლითურ სქემებთან. ჩვენ მივაწოდეთ საზოგადოებას და საგამოძიებო უწყებებს მათი სახელები და გვარები, ვინც სხვების გაძარცვის ხარჯზე მდიდრდებოდა.
დღეს, ერთი წლის თავზე, პროკურატურის პასუხი კვლავ სტანდარტულია: „გამოძიება მიმდინარეობს“.
როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო დონის დანაშაულს, სადაც მტკიცებულებები ხელისგულზე დევს, ხოლო დამნაშავეების ვინაობა ცნობილია, ერთი წლის განმავლობაში არცერთი დაკავებული პირის არარსებობა შესაძლოა პოლიტიკური ნების არქონაზე მიუთითებდეს.
რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის?
ქოლ-ცენტრების დაუსჯელი საქმიანობა არა მხოლოდ აზიანებს საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ ქვეყანას „შავი ფულის“ და თაღლითობის თავშესაფრად აქცევს.
სამწუხაროდ, ზუსტად ერთი წლის მერეც მთავარი კითხვა ისევ აქტიურია: რატომ არიან სკამერები ერთი წლის შემდეგაც თავისუფლები?




