კორუფციის აღქმის ინდექსში (CPI) საქართველოს რეიტინგი 50 ქულამდე შემცირდა

„ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე სხვადასხვა მიმართულებით და ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა კორუფციის სიმცირე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასების პარალელურად, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემები კორუფციის მიმართულებით საქართველოს პოზიციების გაუარესებაზე მიუთითებს. ახლად გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის ინდექსი 2025“ (CPI) აჩვენებს, რომ საქართველო ბოლო წლების განმავლობაში რეგრესს განიცდის.  

2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი

CPI წარმოადგენს 13 სხვადასხვა ავტორიტეტული წყაროს მონაცემების აგრეგაციას, მათ შორის მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებეს. CPI 100-ბალიან სკალაზე აფასებს საჯარო სექტორში კორუფციის აღქმას, სადაც 0 ყველაზე ცუდი, 100 კი საუკეთესო შედეგია.

2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს რეიტინგი 3 ქულით შემცირდა და 100-ბალიან სისტემაში 50 ქულა შეადგინა, რაც ქვეყნისთვის  ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი შედეგია. დინამიკას თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ 2022 წლიდან დღემდე ქვეყანამ 6-ქულიანი ვარდნა განიცადა, რაც სტაგნაციის რეგრესში გადაზრდის საფრთხეს ქმნის. 

ამასთან, აღნიშნული  სერიოზულ კითხვებს აჩენს დეკლარირებული ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტიანობასა და მის რეალურ შედეგებთან დაკავშირებით.

ელიტური კორუფცია, როგორც განგრძობითი პრობლემა

ხელისუფლების არგუმენტები ხშირად უკავშირდება იმას, რომ ყოველდღიურ მომსახურეობებში ქრთამის გადახდის პრაქტიკა მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუმცა, საერთაშორისო შეფასებებისა და კვლევების მიხედვით, პრობლემად რჩება მაღალი დონის (ელიტური) კორუფციის რისკები, რაც შეიძლება ნაკლებად შესამჩნევი რიგითი მოქალაქისთვის, მაგრამ გავლენას ახდენდეს სახელმწიფო რესურსების განაწილებაზე, კონკურენციაზე, საინვესტიციო და ეკონომიკურ განვითარებაზე.

ელიტური კორუფცია, როგორც წესი, იკვეთება ინსტიტუტებზე გავლენის ზრდით, სახელმწიფო რესურსებზე პრივილეგირებული წვდომით, გაუმჭვირვალე შესყიდვებითა და მაღალი თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების სისუსტით. ასეთ პირობებში კორუფცია შესაძლოა ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად თვალსაჩინო იყოს, თუმცა სისტემურ გავლენას ინარჩუნებდეს.

დასკვნა

პრემიერ-მინისტრის განცხადება „კორუფციის სიმცირის“ შესახებ ნაკლებად ასახავს საქართველოში არსებულ რეალურ ვითარებას. CPI 2025-ის შედეგი აჩვენებს, რომ ქვეყნის მაჩვენებელი ამ მიმართულებით არ უმჯობესდება და პირიქით, ბოლო წლებში გაუარესების ტენდენცია აქვს. კორუფციის კუთხით არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად კი მნიშვნელოვანია სისტემური რეფორმები, რომლებიც გააძლიერებს გამჭვირვალობასა და გაზრდის მაღალი დონის თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულებას.

მსგავსი სტატიები