ვინ არის ფასების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე – შოთა ბერეკაშვილი: პოლიტიკური კავშირები და მრავალმილიონიანი ტენდერები

ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს – ახალი სახე პოლიტიკაში, რომლის სახელთან დაკავშირებული კომპანია ბოლო წლებში ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის მრავალმილიონიან შესყიდვებში რეგულარულად ჩნდება. რა ჩანს საჯარო დოკუმენტებში, რა კითხვებს აჩენს ბერეკაშვილთან დაკავშირებული კომპანიის საქმიანობა და როგორია მისი პოლიტიკური და ბიზნესკავშირები, იხილეთ სტატიაში: 

2025 წლის დეკემბერში ხელისუფლებამ ფასების თემაზე რამდენიმე პარალელური პროცესი აამოქმედა, რომლის ნაწილიცაა საპარლამენტო კომისიის შექმნა. პარლამენტმა 4 თებერვალს დაამტკიცა სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის შემადგენლობა, რომელსაც შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს, მოადგილეკი ეკა სეფაშვილია.

ამ სტატიაში ყურადღება არა თავად „ფასების კომისიაზე“, არამედ მის თავმჯდომარეზე – ბერეკაშვილზე შევაჩერეთ: რა ვიცით მის შესახებ, რა იკითხება საჯარო დოკუმენტებიდან და რა კითხვები ჩნდება სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკასთან დაკავშირებით. 

შოთა ბერეკაშვილი პოლიტიკაში 2024 წლიდან გამოჩნდა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნოსიის პირველი ოცეული წარადგინა, სადაც ის მე-16 ნომერი იყო. მისივე შეფასებით, პოლიტიკაში ჩართვა „ნაფიქრალი და არც თუ ისე მარტივი გადაწყვეტილება“ იყო; გადაწყვეტილების მიზეზებად ის ასახელებს „მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდას“.

ბერეკაშვილი საჯარო სივრცეში აქტიურობდა, როცა მმართველმა პარტიამ პარლამენტში ხელახლა წარადგინა ე.წ. „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი ინიციატივა. ბერეკაშვილი ღიაღ უჭერდა მხარს კანონპროექტს და სოციალურ ქსელში წერდა, რომ „დემოკრატიის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი გამჭვირვალობაა, რომლის გარეშეც ამ სისტემის ფუნქციონირება წარმოუდგენელია. გამჭვირვალობა ჯანსაღი მოვლენაა“.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მხარდაჭერის მიუხედავად, მისივე კომპანიის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის მარტში სამშენებლო კომპანია BK Construction-მა მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის” საგრანტო კონკურსში.

შოთა ბერეკაშვილი “ქართულ ოცნებას” ოჯახის წევრებითაც უკავშირდება – იგი მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატისა და უკვე განათლების მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანის სიძეა, ხოლო მისი მეუღლე – მაკა კვიციანი თბილისის მერის, კახა კალაძისა და მისი ცოლის, ანუკი არეშიძის მეჯვარე იყო.

საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერების მიხედვით, შოთა ბერეკაშვილს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

ბერეკაშვილი კომპანია “ბკ ჰოლდინგის” 50%-იანი წილის მფლობელია, რომელიც თავის მხრივ კომპანია “ბკ ქონსთრაქშენის” 100%-იან წილს ფლობს. ამ დროისთვის, 2024 წლის 26 ნოემბრიდან, ბერეკაშვილის წილის მმართველობა თავისი მეუღლისთვის – მაკა კვიციანისთვის აქვს გადაცემული, რადგან პარლამენტის რეგლამენტის მე-7 მუხლის თანახმად, დეპუტატს უფლება არ აქვს “უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან/და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.”

“ბკ ქონსთრაქშენი“ სახელმწიფო შესყიდვებში პირველად 2019 წელს გამოჩნდა, რა დროსაც თელავის მერიასთან ორი შესყიდვა გააფორმა, ორივე – კორპუსების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. აქედან ჯამში კომპანიამ 1 156 421 ლარი მიიღო.

მსხვილ კონტრაქტებზე მუშაობა უკვე 2022 წლიდან იწყება და ძირითადად უკავშირდება ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტს. 

კერძოდ, 2022 წლის სექტემბერში კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც ვარკეთილში ავარიული სახლების ჩანაცვლებას შეეხებოდა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა. შესყიდვის სრული ღირებულება თავდაპირველად 6 199 330 ლარი იყო. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ანგარისშწორება უნდა განხორციელებულიყო ფულით და ნატურით. 

ნატურით ანაზღაურება ამ შემთხვევაში  თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული 54 ბინისა და 7 მიწისქვეშა ავტოსადგომის გადაცემას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ კომპანია კორპუსის მშენებლობისას 4-ჯერ დაჯარიმდა, ყველა შემთხვევაში შენობის კონკრეტული ნაწილის მშენებლობის ვადის გადაცილებისთვის. ჯამურად ჯარიმების რაოდენობამ 4,000 ლარი შეადგინა, რაც როგორც ატვირთული დოკუმენტებიდან ირკვევა, კომპანიამ გადაიხადა.

ხელშეკრულებაში რამდენიმე ცვლილების შემდეგ, შესყიდვის სრულ ღირებულებად ამ დროისთვის 6 771 816 ლარი არის მითითებული.

2023 წელს „ბკ ქონსთრაქშენმა“ ორი მსხვილი სახელმწიფო შესყიდვა მოიგო ისევ ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდისგან. ორივე შემთხვევაში, ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ “ანგარისშწორება განხორციელდება ფულით ან/და ნატურით.”

  • 8 038 797 ლარის ტენდერი გულისხმობს კალოუბნის ქუჩაზე 3-სართულიანი ავარიული კორპუსის დემონტაჟსა და მის ნაცვლად 10-სართულიანი კორპუსის მშენებლობას. დასრულების ვადა 2027 წლის 31 დეკემბერია. 
  • 6 470 558 ლარის ტენდერი კი ეხება დავით გამრეკელის ქუჩაზე 4-სართულიანი ავარიული კორპუსის დემონტაჟსა და მის ნაცვლად 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობა. დასრულების ვადა: 2028 წლის 31 დეკემბერი.

ორივე ტენდერში კომპანია უკონკურენტოდ დასახელდა გამარჯვებულად.

2024: დისკვალიფიცირებული კონკურენტი 

2024 წელს კომპანიამ მოიგო 9 180 385-ლარიანი ტენდერი ვარკეთილის მე-3 მასივში ავარიული 4-სართულიანი კორპუსის დემონტაჟისა და მის ნაცვლად 10-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე. კონკურენტი კომპანია ტენდერიდან დისკვალიფიცირდა „ტექნიკური დოკუმენტაციის“ მიზეზით და გამარჯვებული კვლავ „ბკ ქონსთრაქშენი“ გახდა. პროექტის დასრულების ვადა 2028 წლის 31 დეკემბერია. ხელშეკრულების მიხედვით, ანგარისშწორება განხორციელდება ფულით ან/და ნატურით.

2025: ორი ახალი ტენდერი – ორივე “უკონკურენტოდ”

2025 წელს კომპანიამ კიდევ დამატებით ორი მსხვილი ტენდერი მოიგო:

  • 10 557 010 ლარის ტენდერი ვარკეთილის დასახლებაში 4-სართულიანი ავარიული კორპუსის დემონტაჟსა და მის ნაცვლად 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გულისხმობს. შესრულების ვადა 4 წელია და აქაც, როგორც ბევრ წინა შემთხვევაში გამარჯვება კომპანიამ უკონკურენტოდ მოიპოვა. ტენდერი ამ შემთხვევაშიც ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის გამოცხადებული იყო. ხელშეკრულების მიხედვით, ნატურით გადასაცემი ქონების ღირებულება შეადგენს 5,271,420 ლარს დღგ-ს გარეშე.
  • 12 411 461 ლარი – ა(ა)იპ თბილის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, კომპანიამ შუამთის ქუჩა N40ა-ში 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები უნდა განახორციელოს, ასევე მოჭრას და გადარგას მიწის ნაკვეთზე არსებული ნარგავები და შეასრულოს წყალარინების ქსელის გადატანისათვის საჭირო სამუშაოები. ამ შემთხვევაშიც, შპს “ბკ ქონსთრაქშენის” ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო.
    ამ შემთხვევაში, ნატურით გადასაცემი ქონების ღირებულება შეადგენს 8,172,294 ლარს.

ჩამოთვლილი კონტრაქტებით, მხოლოდ 2022–2025 წლებში თბილისის განვითარების ფონდის ხაზით, თანხების ჯამი 50 მილიონ ლარზე მეტია

2024 წლის 24 ოქტომბერს, სანამ ბერეკაშვილი ოფიციალურად გახდებოდა დეპუტატი, თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის პირველ მონაწილეებს ახალი ბინები გადაეცათ – საუბარია ვარკეთილში მცხოვრებ 36 ოჯახზე. ადგილზე განცხადება გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა კომპანია „ბკ ქონსთრაქშენს” თანამშრომლობისთვის. ღონისძიებას ბერეკაშვილიც ესწრებოდა.

ბერეკაშვილის ბიზნეს კავშირები და სახელმწიფო შესყიდვებში მისი კომპანიის მონაწილეობა ავტომატურად არ ნიშნავს კანონდარღვევას. თუმცა მოვლენების თანმიმდევრობა და პრაქტიკა აჩენს კითხვებს, რომელიც პასუხებს საჭიროებს.

კერძოდ, რატომ არის ამ მოცულობის მსხვილ ტენდერებში დაბალი კონკურენცია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამ პროფილის არაერთი მსხვილი კომპანია არსებობს ბაზარზე? როგორ დგება სატენდერო მოთხოვნები და ხომ არ გვაქვს საქმე ფარულ გარიგებებთან?   რას ეფუძნებოდა კონკურენტის დისკვალიფიკაცია და რამდენად გამჭვირვალეა მსგავსი გადაწყვეტილებების სრული არგუმენტაცია?

მსგავსი სტატიები