OCCRP: გერმანიაში საქართველოს მოქალაქეს 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

11-დღიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელიც „გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით“ ჩატარდა, გერმანიის სასამართლომ ხუთშაბათს სასჯელი მიუსაჯა მიხეილ ბინიაშვილის, მასშტაბური სატელეფონო ცენტრის თაღლითური ოპერაციის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურას, რომელიც OCCRP-მ წარსულში გამოავლინა.

სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში მსჯავრდებულის ვინაობა არ იყო მითითებული. თუმცა, OCCRP-ის რეპორტიორმა, რომელიც სხდომების დაწყებამდე სასამართლოში იმყოფებოდა, გადაიღო სასამართლო სხდომების გრაფიკი, რომელიც ემთხვეოდა განაჩენის გამოტანის თარიღსა და დროს. გრაფიკში მითითებული იყო იგივე ბრალდებები, რაც განცხადებაშია აღწერილი, ასევე იგივე მოსამართლე – გვარით გიოცი (Götz).

სხდომების გრაფიკის მიხედვით, სასამართლოს წინაშე წარდგა მიხეილ ბინიაშვილი, რომელიც ბრალდების თანახმად, როგორც საქართველოს, ისე ისრაელის მოქალაქეა. ბავარიის ბამბერგის რეგიონულმა სასამართლომ მას შვიდი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კომერციული და ორგანიზებული თაღლითობის ორი ბრალდებით. განაჩენი ჯერ არ არის საბოლოო და ბინიაშვილს კვლავაც აქვს მისი გასაჩივრების უფლება. 

სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის მაისამდე ბინიაშვილი ხელმძღვანელობდა ალბანეთში დაფუძნებულ თაღლითურ ქოლ-ცენტრს, სადაც პიკზე დაახლოებით 600 ადამიანი მუშაობდა, მათ შორის „სპეციალურად მომზადებული პერსონალი, რომლებმაც მრავალი ადამიანი შეცდომაში შეიყვანეს“.

სასამართლოს განცხადებით, მას შემდეგ, რაც დაზარალებულები ონლაინ დარეგისტრირდებოდნენ თაღლითურ საინვესტიციო სქემაში, ქოლ-ცენტრის თანამშრომლები მათ ტელეფონით უკავშირდებოდნენ. მოგვიანებით მათ შორის „პირადი ნდობა“ ყალიბდებოდა, რის შედეგადაც მსხვერპლებს არწმუნებდნენ, რომ რაც შეიძლება დიდი თანხები „ინვესტირებისთვის“ გადაერიცხათ.

რეგიონული სასამართლოს თავმჯდომარემ, გიოტცმა, განაჩენის ზეპირი ახსნა-განმარტებისას განაცხადა, რომ დაზარალებულები მოატყუეს, რადგან დეპოზიტებიდან მიღებული თანხები რეალურად არასდროს იყო ინვესტირებული. თანხებს უბრალოდ ქოლ-ცენტრის ორგანიზატორები იტოვებდნენ.

სასამართლოს შეფასებით, დაზარალებულების (უმეტესად გერმანულენოვანი ქვეყნებიდან) მიერ განხორციელებულმა დეპოზიტებმა დაახლოებით 8 მილიონი ევროს ზარალი გამოიწვია. ბინიაშვილი ასევე დამნაშავედ ცნეს დამატებით 42 მილიონი ევროს ზიანის მიყენებაში სხვა თაღლითური ოპერაციებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებისათვის.

„მთელი დანაზოგი დაიკარგა და მთელი საარსებო წყარო განადგურდა“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლოს მიხედვით, ბინიაშვილი პასუხისმგებელი იყო სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასა და მიწოდებაზე, რომელიც თაღლითობის ძირითადი ინფრასტრუქტურა იყო. ალბანური ქოლ-ცენტრიდან წასვლის შემდეგ, მან აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა სხვა კრიმინალურ ჯგუფებს მიჰყიდა, რამაც მსგავსი თაღლითური სქემების სხვა ქვეყნებში გამეორება შესაძლებელი გახადა.

2020 წელს OCCRP-მა გამოაქვეყნა გამოძიება საქართველოს, ალბანეთსა და უკრაინაში მოქმედი ქოლ-ცენტრების ქსელის შესახებ, რომელიც „გაყიდვების მენეჯერების“ დიდ გუნდებს ასაქმებდა და მთელ მსოფლიოში მსხვერპლებს ყალბ საინვესტიციო შეთავაზებებს აწვდიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქოლ-ცენტრები მომხმარებლებთან სხვადასხვა ბრენდის სახელებს იყენებდნენ, უკრაინაში ისინი შიდა სახელით Milton Group-ის, ხოლო საქართველოში – Morgan Limited-ის სახელით იყვნენ ცნობილი.

გასულ წელს OCCRP-მ „ფლანგვის დეტექტორთან“ და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, „თაღლითობის იმპერიის“ გამოძიების ფარგლებში, გამოავლინა კიდევ ერთი საქართველოში დაფუძნებული თაღლითური ქოლ-ცენტრი, რომელიც მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვისთვის პროგრამა PumaTS-ს იყენებდა. 

იგივე პროგრამა ბინიაშვილის საქმეშიც ფიგურირებს. ბრალდების მიხედვით, მან „თაღლითურ ქოლ-ცენტრებს PumaTS პროგრამული უზრუნველყოფა მიაწოდა. ამ ქმედებებით ბრალდებულმა მნიშვნელოვანი მოგება ნახა მსხვერპლების ხარჯზე“.

საპატიმრო სასჯელის გარდა, სასამართლომ ასევე დაადგინა თაღლითობით მოპოვებული 2.4 მილიონი ევროს (2.8 მილიონი აშშ დოლარი) ჩამორთმევა. სასამართლოს განცხადებით, ბინიაშვილმა თავისი როლი ამ საქმიანობაში აღიარა.

„ბრალდებულმა სრულად აღიარა ბრალი სასამართლო პროცესის დროს საპროცესო შეთანხმების ფარგლებში და საბოლოო სიტყვაში ბოდიში მოუხადა დაზარალებულებს“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

მსგავსი სტატიები