ბექაურის შემდეგ: ვინ არის გოგა გულორდავა და რას ნიშნავს მისი დანიშვნა ComCom-ისთვის

2025 წლის დეკემბერში პარლამენტმა 77 ხმით გოგა გულორდავა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (ComCom) თავმჯდომარედ დაამტკიცა.

გულორდავას კარიერა ბოლო წლებში საჯარო და ხელისუფლებასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს უკავშირდება. დანიშვნამდე ის ორი წლის განმავლობაში სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში“ ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა. 2020–2025 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში ჯერ გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო, შემდეგ კი ამავე უწყებაში შიდა აუდიტის დირექტორი.

მანამდე, 2016–2020 წლებში, გოგა გულორდავა პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო, ხოლო 2013–2016 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოზიციას იკავებდა.

გულორდავას თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიის მედიაკადემიის ხელმძღვანელის ცვლილება გახდა. აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლდა შორენა შავერდაშვილი, ხოლო მისი მოვალეობის შემსრულებლად ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი გიორგი ფუტკარაძე დაინიშნა.

გოგა გულორდავამ თავმჯდომარის პოსტზე კახა ბექაური შეცვალა. ბექაური ComCom-ის წევრი 2014 წელს გახდა, 2017 წელს კი პირველი ვადით აირჩიეს კომისიის თავმჯდომარედ. მეორე ვადით ბექაური 2019 წელს აირჩიეს, ხოლო მესამე ვადით – 2023 წელს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლამდე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის არჩევა მხოლოდ ერთი ვადით შეიძლებოდა. 2019 წელს კანონში შესული ცვლილებით ეს შეზღუდვა ამოიღეს, რაც ერთსა და იმავე პირს თავმჯდომარეობის შესაძლებლობას ერთზე მეტჯერ აძლევს.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეობა საქართველოში მაღალანაზღაურებად თანამდებობად ითვლება. კახა ბექაურის მიერ წლების განმავლობაში შევსებული დეკლარაციების მიხედვით, მისი ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 16,000 ლარზე მეტი იყო.

დეკლარაციების თანახმად, 2014–2024 წლებში ბექაურმა კომუნიკაციების კომისიიდან თავდაპირველად წევრობაში, შემდეგ კი უკვე თავმჯდომარეობაში, ჯამურად 2,374,393 ლარი მიიღო. მონაცემები წლების მიხედვით:

2026 წლის 16 თებერვალს ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესაბამისი მუხლების საფუძველზე ტელეკომპანიას მოსთხოვა განმარტება, რა მომსახურება გაუწიეს შემომწირველს, რომელმაც შემოწირულობა აშშ-დან გააკეთა.

ჯანგირაშვილის თქმით, კომისიამ წერილში 66¹ მუხლის 1¹ და1² ნაწილებზე დაყრდნობით მოითხოვა „დეტალური ინფორმაცია გაწეული მომსახურებისა და ზემოაღნიშნული შემოსავლის შესახებშესაბამის დოკუმენტებთან ერთად (ხელშეკრულება, ინვოისი და სხვა ფინანსური დოკუმენტი)“.

“თურმე მარეგულირებელმა აღმოაჩინა, რომ ჩვენი ერთ–ერთი შემომწირველი აშშ–დან არის… და რაუნდა ვუპასუხო. შემომწირველს რა მომსახურება გავუწიე? ან რაში დავხარჯე? ალბათ დენის ფულიგადავიხადეთ ან ხელფასი გავისტუმრეთ. რა ვიცი. სხვა რა უნდა გვექნა ამ ფულით?.” – წერს ნინო ჯანგირაშვილი

2025 წლის 1 აპრილს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს. ცვლილებები ძირითადად ორ მიმართულებას შეეხო:

  1. მაუწყებლების დაფინანსება – 66¹ მუხლს დაემატა 1¹ და 1² პუნქტები, რომელთა მიხედვით აკრძალულია მაუწყებლის მიერ „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება (გამონაკლისად რჩება კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის/მომსახურების განთავსება).

ამავე ცვლილებებით „უცხოურ ძალად“ განისაზღვრა:

  • უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
  • ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
  • იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული;
  • ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა გაერთიანება (ფონდი, ასოციაცია, კორპორაციადა სხვ.), რომელიც უცხო სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.

„კავკასიის“ შემთხვევის მსგავსად, კრიტიკოსების შეფასებით, პოტენციურ „უცხოურ ძალად“ შესაძლოა ჩაითვალოს შემომწირველიც, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფება.

  1. მაუწყებლობის სტანდარტები – ცვლილებებით გაჩნდა მოთხოვნა, მაგალითად, მკაფიოდ გაიმიჯნოს ახალი ამბები და საავტორო გადაცემები; თუ გადაცემა საავტოროა, მაყურებელს ამის შესახებ პროგრამის დასაწყისშივე უნდა ეცნობოს. ცვლილებები მაუწყებლების ონლაინპლატფორმებსაც შეეხო.

კანონპროექტის მიღებამდე, 2025 წლის მარტში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არჩილ გორდულაძე აცხადებდა, რომ საქართველო იღებდა „დიდ ბრიტანეთში მოქმედ მოდელს“, რომელიც, მისი თქმით, საზოგადოებას „სწორი, გადამოწმებული ინფორმაციის“ მიღების უფლებას უზრუნველყოფდა.

სამოქალაქო სექტორმა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილმა ტელევიზიების დიდმა ნაწილმა ცვლილებები რეპრესიულად შეაფასა. 2025 წლის ოქტომბერში ცვლილებებს ვენეციისკ ომისიაც გამოეხმაურა და მათი გაუქმების რეკომენდაცია გასცა. კომისიის შეფასებით, ცვლილებებით უცხოური დაფინანსება სრულად იკრძალებოდა ისე, რომ „უცხოური ძალა“ ძალიან ფართოდ იყო განმარტებული, ხოლო შეზღუდვა ვერ აკმაყოფილებდა აუცილებლობისა და პროპორციულობის სტანდარტს.

მიუხედავად კრიტიკისა, ცვლილებები საჯაროდ მოიწონა კომუნიკაციების კომისიის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა. მისი თქმით, კანონით მაუწყებლებს დაევალათ ის პრინციპები, რომლებიც ჟურნალისტური სტანდარტით ისედაც უნდა დაეცვათ.

კანონის აღსრულება ComCom-მა მალევე დაიწყო. 2025 წლის ოქტომბერში ტელეკომპანიები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, ასევე რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.

კახა ბექაურის პერიოდს უკავშირდება კიდევ ერთი ხმაურიანი საკითხი –  „ქართული ოცნების“ საჩივრების დაკმაყოფილება ოპოზიციურად განწყობილი მედიების წინააღმდეგ.

2025 წლის მაისში კომუნიკაციების კომისიაში “ქართულმა ოცნებამ” დაარეგისტრირა საჩივრები „ფორმულას“, „მთავარი არხისა“ და „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ. პარტია აპელირებდა, მათ შორის, ისეთი ტერმინების გამოყენებაზე, როგორიცაა „არალეგიტიმური პარლამენტი“, „რეჟიმის პატიმრები“, „ოლიგარქის კულტურის სამინისტრო“, „კლანის მსახური მოსამართლე“ და სხვ. საჩივრები „ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნის“ სტანდარტთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეფუძნებოდა.

კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ საჩივრები დააკმაყოფილა და ტელევიზიები სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა არ დააჯარიმა. ამ პროცესს მალევე გამოეხმაურა 36 ორგანიზაცია, რომლებმაც საჩივრები „კრიტიკული მედიის დაშინებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის აშკარა და სახიფათო მცდელობად“ შეაფასეს.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არის მუდმივმოქმედი დამოუკიდებელიეროვნული მარეგულირებელი კოლეგიური ორგანო, რომლის არსებობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არექვემდებარება არცერთ სახელმწიფო უწყებას,“ – წერია კომუნიკაციების კომისიის დებულებაში.

შესაბამისად, კომისია დამოუკიდებელი უნდა იყოს და არ უნდა ექვემდებარებოდეს სახელმწიფო უწყებებისა თუ მმართველი პარტიების გავლენას. მიუხედავად ამისა, კახა ბექაურის თავმჯდომარეობის დროს მიღებული გადაწყვეტილებები და კანონები, განსაკუთრებით კიკრიტიკულად განწყობილი მედიების მიმართ გადადგმული ნაბიჯები, აჩენს კითხვებს ComCom-ის დამოუკიდებლობის შესახებ.

ამ კითხვებს პასუხს ვერ სცემს გოგა გულორდავას დანიშვნაც: არსებული ბიოგრაფიისა და მმართველ გუნდთან კავშირების ფონზე, მისი არჩევა, დიდი ალბათობით, ბექაურის პერიოდის პოლიტიკის გაგრძელების წინაპირობად აღიქმება. შედეგად, არსებობს მოლოდინი, რომ ComCom-ის დამოუკიდებლობის საკითხი მომავალშიც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება.

მსგავსი სტატიები